Category: სლაიდერი

  • გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

    გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

    გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა კურორტ “ახტალას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

    დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

  • სახელმწიფო ინტერესები უკრაინის მხარდაჭერაზე გადის – ჯაფარიძე მთავრობას

    სახელმწიფო ინტერესები უკრაინის მხარდაჭერაზე გადის – ჯაფარიძე მთავრობას

    “გასაგებია, რომ შეიძლება გეშინოდეს, მაგრამ, მიუხედავად შიშისა, უნდა გესმოდეს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესები გადის იმაზე, რომ უნდა დაუდგე გვერდში [უკრაინას]. არავინ არ გთხოვს, სამხედრო ძალით დაეხმარო, საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ ადამიანურად გვერდში დაუდგე, თუნდაც განცხადებების დონეზე მაინც, ან ჩახვიდე და მხარი დაუჭირო, როგორც ეს გააკეთა 2008-ში უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა. საბოლოო ჯამში ამ სახელმწიფოს პოზიციას მთავრობა გამოხატავს, ეს არის რაღაც ისტორიული სირცხვილი, რომელსაც ვერ ჩამოიწმენდ”

    ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე TV პირველთან საუბრისას.

  • ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი COVID-19-ით გარდაიცვალა

    საპატრიარქოს განცხადებით, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) კორონავირუსით გარდაიცვალა.

    “მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

    გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი”,– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • “ხელები შორს უკრაინისგან” – “სირცხვილია” უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავს

    მოძრაობა “სირცხვილია” უკრაინის საელჩოსთან უკრაინისადმი მხარდასაჭერ აქციას მართავს. აქტივისტები ადგილზე ბანერებით არიან მისული, რომლებზეც წერია “პუტინო, ხელები შორს უკრაინისგან”, “რუსეთი ოკუპანტია”, “უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე” და ა.შ.

    აქციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები და სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები.

    სირცხვილიამ უკრაინის საელჩოს ღია წერილითაც მიმართა, რომელშიც სამოქალაქო მოძრაობა რუსეთის პოტენციური აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და წუხილს გამოთქვამს, რომ ოფიციალური თბილისისგან არ ჩანს უკრაინელი ხალხისადმი ხელშესახები მხარდაჭერა.

    ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 ათასი რუსი სამხედროა თავმოყრილი. ასევე, განლაგებულია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო აღჭურვილობა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ აპირებს უკრაინაში შეჭრას. დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას და პრორუსული მმართველის დანიშვნას გეგმავს, რასაც კრემლში უარყოფენ. საფრთხის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორები  უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან.

  • არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე – საგანგებო მოქალაქეებს აფრთხილებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გადავიდნენ გაყინულ ტბებზე.

    “გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, უკვე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. გთხოვთ, დაემორჩილოთ მათ მითითებებს და დაიცვათ უსაფრთხოების წესები”,– წერია უწყების განცხადებაში.

  • ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოს, უნდა გეტკინოსო – ბურჭულაძე წულუკიანზე

    “ეს ადამიანი არღვევს 10 მცნების 2 ძირითად მცნებას – ეს არის “არ იცრუო და ცილი არ დასწამო”, “არა კაც კლა” არის კიდევ ერთ-ერთი. ის კლავს ადამიანებს მორალურად.

    ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოს, არამედ უნდა გეტკინოსო, ამაშია საქმე. რაღაც გვტკივა იმის გამო, რომ დაუმსახურებლად გამოგვიშვეს სამსახურიდან, უსამართლოდ ცილისწამებას აგრძლებს მას მერეც კი, რაც დაიკამყოფილა თავისი ძალაუფლების სურვილი”

    ამბობს ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული შუა საუკუნეების ფონდის მთავარი კურატორი, ნანა ბურჭულაძე “ფორმულას” ეთერში წულუკიანის ბრალდებების საპასუხოდ.

