Category: სლაიდერი

  • ტრამპი ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა. რეგიონში რუსეთ–ჩინეთის გავლენა მცირდება

    ხუთშაბათ საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერი — ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები. როგორც დასავლური მედიასაშუალებები წერენ, მორიგი სამიტის დროს, რომელიც ცნობილია ფორმატით „C5+1“, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განიხილა წვდომა რეგიონის მდიდარ მინერალურ რესურსებზე, სადაც უკვე აქტიურად მოქმედებენ ჩინეთი და რუსეთი.

    შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქასიმ-ჟომარტ ტოყაევი, სადირ ჯაფაროვი, ემომალი რაჰმონი, სერდარ ბერდიმუხამედოვი და შავკატ მირზიოევი.

    „ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას, ვაუმჯობესებთ უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობას და ვაფართოებთ საერთო კავშირებს,“ — განაცხადა ტრამპმა ხუთი ქვეყნის ლიდერებთან სადილზე.

    „ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალები,“ — დაამატა ამერიკის ლიდერმა.

    მოგვიანებით ტრამპმა სოციალურ ქსელებში გამოაცხადა „უდიდესი სავაჭრო და ეკონომიკური შეთანხმების“ შესახებ უზბეკეთთან, რომელიც, მისი თქმით, მოიცავს ტაშკენტის ინვესტიციებს თითქმის 35 მილიარდი დოლარის ოდენობით სამ წელიწადში — და 100 მილიარდ დოლარზე მეტს 10 წლის განმავლობაში — ამერიკის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებში: ავიაციაში, სოფლის მეურნეობასა და IT სფეროში.

    ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი მწარმოებელია, უზბეკეთს უზარმაზარი ოქროს მარაგები აქვს, ხოლო თურქმენეთი გაზით არის მდიდარი. მთიანი ყირგიზეთი და ტაჯიკეთიც ახალი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების აღმოჩენას იწყებენ, წერს AFP.

    ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები არ ერიდებოდნენ კომპლიმენტებს აშშ-ის პრეზიდენტის მისამართით, აღნიშნავს სააგენტო.

    „თქვენ დიდი ლიდერი ხართ, სახელმწიფო მოღვაწე, ზეცის მიერ გამოგზავნილი, რათა აღადგინოთ საღი აზრი და ტრადიციები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს და ძვირფასია,“ — აღფრთოვანებით განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.

    „მანამდე  ამერიკის შეერთებული შტატების არცერთ პრეზიდენტს არ გამოუჩენია ასეთი დამოკიდებულება ცენტრალური აზიის მიმართ, როგორც თქვენ,“ — განაცხადა უზბეკეთის ლიდერმა შავკატ მირზიოევმა. — „უზბეკეთში ჩვენ თქვენ მშვიდობის პრეზიდენტს გიწოდებთ.“

    შეხვედრის დროს გამოცხადდა, რომ ყაზახეთმა გადაწყვიტა შეუერთდეს ე.წ. აბრაამის შეთანხმებებს, რომლებიც ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციას ეხება. როგორც AFP აღნიშნავს, ეს უფრო სიმბოლური ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკელი ლიდერის ძალისხმევის მხარდაჭერას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისკენ.

    ყაზახეთის ხელისუფლების განცხადებით, შეთანხმებებში გაწევრიანება „ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯია“.

    ცენტრალური აზიის სიმდიდრე: ურანი და კრიტიკული მინერალები.

    ფორმატში „აშშ – ცენტრალური აზია“ სამიტები  2015 წლიდან ტარდება (პირველი ასეთი შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაიმართა), თუმცა უმეტესწილად ისინი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ტარდებოდა.

    2023 წელს მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად ისტორიაში გამართა შეხვედრა ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის ლიდერთან — ეს მოხდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის დროს. შესაბამისად, ტრამპის მიმდინარე შეხვედრა გახდა მეორე ისტორიაში პრეზიდენტების დონეზე და პირველი, რომელიც ტარდება თეთრ სახლში.

    როგორც სააგენტო Reuters აღნიშნავს, სამიტის გამართვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა მზარდი კონკურენცია ცენტრალური აზიის მინერალურ რესურსებზე — რეგიონში, სადაც ტრადიციულად დომინირებდნენ რუსეთი და ჩინეთი.

    „აშშ ცდილობს მიაღწიოს ახალ შეთანხმებებს კრიტიკულ მინერალებზე, ენერგორესურსებზე და სახმელეთო სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის უზრუნველსაყოფად, რომლებიც გვერდს აუვლის მის გეოპოლიტიკურ მეტოქეებს,“ — წერს Reuters.

    წელს ცენტრალურ აზიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი.

    რეგიონში თავმოყრილია იშვიათი მიწის ლითონების მნიშვნელოვანი მარაგები. გარდა ამისა, ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი მწარმოებელია (როგორც Reuters წერს, 2014 წელს მსოფლიო მოპოვების თითქმის 40% ყაზახეთზე მოდიოდა).

    უზბეკეთიც შედის მსოფლიოს ურანის ხუთ უდიდეს მწარმოებელს შორის — ამ ორ ცენტრალურ აზიურ ქვეყანაზე მოდის მსოფლიოს ურანის მოპოვების ნახევარზე მეტი, აღნიშნავს სააგენტო. ურანის იმპორტი აშშ-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად მისი დაახლოებით 20% რუსეთიდან შემოდის.

    გარდა ამისა, უზბეკეთს გააჩნია უზარმაზარი ოქროს მარაგი, ხოლო თურქმენეთი მდიდარია ბუნებრივი აირის საბადოებით. ყირგიზეთი და ტაჯიკეთიც ახალი მინერალური რესურსების აღმოჩენას იწყებენ.

    ენერგეტიკის სექტორში რუსეთი კვლავ ძლიერად არის წარმოდგენილი — იგი ამ ქვეყნებს აწვდის ენერგორესურსებს და აშენებს ატომურ ელექტროსადგურებს.

    ამავე დროს, ჩინეთი, რომელიც ესაზღვრება ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს, აქტიურად ინვესტირებს რეგიონში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

    მათ შორის, პეკინი და ბრიუსელი მხარს უჭერენ სატრანსპორტო დერეფნის პროექტს კასპიის ზღვის გავლით, რომელიც საშუალებას იძლევა ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე ტვირთების ტრანსპორტირება კავკასიის გავლით, რუსეთის გვერდის ავლით მოხდეს. ეს პროექტი ცნობილია როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ან „შუა დერეფანი“ (Middle Corridor), რომელსაც აშშ-იც აქტიურად უჭერს მხარს.

    „იმ დროს, როცა ჩინეთი და რუსეთი აძლიერებენ კონტროლს რეგიონის ინფრასტრუქტურაზე, წიაღისეულ რესურსებზე და მათი გადამამუშავებელი სისტემებზე, ვაშინგტონი ცდილობს მოიპოვოს მნიშვნელოვანი პოზიციები კონკრეტული სტრატეგიული პროექტების გზით,“ — განუცხადა Reuters-ს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) დირექტორმა გრეისლინ ბასკარანმა.

    ადამიანის უფლებები — არა პრიორიტეტი

    ამავდროულად, ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გააკრიტიკეს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის. მაგალითად, როგორც AFP ახსენებს, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ შედგენილ პრესის თავისუფლების რეიტინგში თურქმენეთი 180 ქვეყანას შორის 174-ე ადგილზეა. ყაზახეთი და ყირგიზეთიც მიესალმნენ ტრამპის გადაწყვეტილებას დახუროს „რადიო თავისუფლების“ რეგიონული ბიუროები (რუსეთში ეს მედია შეტანილია „უცხოელი აგენტების“ რეესტრში).

    სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ჩამოთვლილია პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის ძირითადი მაგალითები რეგიონში — მათ შორის ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები, გადაადგილების შეზღუდვა, სიტყვის თავისუფლების დათრგუნვა და საპროტესტო აქციების აკრძალვა. ორგანიზაციამ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა, შეხვედრის დროს არ დაივიწყოს ადამიანის უფლებების საკითხი.

    „ცენტრალური აზიის ეკონომიკური და სოციალური რეფორმები საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს, თუმცა ისინი უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პატივისცემას,“ — განაცხადა Human Rights Watch-ის რეგიონულმა დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა. — „მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს  რეგიონში მცხოვრები 82 მილიონი ადამიანი მიიღონ რეალური სარგებელი იმ შეთანხმებებიდან, რომლებსაც მათი ლიდერები ვაშინგტონში გააფორმებენ.“

    თუმცა, როგორც გამოცემა Eurasianet-ს განუცხადა ბიშკეკში მდებარე ეუთოს აკადემიის პოლიტოლოგმა ემილბეკ ჯურაევმა, არ უნდა ველოდოთ, რომ სამიტზე ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების საკითხები წამოიჭრება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციისთვის ეს თემა გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სავაჭრო შეთანხმებები.

    ჯურაევის თქმით, სამიტზე „ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა“ კრიტიკული მინერალების საკითხში, რადგან შეხვედრა საკმაოდ მოკლე დროში იყო ორგანიზებული, ხოლო რესურსების თემა „მგრძნობიარე და რთულია“.

     

    ავღანეთი, სანქციები და გარემო — სხვა საკითხები, რომლებიც შეიძლება განიხილონ

    როგორც Eurasianet წერდა, ტრამპისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე შესაძლოა განიხილონ სხვა თემებიც, მათ შორის რეგიონალური უსაფრთხოება. კერძოდ, ქვეყნებს  სურთ ავღანეთის თემაზე საუბარი, რომელსაც ახლა „თალიბანი“ მართავს.

    „ყაზახეთი და უზბეკეთი ხელმძღვანელობენ ძალისხმევას თალიბანთან კონტაქტების დამყარების მიმართულებით — ისინი მხოლოდ ახალ სავაჭრო შესაძლებლობებზე არ ფიქრობენ, არამედ აცნობიერებენ, რომ თანამშრომლობა აუცილებელია მნიშვნელოვანი რეგიონული პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის წყლის რესურსების დეფიციტის,“ — წერს Eurasianet.

    გარდა ამისა, ლიდერები შეიძლება იმედოვნებდნენ გარკვეულ საკითხების გადაწყვეტასაც, რაც მათ ინტერესებში შედის. მაგალითად, Eurasianet-ის მიხედვით, ყირგიზეთი შეეცდება მოიპოვოს იმ შეზღუდვების მოხსნა, რომლის გამოც მის მოქალაქეებს დაკარგეს უფლება 10-წლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღებაზე აშშ-ში. მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს თურქმენეთის მოქალაქეებზეც.

    ჯურაევი ასევე მიიჩნევს, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა შესაძლოა წამოჭრას საკითხი ამერიკული სანქციების შესახებ, რომლებიც ყირგიზეთის საბანკო სექტორს შეეხო — ვაშინგტონისა და ლონდონის თანახმად, სწორედ ეს სექტორი ეხმარებოდა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის საჭირო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მიღებაში.

    ამასთანავე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა შესაძლოა წამოაყენოს ინიციატივა, შექმნან ერთობლივი ძალისხმევა კასპიის ზღვის დონის დაცემასთან საბრძოლველად — ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ. ტრამპის ყურადღების მისაქცევად, მან შეიძლება აღნიშოს, რომ ეს პრობლემა საფრთხეს უქმნის ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტსაც.

    გარდა ამისა, ყაზახეთი დაინტერესებულია ჯექსონ–ვენიკის შესწორების გაუქმებით, რომელიც დღემდე მოქმედებს ასტანასთან მიმართებით. ეს ეკონომიკური შეზღუდვის კანონი აშშ-ის კონგრესმა 1970-იან წლებში მიიღო საბჭოთა კავშირის დასასჯელად, იმის გამო, რომ ის თავის მოქალაქეებს არ უშვებდა ქვეყნიდან, მაგრამ ნორმა კვლავ ძალაშია ზოგიერთი ქვეყნისთვის.

    ასევე, ყაზახეთმა და უზბეკეთმა გამოთქვეს სურვილი გააფართოონ კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები აშშ-სთან, ასკვნის Eurasianet.

  • ”ქართული ოცნების” მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება – ALDE

    „ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს“ – ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება (ALDE PARTY) საქართველოს პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სისხლისსამართლებრივ დევნას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.

    „ოპოზიციური ხმების გაჩუმება. დემოკრატიული ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“. „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ არის. ევროპელი ლიბერალები საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანებს მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ“.

    შეგახსენებთ, დღეს, 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

    უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და დამხობის მოწოდება.

  • „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში აგრესიულად იქცევა – ვისაც ყალბი შეთითხნილი ბრალდებები აქვს მთელი ევროპის გმირია – რასა იუკნევიჩიენე

    „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში აგრესიულად იქცევა – ვისაც ყალბი შეთითხნილი ბრალდებები აქვს მთელი ევროპის გმირია – რასა იუკნევიჩიენე

    „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა. ყველა, ვისაც ეს ყალბი შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია“

    ასე ეხმაურება საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

  • დააორგანიზა ჯგუფური მოქმედება – პროკურატურა გიორგობიანის პატიმრობას ითხოვს

    გენერალურმა პროკურატურამ ქართული ოცნების მხარდამჭერს, მანჩო გიორგობიანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალი წარუდგინა – უწყება მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და, მათ შორის, ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.მაღაზიიდან გასვლის შემდეგ მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

    პროკურატურის ცნობით, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

    “ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ოთხი პირი, ხოლო მეხუთე პირის დაკავების მიზნით ტარდება სპეციალური ღონისძიება. დაკავებულებს ბრალი კანონით დადგენილ ვადაში წარედგინებათ” – წერს უწყება.

     

  • გაფართოების პირველ ფორუმზე „ქართული ოცნება“ მიწვეული არ არის

    გაფართოების პირველ ფორუმზე „ქართული ოცნება“ მიწვეული არ არის. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს”დაუდასტურეს.

    ფორუმი ევროკომისიის ორგანიზებით, 18 ნოემბერს ბრიუსელში იმართება, რომელსაც ევროკომისარი მარტა კოსი უმპასპინძლებს.

    ფორუმში მონაწილეობენ ევროკავშირის ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკის ექსპერტები ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, მეწარმეები, ხელოვანები წევრი სახელმწიფოებიდან და გაფართოების ქვეყნებიდან.

    ევროკომისიის პრესრელიზში ახსნილია გაფართოების უპირატესობები პოლიტიკურ, ეკომომიკურ და სოციალურ ასპექტებში.

    • „გაფართოების ფორუმი კომისიის ფლაგმანური ინიციატივის როლს შეასრულებს, რათა გაფართოება საერთო პოლიტიკურ, სოციალურ და თაობათა პროექტად იქცეს. გაფართოება უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების წინსვლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ასევე მმართველობასა და კანონის უზენაესობაში რეფორმების განსახორციელებლად. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ამბიციური გაფართოების დღის წესრიგით, კომისიის 2024–2029 წლების სტრატეგიული ხედვა მოითხოვს ამბიციიდან შესრულებაზე გადასვლას სანდო, დამსახურებაზე დაფუძნებული, ინკლუზიური და მომავალზე ორიენტირებული მიდგომით, რომელიც ასახავს ევროპის ღირებულებებს და ამზადებს მას მომავლისთვის“ – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.

    შეგახსენებთ, ევროკომისიის 2025 წლის გამოქვეყნებულ ანგარიშში ნახსენებია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსიგან მხოლოდ სახელია დარჩენილი. წლიური ანგარიში აფასებს კანდიდატი ქვეყნების პროგრესულობას ევროინტეგრაციის კუთხით. 10 კანდიდატი ქვეყნიდან საქართველოს დასკვნა მკვეთრად უარყოფითია კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში ნახსენებია პოლიტიკოსების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების დევნა და სასამართლო სისტემის ეჭვქვეშ დაყენებული სანდოობა.

  • ნიკოლაი ბელიკოვის ქვეყნიდან გაძევების საკითხი დროებით შეჩერებულია

    22 ოქტომბერს დაკავებული რუსეთის მოქალაქის, ნიკოლაი ბელიკოვის დეპორტაციის საკითხი დროებით შეჩერებულია.

    გუშინ, 5 ნოემბერს, 14 დღიანი პატიმრობის შემდეგ მან ფოთის იზოლატორი დატოვა – მას პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, ბელიკოვს ქვეყნიდან გაძევება მიესაჯა, თუმცა გაძევების გადაწყვეტილება ამ დროისთვის შეჩერებულია.

    ნიკოლაი ბელიკოვის ადვოკატმა, დავით მჟავანაძემ დეპორტაციის გადაწყვეტილების შესაჩერებლად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და განმარტა მიზეზები, თუ რატომ არის საფრთხისშემცველი მისი ქვეყნიდან გაძევება.

    “არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს, რომ ნიკოლაი ბელიკოვის რუსეთში გაძევების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ ნიკოლაის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ არის ისეთი ფაქტები, რომლებზეც შემიძლია საჯაროდ ვისაუბრო. მაგალითად, ის იყო ნავალნის თანამოაზრე [ალექსეი ნავალნი – რუსი ოპოზიციონერი, რომელიც 2024 წლის 16 თებერვალს ციმბირის ციხეში დაიღუპა]; ის არის რუსეთში რეგისტრირებული ოპოზიციური პარტიის წევრი; იყო აქტიური მოქალაქე, რომელიც პუტინის რეჟიმს ებრძოდა რუსეთში; ის ღიად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე; ის არ ერიდება საჯაროდ, თავის სოციალურ ქსელში პუტინის რეჟიმის მოქმედებების კრიტიკას როგორც რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, ასევე უკრაინაში” – ამბობს დავით მჟავანაძე.

  • გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, ქოცებო! გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი პოზიცია, რეჟიმი გარეთ იქცა პოლიტიკურ კეთროვანად – გვარამია

    “ძვირფასო და საამაყო მაგარო კაცებო და ქალებო ოპოზიციიდან, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, არალეგიტიმურად, პოლიტიკურ კეთროვანად, ხოლო შინ საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად.

    ძვირფასო და საამაყო პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო: დიახ, თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიტა ქოცები და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი!

    ძვირფასო და საამაყო ოპოზიციურო, პროდასავლურო პარტიებო, თქვენმა სრულმა იგნორირებამ პარტიების გაუქმების ჯალათური ბოდვის მიმართ, ასევე თავმმდაბალმა და რაციონალურად ერთადერთმა სწორმა დამოკიდებულებამ პროტესტის მიმართ, არ მისცა რეჟიმს შესაძლებლობა, უძრავ სამიზნედ გამოეყენებინეთ და თქვენი ფაქტორის პროპაგანდისტულ ექსპლუატაციის გზით გაენადგურებინა პროტესტი, რომლის “ლიდერი” დღემდე ვერ იპოვნა ( იმიტომ, რომ არც ყავს) და ამის გამო მეპროტესტეების და პატრიოტული სიჯიუტის და გამბედაობის გამო დღემდე ვერაფერი დააკლო, არადა ყოველ დღე ახალ რეპრესიულ კანონს იღებს და ათობით სხვადასხვა თაობის ადამიანს უშვებს ციხეში!

    მადლობა სამოქალაქო სეტქორს, აკადემიას და რა თქმა უნდა, კრიტიკულ მედიებს!

    ცოტაც!

    ოლიგარქია უნდა დაემხოს!

    პ.ს. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, ქოცებო:)

    წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

  • დიახ, ვმუშაობდი რუსული ოცნების სანქცირებაზე..წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით – ხოშტარია

    დიახ, ვმუშაობდი რუსული ოცნების სანქცირებაზე..წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით – ხოშტარია

    დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი.

    დიახ, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ. დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები.

    წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით. პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა.

    ბოლომდე!

    წერს პატიმრობაში მყოფი კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ელენე ხოშტარია პროკურატურის განცხადებაზე.

  • გურამ ღონღაძეს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

    გზის გადაკეტვის საბაბით წუხელ დაკავებულ სტუდენტს, გურამ ღონღაძეს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

    პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გურამ ღონღაძე გუშინ საღამოს დააკავა  .

    ცნობისთვის, დღეს ასევე დააკავეს “სოვლაბის” მკვლევარი, ილიაუნის ლექტორი რუსუდან კობახიძე და აქტივისტი მარინე ნანავა.

  • ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი დღეს საქართველოში დაბრუნდა

    გერმანიის საგარეო აცხადებს, რომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა და მუშაობას გააგრძელებს. გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია.

    “ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით გააგრძელებს თავის ერთგულ საქმიანობას”- ნათქვამია გერმანიის საგარეოს განცხადებაში.