Category: სლაიდერი

  • საჯარო უწყებებმა “ღამის შოუს ბენდს” 128,500 ლარი უტენდეროდ მისცეს

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით  იმედისა და პოსტვ–ს თანამშრომლებით დაკომპლექტებულ ბენდს, რომელიც ხშირად მონაწილეობს ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებში,  საჯარო უწყებებმა 2022 წელს 128 500 ლარი უტენდეროდ მისცეს.

    2022 წლის მონაცემებით ღამის შოუს ბენდთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 128,500 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულმა უწყებებმა ექსკლუზიურად ამ ბენდთან გადაწყვიტა ხელშეკრულების გაფორმება ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა.

    ღამის შოუს ბენდი ცალკე იურიდიული ფორმით არ არსებობს, ამიტომაც საჯარო უწყებები მათ თანხას სხვადასხვა კერძო პირთან ხელშეკრულების გაფორმების გზით აძლევენ, მაგალითად ასეთ კერძო პირებს წარმოადგენს: გიორგი გაბუნია, ჯიმო აბესაძე, ზვიად ბლიაძე და გელა გნოლიძე.

    რაც შეეხება თავად საჯარო დაწესებულებებს, ძირითადად ღამის შოუს ბენდთან ხელშეკრულებებს  ადგილობრივი თვითმმართველობები აფორმებენ. ხელშეკრულებები ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით ფორმდება.

    2022 წლის განმავლობაში შესყიდვების სააგენტოს ჯამში შვიდმა მერიამ მიმართა, რათა გამარტივებული წესით ხელშეკრულების გასაფორმებლად ნებართვა მიეღო.

    ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება ღამის შოუს ბენდთან ფოთის, წყალტუბოსა და სენაკის მერიებმა გააფორმეს.

    ფოთის მერიას 24-25 ივლისს ჰქონდა კონცერტის ჩატარება  დაგეგმილი. ხოლო ექსკლუზიურად ღამის შოუს ბენდთან ხელშეკრულების გაფორმება შემდეგი მოტივით დაასაბუთეს  – “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ როგორც ახალგაზრდებში ასევე ფართო საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით.”

    რაც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდული ღონისძიებების ფარგლებში გადაწყვიტა ღამის შოუსთან ხელშეკრულების გაფორმება. ხელშეკრულების ღირებულებამ 22,000 ლარი შეადგინა. დასაბუთებაში აქაც მითითებულია: “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ ახალგაზრდებში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობითა და მაღალი სატელევიზიო რეიტინგით. სწორედ ახალგაზრდების მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა მასზე არჩევანის შეჩერება და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით აღნიშნულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს გიორგი გაბუნია და “ღამის შოუს ბენდი”.

    ღამის შოუსთვის გადამხდელ მუნიციპალიტეტებში მესამე ადგილს სენაკის მერია იკავებს, რომელიც 19,000 ლარის გადახდას აპირებს ბენდის დასაქირავებლად.  სენაკის მერიას 11 აგვისტოს აქვს დაგეგმილი გასართობი ღონისძიების ჩატარება. ღამის შოუსთან ხელშეკრულების გაფორმების დასაბუთებაში სენაკსაც იგივე უწერია: “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ როგორც ახალგაზრდებში ასევე ყველა თაობის წარმომადგენლებში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.”

    აღსანიშნავია, რომ “ღამის შოუს ბენდი” ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ბენდია, რომელიც ქართული ოცნების შეკრებებსა და კონცერტებზე ხშირად ჩნდება. ამავე დროს ღამის შოუს ბენდთან საჯარო ორგანოების მიერ გაფორმებულ რამდენიმე ხელშეკრულებაში მიმწოდებელ მხარედ ფიგურირებს ზვიად ბლიაძე, იგივე ზვიო, რომელიც ტელეკომპანია  პოსტ ტვ-ის 16%-იან წილს ფლობს. პროსახელსიუფლებლო მედიებთან და მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირების ფონზე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ექსკლუზიურად ამ ბენდთთან გაფორმებული ათიათასაობით ლარის ხელშეკრულების უკან, სწორედ მათი ხელისუფლებისადმი ლოიალობა დგას, რაც ცხადია, დადასტურების შემთხვევაში, კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავს.

