Category: სლაიდერი

  • 1 წელი მაგთის 5G ქსელთან ერთად – ახალი შესაძლებლობები, ციფრული გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება

    1 წელი მაგთის 5G ქსელთან ერთად – ახალი შესაძლებლობები, ციფრული გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება

    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგებული მაგთის 5G ქსელი, მობილური
    ინტერნეტის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

    დღევანდელი ციფრული სამყაროს ეპოქაში ვერც ერთი პირადი თუ პროფესიული
    წამოწყება ინტერნეტკავშირის გარეშე ვერ განხორციელდება. ინტერნეტი დიდი ხანია
    აღარ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება – ის ინოვაციის, განათლებისა და
    ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

    სწორედ ამიტომ, თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი გახდა მონაცემთა
    მყისიერი მიმოცვლა, ონლაინ სერვისებზე წვდომა და გლობალურ სამყაროსთან მჭიდრო
    კავშირი, რის უზრუნველსაყოფადაც აუცილებელია სწრაფი, სტაბილური და საიმედო
    ინტერნეტი. კავშირის ხარისხი და სერვისის საიმედოობა კი მუდმივად საჭიროებს
    ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რაც მაგთიკომის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.
    25 ოქტომბერს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მაგთიმ საქართველოში 5G ქსელი
    აამოქმედა. მაგთიკომი განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ტრადიციულად, ყველაზე
    ვრცელი დაფარვით გამოირჩევა. მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი ხელმისაწვდომია
    თითქმის მთელს საქართველოში.

    ტექნოლოგიურმა წინსვლამ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შექმნა ახალი
    შესაძლებლობები, არამედ საქართველოს საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა – 2025 წლის
    პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, მაგთის მობილური ქსელი ინტერნეტის სიჩქარით
    მსოფლიოში მე-6 ადგილზე დასახელდა.

    https://www.speedtest.net/awards/reports/2025/2025_World_Mobile_Q1Q2.pdf
    მაგთის 5G ქსელის აბონენტებს საშუალება აქვთ სრულფასოვნად გამოცადონ ამ
    ტექნოლოგიის უპირატესობები, მათ შორის:

    გაზრდილი სიჩქარე – უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიჩქარეს, დაბალ დაყოვნებას და
    ქსელურ სტაბილურობას. მაგთის 5G ქსელის პიკური სიჩქარე (2000 მბ/წმ-მდე)
    იდეალურია დიდი ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთვისთვის, ვიდეო სტრიმინგისა და
    ინტენსიური ონლაინ აქტივობებისთვის.

    უზარმაზარი ტევადობა – 5G ტექნოლოგიას აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად
    მოემსახუროს 1 მილიონამდე მოწყობილობას 1 კმ²-ზე – ეს 100-ჯერ მეტია, ვიდრე 4G-ს
    შეეძლო. შედეგად, ხალხმრავალ ადგილებშიც კი – კონცერტზე, ფესტივალსა თუ ქალაქის
    ცენტრალურ მოედნებზე, მაგთის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მუდამ იყვნენ
    ონლაინ.

    ყველაზე ფართო დაფარვის არეალი – მაგთიკომი მუდმივად ლიდერობს
    სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ქსელის დაფარვის მხრივ. ეს ტენდენცია 5G
    ტექნოლოგიის შემთხვევაშიც გაგრძელდა და დღეს, მაგთის 5G ქსელი ხელმისაწვდომია
    თითქმის მთელს საქართველოში.

    ქსელის განვითარება დინამიკური პროცესია. ახალი ურბანული ზონებისა და
    ინფრასტრუქტურის განვითარებას კვალდაკვალ მიჰყვება მაგთის 5G ქსელის
    გაფართოების უწყვეტი პროცესი.

    3 მილიონზე მეტი აბონენტისთვის მაგთიკომი ხარისხთან და საიმედოობასთან
    ასოცირდება.

