Category: სლაიდერი

  • რუსეთი ახალწვეულებს ჩამოწერილ, დამპალ ჯავშანჟილეტებს ურიგებს – უკრაინა

    უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუს სამხედროებს, ვინც ავსებს უკრაინის წინააღმდეგ ომში ყველაზე მეტად დაზარალებულ დანაყოფებს, აძლევენ გამოუსადეგარ და ჩამოწერილ ჯავშანჟილეტებს.

    “12 მარტს რუსეთის რკინიგზამ ახალწვეულებს გადასცა 5006 ტყვიაგაუმტარი ჟილეტისგან შემდგარი ტვირთი. ჩამოსვლისთანავე აღმოაჩინეს, რომ ჯავშნის ქსოვილი თითქმის მთლიანად დამპალი იყო, ლითონის ჯავშანი კი დაჟანგებული”,- აცხადებს სადაზვერვო სამსახური.

    მათივე ინფორმაციით, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ჩამოიტანეს “გრძელვადიანად შესანახი საცავიდან“, სადაც ის წლების განმავლობაში იყო მოთავსებული მაღალი ტენიანობის პირობებში.

    “ამჟამად ჯავშანჟილეტებს ფიზიკურად არ შეუძლია ვინმეს რეალურად დაცვა”,- იუწყება დაზვერვა.

  • პენტაგონი სარაკეტო კრეისერ “მოსკვას“ მდგომარეობას აფასებს

    პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსულ კრეისერ “მოსკვაზე” “აფეთქება მოხდა”, მაგრამ აშშ ამ ეტაპზე ვერ ადგენს, რამ გამოიწვია ეს.

    ”ჩვენ არ ვართ ზუსტად დარწმუნებული, რა მოხდა იქ. ჩვენ ვაფასებთ, რომ მოხდა აფეთქება – სულ მცირე ერთი სერიოზული აფეთქება ამ კრეისერზე, რამაც გემს დიდი ზიანი მიაყენა“, – თქვა კირბიმ CNN-თან საუბრისას.

    მისივე ცნობით, გემს შეუძლია საკუთარი გზის გავლა და ის ამას აკეთებს.

    “ვფიქრობთ, ის ახლა უფრო აღმოსავლეთით მიდის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სავარაუდოდ განთავსდება სევასტოპოლში სარემონტოდ, მაგრამ არ ვიცით, კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს [ აფეთქება]“, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

    ცნობისთვის, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ შავი ზღვის ფლაგმან კრეისერს ხომალდსაწინააღმდეგო 2 რაკეტა “ნეპტუნი” ესროლეს და გემი ჩაიძირა. რუსეთი ირწმუნება, რომ  გემზე საბრძოლო მასალა აფეთქდა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის შესაკეთებლად.

  • ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან – გაუფასურდა

    ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან – გაუფასურდა

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.89 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0741 ლარი გახდა.

    ევროსთან მიმართებით ლარი გაუფასურდა 1.46 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3526 ლარს გაუტოლდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  • უგუნურებავ, ქართული ოცნება უნდა გერქვას შენ! – ხიდაშელი კობახიძის განცხადებაზე

    “უგუნურებავ, ქართული ოცნება უნდა გერქვას შენ!!!

    არც იმაზე იყო დიდ ხანს შეთანხმებული მსოფლიო, რომ საქართველოში ეთნიკური წმენდა მოხდა და ამიტომ გულხელდაკრეფილები უნდა ვმსხდარიყავით მოლოდინის რეჟიმში? ალბათ როგორც ის იჯდა? არც ომი აწუხებდა, არც ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები.

    ამაზე უგუნური და სამარცხვინო მგონი მასაც კი ჯერ არაფერი უთქვამს.

    რა არის სხლა ეს? რა ჰქვია ამას? ქართველი პოლიტიკოსი რომ ხარ და ასე პოზიციონირებ დღეს, შენი ქვეყნისთვის რას და როგორ ითხოვ ხვალ?

    რატომ, რატომ უნდა მოგინდეს დღეს მაკრონის თანამოაზრეობა ბაიდენის საპირისპიროდ? ან როდესმე მარა დღეს განსაკუთრებით?”