  • ეს ქალბატონი ტიპური ბოლშევიჩკაა – გიორგი გაგოშიძე წულუკიანს პასუხობს

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გათავისუფლებული მეცნიერი, გიორგი გაგოშიძე თეა წულუკიანის ბრალდებებს პასუხობს, რომ ის “გელათში ფრესკების სავალალო ჩამოშლის ერთ-ერთი ავტორია”, მისი მამა, იულონ გაგოშიძე კი ”საბჭოთა დროის მეცნიერია”.

    გაგოშიძის თქმით, მამამისი მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირს ებრძოდა, მისთვის გელათის ჩამოშლის დაბრალება კი გაუგებარია, რადგან პროექტში ხელოვნებათმცდონე იყო და რეკომენდაციას წერდა.

    “მამაჩემი, რასაკვირველია, საბჭთა ეპოქაში დაიბადა, 1935 წელს, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა საბჭოთა კავშრის, განსხვავებით ამ ქალბატონისგან, რომელიც ტიპური ბოლშევიჩკაა.

    გელათს მე რომ მაბრალებს – გელათის პროექტში მე ვიყავი ხელოვნებათმცოდნე. ჩემი დაკვირვებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კრამიტებით დადგინდა, რომ მეთორმეტე საუკუნის 30-იან წლებში, დემეტრეს დროს ეკლესია გადაიხურა მწვანე, მოყვითალო კრამიტით, შემდეგ რეკომენდაცია გავეცით. როგორ შეიძლება დააბრალოს ხელოვნებათმცდონეს, რომელიც წერს, ის ამბები, რაც შემდეგ მოხდა გელათში”,– ამბობს გაგოშიძე “ფორმულსთან” საუბრისას.

    კულტურის მინისტრისვე მტკიცებით, გაგოშიძემ თანამოაზრეებთან ერთად ჩათვალა, რომ “გელათზე შეიძლება, აწარმოო ექსპერიმენტი და გამოსცადო ამგვარი ტიპის კრამიტი”.

  • კარგი იქნება, წიგნის განხილვა შედგეს ღიად, მედიის დასწრებით – ლაშა ბაქრაძე

    ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ მასსა და თეა წულუკიანს შორის ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნთან დაკავშირებული დისკუსია ღიად გაიმართება.

    “როგორც ქალბატონმა თეა წულუკიანმა ბრძანა, ჩვენს მიერ გამოცემული წიგნი „ელენე ბაქრაძე (დარიანი) – მოგონებები, წერილები, დღიურები, ლექსები“ „სერიოზული განხილვის“ საგანი უნდა გახდეს.

    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნება ეს განხილვა შედგეს ღიად და გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის დასწრებით – ლიტერატურის მუზეუმში ან მაგ. მწერალთა სახლში, მაგრამ თუ ეს მიუღებელია – სატელევიზიო ლაივ გადაცემაში, იქ სადაც ქალბატონი თეასთვის კომფორტული გარემო იქნება – პირველ არხზე ან თუნდაც იმედზე.

    მე კოვიდ იზოლაცია დღეს დამიმთავრდა და ხვალ ვაპირებ სამინისტროში შეხვედრაზე მისვლას აუდიტთან, სადაც ხაზგასმით ცალკე, ჩემთვის შეუტყობინებლად, არის დაპატიჟებული ჩემი მოადგილე და წიგნის რედაქტორი ქალბატონი თეა თვალავაძე.

    ყოველი შემთხვევისათვის, თან ვურთავ 11 იანვრის ლაბორატორიული კვლევის შედეგს კოვიდის „მომიზეზებასთან“ დაკავშირებით”,– წერს ლაშა ბაქრაძე Facebook-ზე.

    https://www.facebook.com/lasha.bakradze.1/posts/10159748484614882

     

    ცნობისთვის, 17 იანვარს კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 31 დეკემბრის შემდეგ სამინისტროს “არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ” მიმართა იმის გამო, რომ ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.

    წულუკიანის უწყების განცხადებით, ლაშა ბაქრაძესთან “სერიოზულ განხილვებს” გეგმავენ.

