Category: სლაიდერი

  • რუსეთი დონბასში ვერ გაიმარჯვებს, კბილებს მოიმტვრევს – ერმაკი

    “რუსეთს არ შეუძლია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთელი ტერიტორიის ოკუპაცია. უკრაინის შეიარაღებული ძალები დგას, მიტომ კრემლი აგრძელებს ტერორის ტაქტიკას. მათ დაბომბეს საცხოვრებელი კორპუსები სევეროდონეცკში, მათ დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე. ქალაქებთან ერთად ხალხის განადგურება უნდათ, მაგრამ ეს ტაქტიკა არ გამოდგება.

    რუსეთი კბილებს მოიმტვრევს. ისინი კალიებივით ბევრნი არიან, მაგრამ დონბასში ვერ გაიმარჯვებენ. უკრაინა უკან არ დაიხევს და არ დათმობს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“

    ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი. ცნობისთვის, უკრაინა და მისი პარტნიორები რუსეთის დონბასზე შეტევას ელოდებიან.

  • ევროკავშირის წევრობის კითხვარი საქართველოს 11 აპრილს გადაეცემა

    სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი წერს, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარი საქართველოსა და მოლდოვას ორშაბათს, 11 აპრილს გადაეცემათ.

    “პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გუშინ კითხვარი გადასცა უკრაინას. საქართველოსა და მოლდოვას კითხვარს ორშაბათს გადავცემ. პასუხები დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები ამ სამი ქვეყნის განაცხადზე, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს”,– წერს ვარჰეი ტვიტერზე.

  • მხოლოდ პუტინი წყვეტს, როდის დასრულდება ეს ომი – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ომის შეჩერება. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა, რასაც European Pravda ავრცელებს.

    “დღეს უკრაინას სხვა გზა არ აქვს, გარდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა. რუსეთში სხვა ვერავინ შეძლებს ამ ომის შეჩერებას, მხოლოდ ის [პუტინი] წყვეტს, როდის დასრულდება ეს ომი”,– თქვა ზელენსკიმ.

    მისივე განცხადებით, უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში რუსი სამხედროების სისასტიკის შემდეგ, “ის სიძულვილს გრძნობს რუსეთისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ“.

    ჟურნალისტის თხოვნით, კომენტარი გაეკეთებინა მის ორ ფოტოპორტრეტზე, რომელთაგან ერთი ომამდეა გადაღებული, ხოლო მეორე – ბუჩაში მოგზაურობის დროს, ზელენსკიმ თქვა: „ეს ორი განსხვავებული ადამიანია“. მისი აზრით, ასეთი ცვლილება ქვეყნის სასიკეთოდ არის. ზელენსკის ეჭვი ეპარება, რომ ოდესმე ისეთივე გახდება, როგორიც ადრე იყო.

  • იოსელიანი ოპოზიციასა და “ოცნებას” სთავაზობს, უკრაინას ერთად ეწვიონ

    პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ოპოზიციურ პარტიებსა და ქართულ ოცნებას სთავაზობს, უკრაინას ერთად ეწვიონ.

    მისი თქმით, ვიზიტს კოორდინაციას თავად გაუწევს.

    “დღეს საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინისთვის მტკიცე მხრადაჭერის და თანადგომის ჩვენება სჭირდება უფრო მეტად საქართველოს, ვიდრე უკრაინას. ჩვენი პარტიის ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი უკვე ერთი თვეა იბრძვის უკრაინაში და ზუსტად ამის საჩვენებლად აკეთებს ამას.

    ბუჩას მოვლენების შემდეგ, ყველა ოპოზიციონერს გაუჩნდა სურვილი, ცალ-ცალკე ჩასულიყო სამძიმრის გამოსახატად ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. მაგრამ, ვფიქრობ, ახლა მტკიცე ერთიანობის საჩვენებლად, უმჯობესია ყველა ერთობლივი ვიზიტით ვეწვიოთ უკრაინას. ამიტომ გადავწყვიტე, მე, როგორც ვიცე-სპიკერმა გავაკეთო ამის კოორდინირება, უკვე მაქვს თანხმობა ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან.

    მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ახერხებს ბუჩაში ჩასვლას, იმედი მაქვს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან, რათა ერთად ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის საერთო პოზიცია. დღეს არა დაყოფისა და დაპირისპირების, არამედ ერთიანობის დემონსტრირების დროა”,– წერს Facebook-ზე იოსელიანი.

    ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვიეს, რაზეც მან თქვა, რომ “მიწვევა არასათანადოდ ჩანს”. დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბუჩაში ოპოზიცია უნდა ჩავიდეს.

  • ჩვენსა და უკრაინას შორის ნებისმიერი ბზარი მხოლოდ რუსეთს ახეირებს – პრეზიდენტი

    ჩვენსა და უკრაინას შორის ნებისმიერი ბზარი მხოლოდ რუსეთს ახეირებს – პრეზიდენტი

    “დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არამხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს ქართველ და უკრაინელ გმირებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იგივე იდეალისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მაგალითი არის ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული და არის თავისუფლებისთვის და ჩვენ ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით. ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი. ეს უნდა ვიცოდეთ, არ დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარული, ვიყოთ ჩვენი წარსულისა და ტრადიციების ღირსი, ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ 89 წელს იდგნენ და არ დაჩოქილან”

    თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

  • ორბანმა მტკიცებულება მოითხოვა, რომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტა დადგმული არ იყო – EUROPEAN PRAVDA

    პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში თქვა, რომ ერთ-ერთმა ევროპელმა ლიდერმა მოითხოვა მტკიცებულება, რომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტა დადგმული არ იყო. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული ოფიციალური პირის ვინაობა არ დაასახელა.

    Європейська правда-ს წყაროების ინფორმაციით, მტკიცებულებები უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოითხოვა.

    “ეს არ იყო შოლცი, მაგრამ იყო ერთი ძალიან უსიამოვნო შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა – “გვიჩვენეთ მტკიცებულებები, რომ ეს მართლაც მოხდა, რომ ეს არ იყო დადგმული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

    მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთი დაადანაშაულა ბუჩას ხოცვა-ჟლეტაზე რუსეთისთვის პასუხისმგებლობის არ დაკისრებაში.

    ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩას კონტროლის დროს რუსმა ოკუპანტებმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მათი ცხედრები უკრაინულმა მხარემ ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ნახა. ცნობილია არასრულწლოვანთა წამებისა და გაუპატიურების ფაქტების შესახებაც.

    რუსეთი ოფიციალურად უარყოფს, რომ ეს მათმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს და ამტკიცებს, რომ სავარაუდოდ უკრაინის მიერ “მორიგი პროვოკაციაა”.

  • ბუჩაში პაპუაშვილი რომ არ წავიდოდა, ცხადია, ოპოზიცია უნდა წავიდეთ – ხოშტარია

    “ბუჩაში პაპუაშვილი რომ არ წავიდოდა, ცხადია. არ გულშემატკივრობს, არ აწუხებს, რატომ წავა.

    ჩვენ, ოპოზიცია უნდა წავიდეთ. ხატია დეკანოიძე ისედაც გეგმავდა კიევში წასვლას და სხვებსაც აქვთ ეს სურვილი. ყველა ჯერზე ჩვენ ალტერნატივა უნდა შევქმნათ. და ისედაც, როგორ შეიძლება გული არ გისკდებოდეს და ამ თემაზე მხარდაჭერის გამოხატვა არ გინდოდეს”

    წერს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვიეს, რაზეც მან თქვა, რომ “მიწვევა არასათანადოდ ჩანს”.

  • კრამატორსკის თავდასხმის შემდეგ სადგურებზე მგზავრთა ნაკადების დაყოფა დაიწყეს

    უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის სახელმწიფო ადმინისტრაცია უკრზალიზნიცია აცხადებს, რომ გააძლიერებენ ზომებს სადგურების ირგვლივ გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად და მგზავრთა ნაკადების გასაყოფად. კომპანია გადაწყვეტილება გუშინ კრამატორსკის სადგურის დაბომბვის შემდეგ მიიღო.

    „სამოქალაქო ობიექტებზე, განსაკუთრებით სარკინიგზო სადგურებზე თავდასხმების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაძლიერდება ზომები სადგურების ირგვლივ გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად, მგზავრთა ნაკადების დაყოფის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

    კომპანიის ცნობით, კრამატორსკის რკინიგზის სადგური აჩერებს სამუშაოებს დაზიანების გამო, ხალხის ევაკუაცია განხორციელდება სლავიანსკიდან და პოკროვსკიდან.

    ცნობისთვის, 8 აპრილს ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 52 დაიღუპა და 109 დაშავდა.

