Category: სლაიდერი

  • როგორი სტრატეგიაც არ უნდა დაიდოს, სააკაშვილი იქნება სიის სათავეში – მამულაშვილი

    “სააკაშვილი არის და რჩება ჩვენი პარტიის უმნიშვნელოვანეს მტკივნეულ საკითხად, რომელიც როგორი სტრატეგიაც არ უნდა დაიდოს, სააკაშვილი ყოველთვის იქნება სიის სათავეში. სანამ ეს ადამიანი არის ციხეში და სანამ მის გასათავისუფლებლად ჩვენ არ გავაკეთებთ მაქსიმალურს, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დანარჩენი, რაზეც არ უნდა ვიმუშაოთ, იქნება მეორეხარისხოვანი.

    მაშინ, როდესაც პარტიის შემქმნელი და პარტიის ლიდერი ზის ციხეში და არის პუტინის პირადი მტერი, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ვიცი ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხია, მაგრამ სანამ არ გადაიჭრება მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ყველა დანარჩენი საკითხი იქნება მეორე პლანზე გადატანილი.

    იქნება, რადგან არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე პრიორიტეტული თემა, იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩამოვიდა იმისთვის, რომ გადაარჩინოს ეს ქვეყანა, გაწირა თავი, გახდა პუტინის პირადი ტყვე და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს ამ თემასთან დაკავშირებით – მიშა არის, იყო და დარჩება ჩვენთვის პრიორიტეტად”

    აცხადებს ენმ-ს წევრი ნონა მამულაშვილი TV პირველის ეთერში.

  • ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – თანამდებობაზე მალტელი პოლიტიკოსი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) კანდიდატი, რობერტა მეცოლა აირჩიეს. მეცოლას 458-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

    მეცოლა 2013 წლიდან ევროპარლამენტის წევრია, ხოლო 2020 წლიდან პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

    პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისი მოქმედი პრეზიდენტი, დევიდ სასოლი გარდაიცვალა.

  • ადვოკატები პროკურატურისგან სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პროკურატურისგან ექსპრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

    “ჩვენ დღეს პროკურატურასთან ვიმყოფებით, რათა შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის.

    პირველ რიგში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს დღეს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე – ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენ მასთან გვაქვს გაცვლა-გამოცვლა მასალების, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში ეს არის არაჰუმანური და არაადაიანური მოპყრობის, წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი”,– ამბობს ნიკა გვარამია.

    ის მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ.

    გვარამია ინსპექტორს ასევე მოუწოდებს, მის ხელთ არსებული ვიდეომასალა გამოაქვეყნოს.

  • ჩემი აუტისტური სპექტრის მქონე შვილი თურმე ჯარში გაიწვიეს და არ გამოცხადდა – გოგსაძე

    მთავარი არხის ჟურნალისტი ნათია გოგსაძე წერს, რომ მის აუტიზმის სინდრომის მქონე შვილს ჯარში გამოუცხადებლობას სასამართლოში ედავებიან.

    გოგსაძის განცხადებით, პოლიციის ოქმიდან ირკვევა, რომ მის შვილს, რომელიც უცხოებთან კონტაქტში არ შედის, დაურეკეს და ჯარში გაწვევის შესახებ გააფრთხილეს.

    “საგიჟეთში ვცხოვრობთ…. დღეს, ჩემი შვილის, ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია, (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა), თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას (როგორც ეს ვაკე-საბურთალოს პილიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში), გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა…

    აი, ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!!! ლევანიკოსთან, რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში… ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა… უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური…

    ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა, ნეტავ. სამწუხაროდ სასამართლო პროცესს ვერ ვესწრები, მაგრამ მის უფლებებს დაიცავენ მიხეილ გაფრინდაშვილი და ილია გოგსაძე”,– წერს ჟურნალისტი Facebook-ზე.