  • რადგან კულტურაში ვერ ერკვევით, გირჩევთ, წიგნების კითხვით დაიწყოთ – გაგოშიძე წულუკიანს

    ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი, სოფო გაგოშიძე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრალდებებს პასუხობს, რომ ის “სამი წელი არ დადიოდა სამსახურში და შტატს უნახავდნენ ხელოვნების მუზეუმში”, როდესაც ის საზღვარგარეთ სწავლობდა.

    წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ სოფო გაგოშიძე იულონ გაგოშიძის შვილიშვილია, იულონ გაგოშიძე კი “საბჭოთა დროის მეცნიერია”. გაგოშიძე წულუკიანს Facebook-ზე ეხმიანება და მინისტრს ურჩევს, ხელოვნების შესახებ წიგნები წაიკითხოს.

    “ქალბატონო კულტურის მინისტრო, უკვე მესამედ გაჟღერდა თქვენი და თქვენი გარემოცვის მხრიდან მითები ჩემი ამერიკაში სწავლის შესახებ. ჯერ ათქმევინეთ, რომ მუზეუმიდან ვარ გაგზავნილი სასწავლებლად, შემდეგ დოკუმენტში “გაგეპარათ” შეცდომა და დააწერინეთ, რომ მუზეუმიდან გაშვებულს ორი თვის ხელფასს ამინაზღაურებენ, დღეს კი ამაზე თავად ისაუბრეთ.

    2018 წელს წამოვედი ამერიკაში ამერიკული დაფინანსებით და ვარ სადოქტორო პროგრამაზე შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისა და მუზეოლოგიის განხრით. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა კი ამ პერიოდიდან შემიჩერა თანამშრომლის სტატუსი იმ მიზნით, რომ მიღებული განათლების შემდეგ ისევ იქ გავაგრძელებდი მუშაობას. სავარაუდოდ იფიქრეს, რომ მაღალი დონის განათლებამიღებული თანამშრომელი გამოადგებოდათ მომავალში. მეც ასე მოვიქცეოდი რომელიმე დაწესებულებას რომ ვმართავდე და მის კარგ მომავალზე და განვითარებაზე ვფიქრობდე. ამერიკაში წამოსვლის შემდეგ მუზეუმში ხელფასი გამიუქმდა, ანუ 290 ლარი აღარ ამიღია მას შემდეგ და აღარ მოიტყუოთ, რომ ამ დაწესებულებას ტვირთად ვეკიდე.

    არ ვიცი, რატომ არის ასეთი დაუჯერებელი, რომ მიყვარს ხელოვნების მუზეუმი და დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ კვლავ ქვის ფონდში დაბრუნებას ვგეგმავდი. მაგრამ რადგან თქვენთვის ჩვენი სფერო უცხოა, აგიხსნით, რომ მუზეუმის თანამშრომლების უმრავლესობა შეყვარებულია თავის საქმეზე და ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობს. მათ შორის არიან ჩემი ოჯახის წევრები.

    ისე, რა სასაცილოა, თეა წულუკიანი რომ იულონ გაგოშიძეს საბჭოთა კავშირთან აკავშირებს. ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრებაა საბჭოეთს ებრძვის. და რა სამწუხაროა, რომ დღესაც ამის გაკეთება უწევს.

    კი ახსენეთ, რომ პაპაჩემი დიდი მეცნიერია, მაგრამ ეს ხომ საზოგადოებრივი აზრია და იქიდან იცით. ასე იცით მამაჩემზეც. ისინი ნამდვილად საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები არიან და ქართულ სამეცნიერო წრეში საუკეთესოთა შორის მოიაზრებიან. ძალიან ეცადეთ, რომ შეცდომა გეპოვნათ, მაგრამ ამაოდ და ამიტომ ერთი საბჭოთა კავშირთან, მეორე კი გელათის პრობლემასთან დააკავშირეთ (როგორც ჩანს, ჯერ არ გაგიგიათ ხელოვნების ისტორიკოსის მოვალეობა ძეგლის რესტავრაციაში რომ კვლევით და სარეკომენდაციო მითითებებით ამოიწურება და გელათის პრობლემის ხელოვნებათმცოდნეზე გადაბრალება აბსურდულია). ხელოვნების ისტორიკოსებზე უკეთ ვინ შეიძლება იცოდეს, როგორ მუშაობდა და მუშაობს პროპაგანდა.

