Category: სლაიდერი

  • სამხედრო დანაშაულის დოკუმენტირებისთვის ევროკავშირი უკრაინაში გამომძიებლებს გაგზავნის

    ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დენ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის უკრაინაში გაგზავნოს გამომძიებელთა ერთობლივი ბრიგადები ევროპოლიდან და ევროიუსტიდან (ევროკავშირის სააგენტო, რომელსაც საქმე აქვს სასამართლო ორგანოებთან), რათა დოკუმენტურად დაადასტუროს სამხედრო დანაშაულები.

    ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, რომელიც “ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობებს ეხებოდა.“

    გამომძიებლების მუშაობა უკრაინის გენპროკურატურასთან იქნება კოორდინირებული.

    ბუჩის ქუჩებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ფოტოებმა და ვიდეოებმა საერთაშორისო საზოგადოების შოკი და რუსული ჯარების ქმედებების დაგმობა გამოიწვია, რომლებსაც ამ მკვლელობაში ედებათ ბრალი. კრემლის რეაქცია ადვილად პროგნოზირებადი იყო: მან ამ ფაქტებს ფეიკი, დადგმა და პროვოკაცია უწოდა.

    მანამდე გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მოხდება მოკლულთა ცხედრების ეგსგუმაცია და იდენტიფიცირება, რათა გარანტირებული იყოს სამხედრო დანაშაულების სწორი გამოძიება.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 10:43 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

  • თბილისის აეროპორტში 2 კილოზე მეტი “კოკაინი” ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

    სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. შსს არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული.

    “სამართალდამცველებმა, ა.ი.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმებისას, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცებად ამოიღეს” – აცხადებს შსს.

  • ბოროდიანკასა და სხვა ქალაქებში მსხვერპლი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ბუჩაში – ზელენსკი

    “განსაკუთრებით მძიმეა იმ დახვრეტილი მანქანების ნახვა, რომლებსაც “ბავშვები” აწერია. ჩვენ დავიწყეთ ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. ახლა მხოლოდ ერთ ბუჩაში ცნობილია 300-ზე მეტი მოკლული ადამიანის შესახებ. სავარაუდოდ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება… და ეს მხოლოდ ერთი ქალაქია. უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ბოროდიანკაში და სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს… კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებში ოკუპანტები ისეთ რამეებს სჩადიოდნენ, რაც ადგილობრივებს 80 წლის წინ, ნაცისტური ოკუპაციის დროს არ უნახავთ”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ბრალდებაზე ვერ ვისაუბრებ, თუ ქვეყნები ომს დაეხმარებიან, შედეგს ნახავენ – პრაისი კონტრაბანდაზე

    ბრალდებაზე ვერ ვისაუბრებ, თუ ქვეყნები ომს დაეხმარებიან, შედეგს ნახავენ –  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის, ნედ პრაისის განცხადებით, ქვეყანა, რომელიც სანქციებს გვერდს აუვლის, “შედეგების წინაშე აღმოჩნდება”.

    “მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ რაიმე დავასაბუთო, ან ვისაუბრო თქვენ მიერ ნახსენებ ბრალდებებზე. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, თუ რას ნიშნავს რუსეთის აგრესია და სუვერენული ტერიტორიის წართმევის მცდელობა.

    ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას. მათ შორის მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს გაერო-ში, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს. მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით  ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში  ჩვენს კოლეგებთან და გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო კონტაქტზე ყოფნას.

    რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრის გარეშე რომ ვთქვა, ის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ აშშ-სა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს, ან ის ქვეყნები, რომლებიც სხვაგვარად ცდილობენ მხარი დაუჭირონ კრემლის ომს – რუსეთისთვის ფინანსური მხარდაჭერით, მომარაგებით, იარაღით უზრუნველყოფით – ამას მოყვება შედეგები.

    შედეგები იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობისას ან რაიმე ისეთი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც სხვაგვარად დაეხმარება მოსკოვის ომს”, – თქვა მან.

  • „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“-ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

    გამოქვეყნდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ახალი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა.

    დოკუმენტში ნათქვამია, რომ მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები „თანდათან კარგავენ საკუთარ არსს, ხოლო მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად იგდებს ძალაუფლებას თავის ხელში და  ამასთან, ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის“.

    მოხსენების ციტირებული ნაწილი, რომელიც 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდს ასახავს, მომზადდა როგორც საგარეო დოკუმენტი ევროპარლამენტისთვის სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და ევროპის კოლეჯის მოწვეული პროფესორის, ლორ დელკურის მიერ.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავება, 2019 წლის ივნისი/2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება.

    დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემაში 2020 წლიდან განვითარებულმა მოვლენებმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში „სერიოზული უკუსვლები“ აჩვენა, კერძოდ, „მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის შეუსრულებლობა, ცვლილებები კანონში საერთო სასამართლოების შესახებ“.

    დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი სურათია. ამასთან მნიშვნელოვნად გაუარესებულია ქართული მედიის მდგომარეობა.

    „სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოში კიდევ უფრო რთული გახდა მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო“.

    ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, მასზე გავლენას ახდენს მზარდი პოლიტიკური ანტაგონიზმი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტირებისთვის არსებული არხების ეფექტურობა „სერიოზულად ეჭვქვეშ დგება“.

    დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამის საპირისპიროდ, 2020-2021 წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და სამსახურში გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად. მან ასევე დადებითად შეაფასა ბავშვთა უფლებების ახალი კოდექსი.

    ანგარიშის თანახმად, მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიისა, მოსალოდნელია შრომითი უფლებების არსებითი გაუმჯობესება შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და შრომის ინსპექციის მანდატის გახანგრძლივების გამო. „მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია და დანაშაული მათ წინააღმდეგ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

    ანგარიშის თანახმად, მაშინ, როდესაც საქართველო რეგიონალურ ლიდერად რჩება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ანტიკორუფციული რეფორმები ბოლო წლებში შენელდა, ხოლო მაღალი დონის კორუფციის ეფექტიანი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

    დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს დეცენტრალიზაციის რეფორმა ძირითადად განპირობებულია უფრო ეფექტიანი მენეჯმენტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის აუცილებლობით, ვიდრე ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობის სურვილით.

    ანგარიშის თანახმად, საქართველო მუდმივად ასრულებს ევროკავშირის ძირითად მოთხოვნებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ეფექტიანად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებთან და წევრ სახელმწიფოებთან კრიმინალთან ბრძოლის საქმეში.

    „დადებითად არის შეფასებული თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. თუმცა, საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა“.

    ამას გარდა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია, საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა კოვიდის გამო, ქვეყანა კარგ შედეგებს აღწევს საკუთარი სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით.

    ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მართალია, საქართველო საკანონმდებლო პროცესების კუთხით სწორ გზაზეა, ის კვლავაც დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში, განსაკუთრებით ენერგოეფექტიანობის კუთხით არსებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია.

    წყარო: civil.ge

  • ამის მხარდამჭერებს ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვთ – ეპისკოპოსი ხაჩიძე ბუჩაზე

    ამის მხარდამჭერებს ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვთ – ეპისკოპოსი ხაჩიძე ბუჩაზე

    ”ამის ჩამდენებსა და მხარდამჭერებს ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვთ” – ამის შესახებ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.

    ”შეუძლებელია იმ ტრაგედიის აღწერა, რომელიც ბუჩაში დაატრიალეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა. ესაა ჩვენს თვალწინ, ოცდამეერთე საუკუნეში არსებული ფაშიზმისა და ნაციზმის შედეგები. ამ ყველაფრის ჩამდენებსა და მხარდამჭერებს შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეთ არათუ ქრისტიანობასთან, არამედ ნებისმიერ ადამიანურ თვისებასთანაც კი. ეს რუსული საოკუპაციო ძალების ხელწერაა. მათ იგივე გააკეთეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩეჩნეთსა და სირიაში, იგივეს აკეთებენ ახლა – უკრაინაში და იგივეს გააკეთებენ ხვალ-სხვაგან. თუკი დღეს, უკრაინაში არ შეჩერდება რუსული ბოროტების მანქანა, ხვალ ჩვენი და სხვა ქვეყნების რიგი დადგება და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარები ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევიან.

    უკრაინა არაა დამნაშავე, უკრაინა არ ისჯება ცოდვებისთვის, ეს რუსული საოკუპაციო ჯარები არიან, რომლებიც საკუთარი ცოდვების სხვებზე გადაბრალებით ცდილობენ გამართლებას. ნუ ავყვებით მტრის პროპაგანდას და ვილოცოთ, რომ უკრაინასა და საქართველოში მალე დასრულდეს რუსული ოკუპაცია” – წერს ეპისკოპოსი.

  • გერმანია ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს და პერსონა ნონ გრატად აცხადებს

    გერმანია ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს და პერსნა ნონ გრატად აცხადებს. ამის შესახებ გერმანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზა დაყრდნობით აცხადებს.

    ”ეს არის საპასუხო ნაბიჯი წარმოუდგენელ სისასტიკეზე, რომელიც რუსულმა ჯარმა უკრაინაში ჩაიდინა ” – ამბობს მინისტრი ანალენა ბერბოკი.

    რუს დიპლომატებს 5 დღე აქვთ ქვეყნის დასატოვებლად. რუსუთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიას საპასუხო ზომებით დაემუქრა.

  • გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს მთავრობისგან, თუ სად დგანან – ევროპარლამენტარი

    “გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს მთავრობისგან, თუ სად დგანან ” –  ასე  ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, რომლის მიხედვით რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.

    “ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან, თუ სად დგანან: ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ მალულად პუტინის რეჟიმთან. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ისინი ჩვენთან არიან. იმედი მაქვს, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ბრალდება არასწორია”, – წერს გალერი.

  • დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნისგან სრულიად მიუღებელია – პაპუაშვილი კონტრაბანდაზე

    უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,  რომლის მიხედვით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “დეზინფორმაციას” და “ტყუილს” უწოდებს. ამის შესახებ  პაპუაშვილი Twitter-ზე წერს.

    “მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნისგან, განსაკუთრებით ამ ვითარებაში, სრულიად მიუღებელია”, – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.