  • პროკურატურამ საქართველოს უნივერსიტეტის საქმეზე გამოძიება დაიწყო

    ”ქართული ოცნების” პროკრატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

    “პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს “საქართველოს უნივერსიტეტზე” უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • საფრანგეთში ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილები დააკავეს . ერთი მათგანი ქვეყნის დატოვებას აპირებდა

    საფრანგეთის ხელისუფლებამ დააკავა ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც გასულ კვირას ლუვრის გამბედავ ძარცვაში მონაწილეობდნენ. თავდაპირველად ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი პარიზის პროკურატურამაც დაადასტურა, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა ოფიციალურად არ დაუსახელებიათ.

    გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შაბათ საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს — ის თვითმფრინავში ჩაჯდომას და ქვეყნის დატოვებას აპირებდა. მეორე ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს პარიზის გარეუბანში.

    გაზეთ Le Parisien-ის ინფორმაციით, ორივე მამაკაცი პარიზის მახლობლად მდებარე დეპარტამენტიდან — სენ-სენ-დენიდან არიან და ადრე უკვე მოხვედრილან პოლიციის ყურადღების ცენტრში.

    მათი პირადობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. სააგენტო AFP–ის წყაროზე დაყრდნობით, ერთ-ერთ დაკავებულს აეროპორტში ალჟირისკენ გამგზავრება ჰქონდა დაგეგმილი.

    ლუვრის ძარცვა გასულ კვირას, დღისით მოხდა — მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი მუზეუმიდან 88 მილიონი ევროს (100 მილიონ დოლარზე მეტი) ღირებულების ისტორიული ფასეულობები მოიპარეს. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა აღიარა, რომ უსაფრთხოების პროტოკოლებმა „ვერ იმუშავა“, რამაც ქვეყანას სერიოზული ზიანი მიაყენა. პარიზის პროკურორმა ლორა ბეკუამ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ გამოძიების შესახებ დეტალების დროზე ადრე  გახმაურებამ შესაძლოა გამოძიებას ავნოს.

    „ლუვრის ძარცვიდან ერთ კვირაში ვადასტურებ, რომ შაბათს, 2025 წლის 25 ოქტომბრის საღამოს, განხორციელდა დაკავებები. ერთ-ერთი დაკავებული ემზადებოდა ქვეყნის დასატოვებლად“, — ნათქვამია ბეკუას განცხადებაში მედიის კითხვის პასუხად. განცხადებაში დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა კვლავ არ არის მითითებული.

    „ძალიან ვნანობ, რომ ეს ინფორმაცია გამოძიების ინტერესების გათვალისწინების გარეშე გახდა საჯარო. ასეთი გაჟონვები მხოლოდ ავნებს იმ ასეულობით გამომძიებლის ძალისხმევას, რომლებიც მოპარულ სამკაულებსა და დანაშაულის ყველა მონაწილეს ეძებენ. დამატებითი დეტალების გახმაურება ჯერ ძალიან ადრეა. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ეჭვმიტანილების დაკითხვის დასრულების შემდეგ (რომელიც შეიძლება 96 საათამდე გაგრძელდეს)“, — დასძინა პროკურორმა.

    ლუვრის ძარცვისას ოთხმა ნიღბიანმა დამნაშავემ კარიერის კიბე გამოიყენა, გაემართნენ მუზეუმის ფანჯრისკენ, მოჭრეს მინაც და  ჩარჩოც, შემდეგ კი შენობაში შეაღწიეს.

    მათ გახსნეს მეტალის სეიფები ძვირფასეულობით,  შემდეგ კი სკუტერებით მიიმალნენ. მთელი ოპერაცია რვა წუთზე ნაკლებ დროში მოხდა.

    ძარცვაში მონაწილეობდა ოთხი ნიღბიანი პირი, საიდანაც ორმა შიგნით შეაღწია. გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პროფესიონალი კრიმინალები იყვნენ, რადგან ზუსტად იცოდნენ, რა ნივთების მოსაპარად მიდიოდნენ და მოქმედებდნენ კარგად დაგეგმილი გეგმით.

    ოთხშაბათს პროკურორმა ბეკუამ RTL–თან განაცხადა, რომ მოპარული სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევროს შეადგენს (დაახლოებით 102 მილიონ დოლარს).

