Category: სლაიდერი

  • პროვოკაცია იყო, ვითომ დიდი ეროვნული საქმე გავაკეთეთ – მდინაარაძე ”დედაენის ბარზე”

    პროვოკაცია იყო, ვითომ დიდი ეროვნული საქმე გავაკეთეთ – მდინაარაძე ”დედაენის ბარზე”

    “რომელი ერის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, როდესაც ვიღაც პროვოკატორი პროვოკაციაზე მიდის და კონკრეტულ კვების ობიექტს დაბალ ქულებს უწერს, უნდა მივხვდეთ, რომ ის არის პროვოკატორი. ეროვნულობას და ეთნიკურ ნიშანს კი არ აქვს მნიშვნელობა. არის ვიღაც პროვოკატორი, რომელიც არის ამ შემთხვევაში მედლის მეორე მხარე. სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ერთი მხრივ, ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებენ და მეორე მხრივ, ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ის არის პროვოკატორი? ამ პროვოკაციაზე წამოაგო გარკვეული პირთა წრე, თავისი ეროვნების წარმომადგენლები და ამას საპირისპირო კამპანია მოჰყვა, ვითომ დიდი ეროვნული საქმე გავაკეთეთ. ხომ უნდა მიხვდე, რომ შენი ქსენოფობიური კამპანია ვერ დააზღვევს ამ პროვოკაციებს, პირიქით გაამყარებს და ამ დროს შენ წამოეგე პროვოკაციებზე. ნუ აგიჟებენ ამ ხალხს, დაანებონ თავი რაღაც განწყობების გაღვივებას, რომლებიც ცუდ ამბებთან მიგვიყვანს. რომ ვერ ჩაგვითრიეს ვერანაირი გზით ომში, ახლა ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებით, პიარ კამპანიების დაგეგმვით და ნაღმების აფეთქებით ცდილობენ იქამდე მისვლას, სადაც მანამდე ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ”

    ”ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დედაენის ბარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას აკრიტიკებს.

  • კობახიძე და მისი კოლეგები, პრაქტიკულად ყოველდღიურად აბსოლუტური ტყუილისა და გაყალბებული რეალობის ტირაჟირებას ცდილობენ–თინა ხიდაშელი

    „თითოეული ის ქართველი, რომელიც დღეს უარს ამბობს რუსულ ენაზე მოემსახუროს რუსეთიდან შემოსულ ტურისტს, საკუთარი პროტესტი აჩვენოს რუსული ჩექმისა და კრემლის პოლიტიკის მიმართ, ტურისტულ ადგილებში გამოკიდოს უკრაინის დროშა, როგორც საკუთარი სამოქალაქო პოზიციის უსიტყვო და ერთმნიშვნელოვანი გამოვლინება, ჩვენი ქვეყანის მედეგობის ფარს ქმნის და მათ მადლობა უნდა ვუთხრათ სამოქალაქო სიმტკიცისთვის,“ – აცხადებს ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

    ბოლო პერიოდში რუსი მოქალაქეების საქართველოში მასიურ შემოსვლასა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუდმივ მცდელობაზე, დაადანაშაულოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    „სახელისუფლებო პარტია და მისი თავმჯდომარე აგრძელებენ საკუთარი მოქალაქეებისა და სტრატეგიული პარტნიორების დადანაშაულების სრულიად უპასუხისმგებლო კამპანიას, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.

    ბოლო 5 თვის მანძილზე ბატონი კობახიძე და მისი კოლეგები, პრაქტიკულად ყოველდღიურად აბსოლუტური ტყუილისა და გაყალბებული რეალობის ტირაჟირებას ცდილობენ. სწორედ ამგვარი სიცრუის ნაწილია განცხადებები იმაზე, თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდეს. დღეს ვიხილეთ მორიგი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის დაწყების მცდელობა, სადაც ბატონი კობახიძე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს ქსენოფობიაში ადანაშაულებს.

    გარდა იმისა, რომ მორიგ ჯერზე ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებულ განცხადებებს ვისმენთ მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, მისი დღევანდელი განცხადებები ადამიანის უფლებების, მცირე ერების მედეგობისა და ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნების წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატების ელემენტარული, ფუნდამენტური პრინციპებისა და ცნებების უცოდინრობის კლასიკური გამოვლინება იყო.

    უპირველეს ყოვლისა ერთმნიშვნელოვანად უნდა ითქვას რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება გაუმართლებელი და უგუნური შეცდომა იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან და მას არავითარი გამართლება არა აქვს.

    ზუსტად ისევე, როგორც არავითარი გამართლება აქვს 12 წლის წინ დაშვებულ შეცდომაში გაჯიუტებას. ამგვარი სიხისტე განსაკუთრებით გაუმართლებელი და დანაშაულებრივიც კია დღეს, როდესაც ერთი მხრივ კრემლის აგრესიამ და რუსი ჯარისკაცების სისატიკემ, წამების, არადამიანური მოპყრობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის უმძიმესი მაგალითები გვაჩვენა, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამრავლდა ზუსტად იმდაგვარი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყების წინ გვესმოდა.

    სავიზო რეჟიმის შემოღება, საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების სპეციალური შემოწმების ნორმების ამოქმედება და სხვა მსგავსი პროცედურები მხოლოდ ერთი ნაწილია მცირე ერების მედეგობის პოლიტიკის, რომელიც დიდი ხანია საქართველოს ხელისულებას ამოქმედებული უნდა ქონდეს ქვეყანაში „მწვანე კაცუნების“ შემოსვლის მსგავსი სცენარის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, და არაფერი აქვს საერთო ქსენოფობიასთან.

    მაშინ როდესაც ხელისუფლება არ მოქმედებს, მოქალაქეების მხოლოდ ბუნებრივი ინსტიქტია რეაგირება მოახდინონ რუსი ტურისტების გაზრდილ ნაკადებზე და აჩვენონ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულება კრემლის პოლიტიკის მიმართ.

    შესაძლოა სტატისტიკა სულაც არ იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი და სხვადასხვა მანიპულაციების ტექნიკების გამოყენების დათვლილი რიცხვები ამბობდეს, რომ, მაგალითად, 2019 წელს იმდენივე ან ცოტა ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. თუმცა ამგვარ სტატისტიკას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სრულიად ლეგიტიმურად სახეზეა მოსახლეობის დიდი ნაწილის სენსიტიურობა, მომეტებული საფრთხის განცდა და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული წუხილი, რომ მის ნაწილობრივ  ისედაც ოკუპირებულ ქვეყანას შესაძლოა უფრო დიდი ხიფათი ელოდეს.

    უკრაინაში ომის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ გაუგებარია ხელისუფლების:

    • უარი უსაფრთხოების ზომების გააქტიურებაზე,
    • საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციის არ არსებობა,
    • მუდმივი ბრალდებები, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები (და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის მხარდამჭერია ეს ხალხი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ინტერესებსაც ისევე წარმოადგენს ქართული ოცნება, როგორც მისი მიმდევრების) არიან ქსენოფობები, ომის მოსურნენი, ექსტრემისტები და სხვა,
    • დაპირისპირება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,
    • სიძულვილის და ბრალდებების კამპანია ამერიკელი და ევროპელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ,
    • დუმილი, ან უკეთეს შემთხვევაში მოკრძალებული საუბრები რუსული აგრესიისა და განსაკუთრებულად სასტიკი ქმედებების თაობაზე…

    ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, მუდმივად ბრალდებებს გვიყენებს და სხვადასხვა დანაშაულს გვაბრალებს საკუთარი ხელისუფლება, რომელმაც

    • გასული წლის მიწურულს, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინაში რუსული აგრესიის მოლოდინში იყო საპარლამენტო სხდომა არ ჩაატარა სპეციალური გაცხადების მისაღებად, მხოლოდ იმიტომ რომ განცხადება ოპოზიციის მიერ იყო ინიცირებული,
    • უარი თქვა ნატოს შესახებ რეზოლუციის მიღებაზე ისევ და ისევ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ოპოზიციური ფრაქცია „ლელოს“ მიერ იყო ინიცირებული,
    • საბოლოოდ, როდესაც მოახერხა და მიიღო უკრაინის შესახებ რეზოლუცია, ვერ გაბედა მასში მოვლენებისთვის რუსეთის აგრესია დაერქმია და აბსტრაქტულ საფრთხეზე ისაუბრა,
    • ბუჩას ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოების და ოპოზიციის რამდენიმე დღიანი მძაფრი პროტესტი დასჭირდა, რომ უკრაინაში სოლიდარობისა და თანამდგომის ვიზიტი განეხორციელებინა,
    • სრული იგნორირება გაუკეთა ბიჭვინთის უმძიმეს თემას, რომელსაც თავად აფხაზეთის საზოგადოებაც კი ქმედითად ეწინააღმდეგებოდა,
    • უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში ნატოს ქვეყნებისა და პარტნიორების იმ შეკრებებში (რამშტეინის ბაზაზე) არ მიიღო მონაწილეობა, სადაც რეგიონის უსაფრთხოების ზომებზე მსჯელობდნენ,
    • დღემდე ვერ მოახერხა, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველო სამხედრო დახმარების სერიოზული პროექტების მონაწილე გაეხადა,
    • უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მადრიდის ნატოს სამიტიდან სრულიად უშედეგოდ ხელცარიელი დაბრუნდა,
    • ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო, ან უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ეს არ მომხდარიყო, და სხვა.

    მაშინ როდესაც ხელისუფლება დუმს და არ მოქმედებს, სწორედ მოქალაქეები იცავენ და წარმოადგენენ ქვეყნის ინტერესებს. ზუსტად ასე მოხდა უკრაინის მხარდამჭერი მასობრივი საჯარო გამოსვლების დროს, ისევე როგორც ევროკავშირის მხარდამჭერი უპრეცედენტოდ დიდი დემონსტრაციების პირობებში. ადამიანები, რომლებიც ეძებენ ოკუპაციასთან შეურიგებლობის ფორმებს და ყოველდღიურად ქმნიან მედეგობის მაგალითებს სწორედ ის ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობელები, თანაქალაქელები არიან ვინც 20 ივნისს იდგნენ რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით, ადამიანები ვინც გადაწყვიტეს ხელისუფლების დუმილის პირობებში მთელი მსოფლიოსთვის ეთქვათ რომ საქართველოს ადგილი რუსული სამყაროდან შორს – ევროპაშია და არავის დაანებებენ ამ არჩევანს.

    კიდევ ერთხელ, თითოეული ის ქართველი რომელიც დღეს უარს ამბობს რუსულ ენაზე მოემსახუროს რუსეთიდან შემოსულ ტურისტს, საკუთარი პროტესტი აჩვენოს რუსული ჩექმისა და კრემლის პოლიტიკის მიმართ, ტურისტულ ადგილებში გამოკიდოს უკრაინის დროშა, როგორც საკუთარი სამოქალაქო პოზიციის უსიტყვო და ერთმნიშვნელოვანი გამოვლინება, ჩვენი ქვეყანის მედეგობის ფარს ქმნის და მათ მადლობა უნდა ვუთხრათ სამოქალაქო სიმტკიცისთვის,“ აღნიშნულია განცხადებაში.

  • თალიბანი აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ ალ-ქაიდას ლიდერის მოკვლას გამოიძიებენ

    ექსტრემისტული დაჯგუფება „თალიბანი“ აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ  მიერ ალ-ქაიდას ლიდერის  ალ-ზავაჰირის მოკვლას ”გამოიძიებენ”. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით Aljazeera ავრცელებს.

    31 ივლისს,  აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას ლიდერი, აიამან ალ-ზავაჰირი. ალ-ზავაჰირის ლიკვიდაცია უპილოტო თვითმფრინავიდან გასროლილი რაკეტით მოხდა, მაშინ როდესაც ის კვირას ქაბულის სამალავის აივანზე იდგა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ზავაჰრი აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, რადგან სწორედ ის გეგმავდა ოსამა ბინ ლადენთან ერთად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს.

  • რუსეთმა 14 ბულგარელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

    კრემლმა 14 ბულგარელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.განცხადება ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

    სავარაუდოდ ეს არის მოსკოვის პასუხი ბულაგრეთისთვის, როდესაც ბულაგრეთმა ზაფხულის დასაწყისში,  70 რუსი დიპლომატიური თანამშრომელი გააძევა ჯაშუშობის ბრალდებით.ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რომლებიც ოდესღაც ახლო მოკავშირეები იყვნენ, უკრაინაში ომის გამო დაირღვა.