    ისე, ჩემი ოჯახის თითოეულ წევრზე ინფორმაციის შეგროვების ნაცვლად კულტურის მინისტრს რაც ევალება, ის რომ გეკეთებინათ, კარგი იქნებოდა. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. თუმცა, რადგან კულტურაში და ხელოვნებაში ვერ ერკვევით, გირჩევთ წიგნების კითხვით, კონკრეტულად კი დიმიტრი თუმანიშვილის „XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი“ (2020) და ეკა კიკნაძის „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრებით“ (2019) დაიწყოთ. ამით განათლებას მიიღებთ და იქნებ თქვენი თავიც ამოიცნოთ და დაფიქრდეთ, როგორ დაამახსოვრდებით ისტორიას.

    მე ვამაყობ, რომ ვარ გაგოშიძე და ვარ გიორგის შვილი და იულონის შვილიშვილი. როგორ ფიქრობთ, თქვენი შთამომავლებიც ჩემნაირად იამაყებენ თქვენით?”,– წერს სოფო გაგოშიძე.

  • “სამუშაო ადგილი და კომპიუტერი გავათავისუფლე მიშასთვის“– გაბუნიას 2 გამოუქვეყნებელი მონოლოგი

    მთავარი არხის წამყვანი, გიორგი გაბუნია წერს, რომ ცოტა ხნის წინ სამუშაო ადგილი და კომპიუტერი გაათავისუფლა მიშა სესიაშვილისთვის, “პოსტ-ფაქტუმის” ახალი წამყვანისთვის, რა დროსაც ეთერში გაუსვლელი რამდენიმე “გაბულოგი” აღმოაჩინა, რომლებიც გადაცემისთვის მოამზადა, მაგრამ სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე მაყურებლამდე აღარ მიიტანა.

    “ყოფილა შემთხვევა, რომ თვითონ გადამიფიქრია; ზოგჯერ კი ვითარება შეცვლილა მოულოდნელად ისე, რომ ჩემი მონოლოგი იმ მომენტისთვის უადგილო გამხდარა და ამიტომ გამიუქმებია.

    ამ გადა(გ)დებული გაბულოგებიდან ორის გამოქვეყნება გადავწყვიტე აქ. პირველი დაწერილია 2021 წლის აპრილში – იმ დროს, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გამოუვალ ჩიხშია შესული და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თუ მისი წარმომადგენელი კვირების განმავლობაში ცდილობენ კვანძის გახსნას. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში გამიჩნდა იდეა ხელისუფლებასთან ინტერვიუს ფორმატის გადაცემის გაკეთების შესახებ, სადაც ერთმანეთთან მშვიდად საუბარს შევძლებდით.

    მეორე გაბულოგი 2021 წლის სექტემბრისაა – დაწერილია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც “პოსტ-ფაქტუმის” დატოვება უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ამის შესახებ წინასწარ მინდოდა მაყურებლისთვის მეთქვა. მაგრამ მაშინ აღარ ჩავთვალე საჭიროდ ამის გაკეთება და რამდენიმე თვეში ისე წავედი, რომ, ფაქტობრივად, არაფერი ვთქვი გარდა იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებოდით.