  • რუსული სპეცრაზმის ნაწილმა მარიუპოლში ბრძოლაზე უარი თქვა – უკრაინა

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსული სპეცრაზმის ნაწილმა მარიუპოლში ბრძოლაზე უარი თქვა.

    “რუსული სპეცრაზმის ნაწილმა, რომელსაც გამოცდილება აქვს სირიაში საომარ მოქმედებებში, სრულად თქვა უარი მარიუპოლის შტურმის შემდგომ მცდელობებში მონაწილეობაზე. 2-დან 4 აპრილამდე შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში ამ ქვედანაყოფმა 30-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამიტომ, სპეცრაზმმა გადაწყვიტა, სამომავლოდ არ ეცადათ ბედი”,– წერს უკრაინის დაზვერვა.

    მათივე ცნობით, რუსეთში სამხედრო სამსახურის შერჩევის ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ რუსებს დაბალი ინტერესი აქვთ საკონტრაქტო სამსახურის მიმართ.

    “ქალაქ ეკატერინბურგში რეკრუტირების შედეგების შესახებ მოხსენების თანახმად, რეზერვში მყოფი მოქალაქეების 1%-ზე ნაკლები დათანხმდა ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაზე”,– აცხადებს დაზვერვა.

  • “მაქსიმუმ 1 წლის სიცოცხლე და მტანჯველი სიკვდილი ელით“–უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ჩერნობილში დასხივებულ რუს ჯარისკაცებზე

    უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილში რადიაციის მაღალი დოზა მიიღეს, ამიტომაც მათ სხივური დაავადება და მტანჯველი სიკვდილი ელით. ასევე რადიაციით დასხივებულია დაახლოებით 10 ათასი ერთეული ტექნიკა.

    ჯარისკაცები, რომლებიც ჩერნობილის გაუცხოების ზონაში ერთი თვე იმყოფებოდნენ, რადიაციის დიდ დოზებს იღებდნენ, სამხედრო ტექნიკაზე დარჩა რადიონუკლიდებიც, რადგან მეტალიც ექვემდებარება დასხივებას. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშენკოს კომენტარს ამის შესახებ მის ფეისბუქ გვერდზე უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო აქვეყნებს.

    “რუსი ჯარისკაცები ჩერნობილის ნაწილს სახლში მიიტანენ – მკვდრები ან ცოცხლები. მათი უგუნურება უმაღლეს ნიშნულზეა, ისევე როგორც დოზიმეტრები, რომლითაც ოკუპანტების დისლოკაციის ადგილებში რადიაციული ფონი შევამოწმეთ.“

    გალუშენკოს თქმით, რუსები რადიაციით დაბინძურებულ მიწაში სანგრებს შიშველი ხელებით თხრიდნენ, რადიოაქტიურ მიწას ტომრებში ყრიდნენ გამაგრებისთვის და რადიაციული მტვრით სუნთქავდნენ.

    მისი შეფასებით, ასეთი დასხივების პირობებში ერთი თვის გატარების შემდეგ ბევრი რუსი ჯარისკაცი ერთ წელზე მეტს ვერ იცოცხლებს და მათ მტანჯველი სიკვდილი ელით.

    რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის სადგური და ადმინისტრაციული შენობებიც გაძარცვეს: გაიტანეს პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ნახეს – ჭურჭლით და სათადარიგო ნაწილებით დაწყებული, აპარატურით დამთავრებული.

    რადიაციული დასხივებას დაექვემდებარა მთელი პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა, რომელმაც ჩერნობილში გაიარა – ეს არის დაახლოებით 10 000 ერთეული. მეტალი დასხივებას ექვემდებარება და რადიაცია გადააქვს– ამბობს მინისტრი.

    რუსი ჯარისკაცები ჩერნობილში უკრაინაში შეჭრის პირველ დღესვე შევიდნენ და იქაურობა ამ კვირის დასაწყისში დატოვეს. უკრაინის “ენერგოატომის“ თანამშრომლებმა გრუნტის შემოწმების შემდეგ დაასკვნეს, რომ რუსმა სამხედროებმა სადგურის გაუცხოების ზონაში ცეზიუმის და პლუტონიუმის მომაკვდინებელი დოზები მიიღეს. სხივური დაავადებისგან გარდაცვალება შეიძლება ელოდეთ სხვა ადამიანებსაც, ვისაც მათთან კონტაქტი ჰქონდა.