  • NATO-სგან განსხვავებით, რუსეთი მსოფლიო წესრიგს საფრთხეს არ უქმნის – პესკოვი

    “ნამდვილი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის ჩვენს კონტინენტზე, ეს ალბათ, ის გადატრიალებაა, რომელიც უკრაინაში 2014 წელს მოხდა და რომელსაც რეჟისორობა NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გაუწიეს. აქედან ჩნდება საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის”

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ NATO-სგან განსხვავებით, რუსეთი მსოფლიო წესრიგს საფრთხეს არ უქმნის.

  • კობახიძე აცხადებს, რომ ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების “დიდი ნაწილი” ქართველია

    “საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია”

    აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

  • უკრაინის ავიაციამ 1 კვირაში ოკუპანტების საბრძოლო მასალის 7 საცავი გაანადგურა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ რუსი დამპყრობლების საბრძოლო მასალის შვიდ საცავზე განახორციელა დარტყმა. განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა განცხადა.

    “საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ერთი კვირის განმავლობაში 38 საჰაერო დარტყმა განახორციელეს მტრის იარაღისა და სამხედრო ტექნიკისზე. განადგურდა საბრძოლო მასალის შვიდი საწყობი.”– განაცხადა გრომოვმა.

  • კოენი: რუსეთი ამ ომში უკვე რამდენჯერმე დამარცხდა

    როგორია ვითარება ფრონტზე, როგორ აფასებენ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის შანსებს დასავლეთში და რამდენად წარმატებული იქნება უკრაინის კონტრშეტევა? დაკარგა თუ არა საქართველომ ისტორიული შანსი?

    ამ და სხვა საკითხბეზე, სამხედრო კონფლიქტების ისტორიკოს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელს, ელიოტ კოენს ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

    “ეს ომია. ასე რომ, რთულია იმის ზუსტად ცოდნა, თუ რა ხდება. ომის ნისლი ყოველთვის ძალიან სქელია. ამიტომ რაიმეს წინასწარმეტყველება რთულია. ერთი მხრივ აშკარაა, რომ რუსეთის მცდელობა, აეღო კიევი წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსები დამარცხდნენ, კიევისთვის ბრძოლაში, დამარცხდნენ ხარკივისთვის ბრძოლაში. ვიტყოდი აქვთ მცირედი წარმატებები, სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ახლა ჩანს, რომ ისინი ცდილობენ ძალების მოკრებას და ხელახალი იერიშისთვის მომზადებას. ხოლო უკრაინელებს გარკვეული წარმატება აქვთ სამხრეთში, ხერსონის გარშემო.

    ვფიქრობ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რა გავლენა ექნება დასავლურ შეიარაღებას, რომელიც უკრაინას მიეწოდება. მისი შედეგები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში შესამჩნევია. უკრაინელები წარმატებით იყენებენ მობილურ სარაკეტო სისტემებს, რომელიც მათ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა მისცეს.

    ასევე, მაღალი სიზუსტის არტილერიას. ეს არა მხოლოდ ტექნიკური დეტალი, არამედ სიტუაციის მნიშვნელოვანი განვითარებაა . უკრაინა ამ იარაღს იყენებს და იერიში მიაქვს რუსულ სამხედრო საწყობებზე. თუ უკრაინა მოახერხებს, რუსეთს შეუზღუდოს საარტილერიო საბრძოლო მასალაზე წვდომა, მაშინ ეს ამ უკანასკნელს მნიშვნელოვან სირთულეებს შეუქმნის. თუმცა, ამას დრო გვაჩვენებს.

    ვხედავთ ინტენსიურ, კონვენციურ დაპირისპირებას, რომელიც არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ათწლეულია მსგავსი დაპირისპირების გამოცდილება არ ჰქონია არც დასავლურ, არც რუსეთის არმიას.

