Category: სლაიდერი

  • საქართველოში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს – ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია – ტეფტი

    შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საღ აზრს და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ზოგიერთი ადამიანის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს შეერთებულ შტატებს საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნა სურს. დიპლომატი აცხადებს, რომ ვაშინგტონი საპირისპიროს ცდილობს, თეთრ სახლს სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომი, უფრო ფართო მასშტაბებს არ მიიღებს. ტეფტის თქმით, ომის დაწყების დღიდან, ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა, ამიტომ მისთვის რთული წარმოასდგენია, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, საქართველოში გარკვეული პირების მხრიდან, „მეორე ფრონტის“ შესახებ მიმდინარე რიტორიკას.

    „ზოგიერთები საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია. ყოველ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რაც მე რუსეთის ომთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ ვიცი… როცა ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც სხვა ხდება, ჩემთვის ეს საღ აზრს მოკლებული განცხადებებია. არ მესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რადგან ამის შესახებ აქ, ვაშინგტონში ნამდვილად არაფერი მსმენია და მე მჭიდრო კავშირი მაქვს უამრავ ადამიანთან, როგორც მთავრობაში, ასევე მის გარეთ“ – აცხადებს ტეფტი.

    ყოფილი ელჩი, აშშ-ის მოქმედი ელჩის წინააღმდეგ, თბილისში მიმდინარე ნეგატიურ კამპანიას ეხმაურება. ტეფტის თქმით, მისთვის ისიც გაუგებარია, რატომ შეიძლება ფიქრობდეს ვინმე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ელჩ დეგნანს შორის, „რაიმე განსხვავებაა.“

    „სიმართლე გითხრათ, ეს [ელჩის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიური კამპანია] ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან. მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებით, რომელიც ნედ პრაისმა გასულ კვირას, ელჩი დეგნანის დასაცავად გააკეთა, ვფიქრობ, მთავრობის შიგნითაც იგივე ხდება. ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ. კელი დეგნანი ამ ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელია. ვიცი, რომ ის არის ძალიან ფრთხილი და პროფესიონალი დიპლომატი. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს და ღიად საუბრობს ამ ინტერესებზე“ – აცხადებს ტეფტი, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

    დიპლომატს მიაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, „აკნინებს ძალისხმევას, რომელიც [ორ ქვეყანას შორის] უკეთესი ურთიერთობების ქონისკენაა მიმართული.“

    ტეფტის განმარტებით, ზოგადად, თუ დიპლომატიაში რაიმე პრობლემა იქმნება, ამის შესახებ პირისპირ საუბრები იმართება და არა საჯარი გამოსვლები. „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ნაწილია გახდეს ევროკავშირის და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი. ეს ორი რამ ურთიერთგამომრიცხავია. სწორედ ამის გამო, საქართველოს მეგობრებს უჭირთ ეს გაიგონ“ – ამბობს დიპლომატი.

    ჯონ ტეფტი, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს, 2005-2009 წლებში იკავებდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ბლინკენი ლავროვს ამერიკელი პატიმრების გათავისუფლებაზე ესაუბრა

    უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ბლინკენის თქმით, მათ რუსეთში დაკავებული ამერიკელების, ბრიტნი გრიანერისა და პოლ უელანის გათავისუფლების საკითხი განიხილეს.

    “მე მოვუწოდე კრემლს, რომ მიიღოს შეთავაზება პოლ უილანისა და ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამასთან, ხაზი გავუსვი, რომ მსოფლიო ელოდება რუსეთისგან შეთანხმების შესრულებას, რომელიც მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეულ იქნა უკრაინასთან, თურქეთთან და გაეროსთან”, – განაცხადა ბლინკენმა.

    CNN-ის ინფორმაციით, რუსეთი ამერიკელი პატიმრების, სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკლვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს.

  • ბოლო 24 საათში ოკუპანტების საბრძოლო მასალის 12 საწყობი და 4 ბაზა გავანადგურეთ

    ბოლო 24 საათში ოკუპანტების საბრძოლო მასალის 12 საწყობი და 4 ბაზა გავანადგურეთ – ნათქვამია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების 16 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

    “დღის განმავლობაში დემილიტარიზებულია 12 საბრძოლო საცავი და ოთხი რუსული ბაზა”. – წერია განცხადებაში.

