Category: სლაიდერი

  • ბუჩას მერი აცხადებს, რომ ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს

    ბუჩას მერი, ანატოლი ფედორუკი  აცხადებს, რომ ქალაქში ნაპოვნი ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს.

    “ბუჩაში განზრახ მკვლელობა მოხდა”, – თქვა ანატოლი ფედორუკმა.

    ცნობისთვის, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს ახლაც პოულობენ. გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, რომ მშვიდობიან გაკოჭილ მოქალაქეებს ქუჩაში კლავდნენ.

  • ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 16 წელი მიუსაჯეს

    ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრლადებულ ალეკო ჭელიძეს 17 წელი მიუსაჯეს, ხოლო გიორგი კავილაძეს – 16 წელი.

    მოსამართლემ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ ცნო ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჯგუფურობა ნამდვილად იყო და ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ. მგელიაშვილის განცხადებით, ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

    შსს-ში ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

    22 წლის ნიკო კვარაცხელიას 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს.

  • რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 198 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

    რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 198 ბავშვი დაიღუპა, 355-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის ოპროკურატურა ავრცელებს.  ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევში ემსხვერპლა.

    უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

  • ომის 50 დღის განმავლობაში, უკრაინა მთელი თავისუფალი სამყაროსთვის გმირი გახდა – ზელენსკი

    “ომის 50 დღის განმავლობაში, უკრაინა მთელი თავისუფალი სამყაროსთვის გმირი გახდა”  განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

    ”ომის 50 დღის განმავლობაში უკრაინა გახდა გმირი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. მათთვის, ვინც პროპაგანდით არ მოწამლულა. თქვენ ყველანი გახდით გმირები. ყველა უკრაინელი, ყველა, ვინც გადარჩა, ვინც არ ნებდება და ვინც გაიმარჯვებს. ეს უკრაინას მშვიდობას დაუბრუნებს. დარწმუნებული ვარ ამაში.” – განაცხადა ზელენსკიმ.

  • ქართველი მებრძოლები, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

    უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი გამთენიისას საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.

    ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

  • რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ძლიერი აფეთქება მოხდა – ვიდეო

    რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვარზე მდებარეობს ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაცია ვრცელდება როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ ტელეგრამ არხებზე და  ადასტურებს ქალაქის მერიც.  რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს, ხანძრის ფართობი დაახლოებით 300 კვადრატული მეტრია.

    სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

    აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ,  ბელგოროდში ნავთობის საცავი აფეთქდა. რუსული მხარე ხანძარს 2 უკრაინული ვერტმფრენის იერიშს აბრალებდა. თუმცა უკრაინულმა მხარემ აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

    “უკრაინა რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად ატარებს თავდაცვით ოპერაციებს და ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ ყველა არასწორ გათვლაზე, ყველა კატასტროფასა და მოვლენაზე პასუხისმგებლები ვართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვხედავთ მსგავს ბრალდებებს, ამიტომ ამ ინფორმაციას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ”. – განაცხადა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა.

  • კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

    უკრაინული მედიის ინფორმაციით კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. ჯერჯერობით უცნობია სად და რა მაშტაბის აფეთქება მოხდა. გვიან საღამოს მთელი უკრაინის მაშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.

    აფეთქებების სერიის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ არხებზეც გამოჩნდა.

    ბიბისი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქებები უკრაინის დედაქალაქის სამხრეთ–დასავლეთით მოხდა.

    უკრაინელმა დეპუტატმა, ლესია ვასილენკომ აფეთქებების შესახებ ტვიტერზე დაწერა. მისი თქმით, ერთმანეთის მიყოლებით სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

    “როგორც ჩანს, პუტინი “მოსკოვის“ ჩაძირვის გამო ბრაზობს“– წერს დეპუტატი.

    ამასობაში კიევში საჰაერო განგაშის სიგნალების ხმა აღარ ისმის. საჰაერო განგაში შეწყდა უკრაინის სხვა რეგიონებშიც.

    განახლება:

    მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქებების ხმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობის შედეგი იყო.

    თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კიევთან ჟულიენის ქარხანა დაბომბა, რასაც უკრაინული მხარე არ ადასტურებს.

  • რუსეთი აცხადებს, რომ კრეისერი “მოსკვა” ჩაიძირა

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა.

    მათი ცნობით, ხომალდი ბუქსირებისას “საბრძოლო მასალის” აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო ჩაიძირა.

    “კრეისერმა მოსკვამ ბუქსირებისას სტაბილურობა დაკარგა საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული კორპუსის დაზიანების გამო. შტორმის პირობებში გემი ჩაიძირა”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

    უწყება აღნიშნავს, რომ კრეისერის ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა შავი ზღვის ფლოტის გემებზე.

    შეგახსენებთ, რომ ეს ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინზე უკრაინელმა ჯარისკაცებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.

    ცნობისთვის, რუსული მხარე აქამდე ამტკიცებდა, რომ მოახერხეს ხომალდზე ხანძრის ლოკალიზება.

    პენტაგონის ცნობით, რუსულ კრეისერ “მოსკვაზე” “აფეთქება მოხდა”, მაგრამ აშშ ამ ეტაპზე ვერ ადგენს, რამ გამოიწვია ეს. მათივე განმარტებით, აფეთქებამ გემს დიდი ზიანი მიაყენა.