    „ეს ფინანსური დანაკლისია, მაგრამ ბევრად უფრო მძიმეა ის ზიანი, რომელსაც ასეთი ქურდობა ისტორიულ მემკვიდრეობას აყენებს“, — აღნიშნა ბეკუამ.

    მოპარულ ნივთებს შორის იყო ბრილიანტებით დამშვენებული სამკაულები, რომლებიც ორმა ნაპოლეონმა თავის ცოლებს აჩუქეს.

    ექსპერტების აზრით, დიდი ალბათობით, მძარცველებმა სამკაულები უკვე ნაწილებად დაშალეს — ამოიღეს ბრილიანტები და გადაადნეს ძვირფასი ლითონები, რათა ბევრად უფრო დაბალ ფასად გაეყიდათ, როგორც უბრალო მასალა და  არა როგორც უნიკალური ისტორიული არტეფაქტები. ცნობილია, რომ გატაცებულია რვა ნივთი — დიადემები, ყელსაბამები, საყურეები და ბროსები — ყველა მათგანი XIX საუკუნეს მიეკუთვნება და ოდესღაც საფრანგეთის სამეფო და იმპერატორების ოჯახის საკუთრება იყო.

    კიდევ ორი ნივთი — მათ შორის იმპერატრიცა ეუჟენის გვირგვინი — გატაცების ადგილთან ახლოს იპოვეს. როგორც ჩანს, მძარცველებს გაქცევის დროს დაუვარდათ.

    მალევე საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ ძარცვის შემდეგ ლუვრში თავისუფლად გამოფენილი ნაწილის სამკაულები გადატანილ იქნა საფრანგეთის ბანკის მიწისქვეშა საცავებში.

  • Reuters: ვაშინგტონი ამზადებს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა გაურკვეველია, შემოიღებენ თუ არა მათ

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა დამატებითი სანქციები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენონ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ, თუ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააგრძელებს უკრაინაში ომის შეწყვეტის გადადებას, — წერს Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

    ამ კვირაში, ტრამპმა, პირველად თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, უკვე შემოიღო რუსეთზე სანქციები. ისინი შეეხო რუსეთის უდიდეს ნავთობკომპანიებს — „როსნეფტს“ და „ლუკოილს“. ამავე დროს, ამერიკის პრეზიდენტმა გააუქმა დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში.

    Reuters-ის ცნობით, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს ასევე განუცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ამერიკული იარაღის შესაძენად უკრაინისთვის. გარდა ამისა, ვაშინგტონმა დაიწყო იმ შესაძლებლობის განხილვაც, რომ მოხდეს ამერიკაში არსებული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, — განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას ორმა ამერიკელმა წყარომ.

    ჯერ გაურკვეველია,გადადგამს თუ არა ვაშინგტონი ამ ნაბიჯებს უახლოეს პერიოდში, თუმცა ეს მიუთითებს, რომ ადმინისტრაციას აქვს კარგად ჩამოყალიბებული ინსტრუმენტები, რათა კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა მას შემდეგ, რაც ტრამპმა რუსეთზე სანქციები უკვე დააწესა, — აღნიშნავს გამოცემა.

    „ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც ტრამპის შერიგებასა და გაღიზიანებას შორის მერყეობის გამო მძიმე მდგომარეობაში არიან, იმედოვნებენ, რომ ის კვლავაც გააძლიერებს ზეწოლას მოსკოვზე და საკუთარი სერიოზული ნაბიჯების გადადგმასაც განიხილავენ,“ — ვკითხულობთ სტატიაში.

    ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ სურს, ევროპელმა მოკავშირეებმა გადადგან რუსეთის მიმართ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შესაძლოა დამატებით სანქციებს ან გადასახადებს მოიცავდეს. სხვა წყაროს თქმით, ტრამპი სავარაუდოდ რამდენიმე კვირით შეაჩერებს პროცესს, რათა შეაფასოს რუსეთის რეაქცია ოთხშაბათს გამოცხადებულ სანქციებზე.