  • ცინიკური და კარგად მოფიქრებული „ცრუ დროშის“ ოპერაცია – პოდოლიაკი უკრაინელი ტყვეების დაბომბვაზე

    “ცინიკური და კარგად მოფიქრებული „ცრუ დროშის“ ოპერაცია” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტელეგრამში“ განაცხადა.

    „ადგილი აქვს სიზუსტით დაგეგმილ თავდასხმას კოლონიაზე, რომელიც განახორციელა რუსულმა ჯარმა. ელენოვკაში არ არის ოპერატიული სამხედრო სამიზნე უკრაინული ჯარისთვის. უფრო მეტიც, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველა ინსტრუმენტი ობიექტების ზუსტი იდენტიფიკაციისთვის, რომელთა განადგურებაც უნდა მოხდეს – საბრძოლო მასალების საწყობების, ოპერატიულ- ტაქტიკური შტაბების, საწვავის ბაზების“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

    პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ რუსი პროპაგანდისტების მხრიდან საინფორმაციო კამპანიის მასშტაბი და სიჩქარე მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო სწორედაც რომ დაგეგმილი და დაორგანიზებული აქცია.

    „ჩვენ ვიცით, რომ ტყვეების ნაწილი დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს ბარაკებში, რომლებზეც შემდეგ დარტყმა განხორციელდა. ეს არის კლასიკური, ცინიკური და კარგად მოფიქრებული „ცრუ დროშის“ ოპერაცია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

  • ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

    ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული .. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მ..-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

  • გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა

    გუდაურში ვერტმფრენით ჩამოვარდნისას ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

    დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

    ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს.

    საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ – ღარიბაშვილი ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე

    ”ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ” – ასე ეხმაურება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაზე.

    “შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა, აი, ამ კონფლიქტთან და 100 ზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ” – ამბობს ღარიბაშვილი.

  • ”ამორტიზირებული, საბჭოური წარმოების შვეულმფრენები როდის უნდა შეცვალოს შსს-მ” – ელისაშვილი

    ”ამორტიზირებული, საბჭოური წარმოების შვეულმფრენები როდის უნდა შეცვალოს შსს-მ” – ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.  სამაშველო ვერტმფრენი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, კლდეს შეეჯახა და აფეთქდა

    ”გაანათლოს ღმერთმა ყველა ვინც დღეს დაიღუპა გუდაურში! საშინელი ტრაგედია მოხდა. ისევ უნდა ვთქვა მიზეზებზე და დავსვა კითხვები:
    1. რატომ არის პარაპლანებით ფრენებზე სრული განუკითხაობა? სანამ ასეთი ტრაგედიები არ მოხდება ყური არ უნდა შეიბერტყოს სახელმწიფომ?
    2. სრულიად ამორტიზირებული, საბჭოური წარმოების სატრანსპორტო შვეულმფრენები როდის უნდა შეცვალოს შსს-მ? ასეთ მთაგორიან ქვეყანაში რატომ რ გვყავს არცერთი სამაშველო-სატრანსპორტო თანამედროვე შვეულმფრენი? შავი ჯიპების ფული ხო აქვს მთავრობას და ნორმალური სამაშველო შვეულმფრენის ფულს ვერ ვშოულობთ ხო?” – წერს ელისაშვილი.

  • გუდაურში, სამაშველო ვერტმფრენი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, კლდეს შეეჯახა და აფეთქდა

    გუდაურში, სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა, კლდეს შეეჯახა და აფეთქდა.

    ვერტმფრენში 5 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორი მფრინავი იყო, სამი კი მაშველი.

    შინაგან საქმეთა  სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ქეთი კოვზიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

    ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

    მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის”, – წერს ქეთი კოვზიაშვილი.

  • ევროპელები გაოცებულები არიან, როგორ მოვახერხეთ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა – ღარიბაშვილი

    ”რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ პირველ ექვს თვეში, ივნისის ჩათვლით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 10.5% არის ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნის, ეს არის დიდი გამონაკლისი დღეს მსოფლიოში, მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და გაოცებულები არიან, როგორ მოახერა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა.”

    აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.