  • აზოვის პოლკმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან სამხედროები ტყვედ აიყვანა

    “აზოვის” ბატალიონის კიევის დაჯგუფების მეთაური მაქსიმ ჟორინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის სამხრეთში ბრძოლებისას ტყვედ აიყვანეს სამხედროები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან.  განადგურებული ტექნიკისა და აღჭურვილობის ფოტოებს ჟორინი “ტელეგრამზე” აქვეყნებს. ფოტოზე ჩანს მებრძოლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

    “ესენი არიან იგივე ნაძირლები, რომლებიც მარიუპოლში იბრძოდნენ, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ამაზე არასდროს ილაპარაკებს” – წერს ჟორინი.

    მისივე ინფორმაციით, ტყვეები ამბობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჯარისკაცები საერთოდ არ დარჩნენ, რადგან რუსეთმა ყველანი უკრაინაში საბრძოლველად გაუშვა.

    ჟორინი ასევე წერს, რომ “კარგი იქნება, ქართველებმა ტერიტორიების დაბრუნება დაიწყონ”.

  • ეს არის მესამე ხარისხის სიმძიმის დაავადება, სიკვდილის წინა სტადია– ნევროლოგი ოთარ თოიძე სააკაშვილზე

    მიხეილ სააკაშვილის პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება – ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ კლინიკა „ვივამედიში“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად, ცენტრ „ემპათიის“ ექიმების სამედიცინო ჯგუფი შევა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფინალური დასკვნა დაიწეროს.

    „თითქმის ერთი თვეა არ მოგვენახულებინა. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ვიცით, მხოლოდ მედიის საშუალებით და ექიმებთან ხანმოკლე საუბრით.

    ჩემს პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება. ის იყო ადამიანი, რომელსაც არ უჭირდა ლაპარაკი, არ უჭირდა სიარული იმ ხარისხით, რაც დღეს არის. ამიტომ, ალბათ ამ დღეებში ჩვენ მას მოვინახულებთ იმისათვის, რომ ფინალური დასკვნა დაიწეროს უკვე ობიექტური შეფასებით.

    ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს – ობიექტი გამოუსადეგარია

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ხერსონის ოლქში, ქ.ნოვა კახოვკას კაშხლის ხიდს დაარტყეს, ობიექტი ახლა გამოუსადეგარია – აღნიშნულ ინფორმაციას, ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

    როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, აღნიშნული ხიდი რუსი ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენდა, რომელიც ახლა გამოუსადეგარია.

    ასევე მათი ცნობით დარტყმა იყო “ზუსტი და სუფთა”.

  • აშშ-მ 100 ბელორუს თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა

    შეერთებულმა შტატებმა 100 ბელორუს ჩინოვნიკს, რომლებიც დაკავშირებული არიან ქვეყნის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმთან, სანქციები დაუწესა.

    სანაქციები დაუწესდათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შსს-ს, კგბ-ს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გენერალური პროკურატურის, საგამოძიებო კომიტეტის მთავარი დეპარტამენტის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი დეპარტამენტის თანამდებობის პირებს. ამასთანავე სანქცირებულები არიან, ასევე სამთავრობო ტელეკომპანიების ჟურნალისტები, სამხედრო პერსონალი, პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელები.

    “სანქცირებული პირები მონაწილეობდნენ წამებაში, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დაკავებაში, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების სახლებისა და ოფისების უკანონო ჩხრეკაში, მათგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებაში, არჩევნების გაყალბებაში, ადამიანების პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებაში, სტუდენტების გარიცხვაში და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე რეპრესიული კანონების მიღებაში”. – აღნიშნულია განცხადებაში.

  • უკრაინა მოუწოდებს EU-სა და G7-ის ყველა ქვეყანას რუსებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერონ

    უკრაინა მოუწოდებს ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას,  რუსებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერონ. ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.

    “მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია, როცა  ამას მოითხოვს. რუსების  უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან მათ პატივისცემას.” – წერს კულება.