    წყაროების შეფასებით, აშშ-ს მიერ უკვე მომზადებული დამატებითი სანქციების ნაწილი შეიძლება მიმართული იყოს რუსეთის საბანკო სექტორისა და მის ნავთობის გატანის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

    ბოლო კვირაში, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს მიმართეს ახალი სანქციების შეთავაზებით, — განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ. წამოჭრილ იდეებს შორის იყო ყველა რუსული ბანკის მთლიანად გათიშვა დოლარის სისტემიდან. ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენად სერიოზულად განიხილავს ვაშინგტონი კიევის ამ მოთხოვნებს, — ასკვნის Reuters.

  • ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე


    საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით:“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება.

    ამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს – 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.

    გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.

    პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.

    ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.

    ზემოაღნიშნული ქმედებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

    პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს – 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.

    აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.“

  • Reuters: რესპუბლიკელი დონორი ვაშინგტონში ანტიდასავლური „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ლობირებს

    საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters სტატიას უძღვნის ქართული ოცნების ლობისტს შეერთებულ შტატებში, რომელიც ცდილობს ქართულ ოცნებაზე ზეწოლისთვის განკუთვნილი კანონპროექტები შეაფერხოს.  სააგენტოს ინფორმაციით რესპუბლიკელი დონორი სტივ ნიკანდროსი კონგრესში მოქმედებდა იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლას საქართველოს მმართველ პარტიაზე  და ამას წერილი ადასტურებს, რომელიც სააგენტოს ხელში ჩაუვარდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ  „ქართული ოცნება“ დასავლეთში მწვავე კრიტიკის ქვეშაა დემოკრატიის უკუსვლისა და მოსკოვთან დაახლოების გამო. ინიციატივის ავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი კი აღშფოთებულია ნიკანდროსის ქმედებებით.– წერს Reuters. 

    გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს:

    ვაშინგტონი, 23 ოქტომბერი (Reuters) — ამერიკელი ბიზნესმენი და რესპუბლიკელი დონორი, რომელსაც საქართველოში ბიზნესინტერესები აქვს, ბოლო კვირების განმავლობაში კონგრესის წევრებთან ლობირებდა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელმაც ზეწოლა უნდა მოახდინოს ქვეყნის ანტიდასავლურ მმართველ პარტიაზე. ამან გააღიზიანა გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი და კიდევ უფრო გაამწვავა კაპიტოლიუმში არსებული დაპირისპირება საქართველოს – რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორის მიმართ პოლიტიკის საკითხზე.

    კანონმდებელთა ორპარტიული ჯგუფი  იბრძვის კანონპროეტის მისაღებად, რომელიც დასჯის თბილისის სულ უფრო ავტორიტარულ და მოსკოვზე ორიენტირებულ მთავრობას. ამასობაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ზრდის ზეწოლას კრემლზე უკრაინაში ომის გამო — ოთხშაბათს მას რუსულ ნავთობურ კომპანიებზე ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა.

    ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც დიდწილად შეუზღუდავდა აშშ-ის მთავრობას „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციის შესაძლებლობას.

    თუმცა ტეხასელი ნავთობის მაგნატი და რესპუბლიკელი დონორი სტივ ნიკანდროსი 30 სექტემბრით დათარიღებულ წერილში მადლობას უხდის რესპუბლიკელ კონგრესმენებს, რომლებმაც ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

    როიტერსის ხელში არსებული წერილი ასევე მოუწოდებს მათ, რომ შეეცადონ კანონის საბოლოო ჩაგდებას – მას შემდეგ, რაც ის უკვე გავიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და პლენარულ კენჭისყრას ელოდება.

    კანონპროექტის ავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ნიკანდროსის მცდელობით ჩაშალოს ინიციატივა.

    ნიკანდროსმა როიტერსს კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხა.

    წერილში, რომელიც კომპანია TXN Energy-ის ხელმძღვანელის ხელმოწერილია, ნიკანდროსი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული ძალაა, ხოლო მსგავსი კანონპროექტი საქართველოს კიდევ უფრო მიუახლოვებს რუსეთს და დააზიანებს ამერიკულ ბიზნესინტერესებს, მათ შორის მის კომპანიასაც. TXN Energy საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს.

    „ჩვენნაირი კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებენ, სტაბილური ორმხრივი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ — აღნიშნულია წერილში.

    ნიკანდროსის ლობირება და უილსონის პროტესტი კაპიტოლიუმში მიმდინარე ხანგრძლივი დავის ბოლო მაგალითია. ორივე პარტიის წარმომადგენლები მწვავედ აკრიტიკებენ თბილისის ხელისუფლებას ავტორიტარული მეთოდების გაძლიერებისა და რუსეთისთვის ეკონომიკური არხის გახსნის გამო.

    2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო მარშრუტად იქცა, რის შედეგადაც ორმხრივი ვაჭრობა საგრძნობლად გაიზარდა. ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აშორებს საქართველოს დასავლეთს და ამყარებს კავშირებს მოსკოვთან, თეირანთან და პეკინთან.

    თუმცა საქართველოს მიმართ სანქციების ან ზეწოლის კანონპროექტები ხშირად ჩერდება საკანონმდებლო პროცესში, რაც კონგრესში იმედგაცრუებას იწვევს. ერთი ასეთი ინიციატივა, რომელიც სანქციებს აწესებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სენატში ჩარჩა, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატამ ის მაისში დამაჯერებლად – 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ – დაამტკიცა.

    დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოჰენმა სექტემბერში საჯარო მოსმენაზე აღნიშნა:
    „საოცარია, რომ ასეთი ფართო მხარდაჭერის მიუხედავად, ეს კანონპროექტი ვერ წინ მიდის. ვერ ვხვდები რატომ.“

     

    უილსონის ინიციატივის საბოლოო დამტკიცების გზაც საკმაოდ მყიფეა, რადგან სენატში მას ანალოგი კანონპროექტი არ აქვს. ნიკანდროსის წერილი Reuters-ს გადასცა ერთ-ერთმა მაღალი რანგის რესპუბლიკელმა თანაშემწემ, რომელიც შეშფოთდა, რომ ნიკანდროსის ქმედებები კიდევ უფრო დაასუსტებსკანონპროექტის მიღების შანსებს.

    სხვადასხვა კონგრესმენი მოითხოვს მაქსიმალურ ზეწოლას რუსეთსა და მის სავაჭრო პარტნიორებზე, რათა პუტინი აიძულონ მოლაპარაკებას დაუბრუნდეს უკრაინის საკითხზე. სხვები კი უჭერენ მხარს უფრო შერბილებულ პოლიტიკას მოსკოვისადმი — ტრამპი კი, როგორც ცნობილია, ორივე მიდგომას შორის მერყეობს.

    უილსონმა განაცხადა, რომ საკითხს განიხილავს ასევე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის რანგში:

    „როგორც კომისიის თანათავმჯდომარე, რომელსაც აქვს საგამოძიებო უფლებამოსილება, ვაპირებ უფრო დეტალურად გავარკვიო ამ პირის საქმიანობა,“ — მოგვწერა ვილსონმა ელექტრონული ფოსტით.

    საქართველოს ელჩმა ვაშინგტონში, თამარ ტალიაშვილმა, განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკანდროსი „ პიონერ ბიზნესმენს“ წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას არანაირი ლობისტური კავშირი არ აქვს აშშ-ში.

    Open Secrets-ის მონაცემებით, ნიკანდროსმა რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და მათთან დაკავშირებულ კომიტეტებს 200,000 დოლარზე მეტი შესწირა. როიტერსს ვერ დაუდგენია, ჰქონია თუ არა ამ შემოწირულობებს გავლენა კანონმდებლების გადაწყვეტილებებზე.

    ტალიაშვილმა წერილში ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაუარესდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პერიოდში, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის პირობებში გაუმჯობესების შანსი არსებობს.

    „ბატონი სტივენ ნიკანდროსი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც ფართოდ არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი პირველი ინვესტორი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ამერიკული კაპიტალი შემოიტანა,“ — წერს ელჩი.

