Category: სლაიდერი

  • ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს

    შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ორი თანამშრომელი ხელოვნებათმცოდნე მაკა მაჭარაშვილი და ერთი დიზაინერი გაათავისუფლეს.

    თანამშრომლები აცხადებენ, რომ გათავისუფლებების უკან პოლიტიკური მოტივი დგას.

    ხელოვნების მუზეუმში ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და “ლაბორანტად” დანიშნეს.

    ცნობისთვის, 14 იანვარს ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

  • მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის წერილს აქვეყნებს

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს წერილს, რომელიც მას ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ გამოუგზავნა.

    ურსულა ფონ დერ ლაიანისა და შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელები ორგანიზაციების სახელთ მიესალმებიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანას და ექსპრეზიდენტის შიმშილობის შეწყვეტას.

    მათივე განცხადებით, ყურადღებით დააკვირდებიან სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.

    “მივესალმებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თქვენს გადაყვანას და შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გისურვებთ წარმატებულ გამოჯანმრთელებას. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები.

    მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც თქვენს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.

    გარდა ამისა, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, რომელიც დაიცავს ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს და მოაგვარებს იმ ნაკლოვანებებს, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო არჩევნებზე, არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი, არამედ გადამწყვეტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის და გამომდინარეობს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან.

    საყოველთაო ჩართულობებით რეფორმების დროული გატარება და განხორციელება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და სახელმწიფოს მდგრადობის კუთხით რეალური პროგრესის საუკეთესო საშუალებად. ეს კი დაასრულებს მძიმე პოლარიზაციას, რომელიც ამჟამად აზიანებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.

    Პატივისცემით, ევროპის კავშირის საბჭოს სახელით – ფრედერიკ ბერნარდი, პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელი. ევროკომისიის სახელით – ბიორნ ზიბერტი, პრეზიდენ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი”,- ვკითხულობთ წერილში.

  • ლარი გამყარდა – ახალი კურსი

    ლარი გამყარდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.15 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0825 ლარი გახდა.

    რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 1.5 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.498 ლარი გახდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • ევროპულმა სასამართლომ მამუკა მიქაუტაძის საქმეზე დარღვევა დაადგინა – საია

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მამუკა მიქაუტაძის საქმეზე მე-2 მუხლის – სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3000 ევროს გადახდა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

    განცხადება სრულად:

    “2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე, ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი N: 59333/16), ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3000 ევროს გადახდა დააკისრა.

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა მამუკა მიქაუტაძის საქმეს,რომელმაც შსს-ში გამოკითხვიდან მეორე დღეს თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა. ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში მამუკა მიქაუტაძე 2013 წლის 5 ივლისს გამოკითხეს, რა დროსაც მის მიმართ სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. იგი გამოიკითხა როგორც მოწმე, მისი მეგობრის მიერ კანაფის სავარაუდო ფლობის ფაქტზე. მიქაუტაძემ 2013 წლის 6 ივლისს თავი მოიკლა. მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე აცხადებდა, რომ დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ იქნა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობა საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულების მიზნით.

    წინამდებარე საქმეში საია დავობდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლოს (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევაზე. კერძოდ, საია მიიჩნევდა, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ იყო ეფექტიანი, მათ შორის, მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა გამოძიების, თუნდაც შეზღუდული ვადით, შსს გენერალური ინსპექციის მიერ წარმოება, ვინაიდან, ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობდა, რაც წარმოშობდა გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა. შესაბამისად, შსს მიერ გამოძიების წარმოება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას. 2013 წლის სექტემბერში საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცა.

