Category: სლაიდერი

  • რუსეთი უკრაინის დონბასის დასაპყრობად ემზადება-სტოლტენბერგი

    ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ სავარაუდოდ შემდეგ რამდენიმე კვირას, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონ დონბასში ახალ შეტევას წამოიწყებს. სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი „ძალიან კონცენტრირებულ“ იერიშს გეგმავს.

    „ახლა ვხედავთ რუსული ჯარის მნიშვნელოვან გადაადგილებას, რომელიც კიევს შორდება რათა მოახდინოს გადაჯგუფება, გადაიარაღება, მარაგების შევსება და ფოკუსის აღმოსავლეთზე გადართვა“, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

    სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი შეეცდება მთელი დონბასი ხელში ჩაიგდოს და ოკუპირებულ ყირიმზე სახმელეთო გასასვლელი მოიპოვოს. მისი კომენტარები, როგორც ჩანს ადასტურებს რუსეთის მიერ მარტის ბოლოს გაკეთებულ განცხადებებს, რომ ის ყურადღების გადართვას „დონბასის სრულ გათავისუფლებაზე“ ახდენს.

    ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ეს რუსეთის შეჭრის ახალი, გადამწყვეტი ფაზა იქნება. რუსეთის ძალების გადაჯგუფებას გარკვეული დრო დასჭირდება და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას დახმარება მიაწოდონ. მისი თქმით, მოკავშირეებს უკრაინის სამხედროების დახმარების დრო ჰქონდათ.

    ოთხშაბათს ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ როგორ გაგზავნონ უკრაინაში მეტი ანტი-სატანკო იარაღი, ტყვია-წამალი და სამედიცინო მარაგები.

    მოსალოდნელია, რომ ბრიუსელში ორ დღიან შეხვედრას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დაესწრება.

  • “თქვენ სიმართლეს იმსახურებთ.თქვენი პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულშია ბრალდებული“–ბორის ჯონსონმა რუსებს რუსულად მიმართა

    “ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ტვიტერში გაავრცელა ვიდეომიმართვა რუსებისადმი. მან მიმართვა რუსულ ენაზე წარმოთქმული წინადადებებით დაიწყო და დაასრულა.

    “რუსები იმსახურებენ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ იმას, რომ გაიგოთ ფაქტები“– თქვა რუსულად ჯონსონმა, შემდეგ კი ინგლისურად გააგრძელა, თუმცა მთელ მის გამოსვლას რუსული სუბტიტრები ახლდა თან. პრემიერმა ილაპარაკა კიევთან მდებარე ქალაქებში მომხდარ მოვლენებზე, საიდანაც ცოტა ხნის წინ რუსული ჯარები გავიდნენ და სადაც უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლელმა ჟურანლისტებმა ათობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე აღმოაჩინეს.

    “რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილმა სისასტიკემ ბუჩაში, ირპენში და უკრაინის სხვა ქალაქებში მთელი მსოფლიო შეძრა. მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა–მათ ხელები შეუკრეს და დახვრიტეს. ქალები გააუპატიურეს მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ. დამწვარი ცხედრები საერთო საფლავში ჩაყარეს, ან უბრალოდ ქუჩებში დაყარეს გასახრწნელად. მტკიცებულებები იმდენად შოკისმომგვრელია, იმდენად საშინელი, არ არის გასაკვირი, რომ თქვენი ხელისუფლება ამ ფაქტებს გიმალავთ. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ ამას ნახავთ, მის ომს მხარს არ დაუჭერთ. მან იცის, რომ ეს დანაშაულები ყოველი რუსი დედის ნდობას არყევს, რომელიც შვილს სამხედრო სამსახურში აცილებს. და მან იცის, რომ ეს ფაქტები თავად რუსეთის ღირსებას აჩნდება შავ ლაქად.“–თქვა ჯონსონმა.

