Category: სლაიდერი

  • სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში –  ოხანაშვილი

    სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში – ოხანაშვილი

    სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მოთხოვნები ქვეყნის ომში ჩართვას უკავშირდება რაც ოპოზიციის ინტერესია.

    “ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს 24 საათის რეჟიმში და ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა საუბარია იმაზე, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს. ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია – ქვეყანაში სურთ დესტაბილიზაცია იყოს და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

    კითხვაზე, სავიზო რეჟიმის მოთხოვნა რა კავშირშია ომში ჩართვასთან, ოხანაშვილი პასუხობს, რომ “ძალიან ბევრ და ძალიან დიდ კავშირშია”.

  • ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

    ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესცენტრი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით,  განცხადებას ავრცელებს და მხარეებს მოუწოდებს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები.

    “ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ სხვა ადგილებში. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები.

    აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ევროკავშირი რჩება ერთგული, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ”,  – წერია განცხადებაში.

  • რუსი ტურისტები ფინეთიდან რუსეთში დრონების და სხვა აკრძალული საქონლის გატანას ცდილობენ

    ფინეთის საბაჟო სამსახურმა გაძლიერებული კონტროლის შედეგად ევროპიდან რუსეთში მიმავალი ტურისტების ბარგში სანქცირებული საქონელი აღმოაჩინა, რომლებიც სამრეწველო და სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება.

    ამის შესახებ ფინური მედია საბაჟო სამსახურზე დარყდნობით წერს.

    კერძოდ, საქმე ეხება ნავიგაციის საშუალებებს და დრონებს.

    გარდა ამისა,  ტურისტებს აღმოუჩინეს ფუფუნების საგნები, რომელთა ექსპორტი რუსეთში უკრაინაში ომის გამო დაწესებული ევროკავშირის სანქციებით შეზღუდულია.

    2022 წლის ივლისის ბოლოს ფინეთის საბაჟომ სასაზღვრო პუნქტებში 2500–ზე მეტი შემოწმება ჩაატარა რუსეთში მიმავალი ადამიანების მიმართ. დაახლოებით ასმა შემოწმებამ სანქციების რეჟიმის დარღვევა გამოავლინა.

    ამჟამად ფინეთის საბაჟო და საგარეო საქმეთა სამინისტრო დაახლოებით 20 საქმის გამოძიებისთვის გადაგზანას აპირებენ, რომლებიც სამგზავრო ტრანსპორტს უკავშირდება. საქმე ეხება სანქციების დარღვევას.

    ფინეთის საბაჟოს კონტროლის განყოფილების დირექტორის, მიკო გრენბერგის თქმით, ინსპექტირების შედეგები აჩვენებს, რომ ფინეთიდან რუსეთში მიმავალი ტურისტების კონტროლი უნდა გაგრძელდეს.

    ფინური მედია ამბობს, რომ ფინურმა მაღაზიებმა დაიწყეს რუსი ტურისტებისთვის სანქცირებული პროდუქტების მიყიდვის შეზღუდვა, რათა ეს პროდუქტები რუსეთში არ მოხვდეს.

  • 15 აგვისტოდან სამომხმარებლო სესხს 3 წელზე მეტი ვადით ვეღარ აიღებთ

    ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით მოქალაქეებისთვის სამომხმარებლო სესეხის მაქსიმალური ვადა 3 წელი იქნება. ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხებს.

    საქართველოს ეროვნულმა ბანკის გადაწყვეტილების მიზანი ფიზიკური პირების დაკრედიტების შემცირებაა. არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა ამჟამად 4 წლით არის განსაზღვრული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ის ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
    ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიზეზი ის სტატისტიკაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად მძიმეა ქვეყანაში სოციალური კრიზისი.

    ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად არის მომატებული იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ბანკს სესხის ასაღებად მიმართავს.

    ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართულ ბანკებს ჯამში 4.2 მილიარდი ლარის მოცულობის არაუზრუნვლყოფილი სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული. გასულ წელს სამომხმარებლო კრედიტების პორტფელი 3.16 მილიარდი ლარი იყო, შესაბამისად ბოლო ერთ წელში ამ სესხების მოცულობა 34%-ით არის გაზრდილი. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი მაღალი ზრდის ტემპის გამო, სებ-მა ამ მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება გადაწყვიტა.

    “სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის 4 წლიდან 3 წლამდე შემცირება. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, რამაც შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.

    მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. ამ ცვლილების გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ. ეს ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში,” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

    სესხის ვადის შემცირება მოქალაქეებისთვის ყოველთვიურ გადასახადს გაზრდის, შესაბამისად სამომხმარებლო სესხი სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

  • შეიცვალოს უვიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან–გახარიას პარტიის განცხადება

    გახარიას პარტია  “საქართველოსთვის” განცხადება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების  შესაძლო მასიური მიგრაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარტია თვლის, რომ საქართველომ რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში უვიზო რეჟიმი უნდა შეცვალოს, სუსის უფროსი კი პარლამეტში მივიდეს და მოქალაქეებს პოტენციური საფრთხეების და რისკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს:

    „რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, მიგრაციის რეჟიმი შეუძლებელია იყოს ისეთი, როგორიც იყო აქამდე, წინა წლების განმავლობაში.

    საქართველო დღეს განსაკუთრებული რისკების წინაშე დგას, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოში შემომსვლელ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს სხვადასხვა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეთ.

    მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ გადაიხედოს დღეს მოქმედი მოქალაქეთა მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და როგორც მინიმუმ, 1 წლიანი უვიზო რეჟიმი შემცირდეს 1-3 თვის ვადამდე.

    აუცილებელია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ტურისტული მიზნებითა (რომელთათვის 1-3 თვემდე უვიზო პერიოდი აბსოლუტურად საკმარისია) და სხვა მიზნებით საქართველოში შემოსული ადამიანები.

    აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა:

    გუშინ ვიხილეთ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის – დიმიტრი მედვედევის განცხადება, რომელმაც რუსეთის იმპერიალისტური მიზნები კიდევ ერთხელ აშკარად დაადასტურა (რეალური იყო თუ არა კონკრეტული განცხადება უმნიშვნელოა, რადგან ეს ისედაც დადასტურებული ფაქტია);

    ხელისუფლების მხრიდან ღია თავდასხმები მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურუბის გარანტზე – დასავლელ პარტნიორებზე;

    ქვეყანაში მიმდინარეობს ღია რუსული პროპაგანდა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ცალკეული პრო-რუსული ჯგუფების მიერ;

    ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთიდან შემოსული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ფუძნდება, ყიდულობს უძრავ ქონებას, არეგისტრირებს ბიზნესს.

    უსაფრთხოების რისკებთან ერთად, ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემებია – ქვეყნიდან გაედინება საქართველოს მოქალაქეთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა.

    ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათი ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, სასათბურე პირობების შექმნა, მათ შორის პოლიტიკური განცხადებებით, მინიმუმ საზოგადოების ინფორმირების და საფრთხეების შეფასების გარეშე, ცხადია, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგრადობას და ზრდის საფრთხეებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის გრძელვადიან პერიოდში.

    ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოგრაფიული მდგრადობის შენარჩუნებისათვის, სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის:
    1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გამოცხადდეს პარლამენტში და მოქალაქეებს აუხსნას პოტენციური საფრთხეები და რისკები მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე;

    2. შეიცვალოს უვიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და მოხდეს ვადების ოპტიმიზაცია (1-3 თვიანი უვიზო პერიოდი).“– ნათქვამია განცხადებაში.

  • ჩვენი ეკონომიკა კომაშია-ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქვეყნიდან გასული პირველი საექსპორტო გემით გატანილი მარცვლეული მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ მოსავლისა, რომლის გაყიდვაც კიევს ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებისგან დასახსნელად სჭირდება.

