Category: სლაიდერი

  • პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვი საქართველოს $253 მილიონის კომპენსაციას არ გადაუხდის

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი საქართველოს $253 მილიონის კომპენსაციას არ გადაუხდის.

    • “ჩვენ არ აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მან. ჟურნალისტის კითხვაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოსთან ურთიერთობის დათბობას თუ შეუწყობდა ხელს, პესკოვი პასუხობს, რომ “ეს ცალკე საკითხია”.

    გუშინ, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა სადაც ნრუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

    მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია,რომ  რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, თავისუფლების უფლების, საკუთრების უფლებების, ოჯახური ცხოვრების, გადაადგილების თავისუფლებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებით დარღვევებზე, რაც ათეულობით ათას ეთნიკურად ქართველს შეეხო

  • ”ადგილი ჰქონდა, ტექნიკურ ხარვეზს”- სუს-ი “იმედის” გათიშვის საქმეზე საბოტაჟის მუხლით საქმის ძიებას წყვეტს

    ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების – “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.
    გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.
    შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება.

    ამის შესახებ ინფორმაციას,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    სუსმა გამოძიება ტელეკომპანია “იმედის” მიმართვის საფუძველზე გამოძიება 13 ოქტომბერს დაიწყო.

    „ტელეიმედის“ ჰოლდინგში შემავალი ტელევიზიების მაუწყებლობა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. „იმედმა“ განაცხადა, რომ „ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს“.

  • ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კობახიძესთან ვიზიტი თავად გააუქმა- ფინური მედია

    ფინური გამოცემა Helsingin sanomat წერს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა.

    “ვალტონენმა HS-ს ტელეფონით უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო და ამის შესახებ ქართველებს გუშინ ღამით აცნობეს”. – წერს გამოცემა.

    „მე იქ მივედი საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების სანახავად. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა გამოხატვის თავისუფლების მიმართ”- ციტირებს გამოცემა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. 

    ჟურნალისტმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ჰკითხა, რას ფიქრობს საქართველოს მთავრობის რეაქციაზე?

    „ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ როგორ რეაგირებენ ისინი. სამწუხაროდ, აზერბაიჯანში ჩასასვლელად მომიწია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმება.“ – ამბობს ელინა ვალტონენი. 

    მანამდე,  საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა “გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო გააუქმა”.

    ცნობისთვის, გუშინ 14 ოქტომბერს, ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი  რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და  აქციის მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელ X-ზეც დაწერა და განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს მოქალაქეებს.

    • „მე ახლა თბილისში, პარლამენტის წინ ვარ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ნელ-ნელა იკრიბებიან. ბევრი ადამიანი მოდის ევროკავშირის, NATO-ს, როგორც ჩანს, ფინეთის და რაც მთავარია, საქართველოს დროშებით. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ გეზით, რომელიც ქვეყანამ აიღო; იმით, რომ ართმევენ საბაზისო უფლებებს, დაწყებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებიდან. ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლების ქონას და ჩვენ ვართ აქ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ”. -განაცხადა  ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა, ვიდეო-მიმართვაში, რომელიც რუსთაველზე ჩაწერა და შემდეგ X-ზე გამოაქვეყნა. 

    ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგებში ჩამოვიდა. ის შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებს, ასევე “ქართული ოცნების” წევრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.

     

  • პარტიების აკრძალვის თანმდევი კანონების ცვლილებას  “ოცნების” პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა

    პარტიების აკრძალვის თანმდევი კანონების ცვლილებას “ოცნების” პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა

    “ქართული ოცნების” პარლამენტმა, პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავ ცვლილებებს  I მოსმენით მხარი დაუჭირა.

    ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ კონკრეტული პარტია იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად – საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

    მისივე თქმით, პარტიას, რომელიც ასეთ პირს თავის რიგებში გააწევრებს და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება – ჯარიმა, ხოლო თუ კონკრეტული პარტიის მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი ახალ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ გადაწყვეტილების მიმღები იქნება, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვა არის შესაძლებელი, როგორც ე.წ. მემკვიდრე პარტიის.

