Category: სლაიდერი

  • შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მივიწვიეთ – უკრაინის საელჩო

    საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიწვიეს.

    “უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა”, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიფინგზე.

    პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მიწვევა არ მიუღიათ.

  • მოსკოვი ამჯერად საქართველოდან კოღოების გავრცელებაზე საუბრობს

    რუსეთის ფედერაცია თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კვლავ დეზინფორმაციას ავრცლებს.

    რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელ, იგორ კირილოვი ამჯერად საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებების გადამტანი კოღოების და ტკიპების მომრავლების შესახებ აცხადებს.

    „ლუგარის ცენტრის დისლოცირების რეგიონში განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისით. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, – თქვა კირილოვმა.

    მანვე აღნიშნა, რომ სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში ყირიმ-კონგოს ცხელების აფეთქების მიზეზი გახდა ტკიპების გავრცელება.

    ცნობისთვის, რუსულ დეზინფორმაციას წლების განმავლობაში უარყოფს საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები.

    აშშ-ს ცნობით, რუსეთი ცრუ პრეტენზიებს იგონებს, რათა გაამართლოს თავისი საშინელი ქმედებები უკრაინაში“.

  • ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს – ზელენსკი კრამატორსკიზე

    “დამპყრობლებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ტოჩკა-უთი დაარტყეს, სადაც ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუაციას ელოდა… დაახლოებით 30 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე ადამიანი დაშავდა სხვადასხვა სიმძიმით.

    რუსი არაადამიანები არ ტოვებენ თავიანთ მეთოდებს. ძალისა და გამბედაობის არქონის გამო, ბრძოლის ველზე დაგვიდგნენ, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს. და თუ ის არ დაისჯება, არასოდეს გაჩერდება”

    ასე ეხმიანება ვოლოდიმირ ზელენსკი კარამატორსკის სადგურის დაბომბვას.

  • რუსებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს – დაიღუპა 30-მდე ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურში, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ევაკუაციას ელოდა, ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

    გარდაიცვალა დაახლოებით 30 ადამიანი, 100-მდე კი დაშავდა. ადგილზე უკვე იმყოფებიან პოლიცია და მაშველები.

    “რუსი არაადამიანები არ ტოვებენ თავიანთ მეთოდებს. ძალისა და გამბედაობის არქონის გამო, ბრძოლის ველზე დაგვიდგნენ, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს. და თუ ის არ დაისჯება, არასოდეს გაჩერდება”,– წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

  • საქართველო არასდროს დაუშვებს სანქცირებული ტვირთის გადატანას! – პრემიერი

    პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, უკრაინის დაზვერვის განცხადება კონტრაბანდის შესახებ “პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რადგან არცერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი”.

    მისივე თქმით, საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ მისი ტერიტორია კონტრაბანდის გადაზიდვისთვის გამოიყენონ.

    “მე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ რა თქმა უნდა, საქართველო არასდროს დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა [მოხდეს]. რამდენად აბსურდულია ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული. სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება ამაზე. ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული პროდუქტის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის ძალიან ცალსახა, მკაფიო პოზიცია”,– თქვა ღარიბაშვილმა.

    მანვე აღნიშნა, რომ საქართველო სრულ კოორდინაციაში უცხოელ პარტნიორებთან.

  • ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში რუსეთთან ერთად ვიქნებით – ლუკაშენკო

    „თქვენ კარგად იცით, რა ხდება ამ რეგიონში კონფლიქტთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთსა და უკრაინას შორის. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მზად ვარ გიპასუხოთ. თქვენ უნდა იცოდეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია: რუსეთი ჩვენი მოკავშირეა. სანდო მოკავშირე. ჩვენ ყოველთვის რუსეთთან ერთად ვიყავით და ვიქნებით ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ სირთულეში. ჩვენ ვართ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრე”

    განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით.

  • გერმანიიდან N6 ციხის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსის ექსტრადირება მოხდა – პროკურატურა (ვიდეო)

    საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გერმანიის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ვ.კ.-ს საქართველოში ექსტრადირების თაობაზე.

    “შესაბამისად, 2022 წლის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ვ.კ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული.

    სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ვ.კ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹-ე მუხლით, რისთვისაც განსაზღვრული აქვს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა”,– წერია პროკურატურის განცხადებაში.

    https://www.facebook.com/OfficialPOG/videos/1004899107122412

    უწყების ცნობით, დადგენილია, რომ ვ.კ.-მ, რომელიც 2007 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსის თანამდებობას, პირთა ჯგუფთან ერთად, შეიმუშავა მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები, რომელიც მიზნად ისახავდა მათ მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ვ.კ. თანამშრომლებთან ერთად ეწეოდა პატიმრების სისტემატურ ცემასა და წამებას.

    “აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემა განხორციელდა ერთის მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და მეორეს მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად”,– აცხადებს პროკურატურა და გერმანელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

  • პუტინი ვლადიმერ ჟირინოვსკის გამოემშვიდობა (ვიდეო)

    რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ვლადიმერ ჟირინოვსკის წითელი ვარდებით გამოემშვიდობა. ცერემონია პროფკავშირების სახლში მიმდინარეობს.

    ჟირინოვსკი 6 აპრილს, 76 წლის ასაკში მოკვდა. მისი დაკრძალვა დღეს, 8 აპრილს, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე გაიმართება.

  • რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

    ომის დაწყებიდან 44 დღეში ოკუპანტებმა დაკარგეს:

    • დაახლოებით 19 000 ჯარისკაცი
    • ტანკი – 700
    • ჯავშანტექნიკა – 1891
    • საარტილერიო სისტემები – 333
    • MLRS / MLRS – 108
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 55
    • თვითმფრინავი – 150
    • ვერტმფრენი – 135
    • ავტომობილი – 1361
    • გემი/ნავი – 7
    • საწვავის ავზი – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 112
    • სპეციალური აღჭურვილობა – 25
    • OTRK / TRK – 4.

    გენშტაბის ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

  • რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონით გაეზარდათ – მთავრობა

    საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ორგანიზაციებს დაფინანსება ერთი მილიონი ლარით გაეზარდათ.

    “რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს 1 მლნ ლარი დაემატა”,– წერს მთავრობა.

    ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

    “რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს დაფინანსების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

    საქართველოს მთავრობამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით იხელმძღვანელა, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით და გადაწყვეტილება რელიგიის სააგენტოსა და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

    თანხა – 1 მილიონი ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაანაწილებს”,– აცხადებს მთავრობა.