Category: სლაიდერი

  • რა არის რუსული ჯარის “აქილევსის ქუსლი“ ამერიკელი გენერლების აზრით

    აშშ–ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი და ერაყსა და ავღანეთში ამერიკის ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი დევიდ პეტრაუსი  საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც რუსული ჯარის უკრაინის სხვადასხვა ნაწილებიდან უკან დახევა განაპირობა.

    5 აპრილს, ნიუ-იორკში, „რადიო თავისუფლების“ ბალკანეთის სამსახურთან საუბარში, გადამდგარმა გენერალმა თქვა, რომ უკრაინის მომავალი დამოკიდებულია, „რამდენად კარგად ვიმოქმედებთ ჩვენ, და ჩვენ ნიშნავს, არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ ნატოს ყველა ქვეყანას ერთად და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ საჰაერო თავდაცვა, სარაკეტო სისტემები, არტილერია და ამუნიცია… რომელიც შეესაბამება იმას, რაც უკრაინას აქვს“.

    2 აპრილს პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინას, 300 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს, მათ შორის დრონებს, ავტომატებს და ჯავშანტექნიკას. პენტაგონის თქმით, ამ დროისთვის მათ უკრაინას 1.6 მილიარდის ღირებულების დახმარება გადასცეს, მათ შორის ანტისაჰაერო სტინგერის რაკეტები და ანტისატანკო იარაღი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

    სამხედრო ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ რაც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება იარაღი, ნაწილები და აღჭურვილობაა, რომელიც საბჭოთა დროინდელ ტექნოლოგიას შეესაბამება. ზოგიერთი დასავლური ტექნოლოგია, ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის რთული სამართავია, რადგან უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ შესაბამისი წვრთნები გავლილი.

    „უკრაინელები იბრძვიან ძალიან ეფექტურად, ძალზედ გმირულად, დიდი მოწადინებით, კრეატიულობით, გამბედაობით და ეფექტურობით, და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ“, – თქვა პეტრეუსმა. „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უნდა ამოწმებდნენ თავიან თავდაცვის საწყობებს და აწვდიდნენ იმას, რაც [კიევისთვის] გამოსადეგი აქვთ“, – თქვა მან.

    2 აპრილს, „ტვიტერზე“, მარკ ჰერტლინგმა, ყოფილმა გენერალ-ლეიტენანტმა, რომელიც ევროპაში ამერიკის ძალებს ხელმძღვანელობდა, თქვა რომ უკრაინისთვის საბჭოთა პერიოდის მძიმე ტექნიკის გადაცემა, სწორი ნაბიჯია. მან გამოჰყო ტ-72 ტიპის ტანკები, რომელთა გამოყენებაც უკრაინას შეუძლია.

    5 აპრილს, გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ჩეხეთმა განაცხადა, რომ უკრაინას საბჭოთა წარმოების ტ-72-ებს გადასცემს, სხვა შეიარაღებასთან ერთად. ჩეხეთი ნატოს პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას მძიმე ტექნიკას აწვდის.

    „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, პეტრეუსმა ასევე ისაუბრა, რუსეთის სამხედრო წარუმატებლობაზე უკრაინაში. „ისინი დამარცხდნენ. უკრაინამ კიევისთვის ბრძოლა მოიგო“, – თქვა მან. „მათ ასევე მოიგეს ბრძოლა ჩერნიჰივისთვის, შორეულ ჩრდილოეთში და ასევე სუმისთვის, ჩრდილო-აღმოსავლეთით“, – განაცხადა გადამდგარმა გენერალმა.

    პეტრეუსმა, რომელიც ამერიკის შენაერთებს მეთაურობდა მას შემდეგ, რაც ამერიკამ 2007-2008 წლებში, ავღანეთში დამატებით 20,000 სამხედრო გაგზავნა, თქვა რომ ხუთ კვირაში რუსეთის სამხედრო დანაკარგები „წარმოუდგენელია“.

    „ვერ წარმომიდგენია 15,000 სამხედროს დაკარგვა ხუთ კვირაში. ეს გასაოცარია“ – განაცხადა მან. პეტრეუსის თქმით, ზუსტი რიცხვი, თუ რა დანაკარგები აქვს რუსეთს, უცნობია. უკრაინა საუბრობს 18,000 სამხედროს დაკარგვაზე, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები ამბობენ, რომ რუსეთმა ომში დაახლოებით 10,000 სამხედრო დაკარგა. რუსეთის მხარე კი მხოლოდ 1500-მდე სამხედროზე საუბრობს.

    იმაზე საუბრისას, თუ რატომ გაურთულდა ომის წარმოება რუსეთს და მოუწია ცალკეულ ნაწილებში უკან დახევა, პეტრეუსი ამბობს, რომ რუსეთის „აქილევსის ქუსლი“, მათი „საექსპედიციო ლოჯისტიკა“ იყო. „სხვა სიტყვებით, როდესაც ისინი შორდებიან სარკინიგზო სისტემას თუ პორტს, მათი ლოჯისტიკური [უნარები] ძალიან, ძალიან იკლებს“, – თქვა მან.