     

  • როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, არ გამოვა კოპირება! ბევრი რამე მოხდება სპონტანურად- სააკაშვილი

    როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, არ გამოვა კოპირება! ბევრი რამე მოხდება სპონტანურად- სააკაშვილი

    „ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებულები, რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო „არჩევნების“ ბოიკოტირების მიღწევა.

    რა თქმა უნდა, „ვარდების რევოლუციის“ მაგალითის კოპირება არასწორი გათვლა იყო, როგორც არაა სწორი, როცა გენერლები წინა ომის სცენარით იბრძვიან. თან „ვარდების რევოლუცია“ რამდენიმე წელი სკრუპულოზურად მზადდებოდა.

    როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება. ბევრი რამე მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება.

    სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც „ჯენზის“ აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის დიდ მადლიერებას იმსახურებს. თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი „ჯენზი“, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ე.ი. არასაკმარისად ვიმუშავეთ სოციალურ ქსელებში, ბოლომდე სწორედ ვერ ჩამოვაყალიბეთ მიზანი. ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია. ვინაიდან ბევრი დრო არ გვაქვს. გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს!“

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს. მოწმედ არ გამოვადექი – ჩერგოლეიშვილი

    ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს. მოწმედ არ გამოვადექი – ჩერგოლეიშვილი

    „მოწმეს სხვა სტანდარტი სჭირდება, პოლიტიკოსი სრულიად სხვანაირად განსჯის და მსჯელობს. როგორც პოლიტიკოსი მე ვაგრძელებ ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა. ყველა ინფორმაცია, რასაც ვავრცელებ, არის ზუსტი, ოღონდ ამას ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსით. ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს. მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო“,

    ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

    რამდენიმე დღის წინ, ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“. ამ განცხადების შემდეგ, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

  • იყო ძალიან არამეგობრული ჟესტი – სამხარაძე ვალტონენზე

    არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინდელ ამბავს, მკაცრად ვგმობ იმ არამეგობრულ აქტს, რომელიც გუშინ ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაიდინა. ეს, გარდა არამეგობრული აქტისა, იყო ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა და ასევე, იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ სულ რაღაც 10 დღის წინ საქართველოში ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას. დღეს ქალბატონი ვალტონენი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზზე და გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთი მტკიცედ და ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამაზეა ნათქვამი, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ძალიან კარგია, რომ ფინეთი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა ჩაერიო სხვა ქვეყნის პოზიცია, არ უნდა დაიჭირო რომელიმე პარტიის პოზიცია და როგორც მინიმუმ გაემიჯნო ძალადობას. ამიტომ ეს იყო ძალიან არამეგობრული ჟესტი. ეუთო-ს შემდეგ საპარლამენტო ასამბლეაზე, გპირდებით, ამ საკითხს დავაყენებ.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის შესახებ, რომელიც 14 ოქტომბერს რუსთაველე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

  • პუტინმა, ომში, რომელიც 1 კვირაში უნდა მოეგო, მილიონ-ნახევარი ჯარისკაცი დაკარგა – ტრამპი

    პუტინმა, ომში, რომელიც 1 კვირაში უნდა მოეგო, მილიონ-ნახევარი ჯარისკაცი დაკარგა – ტრამპი

    იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვლადიმირთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ალბათ ახლაც მაქვს. არ ვიცი, რატომ აგრძელებს ამ ომს. ეს ომი მისთვის ძალიან ცუდი გამოდგა. ის უკვე ოთხი წელია ომშია, ომში, რომელიც ერთ კვირაში უნდა მოეგო. ახლა კი უკვე მეოთხე წელს უახლოვდება. მან დაახლოებით მილიონ-ნახევარი ჯარისკაცი დაკარგა. მით უმეტეს, როცა დაითვლი დაჭრილებს, ხელ-ფეხ დაკარგულებს და იმ საშინელ რამეებს, რაც ომში ხდება. ეს საშინელი ომია.

