Category: სლაიდერი

  • სალივანის თქმით, ვინც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, აშშ-ის სამიზნე გახდება

    აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ყველა ვინც, რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, აშშ-ის სამიზნე გახდება.

    • “ვფიქრობ, მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, რუსეთს დაეხმარონ სანქციების თავიდან არიდებაში, როგორც რუსეთის ფედერაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ისინი გახდებიან ჩვენი სამიზნეები”, – აცხადებს სალივანი.

    აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ნებისმიერმა მცდელობა, ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, შესაძლოა, დასავლეთთან დაპირისპირება გამოიწვიოს.

    • “აშშ უკრაინის ტერიტორიაზე არ მოქმედებს.  თუ რუსები, განახორციელებენ დარტყმას ნატო-ს ტერიტორიაზე, სადაც აღჭურვილობა გროვდება, ეს ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედებას გამოიწვევს და თამაშის წესებს მთლიანად შეცვლის”, – თქვა ჯეიკ სალივანმა.
  • 52 ღამეა, რუსეთი გვბომბავს. კარგია, დანარჩენ ევროპას ეს საშიში ხმები არ ესმის – პოდოლიაკი

    “52 ღამეა, რუსეთი გვბომბავს. კარგია, დანარჩენ ევროპას ეს საშიში ხმები არ ესმის “-  ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

    ”52 ღამეა, ათასობით უკრაინელი სირენების და რაკეტების საშინელ ხმას ისმენს. არავინ იცის, სად დაეცემიან ისინი და ვის მოკლავენ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ყოველ ღამე ბომბავს ჩვენს ქალაქებს, იმისთვის, რომ შეაშინოს და დახოცოს. კარგია, რომ დანარჩენ ევროპას ეს შემაშინებელი ხმები არ ესმის. ” – წერს პოდოლიაკი.

  • რატომ ვერ ეხმარება უკრაინული არმია მარიუპოლის ალყაში მყოფ მებრძოლებს–დეტალური ანალიზი

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე დეტალურად აღწერს, უკრაინის ზღვისპირა, სტრატეგიულ ქალაქ მარიუპოლში არსებულ ვითარებას და იმას, თუ რატომ ვერ ეხმარება უკრაინული არმია ალყაში მყოფ მარიუპოლის მებრძოლებს:

    “რუსები მარიუპოლს დაახლოებით 15 ათასი სამხედროთი უტევენ. ამას ემატებიან სეპარატისტებისა და რუსი დაქირავებული ძალებიც. უშუალოდ რუსების მიერ ქალაქის დაკავებული რაიონების გარდა მარიუპოლი დაახლოებით სამშრიან ალყაშია მოქცეული. პირველი და ყველაზე ღრმა შრე უშალოდ ქალაქის შემოგარენია, სადაც რუსებს გამაგრებული პოზიციები 3 მარტიდან აქვთ. მეორე შრე ქალაქის შემოგარენში არსებული დასახლებები ნიკოლსკი და სარტანაა. ხოლო მესამე შრე ქალაქს 40-60 კილომეტრით შორდება და უშალოდ ვოლნოვახაზე, ბერდნიანსკზე და ოდნავ უფრო მოშორებით მდებარე პოლოგიზე გადის. თუკი ამ ქალაქებიდან ერთ-ერთის გათავისუფლება არ მოდა უკრაინელები მარიუპოლამდე ვერ მივლენ.

    ალყის დაწყებისას ქალაქ მარიუპოლს იცავდა 3000 სამხედრო და 500-მდე ტერიტორიული დაცვის რაზმელი. ამას ემატებოდა ადგილობრივი პოლიციაც. მცველთაგან დაახლოებით 1200 აზოვის პოლკის წევრი იყო. “აზოვის პოლკის” ცენტრი მარიუპოლში მდებარეობს, მაგრამ თავად მისი წევრები აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ქალაქების დაცვაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ანუ “აზოვი” მხოლოდ მარიუპოლს არ იცავს. თუმცა მათი სამხედრო ლიდერი და უკრაინის გმირის წოდების მქონე დენის პროკოპენკო მარიუპოლშია გამაგრებული.

    ქალაქი 500 ათასი მოსახლისაგან შედგებოდა. წარმოდგენა რომ უკეთ შეგვექმნას მასშტაბებზე საქართველოს ქალაქების მოსახლეობას შევადაროთ: ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის მოსახლეობა, რომ გავაერთიანოთ დაახლოებით გამოვა მარიუპოლის მოსახლეობის ომამდელი რაოდენობა. ომის დაწყებიდან დღემდე ქალაქში 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოკლეს რუსებმა. 30 ათიათასამდე მოსახლე დააკავეს და რუსეთში გადაასახლეს და სპეციალური სიების შედგენის შემდეგ მრავალი მათგანი საკონცენტრაციო ბანაკებში ჰყავთ დამწყვდეული.