    ამიტომ ახლა გავიმეორებ იმას, რისი თქმაც მაშინ მინდოდა – ცალკე პოსტებად გამოვაქვეყნებ ორივე გაბულოგს. სხვებიც არის, მაგრამ დანარჩენების გასაჯაროებისგან ამჯერადაც თავს შევიკავებ

    წარმატება ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს, მიშა სესიაშვილს! წარმატება “პოსტ-ფაქტუმის” მთელ გუნდს, მის ძველ და ახალ წევრებს! უდიდესი მადლობა მათ ერთად გატარებული ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი წლებისთვის! და, რა თქმა უნდა, მთავარი მადლობა ჩვენს მაყურებელს – მოყვარესაც და მოძულესაც თანაბრად. რომელ მხარესაც არ უნდა იყოთ, მთავარი ხართ თქვენ!”,– წერს გაბუნია Facebook-ზე და საკუთარ მონოლოგებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    გაბულოგი #76 – აპრილი, 2021 წელი

    „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“

    ეს არის 1978 წლის 14 აპრილს გადაღებული სურათი. ამ დღის ამსახველი ფოტო და კინომასალა საბჭოთა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. მხოლოდ რამდენიმე ფოტო გადაურჩა უშიშროების ხელს.

    ეს ადამიანები მშობლიურ ენას იცავდნენ იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი გაეუქმებინა და ის რუსულით ჩაენაცვლებინა. “დედა ენასაც” რუსული “აზბუკა” ჩაანაცვლებდა. მაშინ ათეულობით ათასი ქართველი – ძირითადად, ახალგაზრდა – სპონტანურად გამოვიდა ქუჩაში და მიაღწია კიდეც მიზანს: ქართული დარჩა ჩვენს სახელმწიფო ენად.

    ხვდებით, რამხელა გამბედაობა სჭირდებოდა იმ დროს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ასეთი ლოზუნგებით გამოსვლას?

    1978 წელია, ბრეჟნევის ეპოქა, როდესაც საბჭოთა კავშირი ჯერ სულაც არ აპირებს დაშლას და პოზიციების დათმობას და დიდი შანსი იყო, რომ ეს მიტინგიც 9 აპრილის მსგავსი სისხლისღვრით დასრულებულიყო – რუსი ჯარისკაცები უკვე გამოყვანილი ჰყავდათ რუსთაველზე. და მიუხედავად უდიდესი საფრთხისა, ეს ახალგაზრდები არ შეშინდნენ და გაიმარჯვეს კიდეც. მათ უსისხლოდ დაამარცხეს კრემლი და გაიტანეს თავისი.

    თვითონ ის ფაქტი, რომ საბჭოთა რეჟიმმა ამ აქციის ამსახველი მასალები ამოიღო და გაანადგურა, რათა ისტორიული მეხსიერებიდან სამუდამოდ ამოეშალა ეს დღე, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა დარტყმა მიაყენეს ქართველებმა რუსეთის იმპერიის რეპუტაციას. 43 წელი გავიდა მას შემდეგ, სისხლიც ბევრი დაიღვარა, საქართველომ თავისუფლებაც მოიპოვა და უკვე 30 წელია დამოუკიდებელია.

    წარმოგიდგენიათ, ჩვენ, ამ ადამიანების შთამომავლებს, რამდენად მეტის გაბედვა უნდა შეგვეძლოს დღეს? 43 წლის შემდეგ! უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოში! სად უნდა ვიყოთ დღეს, და სად ვართ ამ დროს… ძირითადად, ფეისბუკში ვართ. იქ ვცხოვრობთ, ვიხარჯებით და ვიკმაყოფილებთ მოთხოვნილებებს. როგორც წესი, ქუჩაში გასვლაც გვეზარება – პოსტების წერა ბევრად უფრო კომფორტულია.

    და ზუსტად ამ პოსტებიდან ჩანს, რომ იმ ქართულ ენასაც კი ვერ მოვუფრთხილდით, რომელიც ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად დაიცვეს. გადახედეთ ქართველების ფეისბუკ-გვერდებს: ქართულ ენაზე წერა-კითხვის უცოდინრობის ტრაგიკულ აღლუმს აღმოაჩენთ იქ.
    ალბათ, მე თვითონაც ბევრ შეცდომას ვუშვებ ახლა თქვენთან საუბრისას და ვერც კი ვხვდები. ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ერთმანეთის აღარ გვესმის?

