Category: სლაიდერი

  • იზოლაციის და კარანტინის წესები იცვლება – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

    17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადებივაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:

    •  კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით
    •  სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი
    •  იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება

    საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:

    • კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით
    • სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში
    • იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება

    იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.

    კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც.

    კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:

    • ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირები
    • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში
    • კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში

    მკაცრად, 8 დღე, ექვემდებარებიან კარანტინს და ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში:

    • არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს
    • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში
    • ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებს
    • პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში
  • მაჯაზე რომ 300 ათასიანი საათი უკეთია ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა – ხაბეიშვილი დევნილების აქციაზე

    “მაჯაზე რომ 300 ათასიანი საათი უკეთია ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა”- ამის შესხებ, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა “დღის სტუმრის” ეთერში განაცხადა რითიც, ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქციას გამოეხმაურა.

    “მივმართავ პროკურატურას კონკრეტული დამნაშავეები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს ამ ადამიანების პრობლემა. მაჯაზე რომ უკეთია 300 ათას ლარიანი საათი ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა ეს დასაკმაყოფილებლად და ეს საათიც საიდან მოიტანა, თავში ხო არ დაეცა? მოპარული ფულით აქვს შეძენილი” – აცხადებს ხაბეიშვილი.

  • დავით ფაცაციამ და ზურაბ აზარაშვილმა დატოვონ თანამდებობა – ენმ თვითმკვლელობაზე

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეხმიანება დევნილის მიერ პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობა და უსამძირებს ოჯახსა და საქართველოს.

    პარტია ითხოვს, პასუხისმგებლობა დაეკისროთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციასა და ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს და მათ დატოვონ თანამდებობა.

    “იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოიარეს უამრავი გაჭირვება, ომი, შიმშილი, მათ დაკარგეს სახლ-კარი, წინაპრების საფლავები, საკუთარი კუთხე, მაგრამ არ დაუაკრგავთ ღირსება და არ დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული.

    ამ ადამიანებს უყვარდათ და უყვართ საკუთარი სამშობლო, ამ დროს კი მათივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მათ შეულახეს ღირსება და არ მისცეს ცხოვრების გაგრძელების საშუალება საქართელოს არაოკუპირებულ ნაწილშიც კი.

    დღეს ფაქტია რომ საქართველოს სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დაცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ყველაზე უფრო მრავლტანჯვაგამოვლილ მოქალაქეებს.

    დღეს, ამ აქტით, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით – ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

    ქართული სახემწიფო ეკუთვნის ქართელ ხალხს, ამიტომ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია გამოააშკარავოს და უმკაცრესად დასაჯოს ყველა დონის თანამდებობის პირი, ვინც ამ ბარბაროსობაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ვისაც ევალებოდა ამ უბედურების აღკვეთა და ეს არ გააკეთა.

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვითხოვთ ამ საქმის მაქსიმალურ ღიაობას. აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში გაასაჯაროვოს გამოძიების შედეგები.

    დაეკისროს პასუხსიმგებლობა დავით ფაცაციას და მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები”,– წერია ენმ-ს განცხადებაში.

  • “ვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდეს ამ საქმით და შემხვდეს ” – გვარამიას მიმართვა

    “როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვითხოვ, პარლამენტის თავმჯდომარეს უშუალოდ დაინტერესებას საკითხით და შემხვდეს” – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს საკითხით დაინტერესდნენ.

    “ინფორმაცია, რომელიც წავიკითხე ნამდვილად არ არის სასიამოვნო და გამაოგნებელიც არის, თუმცა მე არ ვაპირებ ამ ეტაპზე განცხადებების გაკეთებას, მე ველოდები ანტიტერორისტული სამსახურის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას, კომენტარს, ოღონდ დასაბუთებულს, არა უბრალოდ უარყოფას ან დადასტურებას.