    ბოლო ერთი კვირაა ქალაქში რუსებმა მოახერხეს და ცენტრალური რაიონის დიდი ნაწილი დაიკავეს. სამი დღის წინ შევიდნენ პორტის მიდამოებშიც, პრიმორსკის რაიონში – სანაპირო ზოლზე დასავლეთით.

    ზუსტად უცნობია თუ რა მდგომარეობაა ზღვიდან დაშორებულ კალმიუსკის რაიონში, რომელსაც საზღვაო ქვეითები იცავდნენ, შემდეგ რუსებმა მათი ალყაში მოქცევა მოახერხეს, მაგრამ გარღვევა შედგა და ქვეითები აზოველებს შეუერთდნენ. სავარაუდოა, რომ რაიონის ნაწილს კვლავ ინარჩუნებენ უკრაინელები.

    რაც შეეხება ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს. ლივობერჟნიის რაიონის დიდი ნაწილი რუსებმა ქალაქისათვის ბრძოლის ადრეულ სტადიაზევე დაიკავეს, მაგრამ აი აზოვსტალისაკენ მიმავალი გზა კვლავ უკრაინელების ხელშია. პირველი შეტევების შემდეგ რუსები დაახლოებით სამი კვირაა ამ რიონში ძალიან ნელა მიიწევენ წინ. წინააღმდეგობა აზოვსტალისაკენ მიმავალ გზაზე მზარდია.
    ზღვაზე რუსული საბრძოლო ხომალდებია მობილიზებული და უკვე რამდენჯერმე დაიბომბა მარიუპოლის ცენტრი, მათ შორის პრიმორსკის რაიონიც.

    უკრაინელ მცველთა ერთ-ერთი ბოლო იმედი სწორედ აზოვსტალის ქარხანაა. ის 1930 წელს იქნა აგებული და რკინისა და ფოლადის წარმოების ღერძია უკრაინაში. რუსები ქარხანას მარტის დასაწყისიდან ბომბავენ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აზოვსტალი განახლდა და ბევრად უკეთაა დაცული. წარმოებული რკინა და ფოლადი და ქარხნის სიღრმეები უკრაინელებს დიდ უპირატესობას აძლევს.

    უკრაინულმა შვეულმფრენებმა მოახერხეს (მინიმუმ ერთხელ) შესვლა მარიუპოლში. შესაბამისად, ციდან მარიუპოლი უკვე მომარაგდა. ამას დაემატა უკრაინელთა მხრიდან ნაალაფარი ტექნიკაც. ამასთან, მარიუპოლის მცველები ეფექტურად იყენებენ დრონებს, რომლითაც იღებენ მიზანს და შემდეგ უტევენ მას ან დრონებზე ამაგრებენ ჭურვებს და აგდებენ მძიმე ტექნიკის მისამართით.
    უშუალოდ სახმელეთო გზით მარიუპოლი ვერ მომარაგდება, მცირე რაზმებითაც კი, რადგან ქალაქის შესასვლელ-გამოსასვლელი სრულიად ბლოკ-პოსტებითაა ჩახერგილი.

    რა უშლის ხელს უკრაინას წამოიწყოს მასშტაბური შეტევა? სანამ უშუალოდ ამ კითხვაზე გავცემდე პასუხს შევაფასოთ გეოგრაფიული არეალი. თავად მარიუპოლში არის ბორცვები, მაგრამ როგორც კი ქალაქს ვშორდებით იწყება სტეპი – სრულიად მოსწორებული მინდორ-ველები. ტყე რომ ტყეა ისიც მხოლოდ სამგან გვხვდება – უშუალოდ მარიუპოლის ჩრდილოეთით, ნიკოსლსკისთან – მარიუპოლიდან 16 კილომეტრში და ვოლნოვახასთან – მარიუპოლიდან 60 კილომეტრში. დანარჩენი მთლიანად უტყეოა.