    ასე ეხმიანება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძის განცხადებას უკრაინასთან მიმართებით სიტყვა გენოციდის გამოყენებაზე. კობახიძის თქმით, დაელოდება სამართლებრივ შეფასებას უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე და შემდეგ გააკეთებს პოლიტიკურ შეფასებას. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ოცნების თავმჯდომარემ მაკრონის განცხადება მოიშველია.

  • გენოციდი კვალიფიცირებული უნდა იყოს იურისტების და არა პოლიტიკოსების მიერ – მაკრონი

    საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კვლავ ირწმუნება, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების გენოციდად შეფასება, მისი აზრით, “სიტყვიერი ესკალაციაა” და “არ დაეხმარება უკრაინას”.

    მაკრონის თქმით, დღეს დილით ესაუბრა მაკრონს, რომელმაც ძალიან საწყენად მიიჩნია მისი უარი სიტყვა “გენოციდის” გამოყენებაზე.

    “სიტყვას გენოციდს აქვს მნიშვნელობა უნდა იყოს კვალიფიცირებული იურისტების და არა პოლიტიკოსების მიერ. ის სახელმწიფოები, რომლებიც ამას გენოციდად თვლიან, უნდა ჩაერიონ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით. ეს არის, რაც ხალხს სურს?

    ყველამ უნდა იცოდეს, როგორ შეინარჩუნოს გონიერება, ეს არ ეხმარება უკრაინას, შევიდეს სიტყვიერ ესკალაციაში ყოველგვარი შედეგის გარეშე“, – აღნიშნა მაკრონმა France Blue-თან ინტერვიუში.

    ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სიფრთხილით ეკიდება გენოციდის მსგავსი სიტყვების გამოყენებას უკრაინასთან მიმართებით, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან. მისი განმარტებით, სურს ომის შეჩერება, ამიტომ არ არის დარწმუნებული, რომ “რიტორიკის ესკალაცია ამ მიზანს ემსახურება”.

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკრონს უპასუხა, რომ უკრაინელ და რუს ხალხს შორის “ძმობის” მითი 24 თებერვლის შემდეგ დაიმსხვრა.

  • პუტინი უარს არ ამბობს ზელენსკისთან შეხვედრაზე – პესკოვი

    კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პუტინს უარი არ უთქვამს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.

    მისი თქმით, შეხვედრისთვის ნიადაგი უნდა მომზადდეს მოლაპარაკებების დოკუმენტის შექმნით.

    „ჯერჯერობით არანაირი არსებითი სიახლე არ არის შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთქვით, რომ პრეზიდენტს პრინციპულად არ უთქვამს უარი მსგავს შეხვედრაზე, მაგრამ უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი. ამ დროისთვის, აქ არის რაღაც ახალი, რაც შეიძლება შეგვატყობინოთ”, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

    ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე კვირაა მზადყოფნას გამოთქვამს პუტინთან შესახვედრად. მან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ამ საკითხის შეთანხმება დაავალა.

  • რუსებს კატეგორიულად არ სურთ გარანტორი ქვეყნების რაოდენობის ზრდა – პოდოლიაკი

    “ამჟამად მიმდინარეობს კონსულატაციები სამართლებრივი ვალდებულებებზე მრავალმხრივ ხელშეკრულებაში …

    ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსებს კატეგორიულად არ სურთ გაზარდონ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იყვნენ უსაფრთხოების გარანტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა გვყავდეს გარანტორად”

    ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე.

  • “რომც გადარჩეს ინვალიდი იქნება“–შოიგუ რეანიმაციაში, რეპრესიები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში

    რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ მძიმე ინფარქტის შედეგად რეანიმაციაშია. ამის შესახებ რუსული ნავთობკომპანია “იუკოსის“ ერთ–ერთი ყოფილი ხელმძღვანელი, ლეონიდ ნევზლინი ფეისბუქზე წერს.

    ბიზნესმენის წყაროების ინფორმაციით,  რომელიც იძულებული გახდა რუსეთიდან ემიგრაციაში წასულიყო, სერგეი შოიგუ “თამაშიდან გავარდა“ და რეანიმაციაში მოხვდა გულის ძლიერი შეტევის შედეგად. მისი თქმით, შოიგუ რომც გადარჩეს ინვალიდი დარჩება.

