Category: სლაიდერი

  • უკრაინაში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა

    უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს ქვეყანა დატოვონ.

    “უსაფრთხოების მდგომარეობა მთელს უკრაინაში კვლავ სასტიკი და არაპროგნოზირებადია რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო თავდასხმების, ქვეყანაში აქტიური საომარი მოქმედებებისა და უსაფრთხოების გაურკვეველი პირობების გამო. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეებს არ ჩავიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფებს დაუყოვნებლივ დატოვონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტით, თუ ეს უსაფრთხოა”, – წერია საელჩოს განცხადებაში. 

  • დღეს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს პასუხს გასცემენ – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ დღეს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს ვინიცის, მიკოლაევისა და ხარკოვის დაბომბვისთვის პასუხს გასცემს. ამის შესახებ არესტოვიჩმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

    „ჩვენ მათ ვურტყამთ, ხოლო ისინი ჩვენ. განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ისაა, რომ ჩვენ ვურტყამთ მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს. უკვე 300 წელია ცივილიზებულ სამყაროში ომის წესები გულისხმობს ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას მოქმედების მეთოდებისა და განადგურების საშუალებების არჩევისას.

    თუ ომისას პრობლემის გადასაჭრელად საკმარისია მტრის დაჭრა და არა მოკვლა, წესები გულისხმობს, რომ მტერი მხოლოდ უნდა დაიჭრას. ფრთოსანი რაკეტების სროლა ქალაქის ცენტრში არ არის მხოლოდ ომის წესების დარღვევა. ესაა ლოგიკისა და ცივილიზაციის უარყოფა. და ცივილიზაცია იძლევა პასუხს. ეს პასუხი არ იქნება სწრაფი, რადგან ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. მაგრამ ყოველი ასეთი დარტყმა აჩქარებს ცივილიზაციის მიერ ზომების მიღებას ანტიცივილიზაციის წინააღმდეგ: სანქციებს, იარაღის გადაცემას. იქნება კიდევ ბევრი ჩვენი დარტყმა, მათი საპასუხო დარტყმა, ისევ ჩვენების, ისევ მათი.

    პუტინის რეჟიმი დამარცხდება ბრძოლის ველზე, მისი დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. და მას მოკლავს როლი, რომელიც მათ თავად აირჩიეს – ანტიცივილიზაცია.

    დღეს ღამით, ЗСУ (თვითმავალი საზენიტო ქვემეხი) ოკუპანტებს ვინიცის, მიკოლაევისა და ხარკოვისთვის პასუხს მოჰკითხავს“, – წერს არესტოვიჩი.

    უკრაინის ქალაქ ვინიცაში დღეს, 14 ივლისს მომხდარი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას ამ დრომდე აზუსტებენ, ნანგრევებში მოყოლილებს კი მაშველები ეძებენ. დილით, ქალაქის ცენტრის დაბომბვას, ბოლო ინფორმაციით 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. 80-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 39 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

  • საფრანგეთი უნდა ემზადოს რუსული გაზის მოწოდების სრული შეწყვეტისთვის–მაკრონი

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი გაზს იყენებს როგორც ომის იარაღს და მზად უნდა იყვნენ მისი მოწოდების შეწყვეტისთვის.

    ამის შესახებ როიტერი წერს.

    საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა თქვა, რომ ამ მობილიზაციის ნაწილია ფრანგი მომხმარებლების და საწარმოების ჩართვა ენერგიის მოხმარების შემცირების კამპანიაში.

    “უნდა მოვემზადოთ სცენარისთვის, როცა მოგვიწევს სრულად ვთქვათ უარი რუსულ გაზზე“–თქვა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში წარმოადგენს ენერგომოხმარების შეკავების დეტალურ გეგმას.

    მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე საფრანგეთმა უნდა განაგრძოს საკუთარი არმიის გაძლიერება, ახალი საბრძოლო ტექნიკის შექმნა და საბრძოლო მასალების მარაგების შევსება.

  • იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი თანამდებობას ტოვებს

    იტალიის პრემიერ მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდის.

    პრემიერის პრეს სამსახურის ინფორმაციით, დრაგიმ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელეს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

    “მინდა განვაცხადო, რომ დღეს საღამოს გადავცემ გადადგომის თხოვნას რესპუბლიკის პრეზიდენტს“– ნათქვამია დრაგის განცხადებაში.

    მინისტრებისადმი მიმართვისას დრაგიმ აღნიშნა, რომ აღარ არსებობს ნაციონალური ერთიანობის კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა მთავრობას მისი შექმნის მომენტიდან, შესაბამისად, ის ვეღარ ხედავს მისი კაბინეტის მუშაობის შესაძლებლობას.

    გადადგომის საბაბი გახდა მოძრაობა “5 ვარსკვლავის“ – მმართველი კოალიციის ერთ–ერთი მთავარი პარტიის უარი, მონაწილეობა მიეღო კენჭისყრაში იტალიის პარლამენტის ზედა პალატაში მთავრობის ნდობის გამოცხადების შესახებ, რითაც მათ ფორმალურად დააფიქსირეს საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლა.

    მანამდე დრაგი აცხადებდა, რომ ვერ ხედავს მის მთავრობას მოძრაობა “5 ვარსკვლავის“ მონაწილეობის გარეშე, ამასთან აღნიშნავდა, რომ კოალიციის ულტიმატუმების გზით შენარჩუნებას აზრი არ აქვს.

    შეგახსენებთ, რომ მარიო დრაგიმ იტალიის მინისტრთა საბჭოს მეთაურის პოსტი 2021 წლის 13 თებერვალს დაიკავა.

  • პოლონეთში ყოფილ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკთან, მასობრივი სამარხი იპოვეს

    პოლონეთში, საკონცენტრაციო ბანაკთან ახლოს მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს – ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი იუწყება. ქალაქ ჯიალდოვოში აღმოჩენილ სამარხში სულ მცირე 8 000 ადამიანის, ჯამში კი 17.5 ტონა ფერფლია აღმოჩენილი.

    მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ცხედრები შეაგროვეს და დაწვეს ნაცისტური ოპერაციის დროს, რათა ჩადენილი მკვლელობების კვალი დაეფარათ. ნაცისტებმა სოლდაუში მოკლეს ებრაელები, პოლიტიკური ოპონენტები და პოლონური ელიტის წევრები.

    აღნიშნული საკონცენტრაციო ბანაკი,  1939 წელს აშენდა. ითვლება, რომ იქ 30 000-მდე ადამიანი დაიღუპა და მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ნეშტების დნმ-ის ანალიზს ჩაატარებენ, რათა მეტი გაიგონ მსხვერპლის შესახებ. მოკლულ პოლონელებს შორის იყვნენ სასულიერო პირები და ინტელიგენციის წარმომადგენლები.

     

     

  • ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულებს მოსამართლემ 20 და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

    ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული სამივე პირი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით ბექა ლატარია ცნობილი იქნა დამნაშავედ შემდეგი მუხლების დარღვევაში: 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა,  შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად). მას კიდევ ერთი – 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) დარღვევას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამ მუხლში ლატარია გამართლდა.

    ბრალდებული ბიძინა ხასია მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო 109-ე განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    მესამე ბრალდებული ლევან რაჯავი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 353-ე  [პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით] და 265-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა;

    განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზი ხმაური მოჰყვა. ბრალდებული ლატარია ბადრაგებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

    • 2021 წლის 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. ​ანასტასია შატალოვას, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, 3 წლის შვილთან ერთად, ცხოვრობდა, გვიან ღამით სახლში დაბრუნებისას,  ჯერ ჩაუსაფრდნენ და შემდეგ თავს დაესხნენ.
  • “ეს რუსული ტერორის აქტია! ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან” – ზელენსკი ვინიცას დაბომბვაზე

    “რუსული რაკეტები დღეს დილით ჩვენს ქალაქ ვინიცაში ჩამოვარდა. ეს ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ქალაქია. საკრუიზო სარაკეტო დარტყმა ორ შენობაზე განხორციელდა. დაინგრა სახლები, სამედიცინო ცენტრი, დაიწვა მანქანები. ეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან. რვა რაკეტიდან ორის სამიზნე ქალაქის ცენტრი იყო. ამ დროისთვის ოცი ადამიანია დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი”

    ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვინიცას დაბომბვას.

