Category: სლაიდერი

  • წინა ხელისუფლების დროს საზოგადოების ეს ნაწილი დავიწყებული იყო – სარჯველაძე დევნილებზე

    წინა ხელისუფლების დროს საზოგადოების ეს ნაწილი დავიწყებული იყო – სარჯველაძე დევნილებზე

    “დევნილებთან დაკავშირებით პრობლემების ეს მასშტაბი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული იყო”-  ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილების პრობლემებს და მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

    “ობიექტურობა მოითხოვს, რომ რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი იქნას მხედველობაში მიღებული, როცა ამ საკითხების, თუნდაც, ტრაგედიის ირგვლივ გვექნება შეფასებები: “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა დევნილებს სოციალური საკითხების მოსაწესრიგებლად და მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ღირებულება, მასშტაბი თუ ინტენსივობა. თუმცა, ამის მიუხედავად რჩება გადაუწყვეტელი პრობლემები, რაც მოითხოვს მუშაობას და პრობლემების ეს მასშტაბი, რაც ქვეყანას აქვს, განპირობებულია მნიშვნელოვანწილად იმით, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ საკითხებს არათუ არასათანადო ყურადღება ეთმობოდა, არამედ მთლიანად იყო პრობლემა და საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული. ამ ფონზე, რა მოცემულობაც გვაქვს, მე ძალიან ვაფასებ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გამოავლინა მზადყოფნა მიმდინარე მწვავე და კრიზისული პრობლემების გადასაჭრელად შეთავაზებული ყოფილიყო ქირით გადაყვანა და შემდეგ პრიორიტეტიზაცია გრძელვადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ მიმართულებით თანამშრომლობა აქციის მონაწილეებმა და ხელისუფლებამ უნდა გააგრძელონ, რადგან ეს არის საკითხის გადასაჭრელად ყველაზე სწორი მოდელი. თუნდაც იმ მიზეზების ფონზე, რაც მე ჩამოვთვალე, რაც მხედველობაშია მისაღები, ნათელია, რატომ ხდება საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების მომრავლება, ეს ამორალურია, როცა ადამიანები ცალკეულ ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური მერკანტილური მიზნებით იყენებენ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

  • ჯარიმების გაუქმება საშიშ პრეცედენტს ადგენს, გავასაჩივრებთ – ინსპექტორი

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება მათ მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას საქალაქო სასამართლოს მიერ.

    სასამართლომ 11 იანვრის ასევე გააუქმა იუსტიციის სამინისტროსთვის გამოწერილი ჯარიმაც, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას ეხებოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მათი გადაწყვეტილება ყველა ეპიზოდთან მიმართებით იყო დასაბუთებული, ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელ შიდა კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.

    თოლორაიას უწყების ცნობით, აღნიშნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

    “სასამართლოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება ადგენს საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვის, ასევე, საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას.

    მას შემდეგ, რაც სამსახურს სასამართლოს მიერ გადმოეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილებები, სადაც მითითებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების სრულად გაუქმების კონკრეტული მიზეზები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრებს.

    იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება შემჭიდროებულ ვადებში, რათა შესაძლებელი გახდეს 2022 წლის 01 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), მათი გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი განხილვა”,– აცხადებს ინსპექტორი.

  • ხვალ თბილისის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება – ქუჩების სია

    კომპანია თელასის განცხადებით, ხვალ, 18 იანვარს თბილისის 20-ზე მეტ ქუჩასა და რამდენიმე დასახლებას ელექტროენერგია დროებით გაეთიშება. კომპანია ამის მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებასა და ქსელში გადართვებს ასახელებს.

    გლდანი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

    • გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ);
    • მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ);
    • სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ);
    • ლიბანის ქუჩას;
    • ზარზმის ქუჩას;
    • გაგრის ქუჩას;
    • ალეკო გობრონიძის ქუჩას.