    […] მან ნამდვილად უნდა დაასრულოს ეს ომი. იცით, რომ ახლა რუსეთში ბენზინის რიგებია ხომ? გრძელი რიგები აქვთ. ვინ იფიქრებდა, რომ ასე მოხდებოდა? მისი ეკონომიკა უცებ დაეცემა. მე მინდა, რომ მას საქმე კარგად წაუვიდეს. მინდა ვთქვა, რომ ვლადიმირ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მას უბრალოდ არ უნდა ამ ომის დასრულება. ვფიქრობ, ეს მას ძალიან ცუდად აჩენს. მას ომის დასრულება სწრაფად შეუძლია.

    უნდა ვთქვა, რომ პატივს ვცემ უკრაინას, რადგან ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ თითქმის თანაბრად ბრძოლას ოთხი წლის განმავლობაში შეძლებდა?

    თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს – პაპუაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე

    ”რასაც ის ამით ქართველ ხალხს აჩვენებს, არის, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი ფრაზაა”  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

    “რომ იცოდეთ, ქუჩა, სადაც ეუთოს თავმჯდომარე, რომელიც, ასევე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, დგას, არის დედაქალაქის მთავარი გამზირი. თქვენ ხედავთ რამდენიმე ათეული რადიკალის შეკრებას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელს დაზიანება მიაყენეს, მათ შორის ორს – მძიმე და კანონის დარღვევით გზა გადაკეტეს.საქართველოს კანონმდებლობა, ეუთოს სხვა ნებისმიერი წევრი ქვეყნის მსგავსად, ნებისმიერ ადგილას შეკრების უფლების გარანტიას იძლევა, ხოლო გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ არის დაშვებული, როდესაც სამანქანო გზის მიმდებარე ტერიტორია ადამიანების დიდ რაოდენობას ვეღარ იტევს. ფინელმა მინისტრმა შესაძლოა ამის შესახებ არ იცოდეს, მაგრამ ის ვერ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს უფლება ბოლო 13 წლის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაირღვა.ასევე, მინისტრის უკან, ხედავთ პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანს, სადაც მშვიდობიანი შეკრების მიზნით, გზის გადაკეტვის გარეშე, ადამიანების იმაზე ათჯერ დიდი რაოდენობა შეიძლება შეიკრიბოს, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული ადამიანი და მათ შორის თავად ფინეთის მინისტრი, რომლებიც გზას კეტავენ.ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე სწორედ ამ ადგილას არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული, ასევე, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს, რაც, ირონიულია, იმიტომ რომ იმავე ქალაქში მიიღეს, სადაც ეუთოს შტაბ-ბინაა განთავსებული.ამით ის ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი ფრაზაა.” – წერს პაპუაშვილი

  • კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა მისი აქციაზე მისვლის გამო გააუქმა

    რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო  ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.
    “გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა”, – წერია ოცნების მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    გუშინ ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი  რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და  აქციის მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელ X-ზეც დაწერა და განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს მოქალაქეებს.

    • „მე ახლა თბილისში, პარლამენტის წინ ვარ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ნელ-ნელა იკრიბებიან. ბევრი ადამიანი მოდის ევროკავშირის, NATO-ს, როგორც ჩანს, ფინეთის და რაც მთავარია, საქართველოს დროშებით. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ გეზით, რომელიც ქვეყანამ აიღო; იმით, რომ ართმევენ საბაზისო უფლებებს, დაწყებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებიდან. ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლების ქონას და ჩვენ ვართ აქ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ”. -განაცხადა  ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა, ვიდეო-მიმართვაში, რომელიც რუსთაველზე ჩაწერა და შემდეგ X-ზე გამოაქვეყნა. 

    ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგებში ჩამოვიდა. ის შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებს, ასევე “ქართული ოცნების” წევრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.