  • “მესამე მხარედ ჩართვა, ვალდებულებები” – საგარეოს პასუხი თუ  რატომ არ შეუერთდა უკრაინის სარჩელს

    “მესამე მხარედ ჩართვა, ვალდებულებები” – საგარეოს პასუხი თუ რატომ არ შეუერთდა უკრაინის სარჩელს

    საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ არ შეურთდა საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას.

    “საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.

    ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშნული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“).

    გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა.

    საქართველო, კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას”.- ნათქვამია განცხადებაში.

  • 15 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

    კომპანია თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ 15 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    ქუჩების ჩამონათვალი: 

    დიდუბის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის, სამხედრო გზატკეილის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, V კვარტლების (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, იუნკერ მიხეილ იოსელიანის, ბაქოს, ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის, ფოთის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ოსიპ მანდელშტამის, გოჩა ონაშვილის, ხარაბაძის, ლაღიძის, ანთიმოზ ივერიელის, ჯიქიას, მახათას, მთავარანგელოზის, სევანის, მარინე თბილელის, დმანისის, მარტყოფის, ობსერვატორიის, კონსტანტინე ერისთავის და იუსტინე აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბოლნისის, დირსიჭალის, სოლომონ დოდაშვილის, ლერწმის, მანავის, ჩკალოვის, საექიმოს, მიხეილ აბრამიშვილის, შოთა ნადირაშვილის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:   რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჩიტაძის, ასათიანის, თაბუკაშვილის, ბერიძის, პაოლო იაშვილის, ინგოროყვას, ჩაიკოვსკის, ჭონქაძის და ვასო აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხის, გურიის, ძმები ზუბალაშვილების, ბარნოვის, ტარიელის, ლიხის, ელიზბარ ზედგენიძის, ყიფიანის, ზაალ ქიქოძის, ლაღიძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რიწის, მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, ზანდუკელის, ჩაბალის, სულიკო ჟღენტის, ზეინაბ ბოცვაძის, ცხემის, ბესიკის,  მიხეილ ჯავახიშვილის, არსენას, ვეძინის, თხინვალის, გიორგი გიგაურის, ვანო სარაჯიშვილის, ძმები კაკაბაძეების, 8 მარტის, ეკატერინე გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის, მთაწმინდის  და ბორბალოს ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და გივი ამილახვარის ქუჩის მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილ ღოღობერიძის, ეკა ბეჟანიშვილის, ღრმაღელის, კნოლევის, თამაზ ტოროშელიძის, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის და ქსოვრელის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), წყალსადენის, ფეიქართა და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარაბდის, ნინო ჟვანიას, მარუხის გმირთა, ქობულეთის, კეკელიძის, ოშკის და შატბერაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

  • 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ საინფორმაციო ომს ვიგებთ – კულება

    “ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და სიმართლე ვთქვათ, ასევე გამოვიყენებთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რათა ავუხსნათ მსოფლიოს რა არის უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რატომ არის თავისუფლება ჩვენი სახელი. ჩვენ ვამბობთ ჩვენს ამბავს იმის ნაცვლად, რომ ჩვენზე თქვან. ამჯერად, 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ ვიგებთ საინფორმაციო ომს. რა თქმა უნდა, უცხოეთში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც რუსულ ტყუილებს დაიჯერებენ. მაგრამ ზოგადად, ხალხის კრიტიკული მასა უკრაინის მხარესაა. ეს პრეზიდენტ ზელენსკის მთელი გუნდის დიდი მიღწევაა”

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 13 ივლისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ინტერვენციის დროს მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს იგებს.