Category: სლაიდერი

  • მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებსა, არ მოახდინონ სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა მოუწოდებს, რომ “არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება და პროტესტი გამოხატონ შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით”.

    ”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები. გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილებები.
    კანონის ახალი რედაქციის თანახმად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
    • ცეცხლსასროლი ან/და ცივი იარაღის, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;
    • აკრძალული საგნის ან ნივთიერების ქონა;
    • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტილ შეკრებაში მონაწილეობა.
    შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე
    ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
    • სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
    • ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
    • გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
    დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
    ჩამოთვლილი ყველა ქმედების ჩამდენ პირს პირველ ჯერზე, შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების არაერთგზის ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.
    გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს მესამედ ან მეტჯერ, ჩადენილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ან/და პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულ ქმედებაზე სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, ხოლო არაერთგზის ქმედების ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.
    კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს.”- ნათქვამია განცხადებაში.
  • ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა – პროკურატურა

    ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა – პროკურატურა

    ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების, ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლების და პირადი ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ,  გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა.

    ”განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსურს საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია.საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს დილის ათი საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკები.

    ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად, დამატებით მივაწვდით ინფორმაციას” – განაცხადა ივანიშვილის მთავარმა პროკურორმა.

  • 4 ოქტომბრის საქმეზე შაიშმელაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო – გელაძე

    “ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან დამხობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი – სამართალდამცველებზე ძალადობა. რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ორ პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მათგან ერთერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება” – განაცხადა გელაძემ.

    რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 ადამიანი დააკავეს.  საქმეზე სულ ჯამში 62 ადამიანია დაკავებული.

    “ჩვენ დავაკავეთ კიდევ 16 პირი. მიმდნარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი. უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა”- თქვა გელაძემ.

  • 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 ადამიანი დავაკავეთ – შსს

    4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 ადამიანი დააკავეს – ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგზე თქვა.

    “ჩვენ დავაკავეთ კიდევ 16 პირი. მიმდნარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი. უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა”- თქვა გელაძემ.

    გელაძის ცნობით, ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კოსნტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფოლების დამხობისკენ მოწოდება, სახელმწიფო ან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდაცველებზე ძალადობა.

    4 ოქტომბრის  საქმეზე სულ ჯამში 62 ადამიანია დაკავებული.

  • ოჯახის თვალწინ, სპეცრაზმმა სახლიდან გაკოჭილი წაიყვანა – ადვოკატი მიხეილ თოლორაიაზე

    ”ოჯახის თვალწინ, სპეცრაზმმა სახლიდან გაკოჭილი წაიყვანა” – განაცხადა ამის შესახებ, დღეს 17 ოქტომბრის დილას დაკავებული მიხეილ თოლორაიას ადვოკატმა, ბორის ყურუამ

    “მიხეილ თოლორაია მოვინახულე. მას სპეცრაზმი სახლში შეუვარდა და განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით დააკავეს, როცა მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ოჯახის წევრების თვალწინ, იარაღიანმა ადამიანებმა სახლიდან გაკოჭილი წაიყვანეს.  ჯერ მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, თუმცა, სტანდარტულად, როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს, ალბათ, მასაც ბრალად სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას წარუდგენენ”. – თქვა ყურუამ.

    17 ოქტომბერს, გამთენიისას აქციების კიდევ 9 მონაწილე დააკავეს. საქმე, სავარაუდოდ, 4 ოქტომბრის აქციას ეხება.

  • რაც ახლა ხდება, შეუმჩნეველი არ რჩება! ვმუშაობთ სანქციებზე, რომ არანაირი ფული არ გაიგზავნოს საქართველოს ხელისუფლებისთვის! – ჰიპერი

    ჩვენი შეფასებაა, რომ ქართული ოცნება განაგრძობს რეპრესიულ ზომებს, რომელიც აშკარად ინსპირირებულია რუსეთის პროპაგანდის მანქანით. ამასთან მთლიანად ვგმობთ ძალადობას ყველანაირი ფორმით. და რა თქმა უნდა, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეუმჩნეველი არ რჩება.

    სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციებზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არანაირი ფული არ გაიგზავნოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, ვმუშაობთ ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და ყველა იმ პირის მხარდასაჭერად, რომლებიც მშვიდობიანი გზით იღვწიან უკეთესი მომავლისთვის, არ კარგავენ იმედს და არ ამბობენ უარს ევროპულ ღირებულებებზე.

    განაცხადა ამის შესახებ,  ფორმულასთან ევროკომისიის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა.

  • მარიამს განუმარტეს, რომ დაკავებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის – ადვოკატი

    “მარიამს განუმარტეს, რომ დაკავებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის” – აცხადებს ამის შესახებ, 17 ოქტომბერს დაკავებული აქციების მონაწილის, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი, ანა ბერია. ადვოკატი აცხადებს, რომ მასალაში დანაშაულის ამსახველი კადრები არ იყო.

    “დაიწყეს სახლის ჩხრეკით, ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი, რომელიც თავად, თავის ნებით წარუდგინა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ეს ქურთუკი, როგორც მან თვითონ განმარტავს, 4 ოქტომბერს ეცვა.  როგორც თვითონ მარიამს განუმარტეს დაკავებისას, ეს არის 226-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ეს არის სრულიად სრულიად სხვა მუხლი, რაც განსხვავდება უკვე დაკავებული პირებისთვის ბრალდების შესახებ დადგენილებებით წაყენებული მუხლებისგან. […]

    4 ოქტომბერს საერთოდ არ იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაიმე კუთხით მონაწილეობა არ მიუღია, იყო საპროტესტო აქციაზე, თუმცა უშუალოდ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. […]

    აჩვენეს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაზუმებული ქურთუკი, ჰქონდა თუ არა ეს ქურთუკი სახლში. ბუნებრივია მან ამოიცნო ქურთუკი თვითონ რაც ეცვა”. – ამბობს მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი, ანა ბერია.

  • საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა 3 დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო – გიგი უგულავა

    „რეალურად საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო. ეს იყო ნამდვილი ვარდების რევოლუცია.
    ამის შემდეგ ჩვენი განათლების სისტემა ბოლონიის პროცესს მიუერთდა. ეს თაობა ებრძვის დღეს საბჭოური ცეხავიკების, “გუჩებში” გამოწკეპილ, კოჭებ გადმოყრილ შთამომავლობას.
    ასეთი ცხადი სინათლე და სიბნელე, ცოდნა და უვიცობა არასდროს ყოფილა. შუა ნამდვილად გაკრეფილია და სიბნელე ნამდვილად დამარცხდება“

    წერს თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა.

  • სპეცრაზმი საჭიროა,როცა ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან. შეეგუონ  იმას, რაც ხდება -კობახიძე აქტივისტების დაკავებაზე

    სპეცრაზმი საჭიროა,როცა ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან. შეეგუონ იმას, რაც ხდება -კობახიძე აქტივისტების დაკავებაზე

    „სპეცრაზმი საჭიროა, როცა ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები. ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, რომ იდენტიფიცირების საშუალებაც გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმათ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში. ყველა უნდა შეეგუოს ამას”.

    ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ შეკითხვას იმის შესახებ, რომ დღეს,17 ოქტომბერს, კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე.

  • სუს-მა დააკავა 3 პირი, რომლებიც ფულის სანაცვლოდ, შშმ სტატუსის ყალბი მოწმობები დაამზადეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე, 3 პირი დააკავა.

    “გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა, კონკრეტული თანხის მიღების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შშმ პირის სტატუსი მიენიჭათ.

    პირველ შემთხვევაში, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დ.ტ.-მ მოქალაქეს 3 000 ლარის სანაცვლოდ გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველიც იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევისა და კომისიის გავლის გარეშე.

    მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თ.დ.-მ 9 500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი, იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება.

    მესამე შემთხვევაში, ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ც.ო.-მ 3 200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა, ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში, ც.0.-მ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბი ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც ც.ო.-მ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც, თავის მხრივ, დაამზადა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით.

    სამივე შემთხვევაში, ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების წარდგენით და შესაბამისად შშმ სტატუსის მინიჭებით, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისკენ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.