    რუსები, ცდილობენ გაიმეორონ, მეორე მსოფლიო ომში, აღმოსავლეთ ფრონტისთვის დამახასიათებელი, გრანდიოზული ალყის ტაქტიკა. თუმცა მათ ეს არ გამოსდით. ისინი იყენებენ დიდი რაოდენობით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლს, ანადგურებენ ქალაქებს და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მათი ქვეითი ჯარი ახერხებს ამ ნანგრევების ოკუპაციას, თუმცა ძალიან მაღალი დანაკარგების ფასად.

    ამიტომ რუსები წინ მიდიან თუმცა ვერანაირ გადამწყვეტ პოზიციებს ვერ იკავებენ. მათ ნგრევა მოაქვთ, პატარა ქალაქების ოკუპაციას ახდენენ. ხოლო უკრაინელები მოქმედებენ, კლასიკური ელასტიური თავდაცვის პრინციპით, როცა თმობ რელიეფს, ტერიტორიას, თუმცა ისე, რომ ამაში საფასურს ახდევინებ მოწინააღმდეგეს.

    ეს არის გამოფიტვის ომის ტაქტიკა. რუსებს ამ კუთხით დიდი დანაკარგები აქვთ. ეცდებიან ამის შევსებას. ახლა სწორედ ამას ვაკვირდებით.

    ვერავინ ვერ იტყვის რა მიმართულებით წავა ეს ომი. ყველამ უნდა გაიგოს, რომ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთია ჩიხი. მეორე რუსეთის ნელი გამარჯვება. და მესამე, ვერ ვიტყვი რამდენად სავარაუდოა ეს სცენარი, მაგრამ დიდი საბრძოლო დანაყოფის კოლაფსის შესაძლებლობაა. ანუ მასობრივი დანებება, უარის თქმა ბრძოლაზე, აჯანყება, დეზერტირობა და მსგავსი რაღაცეები. ამის ნიშნები აქამდეც იკვეთებოდა. თუ რუსეთი დაკარგავს უნარს, დიდი რაოდენობით საარტილერიო იერიში და ცეცხლი მიიტანოს, მათ დარჩებათ ცუდად გაწვრთნილი და დემორალიზებული ქვეითი ჯარი, ძალიან მცირედი და მოძველებული ჯავშანტექნიკით და შესაძლოა სწორედ ამას მოჰყვეს დანაყოფის კოლაფსი. ეს შეიძლება მოხდეს უკრაინის მხარესაც, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მათ იციან რისთვის იბრძვიან, ეს მათთვის გადარჩენისთვის ბრძოლაა. რუსი სამხედროებისთვის ეს ასე არ არის.

    ამ ომის გამოწვევა ისაა, რომ ორ მხარეს სრულად შეუთავსებელი მიზნები აქვს. რუსებს, ჩანს ისევ სურთ მთელი უკრაინის დაკავება, და უკრაინელები კი ამბობენ, რომ უნდათ მათი ტერიტორიის სრულად გათავისუფლება. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება.

    ჩვენ უნდა გახსოვდეს მოლოდინები ომის დასაწყისში, როცა ხალხი ფიქრობდა, რომ რუსეთი მოახდენდა უკრაინის ოკუპაციას, და ვიხილავდით პარტიზანულ ომს. დრო დაგვჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ეს ტრადიციული ომი იქნებოდა. სამხედროები, რომლებიც უკრაინელებთან მუშაობდნენ ხვდებოდნენ თუ რამდენად წინ იყვნენ ისინი. თუმცა ამერიკისმთავრობა ამას ვერ ხედავდა.

    ამასთან, ხალხს ქონდა არასწორი წარმოდგენები რუსულ არმიაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან მოდიოდა. ეს არა მხოლოდ ბევრად პატარა, არამედ ბევრად უარესი ჯარია, ვიდრე საბჭოთა არმია. რუსული ჯარი საშინელ დღეშია. მათ ბევრი საბრძოლო მასალა აქვთ და დაუნდობლები არიან. მათ მიაქვთ შეტევები მშვიდობიან მოსახლეობაზე, რაც მათ გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებს. თუმცა ეს არის ჯარი, რომელიც შეიძლება დამარცხდეს და უკვე რამდენჯერმე დამარცხდა ამ ომის რამდენიმე დიდ ბრძოლაში. როგორც სამხედრო ისტორიკოსი, ვიტყოდი, რომ ომის განმავლობაში რაღაცეები იცვლება და შენი წარმოდგენებიც იცვლება იმაზე, თუ როგორ მიდის ომი და ეს იყო განმსაზღვრელი [დასავლეთში გადაწყვეტილებების მიღებისას].– ამბობს კოენი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ახალი ეტაპი დაიწყო–დაზვერვა

    რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური საინფორმაციო ოპერაციების ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანი მოსახლეობაში პანიკის დათესვაა.

    ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება.

    უკრაინის საინფორმაციო სივრცეში მასობრივად ვრცელდება ფეიკები. კერძოდ, ელენოვკის ტერაქტის გამოყენებით, რუსეთი პოულობს საბაბებს მუდმივი საინფორმაციო ტერორისა და დაშინებისთვის. მისი ამოცანა უკრაინული საზოგადოების დესტაბილიზება და დემორალიზებაა.

    უკრაინული მედია წერს, რომ ოკუპანტები არასარწმუნო ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ საზოგადოებით მანიპულაციას და ისეთი ქმედებების გამოწვევას, რაც ქვეყანას ომის დროს დესტაბილიზაციამდე მიიყვანს.

    სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებული საკითხების საკოორდინაციო შტაბი მოუწოდებს მოქალაქეებს საინფორმაციო ჰიგიენა დაიცვან. მათი ინფორმაციით უკრაინა ყველაფერს აკეთებს ტყვეებს დასაბრუნებლად, მათ გასაცვლელად, ასევე იმ პირთა მოსაძებნად, ვინც განსაკუთრებულ გარემოებებში უგზოუკვლოდ დაიკარგა.

    შეგახსენებთ, რომ ელენოვკაში 29 ივლისს ყოფილი გამოსასწორებელი კოლონიის შენობა აფეთქდა, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, მათ შორის პოლკ აზოვის წევრები. რუსეთი ამბობს, რომ კოლონია უკრაინელებმა დაბომბეს უკრაინული მხარე და საერთაშორისო ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ რუსებმა კოლონია თვითონ ააფეთქეს. დაიღუპა მინიმუმ 50 უკრაინელი სამხედრო ტყვე. დაჭრილთა რაოდენობა უცნობია.

  • რა ქონებას ფლობს პუტინის ყოფილი ცოლი–ნავალნის გუნდის ახალი გამოძიება

    ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებმა ხუთშაბათს გამოაქვეყნეს გამოძიება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ ცოლს და მის ამჟამინდელ ქმარს ეხება. გამოძიებაში საუბარია მათ ბიზნესზე და საზღვარგარეთულ უძრავ ქონებაზე.

    რამდენიმე ფაქტი გამოძიებიდან:

    ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ლუდმილა პუტინა კურირებდა სპეციალურად მისთვის შექმნილ “რუსული ენის განვითარების“ ცენტრს. ეს ახალი ამბავი არ არის – მასზე, როგორც ცენტრის ხელმძღვანელზე “ნოვაია გაზეტაც“ კი  წერდა. 2009 წელს ფონდის სახელი შეიცვალა და გაჩნდა ფონდი “  ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრი”. 2013 წლის ივნისში პუტინები განქორწინდნენ.

    ფონდს არტურ ოჩერეტნი ხელმძღვანელობს. მედია წერდა, რომ ეს პუტინის ყოფილი ცოლის ახალი ქმარია. ლუდმილა პუტინა გათხოვების შემდეგ 2015 წელს მის გვარზე გადავიდა. ამის შესახებ მონაცემები ვიკიპედიაშიც კი იძებნება.

    მოსკოვის მერიამ და პრეზიდენტის საქმეთა სამმართველომ ფონდს საკუთრებაში გადასცა კრემლის გვერდით, ვოზდვიჟენკას ქუჩაზე მდებარე 1774 წელს აშენებული ისტორიული შენობა. ახალმა მესაკუთრეებმა მას ორი სართული დააშენეს, რასაც ქალაქის დამცველთა პროტესტო მოჰყვა. ეს ამბავიც არ არის სიახლე.

    ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრმა ამ ისტორიულ შენობაში ყველა ფართო კომერციულ ფირმა მერიდიანს მიაქირავა, რომელიც ლუდმილა პუტინა–ოჩერეტნაიას ეკუთვნის – წერენ ნავალნის თანამებრძოლები. არც ეს არის სიახლე. 2017 წელს საგენტო როიტერი წერდა, რომ არენდის ფულს “მერიდიანი“ იღებდა, რომელიც 99%–ით ეკუთნოდა ინტერიერსერვისს, რომლის მფლობელი რეესტრის მონაცემებით ლუდმილა ალექსანდრეს ასული შკრებნევა იყო. ეს არის რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილობის სრული სახელი და გვარი.

    არენდიდან შემოსავალი მაშინ როიტერმა წელიწადში 3 მილიონ დოლარად შეაფასა, ნავალნის თანაგუნდელებმა კი ამჟამინდელი შემოსავალი 250 მილიონ რუბლად წელიწადში, რაც დაახლოებით 4 მილიონი დოლარია. არენდატორები არიან ვითიბი ბანკი, სბერბანკი, ბურგერ კინგი, აფთიაქი, კოლექტორული სააგენტო – ამბობენ ნავალნის გუნდის წევრები.

    ისინი ამტკიცებენ, რომ დაადგინეს პუტინის ყოფილი ცოლის ხელფასი ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრში: მათი თქმით, 2020 წლის ოქტომბრამდე ის საკუთარ თავს თვეში 1 მილიონ რუბლს უხდიდა, 2020 წლის ოქტომბრიდან კი 2 მილიონ რუბლს.

    გამოძიების ერთ–ერთი მთავარი მტკიცებაა ის, რომ პუტინის ყოფილი ცოლის და მისი ამჟამინდელი ქმრის სტრუქტურა დაფინანსებას იღებს მოსკოვის მერიიდან, გაზპრომბანკიდან და სევერსტალიდან. თითქოსდა მათ მიერ მოძიებული საბანკო გადარიცხვების მიხედვით გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ ორგანიზაციის სამი უმსხვილესი სპონსორი ეს სამი იურიდიული პირია.

    3 წლის მანძილზე მოსკოვის მერიამ ცენტრს 175 მილიონი რუბლი ჩაურიცხა, გაზპრომბანკმა 140 მილიონი, სევერსტალმა კი 100 მილიონი რუბლი.  ეს ორგანიზაციები ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

    გამძიებაში საუბარია, რომ ოჩერეტნების ოჯახმა ბინები და სახლი იყიდეს საფრანგეთის სამხრეთით, შვეიცარიაში და ესპანეთში. მათი საერთო ღირებულება გამომძიებლების შეფასებით 600 მილიონი რუბლია.

    ისინი ამტკიცებენ, რომ პუტინის ყოფილი ცოლი და მისი ქმარი ფლობენ ვილას ფრანგულ ბიარიცში, რომელშიც 5.3 მილიონი ევრო გადაიხადეს. ჯერ კიდევ 2017 წელს ამ ვილის შესახებ კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრი წერდა, რომლის დამფუძნებლები წელს რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა. ორგანიზაციამ ვილის ღირებულება 7 მილიონ ევროდ შეაფასა. ამავე სანაპიროზე დაფუძნდა კატერინა ტიხონოვა, რომელსაც პუტინის შვილს უწოდებენ.

    ესპანურ მალაგაში პუტინის ყოფილ ცოლს გამოძიების ავტორებმა 2 ბინა აღმოუჩინეს. პირველი ჯერ კიდევ 2011 წელს იყიდა, როცა პუტინის ცოლი იყო. მეორე თითქოსდა  2014 წელს – პუტინთან განქოროწინების შემდეგ შეიძინა.

    ლუდმილა ოჩერეტნაია და მისი ქმარი არ არიან ჩართული ევროკავშირის სასანქციო სიაში, თუმცა მაისში ბრიტანეთმა ლუდმილა ოჩერეტნაიას წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

    კიდევ ერთი დეტალი – ნავალნის თანამებრძოლები ამტკიცებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ცოლის ანონიმური ბლოგი აღმოაჩინეს ერთ–ერთ ჟურნალში, რომელსაც თითქოსდა გამოგონილი სახელით (llenaa)  აწარმოებდა.