    სასამართლომ გამოძიება მთლიანობაში შეაფასად, და ყურადღება გაამახვილა რა ფაქტზე, რომ 2016 წელს პროკურატურის მიერ გამოძიება დანაშაულის არ არსებობის გამო დაიხურა, მიუთითა, რომ გამოძიებამ უპასუხოდ დატოვა საქმესთან დაკავშირებით გადამწყვეტი კითხვები, კერძოდ, გამოკითხვის დროს მართლაც გაყვანილი იქნა თუ არა მიქაუტაძე სხვა ოთახში, და, თუ კი, რა მოხდა იქ. ასევე, ყველაზე ნიშანდობლივი საგამოძიებო ხარვეზი სასამართლომ დაინახა ფაქტში, რომ გამოძიებამ არანაირი ჰიპოთეზა/განმარტება არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა პოლიციასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანს, რომელსაც არანაირი სუიციდური განზრახვები, ფსიქოლოგიური ან სხვა ტიპის პრობლემები არ ჰქონდა, ჩაედინა თვითმკვლელობა. ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა გამოძიების ეფექტიანობას. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლიის და დაიხურა 2016 წლის 25 მარტს, თუმცა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე არანაირი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ იყო, მთავრობას, კი არ წარმოუდგენია არანაირი განმარტება ამგვარ საგამოძიებო უმოქმედობასთან დაკავშირებით. ” – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “იპოდრომის ტერიტორიაზე სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მიმართავს

    ”ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს” – სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობას. უკანონო სამუშაოების აღსაკვეთად ზომების მიღების მოთხოვნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

    “თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, ახალი პარკის მოწყობა იგეგმება. საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლიდან ირკვევა, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს. კანონის მოთხოვნის საპირისპიროდ, ამ დრომდე არ არსებობს პარკის დეტალური პროექტი და მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობა მის შესახებ. საგულისხმო და სამწუხაროა ისიც, რომ პროექტის დაგეგმვისა და შესრულების ეტაპებზე მონაწილეობის მიღების საშუალება არ ეძლევათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და იპოდრომით მოსარგებლე მოსახლეობას. უკანონო სამუშაოების აღსაკვეთად ზომების მიღების მოთხოვნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

    სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ქალაქ თბილისის მერიას ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობის დოკუმენტაციის გადმოცემის მოთხოვნით 2021 წლის 15 ივლისს მიმართა. როგორც მერიის პასუხებიდან და პირადად მერის განცხადებიდან ირკვევა, „ქართუ ფონდის“ მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ესკიზური პროექტის საფუძველზე და ამ დრომდე არ არსებობს პარკის დეტალური პროექტი. არ არსებობს არც შეთანხმება მერიის არქიტექტურის სამსახურთან, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია დაყოვნებლივ აღკვეთოს პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რადგან საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისი მოთხოვნით სამინისტროს მწვანე ალტერნატივამ 2020 წლის ოქტომებრში მიმართა, თუმცა სამუშაოების შეჩერება ამას არ მოჰყოლია.

    მოსახლეობამ რეაგირებისთვის მუნიციპალურ ინსპექციასა და მის ზემდგომ ორგანოს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს მერს მიმართა. თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა და სამშენებლო სამუშაოები კვლავ ყოველგვარი პროექტისა და ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. სათანადო პროექტისა და ნებართვის გარეშე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობისათვის სამუშაოების წარმოება ეწინააღმდეგება კანონს და ქალაქ თბილისის მერია ვალდებულია აღნიშული კანონდარღვევა აღკვეთოს.

    შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 28 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოწყობის თაობაზე. მერიის მიერ გავრცელებული პარკის კონცეფციიდან ნათელია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი. საგანგაშოა ისიც, რომ ბუნებრივი მწვანე საფარის მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა შენობებით, ასფალტით, ბეტონითა და ავტოსადგომებით ჩანაცვლების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

    დერეგულაციის, გაუმჭირვალე პრაქტიკების, არადემოკრატიული მუნიციპალური მმართველობისა და ქაოტური განაშენიანების გამო, არაერთი მწვანე და საჯარო სივრცე თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში პრივატიზაციის, დანაწევრებისა და შეკუმშვის საფრთხის წინაშე დგას. იპოდრომის ტერიტორია რამდენჯერმე გასხვისდა, მის ყველა მფლობელს აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის ვალდებულება გააჩნდა, რომელიც არც ერთ ჯერზე არ შესრულებულა.

