Category: სლაიდერი

  • კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი

    საქართველოში კორონავირუსის  8 767 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა  7 059 აცრა.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.76%.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428.

    ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 631 პირი ემსხვერპლა.

  • „ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში. რუსეთი შეიჭრა“ – ბლინკენი

    სერგეი ლავროვთან დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ბერლინში საუბრობს. სახელმწიფო მდივანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვალ, ჟენევაში შეხვდება.

    „რუსეთი ამბობს, რომ პრობლემა ნატოა. ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში. რუსეთი შეიჭრა“ – განცხადება ენტონი ბლინკენმა, ბერლინში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა.

    „უკრაინა არ არის აქ აგრესორი. უკრაინა მხოლოდ გადარჩენას ცდილობს. არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ რუსეთი პროვოკაციას, ან რაიმე ინციდენტს მოაწყობს და შემდეგ ამას სამხედრო ინტერვენციის გამართლებად გამოიყენებს. იმ იმედით, რომ სანამ ამას მსოფლიო გააცნობიერებს, ძალიან გვიან იქნება. ბევრი სპეკულაცია გავრცელდა პრეზიდენტ პუტინის ჭეშმარიტ განზრახვებზე, მაგრამ ჩვენ გამოსაცნობი არაფერი გვაქვს. მან არაერთხელ გვითხრა. ის შეჭრის საფუძველს ქმნის, რადგან არ სწამს, რომ უკრაინა სუვერენული ერია“ – აცხადებს ბლინკენი.

    სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ, ასოციაცია „ატლანტიკურ ხიდში“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ეს არის ასოციაცია, რომელიც გერმანულ-ამერიკული მეგობრობის ხელშესაწყობად შეიქმნა და მისი წევრი ალბერტ აინშტაინიც იყო.

    სიტყვით გამოსვლისას, ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაშინგტონის დიპლომატიურ ძალისხმევას, მოლაპარაკებების გზით გადაჭრას, რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისი.

    „მიუხედავად რუსეთის უგუნური მუქარისა, უკრაინის წინააღმდეგ და საშიში სამხედრო მობილიზაციისა. მიუხედავად გაუგებრობისა და დეზინფორმაციისა, შეერთებულმა შტატებმა, ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ გამოგონილი კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი შევთავაზეთ. სწორედ ამიტომ დავბრუნდი ევროპაში, გუშინ უკრაინაში ვიყავი, დღეს კი აქ, გერმანიაში ვარ. ხვალ შვეიცარიაში ვიქნები, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შევხვდები და კიდევ ერთხელ მოვიძიებ დიპლომატიურ გამოსავალს“ – აცხადებს ბლინკენი.

    ბერლინამდე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით კიევს სტუმრობდა. უკრაინაში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივანმა, „ამერიკის ხმის“ აღმოსავლეთ ევროპის ბიუროსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ სამ ნაბიჯზე ისაუბრა, რასაც შეერთებული შტატები, უკრაინაში ახალი რუსული სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, მოკავშირეებთან ერთად გადადგამს.

    „პირველი, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ვრცელი სანქციების შემუშავებაზე ფინანსური, ეკონომიკური, ექსპორტის კონტროლის და სხვა მიმართულებით. დაწვრილებით არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. მეორე შედეგი – შემდგომი დახმარება, სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. და მესამე, თითქმის დარწმუნებით [ვამბობ], ნატოს მოუწევს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

    ენტონი ბლინკენი კვლავ იტოვებს იმედს, რომ რუსეთი, შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ დიპლომატიურ გზას გააგრძელებს. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამ კუთხით, სერგეი ლავროვთან ხვალ დაგეგმილი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნიშანია.

    რუსეთს, უკრაინის საზღვრებზე ათობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, მოსკოვმა და მინსკმა, ერთობლივი სამხედრო წრთვნების დაწყების შესახებ განაცხადეს. ამ მიზნით, რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ტექნიკის გაგზავნა უკვე დაიწყო.

    იმის გათვალისწინებით, რომ კიევიდან, ბელარუსთან საზღვრამდე უახლოესი წერტილი 90-კმ-საც არ აჭარბებს, სამხედრო ანალიტიკოსები მინსკი-ბელარუსის გადაწყვეტილებას, ახალი ფრონტის ხაზის გახსნად აფასებენ.

    შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. თუმცა, კრემლი ამას უარყოფს და დასავლეთისგან „უსაფრთხოების გარანტიებს“ ითხოვს.

    მოსკოვს სურს, ნატომ ოფიციალურად განაცხადოს, რომ უკრაინა და საქართველოს ნატოს წევრები არასდროს გახდებიან.

    ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ რუსეთის ეს მოთხოვნა მიუღებელია და მისი განხილვა შეუძლებელია.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება – ბაიდენი

    “თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება”- აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში სავარაუდო შეჭრასთან დაკავშირებით საკუთარი განცხადება დააზუსტა.

    “მე აბსოლუტურად ცხადად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, მისთვის ყველაფერი გასაგებია. თუკი უკრაინის საზღვართან შეჯგუფებული ნებისმიერი – ნებისმიერი – რუსული ქვედანაყოფი საზღვარს გადაკვეთს, ეს არის შეჭრა. შეჭრას მოჰყვება მკაცრი და კოორდინირებული პასუხი, რომელიც მე დეტალურად განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე ნათლად ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს”. – თქვა ჯო ბაიდენმა.

  • კახა კუჭავა ანაკლიის პორტის პროექტს ჩაიბარებს – “ფორმულა”

    ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წევრებს შეხვდა, სადაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, კახა კუჭავასთვის ანაკლიის პროექტის ჩაბარება განიხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა. მაშინ კუჭავამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვან პროექტში იქნება ჩართული, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით გავიგებდით.

    ყოფილი თავმჯდომარე ანაკლიის პორტთან კავშირს არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნა, რომ პროექტი, რომელზეც იმუშავებს საქართველოში განხორციელდება.

  • “სტრასბურგიდან 3 გადაწყვეტილება მოვიდა, რომლებითაც პირდაპირ უნდა დადგეს ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი” – სიმონიშვილი

    “სტრასბურგიდან 3 გადაწყვეტილება მოვიდა, რომლებითაც პირდაპირ უნდა დადგეს ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი” – ამის შესახებ, საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “სტრასბურგიდან ბოლო სამ თვეში სამი გადაწყვეტილება მოვიდა, რომლებითაც პირდაპირ უნდა დადგეს ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი:
    1. 5 ივლისის მოვლენებზე მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც მის პრემიერობას და ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს უკავშირდება;
    2. 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე ძალან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც მის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება და სადაც 5 ივლისის მსგავსად მოიქცა;
    3. მამუკა მიქაუტაძეზე დღევანდელი, არანაკლებ მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მის მინისტრობას უკავშირდება და მის უწყებაში ჩადენილ დარღვევებსა და საქმის გამოუძიებლობას.
    პარლამენტს ელემენტარული თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, გაიხსენებდა მის ნამდვილ როლს და სამივე საკითხზე პასუხი უნდა მოეთხოვა, სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება პრაქტიკულად დასამარებულია.”- წერს ნიკა სიმონიშვილი.

  • თუ პაციენტის PCR უარყოფითია, მაინც გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც კოვიდიანი – ცერცვაძე

    თუ პაციენტის PCR უარყოფითია, მაინც გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც კოვიდიანი – ცერცვაძე

    “თუ პირის PCR უარყოფითია, მაინც გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც კოვიდიანი”-ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ინტერპრესნიუსთან.