    ჯონსონმა მოუწოდა რუსებს,გამოიყენონ VPN კავშირი, რომლის საშუალებით შეძლებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული ბლოკირების გვერდის ავლით წვდომა ქონდეთ დამოუკიდებელ საინფორმაციო რესურსებზე.

    “როცა სიმართლეს გაიგებთ, სხვებსაც გააგებინეთ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, თქვენს წინაშეა პასუხისმგებელი. ისტორია მათაც არ დაივიწყებს, ვინც თვალი დახუჭა“–თქვა ჯონსონმა.

    ბოლოს კი ისევ რუსულ ფრაზაზე გადავიდა:

    “თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს.“

    მიუხედავად ფოტოებისა, ვიდეორგოლებისა და თვითმხილველთა ჩვენებებისა, დამოუკიდებელი ჟურნალისტების გამოძიებებისა, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის არმია არ არის დამნაშავე ბუჩაში და სხვა უკრაინულ ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში.

    მოსკოვი კიევს რუსი სამხედროების სისასტიკის შესახებ მტკიცებულებების ფაბრიკაციაში ადანაშაულებს, თუმცა ამის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

  • უკრაინამ რამე წარმოადგინოს კი არა, სანქციებისთვის უნდა ვიბრძოლოთ – ელენე ხოშტარია კონტრაბანდაზე

    ” უკრაინამ რამე წარმოადგინოს კი არა, იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ სანქციები იყოს და ეს საშიში და ამორალური პოლიტიკა ადვილად არ გასდიოდეთ.” – ამის შესახებ, პარტია “დროს” ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.

    ”წარმოუდგენლად ყალბი და არაკვალიფიციური და ილუზიების გამამყარებელია მოთქმები, აბა, ახლა უკრაინამ დაგვიმტკიცოს რაც თქვესო. ყალბია ეს აღშფოთება, რადგან ჩვენ თვალწინ ყოველ დღე ეს მთავრობა ყოვლად ამორალურად იქცევა და ომის ფონზე რუსებთან ვაჭრობას შესაძლებლობას ეძახის. მოხალისეებს და ექიმებს ბლოკავდა, ზელენსკის შეურაცხყოფდა, დევნილებს არ უვლის და ასე შემდეგ. ამიტომ, დაუჯერებელი რა გაიგეთ, არ მესმის.

    მეორე: მთავრობა ამბობს, არანაირი სანქციებიო და უმარტივესია, შესაბამისად, რომ დიახ აგზავნიან რაღაცებს, რაც სამხედრო მიზნებისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული. სამხედრო მიზნისთვის მხოლოდ იარაღი არაა, უამრავი სახის ტექნიკა შეიძლება იყოს. უკრაინამ რამე წარმოადგინოს კი არა, იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ სანქციები იყოს და ეს საშიში და ამორალური პოლიტიკა ადვილად არ გასდიოდეთ.

    ჰოდა კიდევ, “ბოდიში” დასავლეთის დაზვერვა რომ უფრო სანდოა, ვიდრე აქაური პარტიული ინსტიტუტები. სრულიად გაუგონარია ოპოზიციის ნაწილისგან უკრაინაზე ისრების გადატანა. საქმეს მივხედოთ, საქმეს. საქმის დიდი ნაწილი სიმართლის თქმაა და არა პრანჭვა.” – წერს ელენე ხოშტარია.

  • მსოფლიოს არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოში – ზელენსკი გაეროს

    ”მსოფლიოს არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოში”  – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს წინაშე ვიდეომიმართვისას.

    “საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროში ვეტოს უფლებას, სიკვდილის უფლებას იყენებს. სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას ანადგურებს. თუ ეს გაგრძელდება, მაშინ მხოლოდ იძულებულები ვიქნებით თავდაცვისა და მშვიდობის დასამყარებლად სამხედრო ძალები გამოვიყენოთ და არა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები. გაერო საერთოდ არ იმუშავებს. მეგობრებო მზად ხართ რომ გაერო დახუროთ, ან ფიქრობთ რომ საერთაშორისო სამართლის დრო ამოიწურა ?! მოქმედებაა საჭირო. დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს წესდებას რეფორმირება სჭირდება. ვეტოს უფლება სიკვდილის მექანიზმი არ უნდა იყოს. ტირანიამ ისეთი მკაცრი პასუხი უნდა მიიღოს, რომ ომის დაწყებაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ სრულიად უნდა გაუქმდეს. თავის დროზე გარანტირებული რომ ყოფილიყო უსაფრთხოება, ომი შესაძლებელია არ ყოფილი ჩემს ქვეყანაში, ჩემი ხალხის წინააღმდეგ. მსოფლიო კი უყურებდა და არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, არც საქართველოს წინააღმდეგ ომი, არც მოლდოვასგან დნესტრისპირეთის რეგიონის მოგლეჯა და ის თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი სხვადასხვა კონფლიქტებისთვის. როგორ უნდა შევაჩეროთ ეს?! დაუყოვნებლივ მიეცეს პასუხისგებაში რუსი სამხედროები და ის პირები, ვინც დანაშაულებრივი ბრძანებები გასცეს. ყველა მათგანი ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის ანალოგიური ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ. მოგიწოდებთ რომ გაეროს რეფორმების შესახებ კონფერენცია მშვიდობიან კიევში გავმართოთ. უფრო გადამწყვეტად უნდა ვიმოქმედოთ. არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული წევრი. ყველა თანასწორუფლებიანი უნდა იყოს. მზად ვართ უკრაინაში შევქმნათ ისეთივე ოფისი როგორც ჟენევაში.”  – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროსთვის მიმართვაში.

  • აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის მოხსნას ითხოვს

    უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მოტივით, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან, რუსეთის გარიცხვა სურს.

    „რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოში არის ფარსი,“ – თქვა ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა. „და ეს არასწორია, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროა, მათ გარიცხვაზე, გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა გაიმართოს“ – აცხადებს გაეროში შეერთებული შტატების ელჩი.

    193-წევრიანი ასამბლეის ხმების ორი მესამედია საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი საბჭოდან მოიხსნას.

    თომას-გრინფილდმა რუსეთის ოფისიდან მოხსნაზე მოწოდებას საფუძვლად უკრაინის ბრალდებები დაურთო, რომლის მიხედვით, რუსულმა ჯარმა ქალაქ ბუჩაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.

    უკრაინა აცხადებს, რომ ბუჩაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას იძიებს, რუსეთი კი აცხადებს, ეს ყველაფერი კიევის დადგუმლია.

    მოსკოვს შეერთებული შტატების ამ მოთხოვნაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია

    24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გენერალურმა ასამბლეამ ორი რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს მოსკოვის ქმედებებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ – ზელენსკი გაეროში სიტყვით გამოვიდა

    “მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ” -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმი ზელენსკიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას.

    ”თუ ამგვარი მდგომარეობა გაგრძელდება, მაშინ ქვეყნებს უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ იარაღის ძალის გამოყენებით მოუწევთ, გაერო უბრალოდ შეიძლება დაიხუროს. ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმა, რომ ვეტოს უფლება მკვლელობის უფლება არ იყოს. ორი გზა გვაქვს –  გაანადგურო რუსეთი, როგორც ომის წამომწყები, რათა რუსეთმა არ დაბლოკოს საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად. მეორე ვარიანტია თვითლიკვიდაცია. თუ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა აღარ დაგრჩენიათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა.” – განაცხადა ზელენსკიმ.

  • საქართველო თავისუფლებისმოყვარე ერია და იმსახურებს მმართველობას, რომელიც ამას იზიარებს – იან კელი

    “საქართველო თავისუფლებისმოყვარე ერია და იმსახურებს მმართველობას, რომელიც ამას იზიარებს”- ასე ეხმაურება, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს.

    ”ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება ნანობდეს, რომ საქართველოს დაუცველობა ხელს უშლის სანქციებთან შეერთებაში, თუმცა პატივს სცემდეს უკრაინის წინააღმდეგობას. ამის ნაცვლად, ის ვარაუდობს, რომ უკრაინამ საკუთარ თავს ეს თავად გაუკეთა რუსეთის არდაშოშმინებით. საქართველო ღირსეული, თავისუფლებისმოყვარე ერია და იმსახურებს მმართველობას, რომელიც ამ თვისებებს იზიარებს.” –  წერს იან კელი.

  • მეტი უნდა გაკეთდეს პარტნიორების, საქართველოსა და ბოსნიას მხარდაჭერისთვის – სტოლტენბერგი

    “ვიმედოვნებთ, რომ გადაწყდება მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთის საფრთხისა და ჩარევის პირისპირ. მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის. ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებით, დავეხმარებით ჩვენს პარტნიორებს მედეგობის გამაგრებაში”

    განაცხადა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

  • ახალი სანქციების სია, რომელსაც ევროკავშირი რუსეთს უწესებს

    ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა ახალი სანქციების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაამტკიცებს:

    • რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც წელიწადში 4 მილიარდ ევროს შეადგენს.
    • ხიზილალის, ალკოჰოლის, ხე–ტყის, ქიმიური მრეწველობის პროდუქციის და სხვა საქონლის იმპორტის აკრძალვა – წელიწადში 5.5 მილიარდი ევრო.
    • რუსეთში ჩიპების, ნახევარგამტარების, კომპიუტერების და გაზის მრეწველობის, ტრანპორტის და სხვა სფეროებისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვა, წელიწადში 10 მილიარდი ევროს ღირებულებით.
    • ევროკავშირის პორტების დაკეტვა რუსული ხომალდებისთვის, გარდა ენერგორესურსების და სურსათისთვის განკუთვნილი გემებისა.
    • საზღვრების დაკეტვა რუსული და ბელორუსული სატვირთო მანქანებისთვის.
    • სანქციები 4 ბანკის წინააღმდეგ, ВТБ–ს ჩათვლით, რომლებიც უკვე გამორთულია SWIFT–იდან.
    • საპასუხო ზომები, რომლებიც მოიცავს რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვას ევროკავშირში სახელმწიფო შესყიდვებში და ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვას რუსული სახელმწიფო ორგანოებისთვის.
    • სანქციების სიაში ახალი პირების შეყვანა.

    სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი ჯერჯერობით არ აპირებს ემბარგოს შემოღებას რუსულ ნავთობსა და გაზზე, რომელშიც რუსეთს დღეში 650 მილიონ ევროს უხდის, თუმცა მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა დამატებით შეზღუდვებზე, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტს შეეხება.

    შემუშავებულ სანქციებს ევროკავშირის 27–მა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

  • თუ არ გსურთ, ხვალ “ბუჩას სინდრომით” დაიტანჯოთ, მოგვეცით მძიმე იარაღი – პოდოლიაკი

    თუ არ გსურთ, ხვალ “ბუჩას სინდრომით” დაიტანჯოთ, მოგვეცით მძიმე იარაღი –  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი ტვიტერზე წერს.

    “ევროპამ, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია გაზისა და ნავთობის გარეშე დარჩეს, უნდა გაიგოს: ბუჩა – მხოლოდ სიმართლის დასაწყისია თანამედროვე რუსეთის შესახებ. შემდგომში ასობით უკრაინული ქალაქი იქნება, სადაც კაციჭამია “რუსული სამყარო” იმყოფებოდა. თუ არ გსურთ, ხვალ “ბუჩას სინდრომით” დაიტანჯოთ – მოგვეცით მძიმე იარაღი დღეს”-აცხადებს პოდოლიაკი.