Category: სლაიდერი

  • საქართველოში გერმანიის ელჩად პეტერ ფიშერი დაინიშნა

    საქართველოში გერმანიის ელჩის პოსტზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის. ამის შესახებ ფიშერმა Twitter-ზე დაწერა.

    “აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც მექნება პატივი, ვიმსახურო გერმანიის ელჩად საქართველოში”, – წერს ის.

    მანამდე ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. ქნირშმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა.

  • პრაქტიკულად უკვე ვეღარ დადის, მდგომარეობა ყოველ დღე უარესდება – გიული ალასანია სააკაშვილის მდგომარეობაზე

    მესამე პრეზიდენტს კლინიკა “ვივა მედში” ისევ დამატებითი კვლევები დაუნიშნეს. კვლევების ჩატარება ხვალ იგეგმება.

    მიხეილ სააკაშვილი დღეს დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილი თავს უკიდურესად სუსტად გრძნობს და გადაადგილება პრაქტიკულად არ შეუძლია. ალტერნატიული კომისიის დასკვნის გამოყენება კი ისევ გადაიდო, ექიმები ამბობენ, რომ მასში ახალი კვლევების შედეგებიც უნდა აისახოს.

    “ხვალ ახლა უტარდება კიდევ რაღაც მორიგი გამოკვლევა. და რთულდება იმ მხრივ, რომ იცით რა, სუსტდება ადამიანი, პრაქტიკულად უკვე ვეღარ დადის, ფერი აქვს საშინელი ჩემი თვალით, ყოველ დღე ხდება გაუარესება. არის როგორც ჩანს სხვა მიზეზებიც, რომელიც ალბათ გამოკვლეული არ არის.

    რა ვიცი რა ვიფიქრო, საერთოდ რა უნდა ამ ადამიანს ციხეში, დავიწყოთ აქედან, რატომ არის, რატომ არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა, სახელმწიფო და გაუთქვა სახელი მთელ მსოფლიოში, რატომ არის დღეს ციხეში”, – ამბობს გიული ალასანია. 

    მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ ოჯახის მოთხოვნაა რაც შეიძლება მალე მოხდეს შესაბამისი მკურნალობა, რაც საქართველოში ვერ ხერხდება.

    “ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება დროზე მოხდეს მისი საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში გადაყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დაიდოს დასკვნა, ოჯახი ველოდებით ყოველდღიურ რეჟიმში, მნიშვნელოვანია ამერიკელი ექსპერტების ჩართვაც, რომელსაც ველოდებით უახლოესი დღეების განმავლობაში”, – თქვა გიორგი სააკაშვილმა. 

    მიხეილ სააკაშვილი თითქმის სამი თვეა კლინიკაში მკურნალობს. ოჯახიც და ადვოკატებიც ამბობენ, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.

  • ვაშინგტონი მხარს დაუჭერს კიევს მანამ, სანამ დასჭირდება–უკრაინაში აშშ–ს ელჩი

    შეერთებული შტატები გააგრძელებს “უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდება,” დააჩქარებს რა სამხედრო დახმარებას რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში– განაცხადა კიევში აშშ-ს ელჩმა.

    რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში, ბრიჯიტ ბრინკმა, თქვა, რომ ის “ნამდვილად ამაყობს” იმით, რომ შეერთებული შტატები არის “უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების უდიდესი მიმწოდებელი…და ეს მოიცავს შორი მოქმედების არტილერიას, საჰაერო თავდაცვას, სანაპირო თავდაცვას, უხვ საბრძოლო მასალას და ბევრ სხვას“. ბრინკის თქმით, აშშ უკრაინას ახლა ეხმარება პრეზიდენტის უფლებამოსილების გზით, გაუწიოს სამხედრო თანადგომა მოკავშირეებს, რაც მხარდაჭერის ძალიან სწრაფი გზაა. „და ჩვენ ამას ვაკეთებთ ორ კვირაში ერთხელ. ასეთია განრიგი და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და დახმარებას უსაფრთხოების კუთხით, რამდენადაც ეს მას დასჭირდება“, – დასძინა ბრინკმა.

    ბრინკის კომენტარი მოჰყვა თეთრმა სახლის მიერ 22 ივნისს გაკეთებულ განცხადებას, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების სფეროში უგზავნის დამატებით 270 მილიონი დოლარის დახმარებას. პაკეტი მოიცავს უფრო მეტ საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემებს და ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატებს.

    24 თებერვალს, თავის მეზობელზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უსაფრთხოების სფეროში მიწოდებული დახმარების ჯამური ოდენობა 8,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

    ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას, HIMARS-ს და საშუალებას მისცემს კიევს შეიძინოს 580-მდე Phoenix Ghost-ის ტიპის დრონები.