    „სწრაფი ტესტები ზოგ შემთხვევაში, ძირითადად დაავადების პირველ დღეს, შემთხვევათა მცირე ნაწილში „ომიკრონს“ ვერ იჭერს. ამიტომ უპირატესობა ენიჭება „პისიარ“ ტესტს. ყველა პაციენტმა, ვისაც სიმპტომი აქვს, თუნდაც რეალურად კოვიდი არ ჰქონდეს და ჰქონდეს რომელიმე გაციებითი რესპირატორული დაავადება, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი, ხოლო თუ საეჭვოა და სიმპტომები აქვს, ასეთ პაციენტს აუცილებლად ამისამართებენ “პისიარ” ტესტზე. სწრაფი ტესტი კი დაავადების მეორე-მესამე დღეს როგორც წესი, აფიქსირებს. ექიმებს მივმართავ, რომ თუ პაციენტს აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ტესტი, მათ შორის “პისიარიც” არის უარყოფითი, ასეთ პაციენტს უნდა მოვექცეთ როგორც კოვიდიანს და გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ როგორც კოვიდიანი, რამეთუ ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ის არ დამძიმდება და ლეტალური შედეგით არ დასრულდება. ხოლო თუ მცირე შემთხვევაში მოხდება შეცდომა, ანუ პაციენტს არ ექნება კოვიდი, მაგრამ უმკურნალებენ როგორც კოვიდიანს, ამით არაფერი დაშავდება“,- განაცხადა ცერცვაძემ.

  • რა სიმპტომები ახასიათებს “ომიკრონს” – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე  „ომიკრონის“ სიმპტომებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ შტამის შემთხვევაში იშვიათია გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.

    „ომიკრონი“ უფრო ხშირად იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა სურდო, ყელში ჩაკაწვრის გრძნობა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე. ეს არის პირველი ძირითადი სიმპტომები, როდესაც „დელტა“ და სხვა შტამების დროს განსხვავებული სიმპტომები იყო. თუმცა შემდგომში „ომიკრონის“ დროსაც შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რაც „დელტას“ დროს ვითარდებოდა. მაგრამ იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება, თუმცა ეს სიმპტომები მაინც იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ექიმმა ან ავადმყოფმა მკაფიოდ გაარჩიოს, “ომიკრონი” აქვს თუ “დელტა”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

  • თუ რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი და მკაცრი პასუხი – ბლინკენი

    “თუ რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი და მკაცრი პასუხი “- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბაერბოკთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    „მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ გზას დაძაბულობის განსამუხტად, რომელიც შექმნილია უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზებით, რუსეთის შემდგომი შეჭრის შეკავებასა და აღკვეთას. მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ გზას, დავაწესებთ სწრაფ და დიდ საფასურს, თუ რუსეთი აირჩევს აგრესიას.

    ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ, რომ თუკი რუსეთის სამხედრო ძალები შეიჭრებიან უკრაინაში და ჩაიდენენ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი აშშ-სგან და ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან“,- აღნიშნა ბლინკენმა.

  • უკრაინაში ვგეგმავ ვიზიტს სოლიდარობის მიზნით – ხოშტარია

    “უკრაინაში ვგეგმავ ვიზიტს სოლიდარობის მიზნით და იმის გამო, რომ ვიღაცას დაავიწყდა ტექნიკურად აპლიკაციაში ვადების შემცირების შეტანა და კი დამიმთავრდა იზოლაცია, მაგრამ პასპორტი არ მწვანდება, უნდა ველოდო კიდევ დღეები.

    ან ვარ გადამდები, ან არა, ხო? თან კი თან არა, როგორ გამოდის? თუ მორჩა იზოლაცია, რატომ ვარ შეზღუდული?”

    წერს პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

  • არ არსებობს “მცირე შეჭრა”, როგორც მცირე მწუხარება – ზელენსკი ბაიდენს პასუხობს

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი ეხმიანება პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას, რომელმაც განასხვავა რუსეთის “მცირე შეჭრა” და სრულმასშტაბიანი შეჭრა.

    ზელენსკის თქმით, არ არსებობს “მცირე შეჭრა”, როგორც მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო.

    “ჩვენ გვინდა შევახსენოთ დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და არ არსებობს პატარა ერები. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო. ამას ვამბობ როგორც დიდი ძალის, უკრაინის პრეზიდენტი.” – წერს ზელენსკი ტვიტერზე.

    ცნობისთვის, გუშინ ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ივარაუდა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა, მისი თქმით, “მცირე შეჭრაზე” პასუხი სრულმაშტაბიან შეჭრასთან შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.

    “მცირე შეჭრა” ერთია, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი მაინც გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ. მე მაინც მჯერა, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მოგვიანებით, აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით თეთრმა სახლმა განმარტება გაავრცელა.