    ავტორი: გრემ სლეიტერი

  • აშშ–ს ფინანსთა სამინისტრო სანქციებს უწესებს რუსულ ნავთობის მსხვილ კომპანიებს და მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას

    აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსული ნავთობკომპანიების სანქცირების შესახებ. ფინანსთა სამინისტრო სანქციებს უწესებს რუსულ ნავთობის მსხვილ კომპანიებს და მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას

    განცხადებაში ნათქვამია:

    ვაშინგტონი — დღეს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) აწესებს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვი არ იჩენს სერიოზულ მზადყოფნას მშვიდობის პროცესის მიმართ უკრაინაში ომის დასასრულებლად. დღევანდელი ნაბიჯი კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, მიიღოს შემოსავლები თავისი საომარი მანქანისთვის და დაუძლურებული ეკონომიკის შესანარჩუნებლად.
    აშშ კვლავაც იმოქმედებს მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდასაჭერად, თუმცა მუდმივი მშვიდობა დამოკიდებულია მთლიანად რუსეთის სურვილზე, კეთილსინდისიერად ჩაერთოს მოლაპარაკებებში. ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების გამოყენებას მშვიდობის მიღწევის პროცესის მხარდასაჭერად.

    „ახლა დროა შეწყდეს მკვლელობები და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა,“ — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
    „ვინაიდან პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს ამ უაზრო ომის შეწყვეტაზე, ფინანსთა სამინისტრო აწესებს სანქციებს რუსეთზე — კერძოდ, ორ უდიდეს ნავთობის კომპანიაზე, რომლებიც კრემლის საომარ ბიუჯეტს აფინანსებენ. ფინანსთა სამინისტრო მზად არის გადადგას დამატებითი ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის მხარდასაჭერად, რათა დასრულდეს ეს ომი. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ ამ სანქციებში,“ — აღნიშნა მან.

    დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას —
    ღია აქციონერულ საზოგადოება „როსნეფტს“ (Rosneft Oil Company) და „ლუკოილს“ (Lukoil OAO), რომლებიც ახლა ოფიციალურად სანქცირებულად ითვლებიან.
    „როსნეფტი“ წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ კომპანიას, რომელიც საქმიანობს ნავთობისა და გაზის მოპოვების, გადამუშავების, ტრანსპორტირების, გადაყიდვისა და წარმოების სფეროში.
    „ლუკოილი“ ასევე მოქმედებს მოპოვების, გადამუშავებისა და ნავთობისა და გაზის რეალიზაციის სფეროში რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

    „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ სანქცირებულნი არიან აშშ-ის აღმასრულებელი განკარგულების E.O. 14024-ის საფუძველზე — როგორც რუსული ფედერაციის ენერგეტიკული სექტორის ნაწილი ან მასთან დაკავშირებული ოპერატორები.

    გარდა ამისა, OFAC სანქციებს უწესებს „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ რუსულ შვილობილ კომპანიებსაც, რომელთა სია მითითებულია თანდართულ დანართში A. აღნიშნულ სიაში შესულია ყველა ის ორგანიზაცია, რომლის 50 პროცენტზე მეტი წილი ეკუთვნის ან კონტროლდება „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ მიერ.

  • მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა

    მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა

    პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

    როგორც გამარჯვებულების გამოცხადებისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე.

    სახაროვის სახელობის პრემია “აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად. . ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

    გარდა ამისა, პრემია მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას აქცევს პოლიტიკურ პატიმრებს, აქტივისტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იდევნებიან.

    2025 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება. თითოეულ ლაურეატს ჯილდოს სახით 50 000 ევრო გადაეცემა.

  • თეთრი სახლი: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება

    დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი „უახლოეს მომავალში შეხვედრას არ გეგმავენ,“ — განაცხადა სამშაბათს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა, იუწყება Reuters.

    ამავე წყაროს თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც არ აპირებენ პირად შეხვედრას. Reuters-ის ინფორმაციით, ლავროვისა და რუბიოს სატელეფონო საუბარი, რომელიც ორშაბათს გაიმართა, ოფიციალურმა წყარომ „პროდუქტიულად“ შეაფასა.