    ამ იარაღმა საშუალება მისცა უკრაინელებს განაგრძონ ბრძოლა რუსული არტილერიის მხრივ უპირატესობის მიუხედავად, აცხადებს ჯონ კირბი, თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს კოორდინატორი სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში.

    წყარო: რადიო თავისუფლება

  • ფაქტია, აქამდე უარყოფითი როლი შეასრულა ქვეყნის ევროინტეგრაციაში-კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

    ფაქტია, პრეზიდენტმა აქამდე უარყოფითი როლი შეასრულა ქვეყნის ევროინტეგრაციაში, – ამ განცხადებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა ხელისუფლებას პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი ევროინტეგრაციის გზაზე.

    „როდესაც პრეზიდენტი ჩადის ბრიუსელში, მერე კი ჩამოდის და ამბობს, რომ შარლ მიშელმა რაღაცები უთხრა და მას პასუხი არ ჰქონდა, ესეც არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ უნდა წავიდეს ვიზიტით მთავრობა და არა პრეზიდენტი. მთავრობა როდესაც მიდის, ის ობიექტურად და სუბიექტურადაც დაინტერესებულია, ბოლომდე დაიცვას ქვეყნის პოზიციები, მთავრობის პოზიციებიც და ქვეყნის პოზიციებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც აკრიტიკებს მთავრობის, პარლამენტის, ან მმართველი გუნდის საქმიანობას, მთავრობა სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, საკუთარი პოზიციები დაიცვას, პრეზიდენტს კი ეს ინტერესი არ აქვს.

    აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ჩავიდა მაგალითად, მიშელთან, ვერც მოახერხა და არც მოახერხა ქვეყნის პოზიციების დაცვა. პირიქით, მერე გამოვიდა, ბრიფინგი ჩაატარა, ათი რაღაც თქვა და რეალურად, ათივე სინამდვილეს იყო აცდენილი. რეალურად, ბრჭყალებში, დაასაბუთა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა. როდესაც პრეზიდენტს თვითონ არ სჯერა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად წელშია გამართული და ასე მიდის ვიზიტით ბრიუსელში, იმან რა პროდუქტიული როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ევროინტეგრაციაში?!“, – განაცხადა კობახიძემ.

    მისი თქმით, პრეზიდენტის ასეთი ქმედების მიზეზი შეიძლება, იყოს ის, რომ შესაძლოა, ის რაღაცებს სათანადოდ ვერ აანალიზებს, ან რაღაცების გამო ხიბლშია ჩავარდნილი, მათ შორის, გარკვეული გავლენების და ვიღაცების მხრიდან პრივილეგიების გამო.

    „ვიღაცების მხრიდან პრივილეგიები შეიძლება, ქვეყნის შიგნით იყოს, შეიძლება, გარეთ. მართლა არ მინდა ამაში შესვლა. რატომ აკეთებს ამას პრეზიდენტი, არ ვიცი, მაგრამ ეს არის, ჩვენ რაღაც ლოგიკური დასკვნები შეიძლება, გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, რაღაც ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციაც არის, მაგრამ ამაში მე არ შევალ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    წყარო: პირველი არხი

  • უკრაინელმა სამხედროებმა როგორც ჩანს, ხერსონში კონტრშეტევა დაიწყეს – ISW

    ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, უკრაინელები სავარაუდოდ ემზადებიან, ან უკვე დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონის ოლქში.

    ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ინფორმაცია ღია წყაროებიდან კონტრშეტევის მიმდინარეობის და ტემპების შესახებ სავარაუდოდ შეზღუდული იქნება და დაგვიანებით, რეალური მოვლენებისგან ჩამორჩენით გავრცელდება.

    შესაბამისად, ხერსონში კონტრშეტევის ანალიზი შესაძლოა ცოტა არაზუსტი იყოს ღია მონაცემების შეზღუდული რაოდენობის გამო.

    ISW–ს მონაცემებით, რაიონი ფრონტის ხაზსა და ხერსონს შორის სასოფლოა და ძირითადად მცირე დასახლებული პუნქტებისგან შედგება, რომლებიც დიდი ალბათობით არ ავრცელებენ ინფორმაციას ჯარების გადაადგილების და ბრძოლების შესახებ, რაც ამ ტერიტორიებზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ღია წყაროებში  შეზღუდულ გავრცელებას იწვევს. თავად ოკუპანტებს კი, ბუნებრივია არ აქვთ სურვილი უკრაინული არმიის გამარჯვებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ.

    ბოლო კვირებში ვრცელდება ფრაგმენტული ინორმაცია ხერსონის ოლქში უკრაინელების წარმატებების შესახებ, მათ შორის რუსი ოკუპანტების საწყობების, მომარაგების მარშრუტების და ლოჯისტიკური გზების განადგურების შესახებ, რაც ხერსონში მყოფი რუსული ძალების იზოლაციას იწვევს. უკრაინელებმა ააფეთქეს ანტონოვსკის  ხიდი ხერსონთან, რომელიც ქალაქს დნეპრის მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებს, შემდეგ კი დარიევსკის ხიდი მდინარე ინგულეცზე, რაც ხერსონის გათავისულების ოპერაციის მოსამზადებელ ნაბიჯებად აღიქმება.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 05:49 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

    მისი სიდიდე 3.8 მაგნიტუდა იყო.

