Category: სლაიდერი

  • ბელორუსი რუს ოკუპანტებს საბრძოლო მასალით ამარაგებს – უკრაინა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ბელორუსის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შემოჭრილ რუსულ არმიას გარკვეული საბრძოლო მასალას გადასცემენ.

    “ბელორუსის რესპუბლიკა აგრძელებს გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის. ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმის საფრთხე ისევ არსებობს. [..] ვოლინისა და პოლეზის მიმართულებით ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ნაწილების შემადგენლობა, მდგომარეობა და პოზიცია ბრესტისა და გომელის რაიონებში უცვლელი რჩება. სევერსკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს ჩვენი პოზიციების დაბომბვას. ოკუპანტები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან აწარმოებენ საჰაერო დაზვერვას ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში” – ნათქვამია განცხადებაში.

  • HIMARS–ის დარტყმები რუსი სამხედროების დემორალიზაციას იწვევს–ISW

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო როგორც ჩანს,  ცდილობს გააქარწყლოს შიში, რომელსაც უკრაინული მხარის მიერ ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების HIMARS–ების ეფექტური გამოყენება იწვევს რუს სამხედროებში. სამინისტრო ავრცელებს განცხადებას ამ სისტემების განადგურების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

    ამის შესახებ საკუთარ ანგარიშში ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტი  (ISW) წერს.

    რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარღებული ძალების ხელმძღვანელობასთან გამართული თათბირისას სამშაბათს განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა 6 HIMARS გაანადგურეს, ასევე სხვა ტექნიკა, რომელიც უკრაინას დასავლეთმა მიაწოდა.

    რუსეთის თავდაცვის უწყებამ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც ამტკიცებს, რომ 1 აგვისტოს ხარკოვის ოლქში განადგურდა შენობა, სადაც HIMARS–ის 2 სისტემა ინახებოდა.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობა “სამხრეთის“ ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალჩუკმა განაცხადა, რომ რუსებს არანაირი HIMARS–ები არ გაუნადგურებიათ. ანონიმმა ფინელმა ჩინოვნიკმა კი მედიასთან საუბრისას რუსეთის განცხადებებს სასურველის რეალობად გასაღება უწოდა.

    უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსი ჯარისკაცების მსხვერპლს მალავს და დაჭრილი რუსი სამხედროები სამოქალაქო ავტომობილებით გადაჰყავს. ის მედიას უმალავს, რამდენი რუსი სამხედრო განადგურდა HIMARS–ების გამოყენების შედეგად.

  • “ოცნების” კამპანიის შინაარსი მარტივია, “შეეშვით ბიძინას, თორემ ქვეყანას ავაფეთქებთ” – გოცირიძე

    “ოცნების” კამპანიის შინაარსი მარტივია, “შეეშვით ბიძინას, თორემ ქვეყანას ავაფეთქებთ” – გოცირიძე

    ”რასაც ახლა “ქართული ოცნება” სჩადის, ეს არის უგუნური, ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი კამპანია, რომლის მთავარი შინაარსი არის ძალიან მარტივი – “შეეშვით ბიძინას, თორემ ქვეყანას ავაფეთქებთ”. მთელი ეს ანტიდასავლური კამპანია არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული მისი ძალაუფლების და ფულის შესანარჩუნებლად. დამნაშავეები არიან პირდაპირ ესენი, რასაც აკეთებენ დღეს. მათთვის არ არსებობს, არსებობს ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, რომელიც შემდეგ გადაუგდებს სახრავს. მაგრამ თუ ბიძინა სახრავს თავისი ჯიბიდან აძლევდა, ახლა ბიუჯეტიდან აპარინებს ფულს.”

    აცხადებს  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე.

  • “კრემლს პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარება უნდა“– გერმანიის ყოფილი კანცლერი

    რუსეთს უნდა უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა მოძებნოს. სტამბულში მიღწეული შეთანხმება ხორბლის მიწოდების შესახებ კი შეიძლება გაგრძელდეს – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შროდერმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მეგობრობს.

    “კარგი ამბავი ის არის, რომ კრემლს უნდა გადაწყვეტა მოძებნოს მოლაპარაკებების გზით“–თქვა შროდერმა გერმანული ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

    მან თქვა, რომ გასულ კვირას მოსკოვში პუტინს შეხვდა.

    “პირველი წარმატება– ეს არის შეთანხმება ხორბალთან დაკავშირებით, შესაძლოა ის თანდათანობით კიდევ უფრო გაფართოვდეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხამდე“– დასძინა მან.