    ასევე, მაინტერესებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის მიერაც არის გამოყოფილი სახელმწიფო დაცვა, თუ მართალია ეს, ეს ბიჭები, რომლებიც დამყვებიან და ძალიან კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებენ მოვალეობას, რატომ არიან გადაქცეული საზარბაზნე ხორცად, ჩემი საკითხი რომ განზე გადავდოთ.

    ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხში გაერკვეს საქართველოს პარლამენტი. პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვითხოვ, პარლამენტის თავმჯდომარეს უშუალოდ დაინტერესებას საკითხით და შემხვდეს, მათ შორის მეც და გამესაუბროს ამ საკითხთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლება დუმს, ვისაც ამაზე სასაუბრო აქვს. ეს არ არის სახუმარო საკითხი და ელემენტარულად უნდა გამარკვიონ ჩემი უსაფრთხოების საკითხში.

    ასევე, ვთხოვ პარლამენტს ოპოზიციას პირველ რიგში და უმრავლესობას, აღნიშნულ საკითხში გაერკვნენ, დაიბარონ შესაბამისი სამსახურის უფროსები და უბრალოდ ჰკითხონ, რა ხდება”,-თქვა ნიკა გვარამიამ.

    ცნობისთვის, ჟურნალისტი ელისო კილაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობა რამზან კადიროვმა დაუკვეთა და შემსრულებლებად – არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი დაიქირავა.

  • ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი – დევნილების პასუხი

    სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ეხმიანება ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, რომელმაც დევნილის თვითმკვლელობაზე თქვა, რომ პირველადი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევა იყო და ის არ უნდა დავუკავშიროთ დევნილების პრობლემას.

    საერთო განცხადებაში იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, არამედ ის სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი გულგრილობით გაწირეს. მათივე თქმით, სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

    “სამწუხაროა, რომ დევნილების ხმა მხოლოდ ტრაგედიების ფონზე ისმის და ძალიან უხერხულია აქ რომ ვსხედვართ და ვსაუბრობთ, მაშინ როცა, გუშინ ადამიანი გარდაიცვალა და აქვე გვერდით ასვენია. სამარცხვინოა ის პათოსი და ის აგორებული ნარატივი, რასაც გუშინდელის მერე ვაწყდებით. ჯერ კიდევ დილით, როდესაც პრესკონფერენციას ვგეგმავდით, გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო მცდელობა ტრაგედიის ნამდვილი მიზეზი სხვადასხვა საკითხით გადაფარვის. ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა და მან განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. პასუხისმგებლობას ეს უწყება ისევ არ იღებს და როგორც ჩანს, არც აპირებს.

    დღეს, როცა უნდა ვგლოვობდეთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, ვდგავართ აქ. ბატონო მინისტრო, ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით, ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით.

    გამოითქვა ვარაუდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, ნივთიერებების ავადმოხმარების, კონფლიქტის — ველოდებით სხვა ვერსიებსაც. შესაძლოა, სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზონ. ეს არის მცდელობა სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის. კორელაცია სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად არსებობს კავშირი სუიციდსა და სასოწარკვეთას შორის.

    სამწუხაროა, რომ 3 ათწლეულის მანძილზე დევნილთა საკითხები არ გახდა სოციალური პოლიტიკისთვის პრიორიტეტი და დღესაც, ამ ტრაგედიის ფონზე, მაშინ როცა ყველა თავდახრილი უნდა დავდიოდეთ, მაშინ, როდესაც, მინიმუმ სინდისი უნდა გვაწუხებდეს და საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებდეთ, რას ვაკეთებთ? რა განცხადებებს ავრცელებს უწყება, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დევნილთა კეთილდღეობა.

    გუშინ ფიზიკურად იცავდა მოსახლეობა მიცვალებულს, სწორედ იმიტომ, რომ მისი სახელი ლაფში არ ამოესვარათ, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს, სამწუხაროდ, ქვეყანაში. ჩვენ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები, დავიცავთ ჩვენი მეზობლის, ჩვენთვის შეწირული ბატონი ზურის არა მხოლოდ ცხედარს, არამედ სახელსაც. სრულიად სამარცხვინო და ამორალურია, ის განცხადებები, რაც ვრცელდება. ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, მოუცლელო ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია აგვერიდებინა და სხვა ოჯახები იყვნენ დაცულები”, — ამბობენ ისინი.