  • თუ გაუქმება არაა, რა საჭირო იყო სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება? – დეგნანი

    “როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურია, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან ფრთხილი პროცესი. როდესაც რამეს ცვლი, მნიშვნელოვანია მხარეებთან კონსულტაცია. თუ გსურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ინსპექტორის გათავისუფლება, რომელსაც 6-წლიანი ვადა აქვს, უნდა დარწმუნდე მაინც, რომ ხალხს ეს ესმის და ამის აუცილებლობა კარგად იქნება ახსნილი.

    თუ ეს გაუქმება არ არის, მაშინ რა საჭირო იყო სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება?”

    ასე ეხმიანება აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.

  • ოპოზიციას გააძლიერებს პარლამენტში სრულფასოვნად მუშაობა – სამნიძე

    რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, “ვინც თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ის ნებსით თუ უნებლიედ, ზიანს აყენებს ოპოზიციასა და ქვეყანას”.

    ის ნაციონალური მოძრაობის ახალ სამდივნოს წარმატებას უსურვებს, რადგან, მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს აღმასრულებელი რგოლი – განახლდება თუ არა სრულფასოვნად ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში.

    “ვფიქრობ, იქნება თუ არა ოპოზიციის მუშაობა სრულფასოვანი პარლამენტში, ამაზეა დამოკიდებული ზოგადად, როგორი იქნება განვითარება ამ ქვეყნის. ეს იქნება ჩემთვის გადამწყვეტი და იმედი მაქვს, ეს მუშაობა განახლდება.

    ვფიქრობ, რომ 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი, რომელიც ხელიდან გავუშვით, შესაძლებელი იყო რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ხმები არ ეყო, შეიძლებოდა ზოგიერთ რთულ ვითარებაში რიგგარეშე სესიის მოწვევა, რასაც ასევე ხმები არ ეყო, ხაზს გავუსვამ რომ ოპოზიციის სრულფასოვნად მუშაობა გააძლიერებს ამ მიმართულებით ოპოზიციას და არ იქნება განცდა, რომ ოპოზიცია სუსტია ამ ქვეყანაში. არ არის ოპოზიცია სუსტი, მას სჭირდება კოორდინირება და ნაბიჯების ერთად გადადგმა,“ – განაცხადა სამნიძემ IPN-ის ცნობით.

  • წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე – უგულავა

    “თეა წულუკიანი მოვიდა იქ [კულტრის სამინისტროში], როგორც ჩვეულებრივი სახალხო კომისარი, დორა მაზურკინაა, მაუზერი აკლია. ის განცხადება გუშინ რომ გამოაცხვეს, რა იყო, აბა? კულტურის სამინისტროს ლოგო შეუცვლიათ და ციხის გისოსებს ჰგავს, რა ლოგოა საერთოდ? კულტურის სამინისტრო გისოსებს, საზღვრებს არ უნდა ცნობდეს. ამიტომ არის კულტურა, მაგრამ იმთავითვე ცნობილი იყო, რომ წულუკიანი მოვიდოდა და ამას ჩაიდენდა.

    სხვათა შორის, გუშინ პეტიცია რომ გავრცელდა, მე პრინციპულად არ ვაწერ ხელს მის გადაყენებას, რადგან ყველა, ვინც თავს იტყუებს, სირაქლემას პოზაშია, რა ვქნა, კულტურაში ვარ, სპორტში ვარ და არაფერი მეხება, მათ ეს უნდა დაინახონ, რადგან წულუკიანი არის რეალური სახე, ერთ-ერთი სახე ამ ხელისუფლების, წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე, რომელიც ასეთი ველური ფორმით გვახსენებს თავს, ის არის რეპრესიების გამტარებელი და გაატარებს რეპრესიებს.

