Category: სლაიდერი

  • ზელენსკის მოკვლა 5-ჯერ სცადეს, ბოლო მცდელობა 7 მარტს იყო – დანილოვი

    “პირველ რიგში გეგმა იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ლიკვიდაცია. ეს რუსებისთვის ნომერ პირველი საკითხი იყო, და ამ მიმართულებით იყო რამდენიმე მცდელობა. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ 22 თებერვალს, დაახლოებით 19:20 საათზე ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ეს შესაძლოა მოხდეს. შემდეგ იყო კიდევ 4 მცდელობა. ბოლო იყო 7 მარტს. მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი პარტნიორების დაზვერვისგან, რომ მსგავსი ოპერაცია იგეგმებოდა.

    არ გეგონოთ, რომ მოუმზადებლები იყვნენ, იყო ქსელი, ბევრი მომენტი დამუშავდა, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტის დაცვას და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას, ყველა სამხედროს, რომელიც იცავს სამთავრობო კვარტალს”

    თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი დანილოვმა BBC-თან ინტერვიუში.

  • აშშ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს

    აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უყურებს მსუბუქად რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს.

    „პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის პოტენციური სასოწარკვეთის გათვალისწინებით, იმ წარუმატებლობების გათვალისწინებით, რაც მათ აქამდე ჰქონდათ სამხედრო თვალსაზრისით, არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია მსუბუქად აღიქვას ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან დაბალი ეფექტურობის ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების საფრთხე”,– თქვა ბერნსმა CNN-ის ცნობით.

    მისი განმარტებით, CIA ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს, თუმცა აშშ-ს ჯერ არ უნახავს რამე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.

    „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ კრემლის მხრიდან გარკვეული რიტორიკული პოზიცია ბირთვული განგაშის მაღალ დონეზე გადასვლის შესახებ, ჯერჯერობით არ გვინახავს პრაქტიკული მტკიცებულება იმ ტიპის სამხედრო განლაგების შესახებ, რომლებიც ამ შეშფოთებას გააძლიერებს, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, – აღნიშნა CIA-ს ხელმძღვანელმა.

  • მარიუპოლისთვის ბლოკადის მოხსნა შესაძლებელია – აზოვის პოლკი

    აზოვის პოლკი მიიჩნევს, რომ მარიუპოლისთვის ბლოკადის მოხსნა შესაძლებელია. ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ რადიო თავისუფლებასთან განაცხადა.

    „იმედი გვაქვს, ოპტიმიზმით ვიბრძვით და ველოდებით ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადამწყვეტ ქმედებებს, რათა ქალაქის დებლოკადა მოვახდინოთ და მოვიგოთ ეს ომი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს [დებლოკადა] შესაძლებელია. არცერთ ექსპერტს და ანალიტიკოსს არ ეგონა, რომ მარიუპოლის დამცველთა მთელი ჯგუფი, მთელი გარნიზონი ამდენ ხანს გაძლებდა“, – თქვა სვიატოსლავ პალამარმა.

    მანვე აღნიშნა, რომ მარიუპოლის დამცველებს ამჟამად აქვთ გამბედაობა, რათა იბრძოლონ და დაიცვან ქალაქი “როგორც საჭიროა”.

    საგარეო მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, მარიუპოლის განბლოკვისთვის უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ამიტომ მუშაობენ პარტნიორებთან მის მისაღებად.

  • მინიმუმ 10.8 მილიარდი დოლარი–უკრაინელების მიერ განადგურებული რუსული ტექნიკის ღირებულება ფორბსის მიხედვით

    უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინულმა არმიამ რუსეთის 5260 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. მათ შორის არის კრეისერი “მოსკოვი“, რომელიც უკრაინასთან ომში ამ დრომდე რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგია.

    14 აპრილის ღამეს უკრაინულმა რაკეტებმა “ნეპტუნი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, ყველაზე ძლიერი შეიარაღების მქონე  ხომალდი გაანადგურეს. კრეისერი გადაბრუნდა და ჩაძირვა დაიწყო – ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული მეთაურობის ოფიციერი ნაზაროვი. “გაჩნდა ხანძარი. საზღვაო ქვედანაყოფების სხვა ერთეულები მის დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა შტორმმა და საბრძოლო მასალის ძლიერმა აფეთქებამ კრეისერი გადააბრუნა და მან ჩაძირვა დაიწყო“– ამბობს ნაზაროვი.