    ზელენსკიმ ეს განცხადება ავსტრალიელი სტუდენტებისადმი მიმართვისას მაშინ გააკეთა, როცა საექსპორტო მარცვლეულით დატვირთულმა გემმა შემოწმება თურქეთში გაიარა და ლიბანისკენ გაეშურა.

    გემმა “რაზონიმ” ოდესის პორტი ორშაბათ დილით დატოვა. ის 26 527 ტონა სიმინდის მარცვლეულით იყო დატვირთული და ის ტრიპოლიში უნდა ჩაიტანოს. ამ რეისის შესრულება გაეროს ეგიდით მიღწეული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის თანახმადაც მარცვლეული და სასუქი უკრაინული პორტებიდან სხვა ქვეყნებში გავა. თუმცა ზელენსკი ამბობს, რომ დროა საჭირო იმის გასაგებად, ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები.

    “სულ ახლახან გაეროს და ჩვენი თურქი პარტნიორების წყალობით, ჩვენ გავამგზავრეთ მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, მაგრამ ეს კვლავ არაფერია. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

    პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინას სულ მცირე 10 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს ექსპორტზე სასწრაფოდ გასატანი იმისთვის, რომ მისი საბიუჯეტო დეფიციტი – თვეში 5 მილიარდი დოლარი – შეამციროს.

    პორტების ბლოკადის შემდეგ მარცვლეულის პირველ ექსპორტს მიესალმა ამერიკის სახელმწიფო მდივანიც, ენტონი ბლინკენის თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

    თურქული მხარე ამბობს, რომ ყოველდღე უკრაინული პორტების დატოვება დღეში სამ გემს შეუძლია. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, გასამგზავრებლად მზადაა მარცვლეულით და სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული 17 გემი. უკრაინას ექსპორტისთვის საწყობებში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული აქვს. საჭირო გახდება კიდევ 40 მილიონ ტონამდე მოსავლის შენახვა-გატანაც.

    “ომი თითქმის სრულად კლავს ჩვენს ეკონომიკას. ის კომაშია. რუსეთის მიერ პორტების ბლოკადა ჩვენი ეკონომიკისთვის უდიდესი დანაკარგია”, – ამბობს ზელენსკი. პრეზიდენტი გამუდმებით იმეორებს, რომ შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, რუსულმა მხარემ შესაძლოა კვლავ სცადოს ამ ტრანზიტისთვის ხელის შეშლა.

  • ე.წ. უკანონო მოსმენების საქმეზე ნინო ჟიჟილაშვილი დაზარალებულად ცნეს

    ე.წ. უკანონო მოსმენების საქმეზე ფორმულას ჟურნალისტს, ნინო ჟიჟილაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.  ჟიჯილაშვილი პროკურატურაში დღეს, 3 აგვისტოს, სუს-ის მასალების გაჟონვიდან თითქმის 1 წლის თავზე დაიბარეს.

    მასალებში ნინო ჟიჟილაშვილი 19-ჯერ არის ნახსენები. ასახულია მისი საუბარი რესპონდენტებთან. ჟურნალისტის თქმით, უსმენდნენ გადაცემა პოლიტმეტრის ყველა თანამშრომელს, მათ შორის, სტაჟიორებსაც. ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ ეს პროფესიული საქმიანობის შეზღუდვაა.

    “ახლა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რა სისწრაფით წავა გამოძიება. ჩვენი ადვოკატებისგან ვიცით, რომ შესაძლებელია ამ საქმის გაცილებით სწრაფ ტემპში წარმოება. ვნახოთ, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენს დღეს საგამოძიებო უწყება, რომელიც, სამწუხაროდ. ხშირად ეს სწორედ პოლიტიკურ დაკვეთაზეა დამოკიდებული.

    კითხვები იყო საქმესთან დაკავშირებით. მე სუს-ის ფაილებში დაახლოებით 20-ჯერ ვარ ნახსენები, აქედან 5 არის სრული სატელეფონო ჩანაწერი სასულიერო პირებთან. იყო კითხვები, სად ვნახე მე ეს ჩანაწერები, როგორ მოვიპოვე, როგორ დავაიდენტიფიცირე, გადმომცა თუ არა ვინმემ, მე გადავეცი თუ არა სხვას. მე მივაწოდე ჩემ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გამომძიებელს.