    გასული კვირის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრისას, რომელიც კრემლის ინიციატივით შედგა, მათ ბუდაპეშტში პირად შეხვედრაზე მოილაპარაკეს.

    Reuters-ის ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რუსეთის უარმა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, როგორც ჩანს, საფრთხე შეუქმნა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სამიტის ჩატარებას.

    ორი მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატის თქმით, ის ფაქტი, რომ მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა ტელეფონით საუბრისას ვერ მიაღწიეს შეთანხმებას შეხვედრასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ ტრამპისა და პუტინის სამიტი შესაძლოა საერთოდ არ გაიმართოს.

    „ვფიქრობ, რუსებს ძალიან ბევრი სურდათ, და ამერიკელებისთვის აშკარა გახდა, რომ ბუდაპეშტში ტრამპისთვის შეთანხმება არ იქნება,“ — უთხრა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.

    „რუსებს საერთოდ არ შეუცვლიათ პოზიცია და არ თანხმდებიან „შეჩერებაზე იქ, სადაც ახლა არიან,“ — თქვა მეორე დიპლომატმა. — „ვვარაუდობ, ლავროვმა იგივე სიტყვები გაიმეორა, ხოლო რუბიომ რაღაც მსგავსად უპასუხა: ‘ნახვამდის მოგვიანებით’.“

    ამასთან, არცერთ მხარეს საჯაროდ უარი არ  უთქვამს ბუდაპეშტში შეხვედრის გეგმაზე, და Reuters-ის ცნობით, სამიტის ორგანიზებაზე ძალისხმევა, როგორც ჩანს, კვლავ გრძელდება.

    სამშაბათს ვაშინგტონში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიისიარტო, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა:

    „ჩვენ წინ რამდენიმე სერიოზული დღე გველოდება.“

  • Reuters: რუსეთმა საქართველოში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა გადასამუშავებლად

    სააგენტო როიტერის ინფორმაციით,  რუსულმა კომპანიამ „რუსნეფტმა“ (Russneft, RNFT.MM) ამ თვეში  ნავთობის პირველი  პარტია  მიაწოდა ახლად აშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას საქართველოში — ამის შესახებ ცნობილია LSEG-ის გემების გადაადგილების მეთვალყურეობის მონაცემებისა და ინდუსტრიული წყაროების მიხედვით.

    სააგენტო წერს, რომ რუსეთსა და საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები — ომი  მოსკოვის მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოხდა.

    თუმცა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პირობებში თბილისმა გააღრმავა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მაშინ როცა ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან მკვეთრად დაიძაბა.

    LSEG-ის მონაცემებით და ერთ-ერთი ტრეიდერის თქმით, ტანკერმა Kayseri  6 ოქტომბერს რუსული შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან, ყულევის ნავთობის ტერმინალში მიიტანა 105 340 ტონა „Siberian Light“ ტიპის ნავთობი.

    „რუსნეფტმა“ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

    “რუსეთი ცდილობს გააფართოოს თავისი ექსპორტის მიმართულებები, რათა გაუმკლავდეს უკრაინის გამო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

    საქართველო კი, თავისი პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, მიზნად ისახავს მიზნად შეამციროს დამოკიდებულება რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებულ საწვავზე.

    ქარხანამ მუშაობა ამ თვეში დაიწყო, და მისი საწყისი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი ტონაა, ანუ დღეში დაახლოებით 24 000 ბარელი ნავთობი.

    მისი წლიური გადამუშავების მოცულობა თანდათან გაიზრდება 4 მილიონ ტონამდე 2028 წლისთვის, რაც საშუალებას მისცემს ქარხანას საწვავი მიაწოდოს როგორც შიდა ბაზარს, ასევე ექსპორტზე გაიტანოს.“– წერს სააგენტო.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინული დრონების და რაკეტების უწყვეტი თავდასხმების შემდეგ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ქვეყანაში საწვავის დეფიციტია.