    სოციალური სამართლიანობის ცენტრს მიაჩნია, რომ სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა შეიქმნას ღია, გამჭირვალე და ჩართულობითი ფორმატი იპოდრომის მომავალის შესათანხმებლად, კონკრეტული პროექტის განხორციელება კი მხოლოდ ამის შემდგომ უნდა განხორციელდეს. გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღების ასეთი ფორმის გამოყენებას მერიას ავალდებულებს კანონი, ხაზგასასმელია ისიც, რომ ტერიტორიის მრავალფეროვანი გამოყენებების, მისი ხელმისაწვდომობისა და მისი კულტურული თუ სოციალური დატვირთვის შენარჩუნების საუკეთესო გზა პროცესში მათი ჩართვაა, ვინც წლების მანძილზე ტერიტორიას იყენებდა და მასზე ზრუნავდა. ტერიტორიაზე ზრუნვის ისტორიისა და მისი სოციალური და კულტურული დანიშნულების გათვალისწინებით განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ახალი პარკის პროექტის დაგეგმვიდან დაინტერესებული პირები გამორიცხულნი აღმოჩნდნენ.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნეს

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააკაშვილის უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს. მისი თქმით, წერილში საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და საქართველოს ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დამტკიცებული ვალდებულებების შეხსენებაზე.

    ,,მიხეილ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსებენ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დამტკიცებული. ამავდროულად ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საუბარია სამართლიანი სასამარათლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს წერილი გუშინ გადმომეგზავნა კარლ ჰარცელის სახელით როგორც სააკაშვილის ადვოკატს”, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

  • უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს – სააკაშვილი პოროშენკოს გათავისუფლებაზე

    “უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, უკრაინაში დაბრუნების წინ, ამერიკულ გამოცემა “პოლიტიკოსთან” განაცხადა, რომ მას ისევე დევნიან, როგორც იანუკოვიჩი დევნიდა ტიმოშენკოს და ივანიშვილი დევნის სააკაშვილს.

    ჩემს ყოფილ საუნივერსიტეტო მეგობარს ეტყობა დაავიწყდა, რომ პირველად ციხეში მისი ბრძანებით მოვხვდი სწორედ კიევში, მაგრამ სასამართლომ რამდენიმე დღეში გამიშვა, ისევე როგორც ახლა კიევის სასამართლომ პოროშენკო არ დაიჭირა.

    განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, არანაირი სტანდარტები მინიმალურადაც კი არაა დაცული.

    საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა და ჩვენი ვალია, თუნდაც მე ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, ჩვენი ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან დავიხსნათ”

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევის სასამართლოს მიერ პოროშენკოს გათავისუფლებაზე.

  • საქართველოში ომიკრონი უკვე დომინანტია, მაგრამ ცირკულირებს სხვა შტამებიც – გამყრელიძე

    “ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. სხვადასხვა მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების დაახლოებით 70% მოდის ომიკრონზე. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში კი 40-60%. ანუ დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის უკვე დომინანტია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცირკულირებს სხვა შტამები”

    ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.

  • “ჩემთან თუ არ დაწვები, ბო*ო, ბო**ბას დაგაბრალებო” – ხუხაშვილი ოცნებაზე

    “ბოდიში თქვენთან და – “ჩემთან თუ არ დაწვები შე ბ**ო, ბო**ბას დაგაბრალებო” – ასე უნდათ ქვეყნის მართვა…”

    ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა ენმ-სთან კოალიციაში შესვლად შეფასა.

  • ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას დამატებითი შეიარაღება მიაწოდოს

    ბრიტანეთი მზადაა, რუსეთის შესაძლო აგრესიის აღსაკვეთად, უკრაინას  დამატებით შეიარაღება მიაწოდოს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესიმ Daily Mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    “განვიხილავ უკრაინაში კიდევ უფრო მეტი თავდაცვითი იარაღის გაგზავნის საკითხს. არ გამოვრიცხავ არაფერს, რათა დავეხმარო უკრაინას თავდაცვის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა უოლესმა.

    “დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ჩვენს საერთო ინტერესებს. ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვით ძალების ჩამოყალიბებაში უკვე 8 წელია და გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ ეს დახმარება რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის ფონზე. ბრიტანეთი მხარს უჭერს თავის მოკავშირეებს”, – განაცხადა ბენ უოელსიმ.