Category: სლაიდერი

  • ”ეს ვიზიტი შეთანხმებული არ იყო“ – ქადაგიშვილი ევროპარლამენტარების ვიზიტის ჩაშლაზე

    “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც , 21-22 იანვარს უნდა შემდგარიყო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეთანხმებული არ იყო.

    „ეს დიალოგი უნდა შედგეს ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ეს არის ამ დიალოგის ფორმატი და წარმოების ჩარჩო, რომელიც გარკვეულ კონფიდენციალურობასაც გულისხმობს იმ დონეზე, სანამ ამ დიალოგის ფორმატების და ჩარჩოს მიმართულებები შეთანხმდება პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის. ამავდროულად ხდება დღის წესრიგის და დელეგაციების შეთანხმებაც. ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი წერილი და ახსნა-განმარტება, იქითა მხრიდანაც არსებობს ურთიერთგაგება. ეს დიალოგი ემსახურება არა პოლარიზაციის გაღრმავებას, რა სურათიც ახლა ქართულ სინამდვილეში გადმოთარგმნილი მივიღეთ, არამედ ემსახურება პოლარიზაციის შემცირებას და პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის დაწყებას და თანამშრომლობის რეჟიმის უზრუნველყოფას.

    როცა ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის მიმართ. ჩვენ ევროპარლამენტთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ ამ ფორმატშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ოღონდ იმ წესის მიხედვით, რა წესიც არის ამ ფორმატისთვის მიღებული. ეს ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

  • უკრაინასთან დაკავშირებით პარლამენტი განცხადებას გააკეთებს, როცა ამის საჭიროება იქნება – ქადაგიშვილი

    “ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით ზუსტად თანხვედრაშია, NATO-სთან. საქართველოს ხელისუფლებამ ორჯერ, ზელენსკისთან შეხვედრაზე, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, ამის სრული დემონსტრაცია მოახდინა და ჩვენი უპირობო მხარდაჭერა, იმ აგრესიის საწინააღმდეგოდ, რა აგრესიაც შესაძლოა, რუსეთის მხრიდან განხორციელდეს ამ პერიოდში ეს მხარდაჭერა უპირობოდ გააჩნია. პარლამენტი თავის განცხადებას, რეზოლუციის სახით უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთებს, როცა ამის აუცილებლობა და საჭიროება იქნება”

    განაცხადა, მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. ქადაგიშვილი ასევე აცხადებს, რომ  უკრაინას საქართველოსგან მხარდაჭერა უპირობოდ გააჩნია.

  • ”შესანიშნავი მამულიშვილი” – ქუთაისის ოპერა თეა წულუკიანს დაბადების დღეს ულოცავს

    “ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას” – ქუთაისის ოპერის სახლი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს.

    ”დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს – ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას. იხარეთ მრავალჟამიერ ქალბატონო თეა. ” – წერია ქუთაისის ოპერის Facebook პოსტში.

  • აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა

    ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი პარტია უკრაინაში უკვე  ჩავიდა, – ამის შესახებ,  უკრაინაში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს. ტვირთი მოიცავს 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით.

    „პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული უსაფრთხოების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე კიევშია.

    ეს დახმარება ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიმართ რუსული აგრესიის მზარდ ფონზე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

    ვაშინგტონმა 200 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დეკემბერში დაამტკიცა.

  • გერმანია ესტონეთს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის უფლებას არ აძლევს

    The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გერმანია ესტონეთს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანაა, გერმანული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემის უფლებას არ აძლევს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მოსკოვიდან მომავალი საფრთხის გამო მიიღეს.

    “შეიარაღების ექსპორტის პრინციპი ერთია, მოდის ის პირდაპირ გერმანიიდან, თუ მესამე ქვეყნიდან. ამ მხრივ ჯერ ნებართვა არ გაცემულა. შეუძლებელია პროცესის შედეგების გამოთვლა”, – თქვა WSJ-სთან გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა იარაღის ექსპორტის ნებართვასა და უკრაინა-რუსეთის დაძაბულ ვითარებაზე.

    საუბარია D-30 ტიპის ქვემეხებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაამზადეს და  განლაგებული იყო ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში-გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1990 წელს ამ ქვემეხების ექსპორტირება ბერლინმა ფინეთში მოახდინა, რომელიც შემდეგ 2009 წელს, ესტონეთს გადაეცა.

  • სრულად გაასაჯაროონ წარმართული კომუნიკაცია – პარლამენტი ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

    შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით – ასე განმარტავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში ვიზიტის გაუქმებას.

    „ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო ფორმატია, რომელიც ხორციელდება ევროპარლამენტის პრეზიდენტის და შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე და მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგის წახალისების მხარდაჭერას.

    ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული. დიალოგის პროცესში თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახლად არჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს.

    ამასთან, ჟან მონეს დიალოგი ეფუძნება მინიმალური საჯაროობის პრინციპს. შესაბამისად, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს. შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

    საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად.

  • სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლება გაფიცვა შეწყვიტეს – რაზე შეთანხმდნენ

    სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვიდან მე-6 დღეს პროტესტი შეწყვიტეს. “სოლიდარობის ქსელი” ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ სადაც ნათქვამია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვა მოლაპარაკებით დასრულდა.

    სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შემდეგი პირობებით შეწყვიტეს:

    • ხელფასების 40%-60%-ით მატება;
    • ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას;
    • გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;
    • სოც. აგენტები და უფროსი სოც. აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;
    • გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები;
    • შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;
    • უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი;

    “ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!” – წერია განცხადებაში.

  • “დეოკუპაცია და თავისუფლება – ჩვენი საერთო ბრძოლაა” – ენმ უკრაინას თანადგომას უცხადებს

    “დეოკუპაცია და თავისუფლება – ჩვენი საერთო ბრძოლაა” – ენმ უკრაინას თანადგომას უცხადებს

    “დეოკუპაცია და თავისუფლება – ჩვენი საერთო ბრძოლაა” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში.

    რუსეთის მმართველი რეჟიმის გაცხადებული პოლიტიკაა, სახეცვლილი ფორმით საბჭოთა კავშირი და მისთვის დამახასიათებელი გავლენის სფეროებისა და ბუფერული ზონების პოლიტიკა აღადგინოს. რუსეთის ფედერაცია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციისა და ანექსიის მიზნით დაუფარავად მიმართავს კონვენციურ სამხედრო მოქმედებებსა და ჰიბრიდული ომის მეთოდებს. ამის მაგალითებია: 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე 2014 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით უკრაინაში ყირიმისა და დონბასის რეგიონების ოკუპაცია. რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული ქმედებები ძირს უთხრის ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დამკვიდრებული ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას და ემუქრება არა მარტო ჩვენს რეგიონს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახიფათო პრეცედენტს ახალისებს.

    საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო პოზიცია, განხორციელებული და დაგეგმილი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადამწყვეტია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. დემოკრატიული სახელმწიფოების უპრეცედენტო ერთიანობა და ძალისხმევა არის მკაფიო გზავნილი რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ცივილიზებული სამყარო რუსეთის იმპერიალისტურ მოქმედებებს წინ აღუდგება.

    საქართველო და უკრაინა საერთო გამოწვევების წინაშე იმყოფებიან. დეოკუპაცია და თავისუფლება – ჩვენი საერთო ბრძოლაა. შესაბამისად, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებით ხელისუფლების უკიდურესი პასიურობა და დუმილი საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ამავე დროს, უკრაინასთან ახლო თანამშრომლობა და საერთო ძალისხმევა არსებული საფრთხეების დასაძლევად ხსნის შესაძლებლობების ფანჯარას, რათა დაჩქარდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინაპირობა“, – „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

  • დადასტურდა კორონავირუსის 11 039 შემთხვევა, გარდაიცვალა 42 ადამიანი

    ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 039 შემთხვევა გამოვლინდა.

    ეს რეკორდული მაჩვენებელია.

    პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1 041 749 შემთხვევა დადასტურდა.

    ჩატარდა 63 875 ტესტი, მათ შორის სწრაფი ტესტი – 38 686, PCR ტესტი – 25 189;

  • “ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი და განუზომელია”- “სირცხვილიას” ღია წერილი უკრაინის საელჩოს საქართველოში

    “ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი და განუზომელია” – მოძრაობა “სირცხვილია” უკრაინის საელჩოს საქართველოში ღია წერილით მიმართავს  და სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

    ”თქვენო აღმატებულებავ და საქართველოში უკრაინის საელჩოს ძვირფასო თანამშრომლებო, დიდი პატივია მოგმართოთ ჩვენი მოძმე ერის, უკრაინის წარმომადგენლებს.

    მიმდინარე მოვლენებმა და რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ სამხედრო და ჰიბრიდული აგრესიის რისკის ზრდამ ღრმად შეაშფოთა ქართველი ხალხი. ჩვენთვის წარმოუდგენლად რთულია იმის ყურება, თუ როგორ მიმდინარეობს 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. საქართველო იზიარებს ამ ტრაგიკულ რეალობას. რუსი სამხედრო ძალები კვლავ განლაგებულები არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცება, დაკავება და მკვლელობა კვლავ გრძელდება. ამასთან, ჩვენ ვერ ვხედავთ ოფიციალური თბილისისგან უკრაინელი ხალხისადმი გამოხატულ ხელშესახებ მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტია.

    მაშინ, როდესაც დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად ერთ მუშტად შეიკრა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ გვერდით დაგიდგეთ ამ რთულ დროს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი იდგა ქართველი ხალხის გვერდით 2008 წელს.

    ძალიან ვაფასებთ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ვადასტურებთ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი და განუზომელია.

    გვსურს მოგიწვიოთ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე უკრაინის საელჩოსთან, კვირას, თბილისის დროით 16:00 საათზე. მოძრაობა “სირცხვილიასთან” ერთად აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები, საჯარო პირები და პოლიტიკური პარტიები. თქვენი აქციაზე დასწრება ხელს შეუწყობს ჩვენი გულწრფელი მხარდაჭერის დემონსტრირებას და გაუგზავნის მსოფლიო მკაფიო მესიჯს, რომ უკრაინა და საქართველო ერთად დგანან თავიანთი მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის.”- ნათქვამია განცხადებაში.