  • “საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ არ შეუძლიათ, საჯარო გამოსვლები უკრაინაზე, შეამცირონ” – პოდოლიაკი

    “ყველამ იცის რაც უკრაინაში ხდება. მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენ გაკიცხვას და ვერავინ იტყვის რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები რომელიც უკრაინას ეხება  – შეამცირონ. ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება.  სუბიექტები რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. სასურველი იქნება რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ, და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყულები”

    უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “მთავარ არხთან” ინტერვიუში საუბრობს.
  • რუსების “შემოსევა” მეორადია იმ პრობლემასთან, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გვყავს – ნოდია

    “რუსების “შემოსევა” მეორადია იმ პრობლემასთან, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გვყავს’ – ამის შესახებ, პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

    ”თვალსაჩინოა, რომ ანტირუსული (იგულისხმება თბილისში ჩამოსული რუსები და არა რუსეთის სახელმწიფო) გრძნობები ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ. ეს პარადოქსია: რაც არ უნდა სოლიდარობა გვქონდეს უკრაინის მიმართ, უშუალოდ საქართველოზე თავდასხმა მაინც სხვაა. წესით, რუსებზე მაშინ უფრო უნდა ვყოფილიყავით გაბრაზებულები. რა ხსნის ამას?

    ზედაპირული ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ იმ ომის შემდეგ რუსების ასეთი რაოდენობით “შემოსევა” არ ყოფილა, შესაბამისად, ამ დონის ვიზუალური გამღიზიანებელი არ გვქონია (ადამიანები, როგორც ვიცით, თვალს უფრო აყვებიან, ვიდრე რაციონალურ არგუმენტებს).

    ესეც ფაქტორია. მაგრამ მე მგონი, მთავარი მიზეზი შიდაპოლიტიკურია: მაშინდელ მთავრობას ბევრი ემტერებოდა სხვადასხვა ნიშნით, მაგრამ პრორუსულს (ოდნავ ჭკუათმყოფელი) ვერავინ უწოდებდა. ცხადია, რუსეთის ახალი აგრესიის შიში არსებობდა, მაგრამ არავის ეშინოდა, რომ ხელისუფლება რუსეთის ჩვენს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას წაახალისებდა და ხელს შეუწყობდა. ამიტომ, ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შექმნა და მათი ტურიზმის წახალისება პრაქტიკულად არავის გაუპროტესტებია. არავინ ჩაუთვლია ეს “პრორუსულ” ნაბიჯად (ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანად), რადგან მიშასგან პრორუსულ ნაბიჯებს არ ელოდნენ.

    ახლა კი გვყავს მთავრობა, რომლის “პრორუსულობა” სულ უფრო თვალსაჩინო ხდება და რომელიც მხოლოდ რიტუალურ პროდასავლურობას ინარჩუნებს; ის სულ უფრო მეტად ეყრდნობა ხალხს, ვისთვისაც მისი პრორუსულობა სულაც არ არის ნაკლი. შესაბამისად, რაკი არ გვწამს (ვისაც არ გვწამს), რომ ხელისუფლება მოტივირებულია რუსეთის მხრიდან პოლიტიკური (და არა მხოლოდ სამხედრო) აგრესიისგან ჩვენს დასაცავად, რუსეთის და რუსების წინაშე გაცილებით უფრო დაუცველად ვგრძნობთ თავს. ეს დაუცველობის განცდა ბადებს რეაქციას, რომ ნებისმიერი კაფეში მჯდომი რუსი წყვილი ოკუპაციური პროექტის ნაწილია.

    რამდენად შეადგენს რუსების “შემოსევა” რეალურ საფრთხეს, ან როგორი უნდა იყოს მათ მიმართ დამოკიდებულება – სრულიად სხვა საკითხია. ამაზე არ ვწერ (რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მეც მხარს ვუჭერ – მაგრამ ეს არსებული ხელისუფლების პირობებში წმინდად თეორიული საკითხია), მხოლოდ იმ ფაქტის გაგებას ვცდილობ, რატომ არის ჩვენი სპონტანური ფსიქოლოგიური რეაქცია რუსის დანახვაზე დღეს გაცილებით უფრო მძაფრი, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ.