    საბურთალო

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე და 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

    • სოფელი ზურგოვანის;
    • აღმაშენებლის ხეივნანს;
    • აგრარული უნივერსიტეტის დასახლებას;
    • მისის დასახლება;
    • პეტრიწის ქუჩას.

    ვაკე

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

    • წყნეთის გზატკეცილს (ნაწილობრივ);
    • ილია ჭავჭავაძის გამზირის;
    • წყნეთის ხევის მოსახლეობას;
    • წყნეთის ქუჩას;
    • ყიფშიძის ქუჩას;
    • ირაკლი აბაშიძის ქუჩას;
    • ფალიაშვილის ქუჩას;
    • თაქთაქიშვილის ქუჩას;
    • მოსაშვილის ქუჩას;
    • კავსაძის ქუჩას;
    • გაბაშვილის ქუჩას;
    • მიქელაძის ქუჩა

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • თოვა, ნისლი, ქარბუქი, შტორმი, ლიპყინული – როგორი ამინდი იქნება 22 იანვრამდე

    თოვა, ნისლი, ქარბუქი, შტორმი, ლიპყინული – როგორი ამინდი იქნება 22 იანვრამდე

    19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ამინდის გაუარესება – ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

    “საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს” – აცხადებს გარემოს სააგენტო.

  • სასამართლომ ინსპექტორის მიერ პენიტენციურის დაჯარიმების გადაწყვეტილება გააუქმა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილება გააუქმა.

    2021 წლის 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.ინსპექტორის განმარტებით, უწყებებს პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის დაეკისრათ.

    მანამდე სასამართლომ იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმა გააუქმა.

  • მგონი, ენმ-ს კოალიცია და რიგგარეშე არჩევნები დასჭირდება საკუთარ პარტიაში – მაჭარაშვილი

    “მგონი ნაციონალურ მოძრაობას კოალიცია და რიგგარეშე არჩევნები დასჭირდება საკუთარ პარტიაში, იმიტომ, რომ აცხადებენ, რომ იქ არის გაყოფილი — ორი პოზიციაა მინიმუმ. აქედან გამომდინარე, შეიძლება რიგგარეშე თავმჯდომარის არჩევნები დასჭირდეთ. უკვე გაყოფილია იქ კატეგორიებად რადიკალი მიშისტები, დანარჩენი ნაციონალური მოძრაობის წევრები და ა.შ.

    ამ პარტიის პოლიტიკური ველი ნელ-ნელა ცარიელდება და ეს უნდა შეავსონ იმ ობიექტურმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც სურთ, რომ საპარლამენტო ნორმალური პროცესი იყოს საქართველოში. აქედან გამომდინარე, შემოვა “ნაციონალური მოძრაობა” და ჩაერთვება თუ არა საპარლამენტო პროცესში, არის მათი გადასაწყვეტი”

    აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

  • თეა წულუკიანის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

    მოქალაქეები საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გათავისუფლებას ითხოვენ. პეტიციის ავტორი სოციოლოგი და ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა.

    მისი განცხადებით, საქმიანობა, რომელიც თეა წულუკიანმა დაიწყო კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მოიცავს:

    1. კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;
    2.  საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნებას;
    3. პროფესიონალების განთავისუფლებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ქვეყანაში, ასევე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ;
    4. ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპეტების რჩევებზე უარის თქმას და გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობას, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც;

    ამიტომ, მოგიწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოთ თეა წულუკიანი დაკავებული თანამდებობიდან.

    გარდა ამისა, დროა საქართველოს კულტურის სისტემა განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან”,– წერია პეტიციაში.

  • შემძრა დევნილის ტრაგედიამ, მთელი ღამე ვერ დავიძინე – სააკაშვილი

    “გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით – მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ.

    ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!”

    წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დევნილის თვითმკვლელობაზე. ცნობისთვის, გუშინ სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ.

  • “ქართლში” სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოა – ომბუდსმენი

    სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

    ომბუდსმენის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე ხორციელდება. გამონაკლისია საექსპერტო დასკვნით დადასტურებულ ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რა დროსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება პრიორიტეტულად, ქულათა სისტემის გათვალისწინების გარეშე არის შესაძლებელი.