    გუშინ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის კრეისერს ორი რაკეტა მოარტყეს.

  • პუტინი ბლეფობს – რა ჭირდება უკრაინას ომში გამარჯვებისთვის მაიკლ მაკფოლის აზრით

    დასავლელი ლიდერები კვლავ ფრთხილად ეკიდებიან უკრაინისთვის ზოგიერთი მძიმე შეიარაღების მიწოდებას  რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის გამო. თუმცა, მათ ამის არ უნდა ეშინოდეთ, იმიტომ რომ ვლადიმერ პუტინის მუქარები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ის ბლეფს მიმართავს და განზრახ აძლევს ამერიკელ მზვერავებს ასეთი მონაცემების “აღმოჩენის“ შესაძლებლობას. ამასოაბში კიევს მათი დახმარება ჭირდება, კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთის მუქარების გამო უკან არ უნდა დაიხიოს – წერს ამერიკელი დიპლომატი, რუსეთში აშშ–ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი გამოცემა “The Washington Post”.–ის სვეტში.

    რა ჭირდება უკრაინას ომში გამარჯვებისთვის

    მაკფოლი თვლის, რომ ომის შემდგომი ფაზა – დონბასისთვის ბრძოლა მკვეთრად განსხვავებული იქნება წინა ფაზისგან. გაშლილი და ცარიელი სტეპები უკრაინის აღმოსავლეთით უკრაინელ მებრძოლებს ხელს უშლის გამოიყენონ ტაქტიკა “დაარტყი–გაიქეცი“, რომელიც მათ ასე კარგად გამოიყენეს აქამდე. ახლა უკრაინის შეიარაღებულლ ძალებს ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა ჭირდებათ. უკრაინის არმიას განსაკუთრებით ესაჭიროება საბჭოთა T-72  ტანკები, რომელთა მიწოდება ვაშრავის ხელშეკრულების წევრ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს – პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკიას, რუმინეთს და სხვებს შეუძლიათ.

    უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე ესაჭიროებათ შორსმსროლელი არტილერია 152 და 155 მილიმეტრიანი ჭურვებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები C-300, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები სანაპირო ქალაქების დასაცავად და გამანადგურებლები  МиГ-29. უკრაინა ინტენსიური ბრძოლების 50–ე დღეს ასევე საჭიროებს სხვადასხვა ეკიპირების შევსებას, ჩაფხუტების და პატრონების ჩათვლით.

    ბირთვული შეტევის საფრთხე

    მაიკლ მაკფოლი თვლის, რომ არსებოს რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე უკრაინის ტერიტორიაზე, თუ რუსეთი დონბასისთვის საკვანძო ბრძოლას წააგებს. ამგვარად, პუტინს უნდა ზელენსკი აიძულოს კაპიტულაცია გამოაცხადოს. თუმცა, დიპლომატი ასეთ სცენარს ნაკლებ სავარაუდოდ თვლის, რადგან ბირთვული დარტყმა უკრაინაზე რუსეთს შემორჩენილ მოკავშირეებსაც დააკარგვინებს, ჩინეთის ჩათვლით. გარდა ამისა, ბირთვული იარაღის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის თავად ქვეშყნის შიგნით ,რუსების მხრიდან ომის მხარდაჭერას.

    “ანალიტიკოსების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ მსოფლიო ისტორიაში ბირთვული იარაღის მეორედ გამოყენება კიევს დანებებას აიძულებს. მე არ ვარ დარწმუნებული… ბირთვული შეტევის შემდეგ უკრაინელები სავარაუდოდ ფსონებს უფრო გააორმაგებენ, ვიდრე კაპიტულაციას გამოაცხადებენ, და შეიძლება ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაც სცადონ“– თვლის მაკფოლი.

    შეგახსენებთ, 14 აპრლილს დიმიტრი მედვედევი დაიმუქრა, რომ რუსეთი კალინინგრადის ოლქში ბირთვულ იარაღს განათავსებს, თუ შვედეთი და ფინეთი ნატოში შევლენ. ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ რუსეთმა კალინინგრადში ბირთვული იარაღი ჯერ კიდევ უკრაინასთან სრულმაშტაბიანი ომის დაწყებამდე განათავსა.

  • სარაკეტო კრეისერ “მოსკვას” ბორტზე კვლავ ებრძვიან ხანძარს – აშშ

    ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსული სარაკეტო კრეისერი “მოსკვა” კვლავ იწვის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

    ”ჩვენი შეფასებით, ხომალდის ბორტზე კვლავ ებრძვიან ხანძარს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ზარალის ოდენობა, არ ვიცით მისი ეკიპაჟის მსხვერპლის შესახებ და ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით კონკრეტულად, რამ გამოიწვია ეს ზიანი“,– თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

    მისივე ცნობით, ხომალდი ჯერ კიდევ ცურავს, აშშ კი ვარაუდობს, რომ ის მიემართება სევასტოპოლში გასარემონტებლად.

    რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მოახერხეს ხომალდზე ხანძრის ლოკალიზება.

    პენტაგონის ცნობით, რუსულ კრეისერ “მოსკვაზე” “აფეთქება მოხდა”, მაგრამ აშშ ამ ეტაპზე ვერ ადგენს, რამ გამოიწვია ეს. მათივე განმარტებით, აფეთქებამ გემს დიდი ზიანი მიაყენა.

    გუშინ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის კრეისერს ორი რაკეტა მოარტყეს.