    შროდერი, რომელიც გერმანიის კანცლერის პოსტს 1998–2005 წლებში იკავებდა, უკრაინაში ომს აკრიტიკებდა, თუმცა უარი თქვა პუტინის დაგმობაზე, რომელსაც კვლავ თავის მეგობარს უწოდებს, რის გამოც თავის ქვეყანაში კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა.

    ინტერვიუში მან თქვა, რომ ახლა პუტინისგან დისტანცირება სიტუაციას ვერ დაეხმარება.

    მაისში მისი მისამართით მწვავე კრიტიკის შემდეგ შროდერი “როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობიდან გამოვიდა და უარი თქვა “გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში თანამდებობის დაკავებაზე.

  • ხერსონში ოკუპანტებს კიდევ ერთი სუსტი წერტილი გაუჩნდათ – ბრიტანეთის დაზვერვა

    ხერსონში რუს სამხედროებს კიდევ ერთი სუსტი წერტილი გაუჩნდათ – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ადასტურებს უკრაინელი სამხედროების მიერ 1 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხერსონის ოლქში დაბომბეს რუსეთის სარკინიგზო ეშელონი, რომელსაც საბრძოლო მასალები გადაჰქონდა.

    გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ამ დარტყმის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ხერსონის და ყირიმის დამაკავშირებელი რკინიგზის გამართულად მუშაობას. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რკინიგზის შეკეთების შემდეგაც, ეს მონაკვეთი დარჩება რუსი სამხედროებისა და ყირიმიდან მათი მომარაგების მარშრუტის სუსტ ადგილად.

     უკრაინელი სამხედროების სარაკეტო შეტევების შედეგად, ხერსონთან საავტომობილო ხიდის დაზიანების შემდეგ, რუსეთმა სამოქალაქო მოსახლეობისთვის მდინარე დნეპრზე მოაწყო საბორნე გადასავლელი, რომელსაც დიდი ალბათობით, გამოიყენებს სამხედროების გადაყვანისა და მათი მომარაგებისთვის. ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ უახლოეს ხანში გაიზრდება რიცხვი იმ სამოქალაქო პირებისა, რომლებიც ხერსონის და მისი ახლომდებარე რაიონების დატოვებას შეეცდებიან
  • ”აშშ-ის შეგნებული მცდელობაა, გააღიზიანოს ჩინეთი” – ლავროვი პელოსის ტაივანში ვიზიტზე

    ”ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში არის ამერიკის შეერთებული შტატების შეგნებული მცდელობა, რომ გააღიზიანოს ჩინეთი. ამით ვაშინგტონი ყველას უმტკიცებს, რომ რაც მოესურვება ყველაფერს გააკეთებს და ამისთვის პასუხს ვერავინ მოსთხოვს. მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ შეიძლება მოგინდეს ცარიელ ადგილას ასეთი პრობლემის შექმნა, როცა იცი, რას ნიშნავს ეს ჩინეთისთვის”

    ასე ეხმაურება შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

  • ვარკეთილში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

    თბილისში, ვარკეთილში ე.წ. სვანების ბაზრობასთან მსუბუქი ავტომობილი 72 წლის მეეზოვე ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

    მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

  • ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე პასუხისგებაში 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი მიეცა – საგამოძიებო

    2022 წლის განვლილ პერიოდში, თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას. ინფორმაციას ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. აფთიაქების ხელმძღვანელებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღეს ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი.

    • “უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი, რომელთა შორის სამი – წარსულში ნასამართლევია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით აკრძალული აქვთ ფარმაცევტული საქმიანობა”, – წერია განცხადებაში.

     

  • “ლელო” რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს

    “ლელო” რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. პარტია განცხადებას ავრცელებს.

    “ლელო” უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან ითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან.

    განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა.

    ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

    აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა რუსეთი პირდაპირ დაასახელა, როგორც საქართველოში ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ.

    არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი.

    • შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნების მოქალაქეები)
    • დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ)
    • 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 41 350;
    • ტანკი – 1 774;
    • ჯავშანტექნიკა – 4 022;
    • საარტილერიო სისტემა – 939;
    • სარაკეტო სისტემა – 259;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118;
    • თვითმფრინავები – 223;
    • ვერტმფრენი – 191;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 740;
    • საკრუიზო რაკეტები – 180;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 922;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 83.