Category: სლაიდერი

  • რუსულ ტვირთს ნახევარი მსოფლიო ატარებს, ისე ვაკონტროლებთ, როგორც სხვები – კობახიძე

    “ზუსტად იგივე ნაბიჯებს, რასაც ვდგამთ ხოლმე, როდესაც სხვა ტიპის ფეიკინფორმაცია ვრცელდება. როდესაც ფეიკი ვრცელდება, ფეიკს უნდა უპასუხო სიმართლით. ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება, გადაიდგას.

    მტკიცებულება შეიძლება წარადგინო იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ რაც არ მოხდა, იმაზე მტკიცებულებას ვერ წარადგენ, ეს არის რეალობა. რუსულ ტვირთებს ატარებს ნახევარი მსოფლიო დღეს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც, მარტივია ამაზე პასუხი”

    ამბობს “ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე IPN-ის ცნობით.

  • შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ, ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია – კობახიძე

    “პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ვისმენთ სამწუხაროდ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს თავისი მიზეზი, აქ დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არის არარელევანტური.

    ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ იდგმება არასწორი ნაბიჯები”

    განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის მიერ შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევაზე. პაპუაშვილის თქმით, “მიწვევა არასათანადოდ ჩანს”.

  • 9 აპრილს მაინც გავიაზროთ, რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია – ჯაფარიძე

    “9 აპრილს მაინც უნდა მოვახერხოთ იმის გააზრება, რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ყველა ვინც “აბა ომი გინდას” კითხულობს, სინამდვილეში გვწირავს არა მხოლოდ უღირსი ყოფისთვის, არამედ წინასწარ წაგებული ომისთვის.

    თორემ გაივლის წლები და წმინდანად ახლად შერაცხული ვლაძიმირ ვოლფოვოჩის “ფაჩუჩს” ჩამოატარებენ თბილისის ქუჩებში.

    და აკოცებს გიოც და შიოც”

    წერს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე 9 აპრილთან დაკავშირებით.

  • 19 100 ჯარისკაცი, 705 ტანკი – რუსეთის დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

    ომის დაწყებიდან 45 დღეში ოკუპანტმა დაკარგა:

    • დაახლოებით 19 100 ჯარისკაცი
    • ტანკი – 705
    • ჯავშანტექნიკა – 1895
    • საარტილერიო სისტემები – 335
    • MLRS / MLRS – 108
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 55
    • თვითმფრინავი – 151
    • ვერტმფრენი – 136
    • ავტომობილი – 1363
    • გემი/ნავი – 7
    • საწვავის ავზი – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი –112
    • სპეციალური აღჭურვილობა – 25
    • OTRK / TRK – 4.

    გენშტაბის ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

  • პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, 6 უკრაინის მოქალაქეა

    საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.

    დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წელს საბჭოთა კავშირის არმიამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეების აქცია, რომლებიც პარლამენტის წინ დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. საბჭოთა ჯარმა ტანკები, ცეცხლსასროლი იარაღი, ნიჩბები და მომწამლავი აირი გამოიყენა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა.

  • რუსეთი ვერ ახერხებს ყირიმსა და დონბასს შორის სახმელეთო დერეფნის შექმნას – ბრიტანეთი

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, რისი დასტურიც იყო გუშინ კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე სარაკეტო დარტყმა.

    დაზვერვის ცნობით, რუსები აგრძელებს ფოკუსირებას დონბასის რეგიონზე, მარიუპოლსა და ნიკოლაევზე, რასაც მხარს უჭერს რუსული საზღვაო ძალების მიერ უკრაინაში საკრუიზო რაკეტების გაშვება.

    მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება რუსეთის საჰაერო აქტივობა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში.

    “თუმცა, რუსეთის ამბიციები, შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და დონბასს შორის, კვლავ ჩაშლილია უკრაინის წინააღმდეგობის გამო”,– წერს ბრიტანეთის თავდაცვა.

  • ქვეყნის წინსვლა 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს – პრემიერი

    “9 აპრილისადმი თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

    ზუსტად 33 წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებით გაერთიანებულ ქართველ ხალხს ავტორიტარული რეჟიმის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა. მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც 21 ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა. ეს მსხვერპლი ამაო არ ყოფილა. ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.