    “აღნიშნული დანაწესის მიუხედავად, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე მსგავს პირობებში ბევრ დევნილ ოჯახს უწევს ცხოვრება. ჩვენ ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 90-მდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ობიექტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შენობების მდგრადობას საკუთარი ინიციატივით არ ამოწმებს, რის გამოც მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს.

    სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გასულ წლებში შეისწავლა ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების უფლებრივი მდგომარეობა და დაადგინა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე (შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე). შედეგად, სახალხო დამცველმა 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა სააგენტოს და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვა. არსებული საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა”,– აცხადებს ომბუდსმენი.

    მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს მიღებული აქვთ ადმინისტრაციული დაპირება გრძელვადიანი საცხოვრებლით პირველივე შესაძლებლობისთანავე დაკმაყოფილების თაობაზე. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში შენობის ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა, რამაც მდგომარეობა გააუარესა და იძულებით გადაადგილებულ პირებს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების მიზნით საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა, ამ გარემოებას უკავშირებენ ისინი დევნილის თვითმკვლელობის ფაქტსაც.

    “სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დევნილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის რამდენიმე შესაძლებლობა შესთავაზეს: დროებით ქირით უზრუნველყოფა (ადგილობრივ გამგეობასთან ერთად), დევნილის მიერ მოძიებული საცხოვრებლის შესყიდვა (1 მ2 საცხოვრებელი ფართის ღირებულება დედაქალაქში შეადგენს 550 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ბინის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება) ან სახელმწიფოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის პროცესისათვის დაცდა.

    დევნილები შეთავაზებებს არ ეთანხმებიან, მათ შორის, უნდობლობას უცხადებენ გრძელვადიან განსახლებამდე ქირით უზრუნველყოფის ალტერნატივას. კერძოდ, შიშობენ, რომ ქირით უზრუნველყოფა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეწყდება”,– აცხადებს სახალხო დამცველი.

    ის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს, ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ინდივიდუალურად მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია შეთავაზებებისა და მათი შესრულების კონკრეტული ვადების შესახებ.

    “ასევე, მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ე.წ. ნგრევადი ობიექტიდან დევნილი პირების შემჭიდროებულ ვადებში განსახლების მიზნით და დევნილთა მხრიდან პროცესის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, დევნილის მიერ გრძელვადიან განსახლებამდე ქირის ალტერნატივის არჩევის შემთხვევაში, გასცეს ადმინისტრაციული დაპირება საცხოვრებლის გადაცემამდე/შეძენამდე ოჯახების ქირით უწყვეტად უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

    ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დევნილთა განსახლების პროცესში მაქსიმალურად მიანიჭოს პრიორიტეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებას, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნეს აცილებული”,– ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

  • განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლით – ბაქრაძე კულტურის სამინისტროს

    ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს პასუხს დღეს, მოგვიანებით გასცემს.

    ბაქრაძე სამინისტროს ურჩევს, რადგან „სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეთა“ აზრი აინტერესებთ – განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან, მოქალაქეები არიან აღშფოთებულნი ასეთი საქციელით.

    “რადგან სამინისტრომ საჯარო გახადა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე კი საზოგადოების შეწუხება არ მინდოდა – მოგახსენებთ რომ კოვიდის მიუხედავად თავს კარგად ვგრძნობ და ახლა განმეორებითი პსრ-ტესტი უნდა გავიკეთო”,– წერს ბაქრაძე Facebook-ზე.

    ცნობისთვის, დღეს კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 31 დეკემბრის შემდეგ სამინისტროს “არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ” მიმართა იმის გამო, რომ ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.

    კულტურის სამინისტროს განცხადებით, ისინი ლაშა ბაქრაძესთან უახლოეს პერიოდში “სერიოზული განხილვებს” გეგმავენ.