    ნევზლინი წერს, რომ შოიგუ აპარატზეა შეერთებული და არ არის გამორიცხული, გულის შეტევა ბუნებრივი მიზეზებით არ ყოფილიყო გამოწვეული. რუსეთში გრძელდება მასობრივი რეპრესიები სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ – სამართალდამცველებმა თავდაცვის სამინისტროს 20 საშტაბო გენერალი დააპატიმრეს, რომლებსაც იმ თანხების მოპარვაში ადანაშაულებენ, რომლითაც უკრაინის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა “რუსეთის ფედერაციის გამათავისუფლებელი არმიისთვის საზეიმოდ დასახვედრად უნდა მოემზადებინათ“.

    ნევზლინის წყაროები ამბობენ, რომ 2014 წლიდან მაღალჩინოსანმა სამხედროებმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარეს იმ თანხიდან, რომელიც პუტინმა უკრაინაში ბლიცკრიგის მოსამზადებლად გამოყო.

    ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ რეპრესიებში მოხვდა პუტინის ექს მრჩეველი, “როსსელხოზბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი მეთაური არკადი დვორკოვიჩი, რომლისგანაც ძალოვანები ჩვენებებს ელიან კოლეგების და მეგობრების წინააღმდეგ.

    “ფეესბეს წყაროები ამბობენ, რომ თუ ის გამოძიებასთან გარიგებაში არ შევა, იზოლატორში გადაიყვანენ. სურკოვი შინაპატიმრობაშია. ისიც ფულის მოპარვაშია ეჭვმიტანილი, რომელიც ომზე გამოიყო. ეს იგივე საქმეა, რომლითაც 20 გენერალია დაჭერილი“ – დასძენს ნევზლინი.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთში ტოპ ძალოვნების წინააღმდეგ მაშტაბური რეპრესიები მიმდინარეობს. “ფეესბე“–ს მეხუთე განყოფილების უფროსი, სერგეი ბესედა, რომელიც უკრაინის მიმართულებაზე იყო პასუხისმგებელი, ლეფორტოვოს იზოლატორში გადაიყვანეს.

    Bellingcat–ის გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით რეპრესიები შეეხო გამოძიების ფედერალური სამსახურის კიდევ 150 თანამშრომელს, რომლებიც რუსეთის შეჭრამდე უკრაინას კურირებდნენ.

    ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის ყოფილი მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვი თანხების დატაცების ბრალდებით შინაპატიმრობაშია.

     

  • რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია – დონალდ ტრამპი

    რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია – დონალდ ტრამპი

    “რაც ხდება უკრაინაში, ეს გენოციდია. თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, საწვავის ავზის შევსება, არცერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს დაშორებით”

    განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა FOX NEWS-თან ინტერვიუში.

  • სარაკეტო კრეისერ “მოსკვაზე” ხანძარი ლოკალიზებულია – რუსეთი

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სარაკეტო კრეისერ “მოსკვაზე” ხანძარი ლოკალიზებულია.

    “კრეისერ „მოსკვაზე“ გაჩენილი ხანძრის წყარო ლოკალიზებულია. ღია წვა არ არის. საბრძოლო მასალის აფეთქება შეჩერებულია“, – აცხადებენ სამინისტროში Tass-ის ცნობით.

    მათივე ინფორმაციით, კრეისერის ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა შავი ზღვის ფლოტის გემებზე, ახლა კი მიმდინარეობს ზომების მიღება კრეისერის ნავსადგურში გაყვანის მიზნით.

    ცნობისთვის, შავი ზღვის ფლაგმან რუსულ სარაკეტო კრეისერ “მოსკოვს”, უკრაინული მხარის განცხადებით, გუშინ 2 რაკეტა მოარტყეს. ოლექსი არესტოვიჩის ცნობით, ხომალდი ჩაიძირა.

    რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ სერიოზულად კრეისერი სერიოზულად დაზიანდა.