  • რუსმა დეპუტატმა აღიარა, რომ ოდესის პორტზე სარაკეტო შეტევა რუსეთმა განახორციელა

    რუსმა პროსახელისუფლო ჟურნალისტმა და დუმის დეპუტატმა, ევგენი პოპოვმა ბიბისი–სთან საუბარში აღიარა, რომ ოდესის პორტზე შეტევა რუსული რაკეტებით მიიტანეს.

    ის ამტკიცებს, რომ რუსული დარტყმის სამიზნე იყო სარაკეტო სისტემები, რომლებიც პორტში იყო განლაგებული.

    “ჩვენ დავარტყით სამხედრო ინფრასტრუქტურას ოდესის პორტში. და თქვენ კარგად იცით რაკეტების დასახელება. ეს არის რაკეტები “გარპუნი“. ისინი ოდესაში იყო ბაზირებული და ჩვენ ისინი გავანადგურეთ“– თქვა მან ინგლისურ ენაზე.

    “ამ შეტევის შედეგად არავინ დაღუპულა და არავინ დაზიანებულა“– თქვა მან.

    მანამდე ოდესის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად არიან დაჭრილები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუსახელებია.

    პოპოვ ამბობს, რომ რუსულ მხარეს სტამბულის შეთანხმება არ დაურღვევია და მათ უბრალოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა დაანგრიეს.

    რამდენიმე საათით ადრე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა ანკარასთან საუბარში გამორიცხეს რუსეთის მონაწილეობა ოდესაზე სარაკეტო შეტევებში.

  • თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს ოდესის პორტის დაბომბვასთან

    თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ხუსული აკარის  განხადებით შაბათს რუსეთის წარმომადგენლებმა ანკარას აცნობეს, რომ “რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს“ ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმასთან.

    “ჩვენი კონტაქტების დროს რუსეთთან მათ გვითხრეს, რომ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ თავდასხმასთან, და რომ ისინი სწავლობენ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით და დეტალურად“– უთხრა აკარმა ჟურნალისტებს.

    თურქეთი შეშფოთებულია იმის გამო, რომ აფეთქებები ოდესის პორტში ხორბლის ექსპორტზე შეთანხმების ხელმოწერიდან მალევე მოხდა, რომელიც რუსეთსმა და უკრაინამ პარასკევს სტამბოლში დადეს, თქვა ჩინოვნიკმა. ხელშეკრულების ხელმოწერას თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეშიც ესწრეოდნენ.

    შაბათს დილით ოდესის პორტში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინამ რუსეთი სარაკეტო შეტევებში დაადანაშაულა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით პორტის მიმართულებით კალიბრის ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 2 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა, თუმცა ხორბლის საცავები არ დაზიანებულა.

  • რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს საკუთარ სიტყვას – ზურაბიშვილი ოდესის პორტის დაბომბვაზე

    რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს საკუთარ სიტყვას – ზურაბიშვილი ოდესის პორტის დაბომბვაზე

    “ოდესის დაბომბვა, მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად შეთანხმება შედგა, ძალადობრივი აქტია და უნდა დაიგმოს.

    ეს აჩვენებს, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურ ჰუმანიტარულ და მიწოდებასთან დაკავშირებულ სიტუაციას”

    ასე ეხმაურება, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოდესის პორტის დაბომბვას.

    ცნობისთვის, გუშინდელი შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, რუსეთმა დღეს დილით ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინის სამხრეთ გვარდიისა და თავდაცვის ძალების პრესცენტრის ინფორმაციით დაბომბვის შედეგად, მარცვლეულის საწყობი არ დაზიანებულა.

  • ჯანმო-მ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების გამო, ჯანდაცვის სფეროში გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

    ორგანიზაციის განმარტებით, „მაიმუნის ყვავილი“ 75 ქვეყანაში დაფიქსირდა და გლობალურად „მაიმუნის ყვავილის“ 16 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეიესუსის ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების 5 შემთხვევა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მიიღო გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს საგანგებო კომიტეტში მომუშავე ექსპერტებს შორის კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად.

    • “ჯანმო-ს შეფასება არის, რომ მაიმუნის ყვავილის რისკი ზომიერია გლობალურად და ყველა რეგიონში, გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც ჩვენ რისკს ვაფასებთ, როგორც მაღალს. ეს არის ეპიდემია, რომელიც შეიძლება შეჩერდეს სწორი სტრატეგიებით სწორ ჯგუფებში“, – დასძინა მან.