Category: სლაიდერი

  • დაველოდებით სამართლებრივ შეფასებას – კობახიძე რუსეთის ქმედებებს გენოცდის არ უწოდებს

    ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოცდის მანამდე არ უწოდებს, ვიდრე ამის სამართლებრივი შეფასებები გაკეთდება.

    მისი მტკიცებით, ამის შესახებ ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის საერთაშორისო თანამეგობრობაში, მაგალითად კი მაკრონის განცხადება მოჰყავს.

    “ჯერჯერობით, ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არა აქვს, გახსოვთ, დღეს იყო, მაგალითად, მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებაზე. ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ჰააგაში საჩივრის თანაავტორი ვიყავით, დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასებები”,– აცხადებს კობახიძე.

    ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სიფრთხილით ეკიდება გენოციდის მსგავსი სიტყვების გამოყენებას უკრაინასთან მიმართებით, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან. მისი განმარტებით, სურს ომის შეჩერება, ამიტომ არ არის დარწმუნებული, რომ “რიტორიკის ესკალაცია ამ მიზანს ემსახურება”.

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკრონს უპასუხა, რომ უკრაინელ და რუს ხალხს შორის “ძმობის” მითი 24 თებერვლის შემდეგ დაიმსხვრა.

  • როგორ გეგმავდა რუსეთი კიევის აღებას – დაზვერვამ დოკუმენტები მოიპოვა

    თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინის ხელში ჩაგდებას სტრატეგიული სამხედრო წვრთნების საფარქვეშ. უწყებამ მოიპოვა დოკუმენტები, რომელშიც გაწერილია რუსული არმიის მოქმედების სტრატეგია.

    “უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ მიღებული დოკუმენტები მოწმობს ოკუპანტების განზრახვაზე უკრაინის დედაქალაქის ხელში ჩაგდებაზე.

    კერძოდ, ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულებით მოქმედი რუსული ჯარების დაჯგუფება „ცენტრს“ დაევალა, დაეპყრო კიევის მარცხენა სანაპირო ნაწილი”,– აცხადებს სადაზვერვო სამსახური და 8-გვერდიან დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც აღწერილია, როგორ უნდა ემოქმედა ჯარს, რომელი ბატალიანი რა მიმართულებით უნდა წასულიყო, რა პოზიციები უნდა დაეკავებინათ და სხვა მრავალი დეტალი ოპერაციის შესახებ.

    დოკუმენტი 23 თებერვლით თარიღდება, უკრიანაში კი რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა.

    დაზვერვის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი 96-ე ცალკეული სადაზვერვო ბრიგადის მეთაურისთვის განკუთვნილი საბრძოლო ბრძანებაა, რომელიც მან მიიღო დასავლეთის სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის შტაბიდან ომის წინა დღეს, 23 თებერვლის საღამოს რუკასთან ერთად.

    ბრძანებაში აღნიშნულია, რომ “ყველაზე საშიში ჯგუფი განლაგებულია ჩერნიგოვის მიმართულებით“.

  • რუსეთის სამიზნე, სავარაუდოდ, კრამატორსკი და კოსტიანტინივკა იქნება – ბრიტანეთი

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, პრეზიდენტ პუტინის სამშაბათს გამოსვლამ გამოკვეთა მისი მუდმივი ინტერესი დონბასის მიმართ, სადაც რუსეთი განახლებული შეტევისთვის ემზადება.

    დაზვერვის ცნობით, სავარაუდოდ, რუსეთის სამიზნე ქალაქი კრამატორსკი და კოსტიანტინივკა იქნება.

    “ურბანული ცენტრები კონფლიქტის განმავლობაში განურჩეველი თავდასხმების წინაშე დგანან რუსეთის მხრიდან. ქალაქები კრამატორსკი და კოსტიანტინივკა, სავარაუდოდ, რუსეთის სამიზნე იქნება მსგავსი ტიპის ძალადობისთვის”,– აცხადებს დაზვერვა.

    მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დოქტრინას წარმოადგენს ქალაქებზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები და ძალების კონცენტრირება.

  • რუსეთში დარტყმისთვის შესანიშნავი შესაძლებლობები გვაქვს – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ეხმიანება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მუქარას, რომ თუ უკრაინა “გააგრძელებს დივერსიას”, რუსეთი დაარტყამს უკრაინაში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს.

    არესტოვიჩის თქმით, უკრაინა მზად არის ასეთი სიტუაციისთვის, ვინაიდან, კრემლისაგან ყველაფერი მოსალოდნელია.

    „უფრო მეტიც, მათი ხასიათი რომ ვიცი, ეჭვი არ მეპარება, რომ სამშვიდობო შეთანხმების დადების ბოლო დღეს დაარტყამენ, ეს არის კრემლი, მაგრამ ასევე თქვეს, რომ დაარტყამდნენ იმ მმართველ ორგანოებს, რომლებშიც გადაწყვეტილებები მიიღება. ადმინისტრაცია, უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების ყველა ცენტრალური აპარატი, შესაძლოა უზენაესი რადა, მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტის აპარატი… ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამისთვის, გაუშვით, ვნახოთ”,– განაცხადა მან Unian-ის ცნობით.

    მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს “შესანიშნავი” შესაძლებლობები რუსეთში დარტყმების განხორციელებისთვის.

    ”ნებისმიერი გასროლისას ჩვენს მმართველ ორგანოებზე, უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი. ფრთხილად უნდა ვიყოთ ფსონების გაზრდისას. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობები რუსეთში [დარტყმისთვის]. ჩვენ მათ ჯერ არ ვიყენებთ, ნებისმიერ ომს აქვს ესკალაციის ხარისხი. თუ გსურთ ესკალაცია, მიდით”,– განაცხადა არესტოვიჩმა.

  • რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 50 დღეში – სრულად

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ოკუპანტის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

    გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან 50 დღეში რუსულმა არმიამ დაკარგა:

    • დაახლოებით 19900 ჯარისკაცი
    • ტანკი – 753
    • ჯავშანტექნიკა – 1968
    • საარტილერიო სისტემები – 366
    • MLRS / MLRS – 122
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 64
    • თვითმფრინავი – 160
    • ვერტმფრენი – 144
    • ავტომობილი – 1437
    • გემები/ნავები – 7
    • საწვავის ავზები – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 134
    • სპეციალური აღჭურვილობა – 25
    • OTRK / TRK  – 4.

    გენშტაბის განცხდებით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

  • სად არის “Москва”? ის ჩაიძირა – არესტოვიჩი

    “რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანმა, კრეისერმა Москва-მ საწინააღმდეგო აღმართი გააკეთა იმ კუნძულის მიდამოში, სადაც ის ნახ*იზე გაუშვეს.

    სად არის “Москва”? ის ჩაიძირა”

    წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ტვიტერზე. ცნობისთვის, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ სერიოზულად დაზიანდა კრეისერი “მასკვა”.

  • მელიტოპოლში რუსებმა პენსიის დასარიგებლად გამოყოფილი ფული მოიპარეს – მერი

    დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში პენსიის დასარიგებლად გამოყოფილი თანხები მოიპარეს.

    „ომისა და ოკუპაციის პირველივე დღეებიდან ჩვენ უკრპოშტასთან ერთად ვეძებთ ყველა შესაძლო და შეუძლებელ ვარიანტს, როგორ გადავუხადოთ პენსიები ჩვენს მოსახლეობას. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მათ უკრპოშტას მეშვეობით იღებს. რამდენიმე დღის წინ, ფსევდომერის, გალინა დანილჩენკოს რჩევით, რუსი ჯარისკაცები მივიდნენ უკრაინის ფოსტაში და მოიპარეს თანხები, რომელიც განკუთვნილი იყო პენსიონერების მარტის პენსიისთვის”,– თქვა მერმა UNIAN-ის ცნობით.

    მისივე განცხადებით, დამპყრობლები არ ისმენენ თხოვნას უკრპოშტას წარმომადგენლებისგან და არ სურთ არაფრის დაბრუნება.

    „უკრპოშტასთან ერთად ჩვენ ვიპოვეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თანხების გადარიცხვის რამდენიმე გზა, მაგრამ დღეს ეს არ მუშაობს და პენსიონერები, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სეგმენტები, რომლებიც ოკუპანტების გამო სახსრებს ვერ იღებენ, მძევლები გახდნენ. ოკუპანტები ამას ნაალაფარს ეძახიან, მოხუცებისგან ფულის აღება მათთვიის ალაფია”,– აღნიშნა ფედოროვმა.

  • შტაინმაიერისთვის უარის თქმით უკრაინამ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა – ჰაბეკი

    გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ უკრაინამ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა პრეზიდენტი შტაინმაიერის ქვეყანაში არმიღებით. ამის შესახებ European Truth იუწყება Spiegel-ზე დაყრდნობით.

    “სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა: უკრაინულმა მხარემ დაუშვა დიპლომატიური შეცდომა. ფედერალური პრეზიდენტი – ეს გერმანიაა. ამიტომ, პრეზიდენტ ზელენსკის უარი არის გერმანიისთვის ნათქვამი უარი”, – განაცხადა ჰაბეკმა.

    კითხვაზე, წავა თუ არა ის ან კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში, ჰაბეკმა თქვა: “ახლა ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრობლემას მოვაგვარებთ და არ გავაუარესებთ. სწორედ ამისთვის გამოიგონეს ტელეფონები.”

    ცნობისთვის, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს სურდა კიევში წასვლა პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად, თუმცა, კიევმა უარი თქვა ვიზიტზე და მის ნაცვლად კანცლერი მიიწვია.

  • უკრაინა ემზადება თავისუფლებისთვის ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის – ბლინკენი

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მიესალმება უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემას. ამერიკის ხმის ცნობით, მან თქვა, რომ უკრაინა ემზადება ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის.

    ”შეერთებულმა შტატებმა, მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უნდა იმოქმედონ ახლა დამატებითი სამხედრო დახმარების გაზრდის მიზნით, რადგან უკრაინა ემზადება თავისი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის.

    ჩვენ ვრჩებით მჭიდრო კავშირში უკრაინასთან და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის განზრახვას გამოიყენოს დიპლომატიური საშუალებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეტევების შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა“, – განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს, გაამყაროს უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებებში და გაზარდოს ზეწოლა პუტინზე.

    მისივე შეფასებით, რუსეთმა ვერ შეძლო თავისი თავდაპირველი გეგმების განხორციელება – კიევის აღება და მთელი ქვეყნის დამონება, თუმცა, “დასვენება ჯერ ადრეა“.

    „აშშ და საერთაშორისო საზოგადოება პუტინის ომს კრემლის გრძელვადიან სტრატეგიულ მარცხად გადააქცევს“, – დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

  • კრეისერი МОСКВА სერიოზულად დაზიანდა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან ხომალდს, კრეისერ Москва-ს ცეცხლი გაუჩნდა.

    “სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად აფეთქდა საბრძოლო მასალა. ხომალდი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია. ხანძრის მიზეზებს ვარკვევთ”,– აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

    ცნობისთვის, გუშინ უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერს 2 რაკეტა მოარტყეს. ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ ხომალდი იწვის. მისი ინფორმაციით, ეს ის გემია, რომელიც კუნძული ზმეინის მცველებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.