Category: სლაიდერი

  • რუსებმა რუბეჟნოესთან აზოტის მჟავის ავზი ააფეთქეს, კვამლი მათკენ წავიდა – გაიდაი

    ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ ქალაქ რუბეჟნოეს სიახლოვეს რუსულმა ძალებმა აზოტის მჟავის ავზს ცეცხლი გაუხსნეს.

    მისი თქმით, აფეთქება საფრთხეს არ წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

    ”იყო აზოტის მჟავის ნარჩენები – დაახლოებით სამი ტონა. ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ავზის გარშემო დარტყმის ზონა 550 მეტრზე მეტი არ არის. მადლობა ღმერთს, ამდენი მჟავა არ იყო დარჩენილი”,– თქვა გაიდამ CNN-ის ცნობით.

    მისივე განცხადებით, აფეთქებისგან გამოწვეული კვამლი რუსეთის პოზიციების მიდამოში გავრცელდა.

    “მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუსებმა ბრძოლა არ იციან – ქარის მიმართულებაც კი არ გამოთვალეს. ღრუბელი მათი პოზიციებისკენ გავრცელდა კუდრიაშოვკასა და ვარვაროვკას მახლობლად”, – აღნიშნა გაიდაიმ.

    https://www.facebook.com/watch?v=698752801158495

  • ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე ვმუშაობთ – ჯონსონი

    “დღეს კიევში შევხვდი ჩემს მეგობარ პრეზიდენტს ზელენსკის უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად.

    ვმუშაობთ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც ადასტურებს  უკრაინისადმი ჩვენს ერთგულებას რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ”

    წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი.

  • ქართული ოცნების ლიდერები სათათბიროდ თელავში შეიკრიბნენ

    ქართული ოცნების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას პარტიის ლიდერების თელავში შეკრების შესახებ:

    “პარტია „ქართული ოცნებისა” და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და მთავრობის წევრებთან ერთად თელავში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

    შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელა.

    მთავრობასა და საპარლამენტო გუნდს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ეფექტურობის მიზნით, შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები.

    საპარლამენტო გუნდისა და მთავრობის წევრთა შეხვედრები ინტენსიურად გაიმართება.“–ნათვქამია ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის ფოტოები და ვიდეო. ვიდეოში ჩანს, რომ შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარე თითქოსდა ვიდეოზარით ერთვება, თუმცა პაპუშვილის ზურგს უკანაც ამავე სასტუმროს ინტერიერის მსგავსი ფონი ჩანს. შესაბამისად, უცნობია რა ფორმით ესწრებოდა პაპუაშვილი შეკრებას.

  • მოგესალმები კიევში, მეგობარო! – ზელენსკი ბორის ჯონსონს

    “დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი არის რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე ლიდერი რუსეთზე სანქციებით ზეწოლისა და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის მხრივ. მოგესალმები კიევში, მეგობარო!”

    წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონზე, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა.

  • ბორის ჯონსონი კიევშია და ზელენსკის ხვდება

    ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი მოულოდნელად კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის ხვდება. მოლაპარაკების შინაარსის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ზელენსკის ოფისი აცხადებს, რომ ბრიტანეთი მხარს აქტიურად უჭერს უკრაინას და დღეს სამხედრო მხარდაჭერის მხრივ ლიდერია, ისევე როგორც ანტისაომარი კოალიციის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლიდერი.

    ჯონსონმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ბრიტანეთი კიევს კიდევ 100 მილიონი ფუნტი სტერლინგის იარაღს გაუგზავნის.

    დაუნინგ–სთრითის ინფორმაციითი ბრიტანეთის პრემიერი პირადად ხვდება ზელენსკის, რათა აჩვენოს მისი სოლიდარობა უკრაინის ხალხის მიმართ და ლიდერები “განიხილავენ ბრიტანეთის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და პრემიერი განაცხადებს ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ“.

  • 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა – ირაკლი ოქრუაშვილი

    უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

    “9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა”,– წერს ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ზე.

    გარდაცვლილებისა და დაჭრილების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

  • ოფთალმოლოგთან მისვლას გირჩევ – პოლონეთის ვიცე-პრემიერი ორბანს

    უსაფრთხოების საკითხებში პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს ბუჩასთან დაკავშირებული განცხადებების შემდეგ ოფთალმოლოგთან მისვლა ურჩია.