    ბაბილონის გოდოლად იქცა საქართველო – სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ ყველა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც და ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ, რა გვინდა.

    ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაჭედილი მოლაპარაკებებიც – იქ უკვე მართლა რამდენ ენაზე და ვინ რას ლაპარაკობს, ნეტა ვიცოდეთ… აბა, ქართულად მხოლოდ ქართველებს შორის დიალოგი და შეთანხმება აღარ გამოგვდის…ბაბილონის გოდოლის ისტორია, ხომ გახსოვთ, როგორ იწყება და როგორ მთავრდება? იწყება აღმშენებლობის დიადი ამბიციური გეგმებით და სრულდება შუა გზაში მიტოვებული ქაოსით და ნანგრევებით. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი ფინალისკენ მივექანებით ჩვენც.

    და, ბაბილონისგან განსხვავებით, ცოტა ხანში ჩვენი ისტორიის მოყოლასაც კი ვერ შევძლებთ წესიერად, იმიტომ, რომ ქართულ ენაზე გამართულად ლაპარაკიც გვავიწყდება.

    მამული, ენა, სარწმუნოება.

    ოკუპირებული მამული, დასახიჩრებული ენა და შეურაცხყოფილი სარწმუნოება.

    ესღა შემოგვრჩა ბოლოს ილიას სამი სიწმინდიდან… მე ვარ გიორგი გაბუნია. ეს არის “პოსტ-ფაქტუმი”. თქვენ ხართ მთავარი”

    გაბულოგი #77 – სექტემბერი, 2021 წელი:

     

    რამდენიმე დღეში გავა ზუსტად ორი წელი მას შემდეგ, რაც “მთავარ არხზე” პირველი “პოსტ-ფაქტუმი” წავიყვანე.

    მანამდე ორწელიწად-ნახევარი მიმყავდა “პოსტ-სკრიპტუმი” “რუსთავი 2”-ზე, ანუ თითქმის, ხუთი წელია, რაც ამ ყველასგან გამორჩეულ გუნდთან ერთად ვმუშაობ.

    ხუთი წლის შემდეგ ვთვლი და, უფრო მეტად, ვგრძნობ, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. ამდენი წლის შემდეგ ცვლილებაა საჭირო, ისევე, როგორც ყველაფერში – ცალკე ჩემთვის და ცალკე გადაცემისთვის. არასწორად არ გაიგოთ – „მთავარი არხიდან“ არ მივდივარ; ეკრანზე აღარ გამოვჩნდები, უბრალოდ, თორემ აქ საქმე კადრს მიღმაც უამრავია. როდისმე, ალბათ, დავბრუნდები სხვა გადაცემით; ან არ დავბრუნდები… ჯერ არ ვიცი.

    ჩემი გადაწყვეტილება მომავალი არჩევნების შედეგებზე არანაირად არ იქნება დამოკიდებული – აგერ, ხომ ხედავთ, ახლავე ვამბობ, რომ წავალ, როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები.

    არადა ვინ იფიქრებდა?…

    2006 წელს „მაესტროდან“ „რუსთავი 2“-ზე რომ გადავედი, ერთი გადაცემის, „ბიზნეს-კურიერის“ რიგით გრაფიკოსად დავიწყე მუშაობა, მაგრამ თან ჟურნალისტობაზე ვფიქრობდი და ძალიან მინდოდა „პოსტ-სკრიპტუმში“ მუშაობის დაწყება. ერთ-ერთ იქაურ ჟურნალისტს ვთხოვე კიდეც, ეკითხა პროდიუსერებისთვის, თუ არსებობდა შანსი, რომ „პოსტ-სკრიპტუმის“ გუნდის წევრი გავმხდარიყავი. არ ვიცი, მივიდა თუ არა საერთოდ ეს ამბავი პროდიუსერებამდე… იმიტომ, რომ ჩემთვის აღარავის არაფერი უთქვამს და მეც აღარ ამომიღია ხმა.