    9 აპრილი ჩვენთვის ტრაგიკული თარიღია, როდესაც კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მამულიშვილთა ნათელ ხსოვნას; ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, რომ დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. ამავდროულად, ეს არის ქართველთა ერთობის, იმ ფასეულობათა საბოლოოდ გამარჯვების დღე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდა ჩვენს დიდ ისტორიას. გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს”

    წერს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წელს საბჭოთა კავშირის არმიამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეების აქცია, რომლებიც პარლამენტის წინ დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. საბჭოთა ჯარმა ტანკები, ცეცხლსასროლი იარაღი, ნიჩბები და მომწამლავი აირი გამოიყენა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა.

  • აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი – აშშ-ს საელჩო

    საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა 9 აპრილსა და რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველებს პატივი მიაგო.

    “საქართველოში განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან რუსეთის მიერ წინასწარგანზრახულ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ვინაიდან ხალხს კარგად ახსოვს გატეხილი პირობების, ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან. ამის გამოა, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე, აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მასპინძლობს და გვერდში უდგას უკრაინელ ლტოლვილებს. სამწუხაროდ, რუსული არმიის სისასტიკე საუკუნეებს ითვლის და აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი.

    1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის სასტიკი ქმედება მწარე მოგონებად სამუდამოდ დარჩება. თუმცა, რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა”,– წერს აშშ-ს საელჩო.

    ცნობისთვის, დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წელს საბჭოთა კავშირის არმიამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეების აქცია, რომლებიც პარლამენტის წინ დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. საბჭოთა ჯარმა ტანკები, ცეცხლსასროლი იარაღი, ნიჩბები და მომწამლავი აირი გამოიყენა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა.

  • რუსეთი დაეცემა, უკრაინა კი ევროპული მომავლისკენ წავა – ფონ დერ ლაიენი

    “უკრაინელი ხალხის მსხვერპლს ვერასდროს შევედრებით. მაგრამ ჩვენ ვახორციელებთ  ეკონომიკური ძალის მობილიზებას, რათა პუტინმა  საფასური გადაიხადოს.

    ჩვენ მკაცრი სანქციები დავაწესეთ რუსეთის წინააღმდეგ და უკვე ვამზადებთ მე-6 ტალღას. რუსეთი დაეცემა, უკრაინა კი ევროპული მომავლისკენ წავა”

    წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ბუჩაში ვიზიტის შემდეგ.

  • კრემლმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მეთაურად სირიაში გამოცდილი გენერალი დანიშნა

    დასავლური მედია სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების მეთაურობა შეცვალა. ამიერიდან საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უხელმძღვანელებს, რომელსაც სირიაში საბრძოლო მოქმედებების დიდი გამოცდილება აქვს.

    ბიბისი–ს წყაროს თქმით, სამხედრო ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ, ძალიან ცუდი კოორდინაცია იყო.

    “ამ კონკრეტულ მეთაურს დიდი გამოცდილება აქვს სირიაში რუსული ოპერაციების მეთაურობის. ამიტომაც ველით, რომ საერთო სამეთაურო მართვა გაუმჯობესდება“– ამბობს წყარო.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე რუსეთისთვის შეიძლება უფრო პრიორიტეტული იყოს, ვიდრე სამხედრო ოპერაციები, რათა კრემლმა შეძლოს 9 მაისს საკუთარ მოსახლეობას გარკვეული წარმატებების შესახებ ჩააბაროს ანგარიში.

    წყაროს ცნობით, თუ რუსეთი არ შეცვლის სამხედრო ტაქტიკას, რომელიც აქამდე ბრძოლის ველზე მისი ჯარების წარუმატებლობით დასრულდა, მათი რიცხობრივი უპირატესობის შემთხვევაშიც კი უკრაინული არმია ეფექტურად გაუწევს  წინააღმდეგობას, რადგან ისინი ბევრად უფრო ჭკვიანურად მოქმედებენ, უფრო ადვილად მანევრირებენ და შეუძლიათ მოულოდნელი დარტყმების მიყენება.