    მისი თქმით, როცა რუსული შენაერთები, რომლებიც რუსულ რკინიგზაზე არიან დამოკიდებული, შორდებიან ამ სატრანსპორტო გზას, მათთვის რთულდება ჯარისთვის საკვების, საწვავის, ამუნიციის, სამედიცინო ევაკუაციის და სხვა საჭიროებების გამართვა.

    რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე მოსკოვს უკრაინის არცერთი დიდი ქალაქი არ დაუკავებია. მოსკოვის ომს „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი დონბასის „გათავისუფლება“ და უკრაინის „დენაციფიკაციაა“.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორს მატარებელში აცეტონიანი საღებავი შეასხეს

    ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორსა და ნობელის პრემიის ლაურეატს, დმიტრი მურატოვს მატარებელში უცნობი პირები თავს დაესხნენ და აცეტონიანი წითელი საღებავი შეასხეს. მურატოვი ამბობს, რომ მათ მატარებლის კუპეში შეასხეს აცეტონი და ზეთის საღებავი, შემდეგ კი დაიყვირეს, რომ “ამას მათი ბიჭებისთვის აკეთებენ”.

    “კუპეში ზეთის საღებავი და აცეტონი შემასხეს. თვალები საშინლად მეწვის. მატარებელი მოსკოვიდან სამარამდე. მთელს ვაგონში ზეთის სუნია. გამგზავრება უკვე 30 წუთით გადაიდო. ვეცდები ჩემით ჩამოვიბანო. მან [თავდამსხმელმა] დაიყვირა: “მურატოვ, ეს ჩვენი ბიჭებისთვის”,– ამბობს მურატოვი.

    ცნობისთვის, დმიტრი მურატოვს 2021 წლის 8 ოქტომბერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.

    28 მარტს ნოვაია გაზეტამ როსკომნადზორის მეორე გაფრთხილების შემდეგ მუშაობა შეწყვიტა.

  • ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს ტრაგედიაა – პესკოვი

    ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს ტრაგედიაა – პესკოვი

    პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. ამის შესახებ მან დღეს, Sky News-ის ეთერში განაცხადა.

    „ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა“, – თქვა პესკოვმა.

    მან იმედი გამოთქვა, რომ “ეს ოპერაცია” მიაღწევს თავის მიზნებს “უახლოეს დღეებში”. გარდა ამისა, პესკოვმა ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტვას სიყალბე უწყოდა.

    „ჩვენ უარვყოფთ, რომ რუს სამხედროებს რაიმე საერთო აქვთ ამ სისასტიკესთან და რომ გვამები ბუჩას ქუჩებიდან აჩვენეს“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს იყო “კარგად დადგმული ინსინუაცია, სხვა არაფერი”.

  • ომის დამნაშავეების ადგილი არ არის გაეროს ორგანოებში – კულება

    “რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლება ახლახან შეუჩერდა. ომის დამნაშავეების ადგილი არ არის გაეროს ორგანოებში, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვას. მადლობა ყველა წევრ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს  რეზოლუციას და აირჩია ისტორიის სწორი მხარე”

    ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო მინისტრი გაეროს მიერ რუსეთისთვის ადამიანის უფლებთა საბჭოს წევრობის უფლების შეჩერებას.

  • რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა

    გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. კენჭისყრა დღეს გაიმართა – მომხრე 93 იყო, 24-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, 58-მა კი თავი შეიკავა.

    რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნა, რომ “შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას იმ წევრს, რომელიც ჩაიდენს ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას”.

    რუსეთის წარმომადგენელმა, გენადი კუზმინმა დაგმო კენჭისყრა. წევრობის უფლების შეჩერებას მხარი არ დაუჭირა ბელარუსმა, სირიამ, ჩინეთმა და კიდევ 20-მა ქვეყანამ.

  • პუტინს მთავარი მიზანი არ შეუცვლია, დონბასში დიდ ბრძოლას ველოდებით – სტოლტენბერგი

    NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა არ მიატოვა უკრაინის კონტროლის გეგმა და ძირითადი ძალები აღმოსავლეთში გადაიყვანა დონბასის დასაპყრობად. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    ”ამ ომის დასრულების ყველაზე მარტივი გზა არის, პრეზიდენტმა პუტინმა გაიყვანოს ყველა ჯარი და ჩაერთოს სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევაში დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები – არ არსებობს იმის ნიშანი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა უკრაინის კონტროლის მთავარი მიზანი”,– განაცხადა სტოლტენბერგმა.

    მანვე აღნიშნა, რომ NATO არ ხედავს რუსეთის უკანდახევას, არამედ მხოლოდ გადაჯგუფებას, მათი ძალების პოზიციების ცვლილებას, მოძრაობას უკრაინის ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისკენ.