    ცნობისთვის, გუშინ სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ.

  • პირი, რომელმაც ტურისტს 1 ბოთლ ლუდში 1 000 ლარი გადაახდევინა, დააკავეს

    პირი, რომელმაც გერმანელ ტურისტს 1 ბოთლ ლუდში 1 000 ლარი გადაახდევინა, დაკავებულია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ. იძულების ბრალდებით დააკავეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა – ე.ჩ,-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს – 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა.

    კერძოდ, ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა.

    საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი – ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას – ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა – ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

    პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა – ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

    “პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    „ვისაუბრეთ პარლამენტში ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც გასულ თვეში, ჩემი არყოფნის დროს მოხდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საკითხთან დაკავშირებით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით და ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მე გამოვხატე ინტერესი, თუ როგორ წარიმართება პროცესი მომავალში წარსულში ნასწავლი გაკვეთილებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით.

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული პროცესის შესახებ ჩემი არყოფნის დროს ჩემი სახელით გაკეთდა კომენტარი, რომელიც, ჩემი აზრით, იყო გასაკვირი და დაჩქარებული პროცესი არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების გამოც, ვინაიდან, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს დემოკრატიის შენება დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ჩვენ, ევროკავშირი, წლების განმავლობაში ვახორციელებდით ინვესტირებას ამ სამსახურში, ასე, რომ სათანადოდ გვესმის, რას ნიშნავდა ეს ცვლილებები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და ვფიქრობთ, რომ პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

  • მზად ვართ, დევნილებსა და სამინისტროს შორის მედიატორის როლი შევასრულოთ – ლომჯარია

    მზად ვართ, დევნილებსა და სამინისტროს შორის მედიატორის როლი შევასრულოთ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზღვის უბნის დასახლებაში, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    „ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებული იყო და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები ისმოდა – კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში. მითუმეტეს, რომ მე გავესაუბრე თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს, ჰქონდა ურთიერთობა წინა დღეებში და ამ შემთხვევის თვითმხილველები არიან. მათი მონათხრობიდან, ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა, ან უბედური შემთხვევა. დაველოდები გამოძიებას, თუმცა, ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მითუმეტეს, გარემოებები ამაზე არ მიუთითებს. ჩემი სურვილია, აქ მცხოვრებ პირებს დავეხმარო პრობლემის მოგვარებაში. დევნილებს და სამინისტროს შორის კომუნიკაციის დეფიციტიც არსებობს. სახალხო დამცველი და ჩემი აპარატი მზად ვართ, შევასრულოთ მათ შორის მედიატორის როლი. ვუკეთებ შეთავაზებას ჯანდაცვის მინისტრს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შევხვდეთ და გავისაუბროთ. ჩვენ წლებია ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ვიცით სპეციფიკა და დეტალები მსგავსი პრობლემების. მზად ვარ იმისათვის, რომ ჩავერთო მოლაპარაკებებში სამინისტროსთანაც, მოვისმინო მათი პოზიციები, გადავცეთ დევნილების მოსაზრებები და პრობლემები“, – განაცხადა ლომჯარიამ.

  • ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

    ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

    17 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.0811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0775 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.36 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5183 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5268 ლარს შეადგენდა.

    შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.85 თეთრი შეადგინა.  გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2278 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 4.2162 ლარი ეღირება.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 იანვარიდან  შევა ძალაში.

  • ოპოზიცია დასუსტდა, დასრულდა ხელოვნური კრიზისი – კობახიძემ წელი შეაჯამა

    ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუშინ, 16 იანვარს, ერთი წელი შესრულდა, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. ის იმ შედეგებზე საუბრობს, რაც, მისი აზრით, მმართველმა პარტიამ ერთი წლის განმავლობაში მიიღო.

    “ერთი წლის თავზე, გვაქვს შემდეგი შედეგები:

    • დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია;
    • ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს;
    • რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს;
    • მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო.

    მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე”,– წერს ირაკლი კობახიძე.