    მალევე მივხვდი, როგორი მიამიტური იყო მაშინ ჩემი წარმოდგენა, რომ „ბიზნეს-კურიერის“ დანჯღანულ, ფერადთმიან, უკუღმაშარვალამოცმულ, ყურებდახვრეტილ გრაფიკოსს – თანაც სათანადო ჟურნალისტური გამოცდილების გარეშე – „პოსტ-სკრიპტუმის“ თუნდაც რიგით კორესპონდენტად მიმიღებდნენ.

    და იმ დროს ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, რომ მე როდისმე ჯერ „კურიერის“, შემდეგ არხის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუ „არჩევანის“ და ბოლოს სწორედ „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანი გავხდებოდი, ხომ არც დავიჯერებდი და მაგრადაც დავცინებდი.

    ახლა კი საკუთარი ნებით მივდივარ და ვტოვებ გადაცემას, რომელში მოხვედრასაც ჯერ კიდევ 15 წლის წინ ამაოდ ვცდილობდი.

    ამ ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან, პროდიუსერებთან მუშაობა დიდი პატივია არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით, არამედ სუფთა ადამიანური კუთხითაც.

    სტანდარტების და გემოვნების საკითხში მათ ბევრი ვერ შეედრება; ჩემი გამოხტომები ყველაზე მეტად მათთვის იყო მიუღებელი, მაგრამ ყოველთვის გაგებით და მოთმინებით მიღებდნენ – როგორც ოჯახის წევრს რომ პატიობ წარმოუდგენელ დანაშაულსაც კი და ცდილობ, ფრთხილად მისცე შენიშვნა; ისე, რომ არ აწყენინო – ასე იქცეოდნენ ჩემთან მიმართებით ეს ადამიანები ყოველთვის.

    პუტინი რომ საფლავში ჩავდე, როდესაც ჩემი „რუსთავი 2“-ელი თუ სხვა კოლეგები სოციალურ ქსელებში ღიად მგმობდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემს გაკრიტიკებას და ჩემგან გამიჯვნას, როდესაც ზოგიერთი მათგანი დირექტორის კაბინეტში სამსახურიდან ჩემს დაუყოვნებლივ გაგდებას მოითხოვდა, ზუსტად ისე, როგორც ხელისუფლების წაქეზებით გარეთ შეკრებილი გააფთრებული ხალხი, მაშინაც ეს გუნდი ჩემს გვერდით დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომლიდან ყველაზე მიუღებელი ჩემი საქციელი, შესაძლოა, სწორედ მათთვის იყო.

    მაგრამ მათ გამიგეს და დაინახეს, რა ვითარება იყო ირგვლივ და რა სახიფათო მდგომარეობაში აღმოვჩნდი პირადად მეც. ამიტომ იმ მომენტში არცერთ მათგანს აზრადაც კი არ მოსვლია ჩემთან დაპირისპირება ან საყვედურის თქმაც კი, საჯარო პოსტებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

    ვიცი, რომ ისინი ახლაც გაიგებენ ჩემს გადაწყვეტილებას წასვლის თაობაზე. მათ ბევრად უფრო მეტი იციან – თქვენთან ყველაფერს არ ვამბობ და ვერც ვიტყვი…

    მაგრამ ჯერ მე ისევ აქ ვარ – არჩევნების ორომტრიალის დასრულებამდე არსად მივდივარ, რამდენიმე გადაცემა კიდევ დამრჩა წასაყვანი.

    ნეტავ, ის გამაგებინა, „ქართულ ოცნებაში“ როდის მიხვდებიან, რომ მათი წასვლის დროა?

    მე ვარ გიორგი გაბუნია. ეს არის “პოსტ-ფაქტუმი”. თქვენ ხართ მთავარი”,– წერს გიორგი გაბუნია.

    ცნობისთვის, მთავარ არხზე პოსტ ფაქტუმს” გიორგი გაბუნიას ნაცვლად მიშა სესიაშვილი წაიყვანს. გაბუნია გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა.