Category: სლაიდერი

  • 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

    არსებული ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს :  მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, დავით გიუნაშვილი და გიორგი ტალახაძე. საქმე სავარაუდოდ 4 ოქტომბერს ეხება.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები სახლებიდან აიყვანეს.

     

  • განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა – გვარამია

    განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა – გვარამია

    „როცა საერთო მიზანი ისეთი დიდია, როგორც ახლა, და მას სამშობლოს გადარჩენა ჰქვია, განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა და არა დაპირისპირების და განხეთქილების მარტივი გამოსავალი.

    ისტორია არ იმახსოვრებს ისეთ უმნიშვნელო დეტალებს, ვინ ვისგან რით განსხვავდებოდა, ვინ იარა სწორად და ვინ ზიგზაგზე. ისტორია ყველას ერთიანად და თანაბრად აღგვნუსხავს როგორც თაობებს, ვინც სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში გაიმარჯვა ან ამ ბრძოლაში დამარცხდა.

    პ.ს. ქოცებმა სივრცული პატიმრობა მოგვისაჯეს, მაგრამ დრო ვერ გაგვიჩერეს პოლიტპატიმრებს. იქნებ ყველამ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დროში პატიმრობას ნუ მოგვისჯით. ნუ გადააქცევთ ამ დაწყევლილ 4 ოქტომბერს – სუს-ის 2 წარუმატებელი სპეცოპერაციის დღეს – დაუსრულებელ ზაზუნას დღედ. გადაფურცლეთ, ძალიან გთხოვთ.

    ხოლო ის, რომ 4 ოქტომბერს პროტესტი არ დამარცხდა (რაც პროტესტის წინსვლას შეიძლება არ უდრიდეს, მაგრამ ქოცების მარცხს უტყუარად უდრის) აგერ დაადასტურეს თავად: დრაკონის კანონების კრებულს, როგორსაც ახლა ამტკიცებენ, გამარჯვებულები არ იღებენ”,

    ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს.

  • „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი III მოსმენით მიიღო

    „ქართული ოცნების“  ერთპარტიულმა პარლამენტმა, პროტესტის შემზღუდავი კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, დაჩქარებული წესით განიხილეს და ის ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილი მას ხელს მოაწერს.

    ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:

    15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც:

    • სახის “ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით” დაიფარავს;
    • იქონიებს “ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას”;
    • განზრახ შექმნის “დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის”;
    • მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა “საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას”.

    აღნიშნული ქმედებები გამოიწვევს:

    1. ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
    2. ორგანიზატორის შემთხვევაში — 20 დღემდე ვადით;
    3. ხოლო იარაღის, ფეთქებადი, ცივი ან საშიში ნივთიერებების ქონისას – 60 დღემდე პატიმრობას.

    სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, იგივე ქმედებების განმეორება ერთ წლის განმავლობაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
    სასჯელი განისაზღვრა შემდეგნაირად:

    • ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
    • არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში — ორ წლამდე;
    • არასრულწლოვნის მიერ ჩადენისას — ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან ერთ წლამდე პატიმრობა;
    • ორგანიზატორის მიერ ჩადენისას, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია — ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

    ცვლილებები ასევე ეხება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლს, რომელიც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სამართალდამცველის შეურაცხყოფას შეეხება. ამ მუხლის მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება:

    • დაისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
    • არაერთგზის შემთხვევაში — ორ წლამდე;
    • არასრულწლოვნის შემთხვევაში — ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან ერთწლამდე პატიმრობით.
  • 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ ენმ-ი გადარჩა – ბეჟაშვილი

    13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ ენმ-ი გადარჩა – ბეჟაშვილი

    „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის შემდეგ გაცხადებული მიზანი ჰქონდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაენადგურებინა. ამ 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სწორედ ეს აწუხებს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ ისინი პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიული პარლამენტის ფარგლებში ახორციელებენ. თუმცა ჩვენ ივანიშვილის რუსული დიქტატორისადმი პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას სტატუსის მიუხედავად გავაგრძელებთ. ეს არ იქნება დამოკიდებული გვექნება თუ არა პარტიული ფორმა. ამავდროულად, ევროსასამართლოში ეს აუცილებლად გასაჩივრდება და იმედი გვაქვს, რომ ევროსასამართლო ამ დრაკონულ, კომუნისტურ, რუსულ კანონს გააუქმებს“,

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

  • ”ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა EU-ს და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს – მარკო მიხელსონი

    ”ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა EU-ს და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს – მარკო მიხელსონი

    „ქართული დიქტატორული პარტია „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს. ამისგან სარგებელს მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი იღებს“

    ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ.

  • საქართველოს სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა – წილოსანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე

    ”როგორც ჩანს, ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, რომ გამჭვირვალობა უკანონოდ გამოაცხადოს და იმ საფუძვლებზე, რომელიც ჩვენს კანონმდებლობას აქვს, აღნიშნოს, რომ ეს კანონი საქართველოს არ ეკუთვნის. იმ პირობებში, როცა FARA-ს კანონმდებლობა აშშ-ში ძალიან კარგად და წარმატებით მუშაობს, გაუგებარია, ვენეციის კომისია ქართველებს რატომ გვიკრძალავს, რომ იდენტური გამჭვირვალობა გვქონდეს და საქართველოში უცხოური გავლენები შესაბამისად ვაკონტროლოთ. მათ დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტები მინიმუმამდეა დაყვანილი და უფრო მეტად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ხდება აპელირება, რაც ვფიქრობ, არც ვენეციის კომისიის და არც სხვა რომელიმე გარე აქტორის გადასაწყვეტი არ არის […] ეს დასკვნა საქართველოს სუვერენიტეტში საკმაოდ უხეში ჩარევაა”.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე.

  • შსს-მ ელინა ვალტონენი “გზის გადაკეტვისთვის” 5 000 ლარით დაჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი “გზის გადაკეტვისთვის” 5000 ლარით დააჯარიმა.

    ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

    ის 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდა, შემდეგ კი  ოცნების მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ კობახიძემ საქართველოში მყოფ ვალტონენთან შეხვედრა “კანონსაწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო” გააუქმა.

    მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა თავად ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა.

  • ჩამოვიდა აკაცუკების პატრონი – კალაძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე

    ჩამოვიდა აკაცუკების პატრონი – კალაძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე

    ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ამ ტიპის [აქციაზე გასვლა] ნაბიჯის გადადგმა, თუმცა, არც გასაკვირია. იცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები გარედან ფინანსდებიან. რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, რუსთაველის გამზირს გადაკეტავს, თბილისის მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. რაც შეეხება ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტს, ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ საკუთარი “შვილები” მოენახულებინა.

    იცით რა არის მთავარი? საზოგადოება უკვე ყველაფერს ხვდება, ყველაფერი ხელისგულზეა და ცხადია, ვის რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, რა პოლიტიკური პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ახორციელებს და ჩვენი მტკიცე ხასიათი, პირველ რიგში, მიმართულია იქით, რომ დავიცვათ ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესები.

    ამბობს ქართული ოცნების თბილისის მერი კახა კალაძე ეუთო-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენიზე.

  • მიზანი არის ზუსტად ეს, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია – პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე – პაპუაშვილი

    მიზანი არის ძალიან ცხადი და ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს დემოკრატია ზრუნავს იმაზე, რომ ჰქონდეს თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, რაც გულისხმობს, რომ დემოკრატიაში, დემოკრატიულ პროცესში არ არის ანტიდემოკრატიული, დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის [ადგილი]. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. და თუ გვინდა ჩვენ, რომ ქართული დემოკრატია გადარჩეს და თუ გვინდა ჩვენ, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს, არ უნდა დავტოვოთ სივრცე რადიკალი, ანტიკონსტიტუციური ძალებისთვის და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის უკანაც დგას 1 120 000 ამომრჩეველი, რომელმაც შარაშან არჩევნებში ზუსტად ამ იდეას დაუჭირა მხარი.

    თქვენ იცით, რომ ამის შემდეგ ჩატარდა ძალიან სიღრმისეული საპარლამენტო გამოძიება, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა, 450-გვერდიანი ანგარიში შეიმუშავა კომისიამ, რომლის საფუძველზეც პარლამენტმა მიიღო დადგენილება და შეაფასა სრულას ის, ერთი მხრივ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და მეორე მხრივ, 2012 წლიდან მოყოლებული მასთან ერთად პოლიტიკურ ალიანსში მყოფი ძალების პოლიტიკური დანაშაულები და დანაშაულები ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ. ამიტომ მიზანი არის ზუსტად ეს, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

  • სამგორის მეტროში მგზავრი გარდაიცვალა

    სამგორის მეტროში მგზავრი გარდაიცვალა

    სამგორის მეტროში მგზავრი გარდაიცვალა – ინფორმაციას  სატრანსპორტო სამსახური ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

    განცხადება გაავრცელა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამაც:

    “თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფეხებულია. შეფერხების მიზეზი მს სამგორში მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები სამგორი, ისანი და ვარკეთილი დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან  მს ახმეტელის თეატრიდან 300 არაგველამდე და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს”. – ნათქვამია განცხადებაში.