    აბა, 3-4-მა ამ სფეროში ამოიღოს ხმა, რომელ კუპრში დადუმდებდა წულუკიანი, მაგრამ „სანამ მე არ შემეხებიან, ხმას არ ვიღებ“ – ასე არაა სწორი. ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, ვისაც თანამდებობა აქვთ, სწორედ იმ თანამდებობას დაკარგავენ. დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ არ მოგვწონს, ხმა უნდა ამოვიღოთ, ცალ-ცალკე წულუკიანი ყველას მოერევა, მაგრამ ერთად ვერა, თუნდაც, 4-5-მა ადამიანმა რომ ამოიღოს ხმა. არც პოლიტიკოსები სჭირდებათ და არც არაფერი. ასეა დამიჯერეთ, კარგად ვიცნობ ამ სფეროს. ასე რომ, მათ ხელშია, უნდათ რეპრესიები? – მიიღებენ რეპრესიებს, არ უნდათ? – ბევრი ბრძოლა არ დასჭირდებათ, რადგან 5-მა კაცმა შეიძლება ამოაყირაოს წულუკიანი თავისი გისოსებიანი ლოგოთი”

    ამბობს პოლიტიკოსი გიგი უგულავა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე.

  • მესმის, კრიტიკა არის, მაგრამ ჩვენ ეპიდემია ვმართეთ – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კრიტიკოსების საპასუხოდ ამბობს, რომ მათ “ეპიდემია მართეს”.

    მისივე განცხადებით, 2020 წელს ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების მიზეზი ის იყო, რომ არ არსებობდა ვაქცინები, კორონავირუსის შესახებ ცოდნა კი ნაკლები იყო.

    გამყრელიძე აღნიშნავს, რომ შეზღუდვების გარეშე “ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებდა”.

    “ჩვენ რომ მაშინ არ მიგვეღო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები და გვქონოდა 3, 4,5 ათასი 2020 წლის გაზაფხულზე ყოველდღიური შემთხვევა, დამერწმუნეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებდა.

    შემდგომ ჯანდაცვის სისტემაში ბევრი რამ დაიხვეწა, ბევრი რამ იქნა განახლებული, შეძენილი, დიდი კლინიკები გახსნილი, თვითონ ჩემმა კოლეგებმა, ბევრი ვისწავლეთ ჩვენ ყველამ ამ ინფექციის შესახებ და ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პიკზე გვქონდა მაღალი, ჩვენ ეპიდემია ვმართეთ. მესმის კრიტიკა არის, რომლისგანაც ზოგიერთი შეიძლება გაითვალისწინო, უმრავლესობაზე პასუხი არის, თუ ეს როდესმე დაგაინტერესებთ, ამის ანალიზს სიამოვნებით გაგიტარებთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ენმ-მ სამდივნო წარადგინა – როგორ გადანაწილდა თანამდებობები

    ენმ-მ სამდივნო წარადგინა – როგორ გადანაწილდა თანამდებობები

    “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სამდივნო წარადგინა.

    პოზიციები ასე გადანაწილდა:

    • გენერალური მდივანი – პეტრე ცისკარიშვილი
    • გენერალური მდივნის მოადგილე – ადმინისტრაციული საკითხების მდივანი – ზურა მელიქიშვილი
    • საგარეო საკითხთა მდივანი – თინათინ ბოკუჩავა
    • ანალიტიკური საქმიანობის მდივანი- გიორგი თარგამაძე
    • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი – დიმიტრი ჩიქოვანი
    • რეგიონალური მდივანი – გიორგი ბოტკოველი
    • საორგანიზაციო მდივანი – ბაჩო დოლიძე
    • იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი – ლევან ბეჟაშვილი
    • სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი – ნიკა ობოლაძე
    • სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი – ანა გოგოლაძე
    • ანტიკორუფციული საკითხების მდივანი – ლევან ხაბეიშვილი
    • პოლიტიკური მდივანი – აკაკი მინაშვილი
    • მედიასთან ურთიერთობის მდივანი – გიორგი პატარაია
  • ომიკრონის 1200 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია 14-ს დასჭირდა – გაბუნია

    “ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონით ინფიცირების 1 200-ზე მეტი შემთხვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1 200 ადამიანია ინფიცირებული, ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. ცირკულაციაში ითვლება, რომ არის უკვე ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ. აქედან უმეტესობა თბილისში. დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 14-ს, რაც დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული, ჰქონდათ ასევე ბუსტერ დოზაც გაკეთებული, ამდენად ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი ხსნის ამ ფაქტს”

    თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.