    “უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი [უნგრეთის პოზიცია] ძალიან სამწუხაროა. ჩემი შეფასება ცალსახაა – უარყოფითი. როდესაც პრემიერ-მინისტრი ორბანი ამბობს, რომ ზუსტად ვერ ხედავს, რა მოხდა ბუჩაში, ვურჩევ ოფთალმოლოგთან მისვლას”,– თქვა კაჩინსკიმ.

    მისივე განცხადებით, “თუ ასე გაგრძელდება”, პოლონეთი უნგრეთთან ისე ვერ ითანამშრომლებს, როგორც აქამდე თანამშრომლობდა.

    ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა უნგრეთის პოზიცია რუსული გაზის რუბლით ყოდვასთან დაკავშირებით და ასევე, პრემიერმინისტრ ორბანის დამოკიდებულებები უკრაინაში პუტინის ომის მიმართ.

    გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ევროპელმა ლიდერმა მოსთხოვა მტკიცებულებების წარდგენა, რომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტა დადგმული არ იყო. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ლიდერი ვიქტორ ორბანი იყო.

  • საქართველო ტერიტორიების ომით დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება – ზურაბიშვილი

    “ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება. ეს ასევე ეხება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რომლებთანაც, ბოლოს და ბოლოს, საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს.

    მინდა, დღეს აქედან, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგმართოთ თქვენ – მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას. უნდა იცოდეთ და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის თუ დადებული პირობის გატეხვა –  საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრისმომტანია – არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის.

    დღეს, საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა – დაჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზა, გვინდა ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ”

    თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

  • ბუჩაში კადიროველები ბავშვებს თვალებს სწვავდნენ, აჭრიდნენ ორგანოებს – ომბუდსმენი

    უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდის შესახებ ახალ მტკიცებულებებს ყოველდღიურად იღებენ.

    მისი ინფორმაციით, ბუჩაში, იაბლუნსკას ქუჩაზე “რუსებმა ნამდვილი წამების პალატა შექმნეს”.

    “გადარჩენილების თქმით, იქ იყო კადიროვის შტაბი. ისინი ესროდნენ ადამიანებს სახეში, სწვავდნენ თვალებს, აჭრიდნენ სხეულის ნაწილებს და წამებით კლავდნენ არა მარტო მოზრდილებს, არამედ ბავშვებსაც. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუჩაში სულ 360 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის სულ მცირე 10 ბავშვია”,– წერს დენისოვა.

    მისივე ცნობით, მარიუპოლში მოძრავი კრემატორიუმები ინტენსიურად მუშაობენ – ოკუპანტები აგრძელებენ დაღუპულთა ცხედრებისგან ქუჩების გაწმენდას.

    სახალხო დამცველისვე განცხადებით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის სოფელ მაკაროვში 132 დახვრეტილი ადამიანი იპოვეს.

    დენისოვა მიმართავს გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის საგამოძიებო კომისიასა და ეუთოს  ექსპერტთა მისიას, გაითვალისწინონ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეს ფაქტები.

    ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩას კონტროლის დროს ოკუპანტებმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მათი ცხედრები უკრაინულმა მხარემ ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ნახა. ცნობილია არასრულწლოვანთა წამებისა და გაუპატიურების ფაქტების შესახებაც.

    რუსეთი ოფიციალურად უარყოფს, რომ ეს მათმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს და ამტკიცებს, რომ სავარაუდოდ, უკრაინის “მორიგი პროვოკაციაა”.

  • თქვენ ანადგურებთ თქვენი ქვეყნის მომავალს – შოლცი პუტინს

    “თქვენ ანადგურებთ თქვენი ქვეყნის მომავალს”,– ასე მიმართა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

    კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს აქვს იმპერიული აზროვნება, “რაც ვიცით მე-19, მე-18, მე-17 და სხვა საუკუნეებიდან“.

    შოლცმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პუტინს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.

    გერმანიის მეთაურმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციებს “უკვე აქვს ძლიერი გავლენა რუსეთის ეკონომიკურ განვითარებაზე” და მიმართა კრემლის, რომ ბერლინი გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას.