Category: სლაიდერი

  • მოლაპარაკებას აზრი არ აქვს მათთან, ვინც “ძვლებზე ცეკვავს” – პოდოლიაკი

    მოლაპარაკებას აზრი არ აქვს მათთან, ვინც “ძვლებზე ცეკვავს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტისადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

    „აზრი არ აქვს მოლაპარაკებას მათთან, ვინც “ძვლებზე ცეკვავს” – პუტინთან და მის გარემოცვასთან. მათი სიტყვების ფასს უარყოფითი მნიშვნელობა აქვს. მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთის ახალ პრეზიდენტთან, რომელიც უფრო ადეკვატურად შეაფასებს რეალობას“, – დაწერა პოდოლიაკმა „ტვიტერზე“.

  • 10 წლის წინ ივანიშვილის გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ბოროტება – წულუკიანი

    „გილოცავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ბოროტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დასამარცხებლად არაერთი წლის განმავლობაში ზოგი საპატიმროდან, ზოგი თავისუფლებაზე, ზოგი უცხოეთიდან. 10 წლის წინ პირველ ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და მისი გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ის ბოროტება, რომელიც ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას, რომ ხელისუფლებაში უკან აღარასდროს დაბრუნდება. ვულოცავ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც არ უშინდებოდნენ. მაშინ პოლიტიკური ბრძოლა იყო საშიში, დამაზიანებელიც კი საკუთარი შვილებისა და ოჯახებისთვის, ეს ყველას გვახსოვს, მაგრამ თქვენ არ ეგუებოდით ამ შიშს და იბრძოდით ყველა მშვიდობიანი მეთოდით, რომელმაც 10 წლის წინ 1-ელ ოქტომბერს მოიტანა გამარჯვება“

    – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. 

  • ვერ გეტყვით გავაგზავნით თუ არა მოთხოვნას NATO-ში – კალაძე

    ”არ ვიცი, ვერ გეტყვით. როცა იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილება თუ რა იქნება გეტყვით”, – ასე პასუხობს, თბილისის მერი კახა კალაძე, ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველო, უკრაინის მსგავსად,  NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადის გაკეთებას.

    კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის არ მიენიჭებინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკური იყო.

    “ძალიან კარგად იცით სად ვართ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. საქართველო არის ყველაზე მოწინავე ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი არ მოგვანიჭეს, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. არსებული მდგომარეობა, რაც ხდება უკრაინაში – ვიცით, რის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

    ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, იმ რეფორმების განცხორციელებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმის ილუზია ნუ ექნება ვინმეს, რომ 2-3 წელიწადში შესაძლებელია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მასისთვის ძალიან გრძელი გზა არის, ძალნი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება სჭირდება” – განაცხადა კალაძემ.

  • უკრაინელი სამხედროები ფოტოებს და ვიდეოებს უკვე ლიმანიდან დებენ

    უკრაინელი სამხედროები აქვეყნებენ პირველ ფოტოებს და ვიდეოებს ლიმანის გარეუბნებიდან. ერთ–ერთ ვიდეოზე ისინი უკრაინის დროშას ამაგრებენ ქალაქის შესასვლელ სტელაზე. ვიდეო ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმაც გადააზიარა.

    ეს სტელა პეტროპავლოვსკის ქუჩაზე – ქალაქის ჩრდილოეთ შესასვლელში მდებარეობს, უკრაინელების მიერ გათავისუფლებული დრობიშევოს მხარეს.

    მეორე გამოქვეყნებულ ვიდეოზე უკრაინელი სამხედრო ამბობოს: “Welcome to Лиман”. ამ რდოს ის სავარაუდოდ ქალაქის სამხრეთ გარეუბანში, იამპოლის მხარეს მდებარე სარკინიგზო ხიდზე დგას.

    ქალაქის შესაძლო დატოვების შესაძლებლობაზე “ალყიდან გასვლის მიზნით“ რუსულმა ტელეგრამ არხებმაც დაიწყეს წერა, რომლებიც ფრონტზე არსებულ სიტუაციას აშუქებენ.

    თუ ლიმანი უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნდება, ის პირველი ქალაქი გახდება დონეცკის ოლქში, რომელიც რუსეთის მიერ ამ რეგიონის ანექსიის შემდეგ გათავისუფლდა.

  • სხვა გზა არ არის, უკრაინა ყირიმში საკმაოდ მალე იარაღით დაბრუნდება – კირილო ბუდანოვი

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელუი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მალე იარაღით დაბრუნდება. ამის შესახებ, ბუდანოვმა,  ეროვნული ტელემარათონის ეთერში 30 სექტემბერს განაცხადა.

    “ჩვენ იქ მალე დავბრუნდებით… იარაღით დავბრუნდებით, სხვა გზა არ არის. “, – განაცხადა კირილო ბუდანოვმა.

  • 30-წლიან ისტორიაში, ჩვენი მმართველობის პირობებში საქართველოს ომი არ ჰქონია – “ქართული ოცნება”

    ჩვენი ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია –  ასე აჯამებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წელს.

    „ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია.

    ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ზემოხსენებულ ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა.

    დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია.

    ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის მტკიცე დაცვა, სამშობლოსა და ეკლესიის სიძლიერეზე ზრუნვა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საქმიანობა მომავალშიც დაეფუძნება.

    დღეს საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, ღრმად გვწამს, რომ ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ.

    საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობის თითოეულ ოჯახამდე მიტანა არის ის ოცნება, რომლის გარშემოც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა. გვჯერა, რომ თითოეული პატრიოტი ქართველის ეს ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება“,- ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

  • დღეს საქართველო მზად არის NATO-ს წევრობისთვის, უბრალოდ, NATO არ არის მზად – ზარქუა

    ”რაც შეეხება NATO-ევროკავშირს, ჩვენ გადავდგით ევროკავშირში ინტეგრაციის მორიგი ნაბიჯი, მივიღეთ აღიარება. რაც შეეხება NATO-ს მიმართულებით საკითხს, მესმის უკრაინის, რომელსაც მცდელობა აქვს, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეს NATO-ს – ეს მესმის, განსაცდელშია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა.

    უკრაინის ამ ინიციატივაზე თქვენ იცით, რომ NATO-გან პასუხი მიიღეს, რომ დაჩქარებულად არ აპირებენ უკრაინის თემის განხილვას. ჩვენ არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება, არ უნდა მოვიტყუოთ თავი. დღეს საქართველო არის მზად NATO-ში წევრობისთვის, უბრალოდ, NATO არ არის მზად და ეს თვითონ თქვა რასმუსენმა. ასე, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ ქვეყანას, იმ მიღწევებს, რაც გვაქვს.”

    ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ლიმანში 5000-მდე რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული – გაიდაი

    რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ლიმანის ალყაში აღმოჩნდნენ, უკან დახევის ნებართვა ითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შესახებ, ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ არხის FreeDom-ის ეთერში განაცხადა.

    როგორც გაიდაი აღნიშნავს, ალყაში მოქცეულ რუსებს  მხოლოდ სამი ვარიანტი აქვთ: წავიდნენ გარღვევისკენ, დანებდნენ ან დაიხოცონ. მისი თქმით, დაახლოებით 5 000 რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული.

  • რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი დააკავეს – ენერგოატომი

    გუშინ, 30 სექტემბერს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი, იგორ მურაშოვი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას, ენერგოატომის ხელმძღვანელი, პეტრო კოტინი ავრცელებს. მისი თქმით,  მურაშოვს მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე.

    „პარასკევს, 2022 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, სადგურიდან ენერგოდარისკენ მიმავალ მიმავალ გზაზე რაშისტულმა პატრულმა დააკავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი. მანქანა გააჩერეს, თვითონ კი ძალით დააკავეს და თვალდახუჭული წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ამ დროისთვის, იგორ მურაშოვის ადგილმდებარეობასა და მდგომარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება,“ – თქვა ენერგოატომის ხელმძღვანელმა.

  • უკრაინაში ახალი ტიპის HIMARS-ის რაკეტები შედის, რომლებიც თავისი დამანგრეველი ეფექტით ბევრად ძლიერი და საშიშია – კობერიძე

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 30 სექტემბრის მდგომარეობას აჯამებს:

    ”იმ დროს, როდესაც მოსკოვში უკრაინის ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებული ბალი და ზეიმია მინიმუმ 3000 რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული ლიმანში. ერთადერთი გასასვლელი კრემინასაკენ მიდის და ისიც უკრაინული სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, კი ეს გასასვლელიც უკვე ჩაკეტილი აქვთ უკრაინელებს, თუმცა სანამ ზარიჩნე მათ ხელში არ მოექცევა სრული ალყა შეიძლება ვერ შეიკრას. რუსი სამხედროების ნაწილებმა პოზიციების მიტოვება ტყისა და ჭაობების გავლით სცადა, თუმცა უმეტესწილად, უშედეგოდ. ტყვეების აყვანა ან/და გაქცეულთა განეიტრალება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ხოლო უკრაინული არტილერია და საჯარისო ფორმირებები ლიმანს დასავლეთიდან უტევენ.

    როდესაც პოლიტიკოსი უწევს ხელმძღვანელობას სამხედრო საქმეს იქ უგუნური გადაწყვეტილებების შანსი ძალიან მაღალია – იმ ფონზე, რომ კრემლს ლიმანის დაკარგვით ზეიმში პრობლემა არ შეჰქმნოდა საკუთარი სამხედროები ალყაში ჩატოვა. ეს კი ყველაზე კარგად მიუთითებს თუ როგორ იმართება რუსეთის არმია და რამდენად დიდი და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხელმძღვანელობას.

    სავარაუდოა, რომ უკრაინელები ლიმანის აღებას ამ ღამიდან მოყოლებული შეეცდებიან. რეალურად კი შესაძლოა სამი სცენარით განვითარდეს მოვლენები:

    1. რუსების ნაწილები მცირე-მცირე ჯგუფებად აღმოსავლეთით გასვლას შეეცდებიან. მათი ნაწილი ტყვედ ჩავარდება, ნაწილი ბრძოლით თუ ფარულად შეძლებს გაღწევას; ტექნიკის დიდი ნაწილი ლიმანში დარჩება. ეს სცენარი ყველაზე რეალისტურია.

    2. ალყაში მყოფები ბოლომდე იბრძოლებენ და რეზერვის მოსვლის იმედად შეეცდებიან პოზიციების შენარჩუნებას. რუსული რეზერვი მოვა თუ არა და მიაღწევს თუ არა ლიმანამდე სხვა საკითხია. ვფიქრობ კრემლი შეეცდება ეს ბრძანება აღასრულოს, მაგრამ შესაძლოა ყველა დიდი მსხვერპლი მიიღოს.

    3. ლიმანში მყოფი ჩარჩენილი დაჯგუფება უბრძოლველად დაყრის იარაღს და ჩაბარდება. ამ სცენარის რეალისტურობა იმაზეა დამოკიდებული რამდენიმე ადამიანია დარჩენილი ლიმანში.

    – უკრაინელებმა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი დასახლება იამპილი გაათავისუფლეს. მდინარე ჩრდილოეთის დონეცის ის ნაწილი, რომელიც დონეცკის რაიონში მდებარეობს მთლიანად უკრაინელთა ხელშია. რუსებს მდინარის მხოლოდ ის ნაწილიღა აქვთ ოკუპირებული, რომელიც ლუგანსკის რაიონშია მოქცეული.

    – რუსებმა წუხელ მშვიდობიანი ქალაქები – მიკოლაივი, ზაპორიჟია და დნიპრო დაბომბეს. სამიზნეები შეგნებულად მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. დაიხოცა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და პატარა ბავშვები. ერთი ოჯახი, რომლის სახლსაც რუსული რაკეტა დაეცა მთლიანად განადგურდა – დედა, მამა და ორი არასრულწლოვანი ბავშვი. მხოლოდ შინაური ძაღლი დარჩა ცოცხალი.

    – ხერსონში, ოკუპირებული რეგიონის რუსული უსაფრთხოების განყოფილების უფროსის მოადგილე ალექსეი კატერინიჩევი პარტიზანებმა ააფეთქეს და მოკლეს.

    – უკრაინაში შედის HIMARS-ის ახალი ტიპის რაკეტები, რომლებიც თავისი დამანგრეველი ეფექტით ბევრად ძლიერი და საშიშია, განსაკუთრებით კი ცოცხალი ძალის წინააღმდეგ – M30A1 აფეთქების შემდეგ ნაწილებად იშლება და ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს. ცოცხალი ძალის განადგურების ეფექტი განსაკუთრებით მძლავრი აქვს, ხოლო ჯავშანში შეღწევადობის უნარი – გამორჩეულად დიდი.

    – უკრაინამ დღეს ოფიციალურად მიმართა ნატოს ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ. ნატოს გენერალურმა მდივანმა თავის გამოსვლაში ამაზე განცხადება არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა ცივილიზებული ადამიანი თუ სახელმწიფო დღეს უკრაინას უჭერს მხარს და ამ ფონზე უკრაინას სრული უფლება აქვს დაუბრუნოს თავისი დაკარგული ყველა ტერიტორია, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს დაანგრევს. საკმაოდ დალაგებულად, ცივი გონებითა და მშვიდად გააკეთა მან ეს განცხადება.” – აცხადებს, კობერიძე.