    უკრაინული ფორბსის ინფორმაციით, დაზიანებული ხომალდი 750 მილიონი დოლარი ღირს. რედაქციამ სავარაუდო ღირებულება “მოსკოვის“ იმავე კლასის კრეისერ “უკრაინასთან“ შედარებით გამოითვალა, რომელიც 1995 წელს 720 მილიონი დოლარი ღირდა.

    2020 წელს კრეისერი “მოსკოვი“ გაარემონტეს. რემონტის ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით სავარაუდო თანხა 30 მილიარდი რუბლია, რაც დღევანდელი კურსით 363 მილიონი დოლარია.

    რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით მთელი ეკიპაჟი ევაკუირებულია, რაც ფორბსის აზრით იმას ნიშნავს, რომ ხომალდი წყლის ზედაპირზე ვეღარ დარჩება და მას ჩაძირავენ.

    ამ ხომალდის აფეთქებამდე უკრაინასთან ომში რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი თვითმფრინავი Ил-76 იყო. მისი ღირებულება 86 მილიონი დოლარია. სულ უკრაინულმა არმიამ 160 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება 3.8 მილიარდი დოლარია.

    Ил-76–ის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი სადესანტო გემი “სარატოვია“, რომელიც ბერდიანსკის პორტში აფეთქდა. უკრაინულმა ძალებმა მას დარტყმა 24 მარტს მიაყენეს. ეს იყო რუსეთის პირველი სამხედრო ხომალდი, რომელიც ოკუპირებულ პორტში შევიდა და ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა შეიტანა, მათ შორის ჯავშანმანქანები. “სარატოვის“ ღირებულება 75 მილიონი დოლარი იყო.

    სულ ჯამში 5260 განადგურებულ ერთეულს შორის იყო:

    144 ვერტმფრენი

    160 თვითმფრინავი

    753 ტანკი

    1437 ერთეული საავტომობილო ტექნიკა

    1968 საბრძოლო ბრონირებული მანქანა.

    ფორბისის გათვლებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა მინიმუმ 10.8 მილიარდი დოლარის ტექნიკა დაკარგა. უკრაინულმა ძალებმა ისინი ჯართად აქციეს.

  • უკრაინა საკუთარი ენისთვის იბრძვის, ამ დღეს მათ ვუძღვნით – პრეზიდენტი

    “45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა. დღეს უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწისა და სახელმწიფოს გადასარჩენად და იბრძვის საკუთარი ენისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ვიცით, რომ მათი ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ”

    თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღესთან დაკავშირებულ ბრიფინგზე.

  • რუსეთის თავდასხმას 22 თებერვალს ველოდით, ვემზადებოდით – დანილოვი

    უკრაონის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მოსალოდნელი ომის შესახებ, მაგრამ ელოდა, რომ რუსების შეჭრა დაიწყებოდა 22 თებერვალს და არა 24 თებერვალს.

    „ჩვენ ვიცოდით, რა მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. უფრო მეტიც, თავდასხმის თარიღი იყო არა 24 თებერვალი, არამედ 22 თებერვალი. ისინი 22 თებერვალს უნდა დასხმოდნენ ჩვენს ქვეყანას თავს.

    ერთადერთი, რასაც არ ველოდით, იყო ბელარუსის ტერიტორიის ჩარევა. იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ საბოლოოდ ვიფიქრეთ, რომ სხვაგვარად იქნებოდა. მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა”,- ამბობს დანილოვი BBC-თან ინტერვიუში.

    მისივე განცხადებით, უკრაინის დადანაშაულება, რომ ომისთვის არ მოემზადა, არასწორია.

    “ჩვენ არ შეგვეძლო გამოვსულიყავით და მოსახლეობისთვის საჯაროდ გვეთქვა: მეგობრებო, 22 თებერვალს ომი იწყება. ეს მიუღებელია საჯარო მმართველობის თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენ ვემზადებოდით.

    შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც რუსული ტანკების პირველი კოლონა შევიდა ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე 24 თებერვალს დილის 5 საათზე – თუმცა შეჭრა რეალურად დაიწყო დილის 3:40 საათზე – როდესაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრები შეიკრიბნენ სადღაც 5-დან 6 საათამდე, ყველა იურიდიული დოკუმენტი, რომელიც უნდა გაგვეღო, წინასწარ გვქონდა მომზადებული.

    და ვინც ამბობს, რომ ჩვენ არ მოვემზადეთ, არ ესმის, როგორ ხდება ეს ყველაფერი”,- თქვა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

  • უმაღლესმა რადამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა

    უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი წერს, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

    “უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა”, – წერს სტეფანჩუკი Twitter-ზე.

  • საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია – ქნირში

    “ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს მთავრობასთან, ვუსმენთ საჯარო გამოსვლებს და გვქონდა პირდაპირი შეხვედრები მათთან. დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია. ეს ძალიან მნიშნველოვანია და ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას ამ მიმართულებით.

    ასევე ვხედავთ, რომ საქართველო მხარს უჭერს სხვა ქვეყნების პოზიციებს. მსოფლიო საზოგადოებაში, გაერო-ში, საქართველო არის ერთ-ერთ, რომელიც არის ჩვენთან ერთად და მუშაობს, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო კონსენსუსი უკრაინის დასაცავად და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

    ვხედავთ მოქმედებება რაც ხორციელდება უკრაინაში და ეს არ არის საფრთხე მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საფრთხეა ევროპის მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ძლიერად დგას და იღებს საჭირო დახმარებებს საერთაშორისო საზოგადოებისგან. ყოველდღე ვხედავ გაერო, ნატო, ევროკავშირი განიხილავს გზებს თუ როგორ დაუჭიროს მხარი უკრაინას. გერმანია გადასცემს იარაღს უკრაინას, ეს არის ის, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურად უფრო ძლიერი ხდება“

    განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

  • რუსეთი ფინეთსა და შვედეთს ფინეთის ყურეში ბირთვული იარაღის განთავსებით ემუქრება

    რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი გააძლიერებს უსაფრთხოებას დასავლეთის საზღვრებთან, თუ შვედეთი და ფინეთი შეუერთდებიან NATO-s.

    “თუ შვედეთი და ფინეთი შეუერთდებიან ნატოს, ალიანსის სახმელეთო საზღვრის სიგრძე რუსეთთან გაორმაგდება. ბუნებრივია, საჭირო იქნება ამ საზღვრების გაძლიერება”, – განაცხადა მან.

    მედვედევმა განმარტა, რომ საჭირო იქნება სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება და მნიშვნელოვანი საზღვაო ძალების განლაგება ფინეთის ყურეში.

    “თუ ეს ასე იქნება, აღარ შეგვეძლება საუბარი ბალტიის არაბირთვულ სტატუსზე – ბალანსი უნდა აღდგეს“, – აღნიშნა რუსმა მაღალჩინოსანმა.

    მისივე მტკიცებით, დღემდე რუსეთს არ მიუღია მსგავსი ზომები და არც აპირებდა ამის გაკეთებას, მაგრამ ახლა იძულებული ხდება.

    მედვედევი იმედოვნებს, რომ ამ ქვეყნებში “საღი აზრი გაიმარჯვებს”, რადგან “არავის სურს უფრო მაღალი ფასები და გადასახადები, საზღვრების გასწვრივ დაძაბულობის გაზრდა, ისკანდერები, ჰიპერბგერითი იარაღი ან გემები, რომლებსაც ატომური იარაღი აქვთ სახლთან ახლოს”.

    ცნობისთვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებენ. არსებული ინფორმაციით, შვედეთი და ფინეთი ალიანსს შესაძლოა ამ ზაფხულს შეუერთდნენ. NATO მზად არის მათ მისაღებად.

  • კოლუმბია მზად არის დასავლეთისთვის ენერგორესურსების მოპოვება გაზარდოს და რუსული იმპორტი ჩაანაცვლოს

    კოლუმბიის ხელისუფლება პირობას დებს, რომ დაეხმარება დასავლეთის ქვეყნების ნაწილობრივ ან მთლიანად თქვან უარი რუსულ ენერგორესურსებზე და ის კოლუმბიურით ჩაანაცვლონ. ამისათვის ქვეყანა ნავთობის, ქვანახშირის და გაზის მოპოვებას გაზრდის. ამის შესახებ კოლუმბიის პერზიდენტმა, ივან დუკემ სიენენთან საუბარში განაცხადა. მან რუსეთის უკრაინაში შეჭრას გენოციდი უწოდა.

    “ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსები, რომლებსაც არ ვიყენებთ. შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი ქვანახშირის რესურსები გვაქვს, შეგვიძლია უფრო მეტი ნავთობი და გაზი მოვიპოვოთ. კოლუმბიას დღესვე შეუძლია გაზარდოს ქვანახშირის მოპოვება.

    რუსეთის ქმედება უკრაინაში არის გენოციდი. ჩვენ ეს უნდა შევაჩროთ. ეს სიგიჟეა“–თქვა კოლუმბიის პრეზიდენტმა.

    კოლუმბიის პრეზიდენტი სამდღიანი ვიზიტით ნიუ იორკში იმყოფება.