    ყველა ჩანაწერი, რომელიც კრებსებში ჩემთან დაკავშირებით ვნახე, არის ავთენტური, ეს ჩანაწერები ნამდვილად იყო”. – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

    დღესვე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ეკა ბესელიას.

  • ჩვენ ტურისტებს ეროვნების მიხედვით არ ვარჩევთ – მამუკა მდინარაძე

    ”საქართველოს მოსახლეობის 10% კი არა 7%-ია შემოსული რუსების სახით, ისიც ტურისტული მიზნით და უმრავლესობა გასულია და ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში. რუსი ტურისტიც შემოდის, უკრაინელიც, ბელორუსიც, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდანაც და ევროპის ქვეყნებიდანაც. ეს არის ძალიან კარგი. ბევრი ტურისტი არის კარგი და ჩვენ ეროვნებით ტურისტებს არ ვარჩევთ, ეს დაიმახსოვროს ყველამ.”

    ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რუსეთის მოქალაქეების მზარდი რაოდენობის საკითხს.

  • დონბასში რუსების საარტილერიო დივიზიის ლეგენდარული მეთაური ქალი მოკლეს

    დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის რექტიული საარტილერიო დივიზიის მეთური ქალი, ოლგა კაჩურა, მეტსახელად კორსა გორლოვკის მერის, ივან პრიხოდკოს ინფორმაციით ტრაგიკულად დაიღუპა. დეტალები უცნობია, თუმცა პრიხოდკოს ინფორმაციით ის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაიღუპა.

    ინფორმაციას კორსას სიკვდილის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

    ქალი  გვარდიის პოლკოვნიკი და გორლოვკის საპატიო მოქალაქე იყო.

    მას ლეგენდარლ მეთაურს უწოდებდნენ და რუსული პროპაგანდისტული მედია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მის დამსახურებებს ვრცელ სიუჟეტებს უძღვნიდა.

    კორსა რუსულ მედიაში გასული სიუჟეტების მიხედვით არტილერისტებს წვრთნიდა და უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე  საარტილერიო ბრძოლის ერთ–ერთი ხელმძღვანელი იყო.

    რუსულ სოციალურ ქსელებში მის სიკვდილს უდიდეს დანაკარგს უწოდებენ და წერენ, რომ ის უკრაინელებმა საგანგებოდ მოკლეს.

    კორსა 2012 წლამდე უკრაინის არმიაში მსახურობდა, 2014 წლიდან კი უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპაციის შემდეგ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მხარეს გაადვიდა და ბოლო 8 წელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეაქტიული არტილერიის ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.

  • ბორჯომში ყირიმ-კონგოთი 45 წლის კაცი გარდაიცვალა

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მცხოვრები 45 წლის კაცი, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ასევე ადასტურებს  ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

    გორმედის კლინიკური დირექტორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კაცს ვირუსი დაუდასტურდა, იგი შესაბამისი მკურნალობისთვის თბილისში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა.

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ყირიმ–კონგოს დიაგნოზით, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში სამცხე–ჯავახეთიდან ორი პაციენტია მოთავსებული.

    „საშუალო სიმძიმის არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდებათ მკურნალობა და უახლოეს პერიოდში, როგორც კი გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა, მკურნალობას გააგრძელებენ ბოქსირებულ განყოფილებაში“,–აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.

    მიმდინარე, 2022 წელს, სამცხე–ჯავახეთში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაცვლილთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა.

    სოფელ საკირეში მცხოვრებ 1977 წელს დაბადებულ კაცს ინფექცია პირველ აგვისტოს დაუდასტურდა. ამავე დღეს, ვირუსი დაუდასტურდა სოფელ წყრუთში მცხოვრებ ორ ადამიანს. მათგან ერთი 1959 წელს დაბადებული ქალია, მეორე კი 1956 წელს დაბადებული კაცი.