    უკრაინელები ქალაქიდან ყველაზე ახლოს 80-90 კილომეტრში იმყოფებიან. როგორც თავში აღინიშნა მათ ან დონეცკის რაიონის ქალაქი (ნაქალაქარი) ვოლნოვახა უნდა გაათავისუფლონ ან პოლოგი რომ შეტევის შესაძლებლობა შეიქმნას. ამასთან, სწორედ რელიეფიდან გამომდინარე სამხრეთით მსგავსი შეტევისათვის საჭიროა დიდი რაოდენობით ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი, არტილერია და ავიაცია. აქ კოლონებად გადაადგილება შეუძლებელი იქნება, რადგან რუსული არტილერიის ან სარაკეტო დარტყმების საშიშროება შეიქმნება. შესაბამისად, შეტევის მომზადება ან ზაპოროჟიეში უნდა მოხდეს და მერე უეცარი და სწრაფი გაშლა დაიწყონ მექანიზებულმა ბრიგადებმა, ან ქვეითებმა უნდა დაიკავონ ვოლნოვახა და იქიდან სცადონ ქალაქთან მიახლოება. მხოლოდ გზით ვერ გადაადგილდები, ჩასაფრების შანსი იქმნება. ტექნიკის მდელობზე გაშლისათვის კი წვიმიანი და ტალახიანი ამინდი მთლად კარგი არ არის. მაგრამ სრულმასშტაბიან შეტევას სჭირდება შორს მსროლელი არტილერია. თუკი უკრაინელებმა მიიღეს არტილერია, რომელიც 100+ კილომეტრის დაშორებით სამიზნეს გაანადგურებს მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუს მოალყეთა პოზიციები ყველა მიმართულებით იქნება ცეცხლის ქვეშ მოქცეული. აი კარგი არტილერია მართლაც სრულად შეცვლიდა არსებულ რეალობას.

    არის სხვა ვარიანტიც: უკრაინელები თუკი დაიძრნენ და მოახერხეს სამხრეთ-დასავლეთით, ხერსონისა და ნოვა კახოვკას დაბრუნება ან ზაპოროჟიედან მელიტოპოლისაკენ დაძვრა, მაშინ მარიუპოლს დასავლეთიდან მომდგარი რუსი მოალყეები ლოჯისტიკური მომარაგების პრობლემის ქვეშ აღმოჩნდებიან ან/და ამ ქალაქების შენარჩუნებისათვის მარიუპოლიდან თავიანთი ნაწილების მოხსნა მოუწევთ.

    თუმცა უკრაინელები ვერ იჩქარებენ, რადგან რუსები დონბასიდან შეტევის დაწყებას აპირებენ. ლოგიკურია, რომ თუკი (და იმედია) უკრაინელები წარმატებით მოიგერიებენ რუსულ შეტევას, მაშინ მათი კონტრშეტევაზე გადასვლა უფრო რეალისტური იქნება.

    თუკი მარიუპოლი დაეცა არის გარღვევაზე წასვლის შანსიც. ანუ უკრაინელი მცველები გამოვიდნენ თავდაცვითი პოზიციებიდან და ჩრდილოეთისაკენ სცადონ გაჭრა უკრაინული დანაყოფებისაკენ. ასეთი პრეცედენტები გვქონია. მათ შორის ყველაზე მსგავსი ვუკოვარის ალყაა ხორვატიაში 1991 წელს, სადაც სერბების მიერ სამთვიან ალყაში მყოფმა ხორვატმა მცველებმა და ჩარჩენილმა მოსახლეობამ მას შემდეგ რაც ქალაქი დაეცა გარღვევა სცადა. ბრძოლა მთელი დღე მიმდინარეობდა. კოლოსალური დანაკარგების ფონზე გადარჩენილმა მცველებმა ალყა გაარღვიეს და სამშვიდობოს გავიდნენ. ვიმედოვნოთ რომ მარიუპოლს მსგავსი რამ არ დასჭირდება.

  • სანქციები რუსებითვის მტკივნეულია, თუმცა უფრო დესტრუქციული სანქციები განსაზღვრავს, რამდენ უკრაინელს მოკლავენ – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაწესებული სანქციები ნამდვილად ეფექტურია და ძალიან მტკივნეულია რუსეთისთვის, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ზელენსკის თქმით, საჭიროა უფრო დესტრუქციული, უფრო ძლიერი სანქციები  რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს, იმას, თუ  რამდენი უკრაინელი დაიღუპება.

    “ზოგი ამბობს, რომ ომი რამდენიმე კვირას გასტანს, სხვები – რამდენიმე წელს ვარაუდობენ. ზოგი ამბობს, რომ ომი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. ვიღაცები კი გვირჩევენ, რომ რუსეთთან მუდმივი დაპირისპირებისთვის მოვემზადოთ, იქამდე, სანამ ის არსებობს. ჩვენი სამხედროების წარმატება ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანია. ისტორიულად მნიშვნელოვანი. მაგრამ ჯერ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ჩვენი მიწა დატოვონ.

    რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მათთვის ძალიან მტკივნებულია, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსული სამხედრო მანქანა საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩეს. უფრო დესტრუქციული, უფრო ძლიერი სანქციები განსაზღვრავს იმას, თუ კიდევ რამდენ უკრაინელს მოკლავს ოკუპანტი”. – აცხადებს ზელენსკი.

  • კიევსა და ლვოვში აფეთქებები მოხდა

    კიევსა და ლვოვში აფეთქებები მოხდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ამის შესახებ ინფორმაცია,  „ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, თავდასხმა დარნიცკის რაიონზე განხორციელდა.

    აფეთქებები იყო ლვოვშიც.  ლვოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსებმა საჰაერო იერიში ქალაქზე 05:46 საათიდან მიიტანეს. თავდასხმები 07:02 საათამდე გაგრძელდა.

    მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • რამდენიმე იმპორტიორი რუსული გაზის რუბლში გადახდას დათანხმდა – რუსეთის ვიცეპრემიერი

    რუსეთის ვიცეპრემიერი, ალექსანდრ ნოვაკი აცხადებს, რომ რამდენიმე რუსული გაზის იმპორტიორი რუბლში გადახდას დათანხმდა. 

    ნოვაკი ასევე აცხადებს რომ რუსეთი კოდევ ელოდება სხვა იმპორტიორებისგან თანხმობას.

    მომხმარებლობის ვინაობას, რომლებიც უკვე გადავიდნენ რუბლში გადახდის სისტემაზე, მოსკოვი არ ასაჯაროვებს.

  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 200 ბავშვი დაიღუპა

    უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ 200 ბავშვი დაიღუპა, 360 ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

    ჯამში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგად 560 ბავშვი დაზარალდა.

  • უკრაინის 918 დასახლება დეოკუპირებულია – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის უკრაინის 918 დასახლებული პუნქტი რუსული ჯარისგან თავისუფალია.

    „გრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრების აღდგენა იმ ადგილებსა და დასახლებებში, საიდანაც რუსები გავდევნეთ. გასაკეთებელი საქმე ნამდვილად უდიდესია. სხვადასხვა ზომის, თუმცა ჩვენთვის, უკრაინისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი 918 დასახლება უკვე დეოკუპირებულია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ბალტიის რეგიონში რუსეთს ბირთვული იარაღი უკვე აქვს – ლიეტუვა

    ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი აცხადებს რომ რუსეთს ბალტიის რეგიონში ბირთვული იარაღი  უკვე აქვს. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ბალტიის ზღვის ნაპირებზე მყოფ რუსულ ანკლავში, რუსეთი დიდი ხანია, რაც ბირთვულ შეიარაღებას ინახავს.

    “რუსეთის მუქარა ძალიან უცნაურად გამოიყურება, როცა ვიცით, რომ ახლანდელი უსაფრთხოების სიტუაციის გარეშეც, ისინი ბირთვულ იარაღს ლიტვის საზღვრიდან 100 კილომეტრში ინახავენ… კალინინგრადში ყოველთვის ინახებოდა ბირთვული იარაღები… საერთაშორისო საზოგადოებამ და რეგიონის ქვეყნებმა ეს მშვენივრად იციან. ისინი ამას მუქარად იყენებენე”. – თქვა ანუშაუსკასმა.

  • “ამერიკა არ აპირებს რუსი ოლიგარქებისთვის ქონების დაბრუნებას”-სალივანი

    შეერთებული შტატები განაგრძობს მცდელობას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს სანქციებისთვის თავის არიდება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს.

    “მომავალი დღეების განმავლობაში ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საკითხზე”, – თქვა სალივანმა ვაშინგტონის ეკონომიკური კლუბის ფარგლებში მიცემული ინტერვიუსას. მისივე განმარტებით, მომავალ კვირებში მეტი იქნება ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ამერიკა ამ კუთხით მუშაობას, როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, გეგმების შესახებ მეტი დეტალი სალივანს არ გაუმხელია.

    თეთრი სახლის მრჩეველმა თქვა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს პუტინთან დაკავშირებული ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას. “ჩვენი მიზანია, რომ ეს ქონება გამოვიყენოთ უკეთესი მიზნებით. მაგრამ მინდა, რომ ფრთხილად ვისაუბრო ამის შესახებ, რადგან ახლა მუშავდება პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. თუმცა, გარწმუნებთ, მიზანი არ არის, რომ ისინი შევინახოთ და შემდეგ უკან დავაბრუნოთ”.

    სალივანის თქმითვე, ნებისმიერი ძალისხმევა რუსეთის მხრიდან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესის შესაფერხებლად, ვითარებას გაამწვავებს. “ამერიკა არ მოქმედებს უკრაინის ტერიტორიის შეგნით, მაგრამ თუკი რუსები იერიშს მიიტანენ ნატოს ტერიტორიაზე, სადაც მასალები იწყობა, ეს მეხუთე მუხლის ამოქმედებას გამოიწვევს და სრულად შეცვლის ვითარებას”, – თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში.

    წყარო: ამერიკის ხმა