    ამიტომ გავიმეორებ, რაც აქ რადმენჯერმე ვთქვი: როგორც არ უნდა ვაფასებდეთ რუსეთის მოქალაქეების “შემოსევას”, როგორც პრობლემას, ის მაინც მეორადია უფრო სტრატეგიულ პრობლემასთან შედარებით, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გვყავს.”

  • ყველაზე გასაიდუმლოებული უკრაინული “კოზირი”, ”საკის” აეროდრომს დიდი ალბათობით სწორედ ამ რაკეტებით დაარტყეს! -შეიარაღების ექსპერტი

    შეიარაღების ექსპერტი, გიგა ინაშვილი დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ”საკის” აეროდრომის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ უკრაინულმა მხარემ “ყველაზე გასაიდუმლოებული “კოზირი” გამოიყენა და აეროდრომს გრომ2-ით დაარტყა. ამის შესახებ ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს.

    ექსპერტის თქმით, ჩვეულებრივი გრომი 280 კილომეტრ რადიუსზე მოქმედებს, ხოლო გრომ2-ის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია.

    ”დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე დაპოსტვა მაგრამ თავს ვიკავებდი. ომის დაწყების დღიდან ველოდი, რომ ეს სისტემაც ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა. ყველაზე გასაიდუმლოებული უკრაინული “კოზირი”.

    2013 წლიდან მოყოლებული უკრაინაში, ქალაქ დნიპროში არსებულ Южмаш-ის სარაკეტო ქარხანასთან არსებული საკონსტრუქტორო ბიურო “იუჟნოე” მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ პროექტზე, უკრაინულ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსზე Грім-2 რომლის პროექტიც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან არსებობდა, თუმცა 90-იანების კრიზისის ფონზე არავის გახსენებია. თავიდან კომპლექსი მხოლოდ უკრაინის არმიისთვის განიხილებოდა, თუმცა 2016 წლიდან პროექტით საუდის არაბეთიც დაინტერესდა და საჭირო ფინანსებიც ჩადო…
    სამუშაოები უკიდურესად დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. უკვე 2018 წელს პირველი საჩვენებელი მანქანა კიევში სამხედრო აღლუმზეც გამოიყვანეს. გეგმის მიხედვით სავარაუდოდ 2021 წელს ასევე დახურულ რეჟიმში რაკეტების პირველი საცდელი გაშვება შედგა,
    თუმცა რა ეტაპზე იყო ომამდე პროექტი მიყვანილი დაზუსტებით უცნობია, არის ინფორმაცია, რომ გარდა მაკეტებისა რამდენიმე საბრძოლო რაკეტის დამზადებაც მოასწრეს სარაკეტო კომპლექსი დანიშნულებით, ტექნიკური თავისებურებებით და ტექნოლოგიურად რუსული “ისკანდერის” პირდაპირი ანალოგია.  ზოგადი ტტმ:
    ფრენის მანძილი – 500 კმ
    რაკეტის მასა – 3500 კგ
    ქობინის მასა – 480 კგ
    რაკეტის სიგრძე – 7,2 მეტრი
    დამიზნების სისტემა – GPS/INS
    სიზუსტე – 50 მეტრი.

    დაზიანების ფართობი:
    – მსხვრევად-ფუგასური უნიტარული ქობინი – 10 000 მ2.
    – კასეტური ქობინი – 2-3 ჰექტარი.

    დღეს ყირიმში საკის აეროდრომს უკრაინელებმა დიდი ალბათობით სწორედ ამ რაკეტებით დაარტყეს ! სხვათაშორის უკრაინის ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილიდან მოსკოვსაც წვდება.” – აცხადებს შეიარაღების ექსპერტი გიგა ინაშვილი.

    აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა. სასწავლო– საწვრთნელი კომპლექსი “ნიტკა“ და საბრძოლო მასალების საწყობი იყო განთავსებული. აეროდრომი ქალაქების – საკის და ნოვოფედოროვკის სიახლოვეს მდებარეობს.

    ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ.

    • აღნიშნული ავიაბაზა ქალქ ნიკოლაევიდან 300 კმ მეტი დაშორიებით მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს შესაძლოა რუსების მორიგი რაკტების გაშვების ეგრეთ წოდებული Fail Start-ის შედეგად გამოწვეული აფეთქებებია, რადგან აქედან ბომბავდნენ P-800 Oniks-ისა და K-3000P Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით ოდესისა და ხერსონის ოლქებს, ან კიდევ უკრაინამ ნამდვილად მიიღო MGM-140 ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები რომლის საცეცხლე დაფარვის რადიუსი 300 კილომეტრია… ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ, აფეთქებების მასშტაბებიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ რამდენიმე მილიონი და რუსული ოცნება უკრაინის დაპყრობის შესახებ ჰაერში გაიფანტა…” – აცხაედბს რუსლან შავაძე. 

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე ყირიმში ნოვოფედოროვკას აეროდრომის აფეთქებას რუსეთისთვის დიდ დარტყმად თვლის:

    • ყირიმის ნოვოფედოროვკასთან მდებარე საკის აეროპორტი უკრაინის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქა იყო. 2014 წელს, რუსეთის ანექსიის შემდეგ, მათ აეროპორტის ევაკუაცია ისე განახორციელეს, რომ ტყვია არ გავარდნილა. შვეულმფრენები და მოიერიშეები აფრინდნენ, რუსები კი საფრენ ბილიკთან იდგნენ და უკრაინელებს ცინიკურად აცილებდნენ. ამის შემდეგ რუსებმა აეროპორტის ძალიან სწრაფი მილიტარიზაცია დაიწყეს და ზედ სუ-24 მოიერიშეები და სუ-30 გამანადგურებლები განათავსეს. როგორც ჩანს ომის წინ სარაკეტო სისტემებიც დამონტაჟდა მიკოლაივისა და ოდესის დასაბომბად.”

    უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადრლობა აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომ “საკიზე” აფეთქებების შედეგად, ოკუპანტების 9 თვითმფრინავი განადგურდა.

  • Washington Post: ყირიმის სამხედრო აეროდრომის აფეთქება უკრაინული სპეცდანაყოფების მუშაობის შედეგია

    ამერიკული გამოცემა Washington Post ყირიმში, ნოვოფედოროვკას ავიაბაზაზე მომხდარ აფეთქებაზე უკრაინის მთავრობის წევრზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქება უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგია. ჩინოვნიკის ვინაობა არ სახელდება.

    გამოცემა არ აკონკრეტებს, რომელ ქვედანაყოფზეა საუბარი, თუმცა წარსულში დასავლური მედია წერდა, რომ უკრაინული სპეცოპერაციების ძალები რუსული ჯარების ფრონტის სიღრმეში სპეციალურ ოპერაციებს აორგანიზებდნენ, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე.

    Washington Post–ის თანამოსაუბრე არ აკონკრეტებს, როგორ მოხდა ნავოფედროვოკის აფეთქების ორგანიზება.

    მას შემდეგ, რაც ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე აფეთქება მოხდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირ არ აღიარა ინციდენტთან საკუთარი კავშირი და რუს სამხედროებს მოუწოდა “არასათანადო ადგილებში სიგარეტი არ მოწიონ.“ თუმცა, მოგვიანებით უკრაინელი ჩინოვნიკები აქტიურად აკომენტირებდნენ აფეთქებას და ამბობდნენ, რომ “რუსეთის დემილიტარიზაცია ჯერ ახლა იწყება“. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

    ოთხშაბათს დილით უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ნოვოფედოროვკაში 9 რუსული თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ინფორმაციის სარწმუნოობის გადამოწმება შეუძლებელია.

    ამერიკული მთავრობის წარმომადგენელმა  Washington Post–ს ანონიმურობის პირობით უთხრა, რომ ნოვოფედოროვკაზე თავდასხმა სავარაუდოდ უკრაინამ განახორციელა, და ამასთან, არ გამოუყენებია მისთვის აშშ–ს მიერ მიწოდებული იარაღი.