    “და ჩვენ ველოდებით დიდ ბრძოლას დონბასში, რუსეთის დიდ შეტევას. სწორედ ამიტომ მოკავშირეებმა აღნიშნეს დღეს უკრაინას დამატებითი დახმარების სასწრაფო დახმარების აუცილებლობა”, – თქვა გენერალურმა მდივანმა.

    მინისტერიალის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადა, რომ “დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ“.

  • NATO გააძლიერებს საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას – სტოლტენბერგი

    ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „მოკავშირეები ბევრს აკეთებენ და გადაწყვეტილი აქვთ, გააკეთონ მეტი ახლო, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა დაეხმარონ მამაც უკრაინელებს, დაიცვან თავიანთი სახლები და თავიანთი ქვეყანა და უკან დახიონ დამპყრობლები“.

    მისივე თქმით, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პრაქტიკული მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფი სხვა პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის, რათა ხელი შეუწყონ მათ მდგრადობას.

    მანვე აღნიშნა, რომ NATO-საქართველოს მხარდამჭერი პაკეტი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა სიტუაციური ცნობიერება, უსაფრთხო კომუნიკაცია და კიბერუსაფრთხოება.

    მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნატოს შემდეგი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც დასრულდება ივნისში მადრიდის სამიტზე, უნდა ითვალისწინებდეს ნატოს მომავალ ურთიერთობებს რუსეთთან და ჩინეთის მზარდ გავლენას მოკავშირეთა უსაფრთხოებაზე.

  • დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ – კულება

    “დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ დიდი საოპერაციო მანევრებით და ათასობით ტანკით, თვითმფრინავითა და ჯავშანტექნიკით”,– Reuters-ის ცნობით, თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება დღეს ბრიუსელში.

    მან მოუწოდა მოკავშირეებს, უკრაინას უახლოეს დღეებში დაეხმარონ.

    ”ან თქვენ დაგვეხმარებით ახლა – და მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე – ან თქვენი დახმარება ძალიან გვიან მოვა და ბევრი ადამიანი დაიღუპება,” – განაცხადა კულებამ.

    ცნობისთვის, უკრაინა ელოდება, რომ რუსეთი ემზადება აქტიური შეტევითი ოპერაციებისთვის დონბასში, მას შემდეგ, რაც რუსული ჯარების ნაწილი გავიდა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან.

  • ომისგან თავის დასაღწევად რუსი ჯარისკაცები მზად არიან, თავი დაისახიჩრონ – უკრაინა

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ომისგან თავის დასაღწევად რუსი ოკუპანტები მზად არიან, თავი დაისახიჩრონ.

    უწყების ცნობით, ამას ადასტურებს რუსი ოკუპანტების სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან რუსეთში. სუს-ის განცხადებით, რუსი სამხედროების უმრავლესობისთვის ეს “სპეციალური ოპერაცია“ ჯოჯოხეთად გადაიქცა და ერთადერთი, რაზეც დამპყრობლები ოცნებობენ, ცოცხლად დარჩენაა.

    უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ ოკუპანტთან სატელეფონო საუბრისას მისი დედა გაღიზიანებული იყო, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულების არც ერთი პირობა არ შეასრულა, ამიტომ მოუწოდა თავის შვილს, უკრაინიდან დაბრუნებისთანავე შეწყვიტოს ხელშეკრულება.

  • რა არის თქვენი ინტერესი, ბავშვების დახოცვა?! – მეუფე დიმიტრი კირილს

    “რამდენიმე ათეული წელია, ეს მტანჯველი, რომელიც თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლისღვრით არის დაკავებული. მე კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის როსგვარდიას, გენერალს გადასცემს ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს, ვითომ აქ არაფერი არ არის ისეთი ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია სწორედ ის, რომ ეს ხატი შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ ხატი ამისთვის არის. ესეც ერთგვარი მინიშნება იყო, ესეც არ არის ისეთი აღმაშფოთებელი, რომ არა ის, რომ ისმენ პატრიარქისგან, საეკლესიო პირისგან, უბრალოდ სასულიერო პირისგან იმას, რომ რუსები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ უკრაინაში, მათ ფიცი აქვთ დადებული და ჩვენ ფაშიზმი ერთხელ გავწყვიტეთ წელში და ახლაც ამას მოვახერხებთო.

    საოცარი და გამაოგნებელია ის გარემოება, რომ იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, ვინც იხოცება მისი იურისდიქციის ქვეშ არის, ან, შეიძლება, იყო კიდეც. მე ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს უკრაინასთან, თითქმის, ყოველდღიური – მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან, ჩემს თანაკურსელებთან და იქ უმძიმესი მდგომარეობაა. ეს იყო გამაოგნებელი, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან, მათ ფიცი აქვთ დადებულიო. მე მივმართავ მას [კირილს] – რა არის თქვენი ინტერესი, პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა, დახოცვა და ამ უსუსური ადამიანების ასე განადგურება?! ეს არ არის ქრისტიანობა. ეს საშინელებაა”

    მიმართავს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი რუსეთის პატრიარქს ქადაგებისას.