Category: სლაიდერი

  • გზავნილია, ან წავალთ ქვეყნიდან, ან 7-დან 15-წლამდე ციხეში, რისი გემოც გაგვასინჯეს – ჯაფარიძე

    გზავნილია, ან წავალთ ქვეყნიდან, ან 7-დან 15-წლამდე ციხეში, რისი გემოც გაგვასინჯეს – ჯაფარიძე

    გვეუბნებიან, რომ როდესაც ახლა, ცოტა ხანში, გამოვალთ ციხიდან, ქვეყანა უნდა დავტოვოთ, თუ არ გვინდა, დიდი ხნით აქ მოხვედრა, რისი გემოც გაგვასინჯეს. ან წავალთ აქედან, ან 7-იდან 15-წლამდე ციხეში. ესაა გზავნილი , – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს.

    „2025 წლის 7 ნოემბერია აქ, 17:30, ბადრაგი აღებს საკნის კარის სარკმელს და მეკითხება, წავალ თუ არა ჩემს სასამართლო პროცესზე, რომელიც 19:00 საათზეა თურმე ჩანიშნული.

    წამით ვფიქრობ, სხვებიც თუ იქნებიან, ხომ არ წავიდე, ერთად მაინც ვიქნებით, გავერთობით სასამართლოს “აბეზიანნიკში”, მაგრამ გონებაში გავდივარ პოტენციური გამომსვლელების სიას, ვხვდები, რომ არც ერთი ახლა იქ წამსვლელი არაა და ბადრაგს უარით ვუშვებ.

    ასე მომილოცეს “დიდი ოქტომბრის რევოლუციის” 108 წლისთავი. ბავშვობაში ამას ბრეჟნევი აკეთებდა. ბრეჟნევს ბადრაგი სჯობს.

    ჩანაწერები, რომლებსაც ქართულენოვანი რუსული არხები ატრიალებენ, ფარული რომ არ არის, ნებისმიერი მიხვდება, სრულიად უგონო ადამიანის გარდა.

    დედაენის ბაღში ხდება ამბავი. ხელში მეგაფონი მიჭირავს, რომ ხალხს კარგად გავაგონო და როცა ეგეც არ მეყო, “დროასგან” ბორბალ მოტეხილი დინამიკი ვითხოვეთ მიკროფონით. “ფარულობა” მეტი სიმძაფრისთვის სჭირდებათ. ვითომ იმუშავეს, გამოავლინეს, მიაგნეს.

    მაგრამ მაგ ჩანაწერებთან მიმართებაში “ფარულობა” არ არის მთავარი. ეგ ჩანაწერები გაკეთებულია 2021 ან 2022 წლებში, როცა მე და „ლაკას“ [ელენე ხოშტარია] უარი გვაქვს ნათქვამი საპარლამენტო მანდატებზე, სარჩელი გვაქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, მანდ ვაპროტესტებთ 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს და ვმსჯელობთ, ეგ პროტესტი როგორ გავხადოთ უფრო მრავალრიცხოვანი.

    2024 წლის არჩევნები ჯერ მომხდარიც კი არ არის. შესაბამისად, რასაც არ უნდა ვამბობდეთ მანდ (ყველა სიტყვას ხელს ვაწერ) მე და ლაკა, ეგ ვერანაირად ვერ იქნება კავშირში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ამბებთან.

    ეს უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორემ მიაბან, არც ეგაა პრობლემა.

    ლაკას რას ტენიან ჩემგან და გიორგისგან განსხვავებულს, ზუსტად ვერ გავიგე ამ ბრალის დადგენილებიდან, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ნალაპარაკებია რამე თუ ნამოქმედარი, მეც ვაწერ ყველაფერზე ხელს.

    ერთადერთი, რაც ცოტა დამაბნეველია – მილიონები დახარჯეს იმაში, რომ ხალხისთვის დაეჯერებინათ, ლაკა კრემლიდან ფინანსდებაო და ახლა უნდა ამტკიცონ, რომ უკრაინის აგენტია. სულ ვფიქრობდი, რომ რაღაცით მატა ჰარის ჰგავდა.

    ჩვენთვის წაყენებული ეს ბრალი შეიძლება იყოს კავშირში ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან. ალბათ ასეცაა. თუმცა სხვა მიზანიც აქვს. რეალურად ჩვენ გვეუბნებიან, რომ როდესაც ახლა, ცოტა ხანში გამოვალთ ციხიდან, ქვეყანა უნდა დავტოვოთ, თუ არ გვინდა, დიდი ხნით აქ მოხვედრა, რისი გემოც გაგვასინჯეს. ან წავალთ აქედან ან 7-იდან 15-წლამდე ციხეში. ესაა გზავნილი.

    მე არ მგონია დასაძრახი, რომ ადამიანი გაექცეს დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც მას სიცოცხლის ან სიცოცხლის ნაწილის წართმევას უპირებს, მნიშვნელობა არ აქვს არც იმას, რამდენია ეს სიცოცხლის ნაწილი, 1 დღე თუ 15 წელი.

    ყველას ერთი ცალი სიცოცხლე გვაქვს და მე არასდროს მჯეროდა, რომ რაიმე თანდაყოლილი ვალდებულება მოგვყვება, ეს სიცოცხლე ისე გავხარჯოთ, როგორც ჩვენ არ გვსურს. ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ თავისუფალი არ ხარ. ანუ ადამიანი არ ხარ.

    ერთადერთი, რაც მაღიზიანებს ხოლმე არის, როცა დიქტატურას ან დიქტატურის შედეგად შექმნილ უპერსპექტივობას გაქცეული ადამიანი:

    ა) აქ დარჩენილებს ასწავლის როგორ უნდა დიქტატურასთან ბრძოლა.

    ბ) ამტკიცებს, რომ ის იქ უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე თუნდაც რუსთაველის ერთი რიგითი დემონსტრანტი.

    ერთი სიცოცხლე მაქვს მეც და ამ სიცოცხლეში “პოლიტიკოსზე” არანაკლებ მნიშვნელოვანი როლები მაქვს ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კრუზოსავით კუნძულზე არ ცხოვრობს.

    ძმა, ქმარი, მამა, მეგობარი, მასწავლებელი.

    თითქმის ნახევარი ჩემი ცხოვრება დავხარჯე იმაში, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ვსწავლობდი და გარშემო ყველგან ვასწავლიდი – როგორია ადამიანების სამყარო და როგორი წესებით უნდა მოვაწყოთ ის, რომ ყოველ შემდეგ თაობას უკეთესი დავახვედროთ. ჩემს ხელში გაუვლია ასობით ახალგაზრდას.

    განსხვავებით უბრალო პროფესორისგან, მე ვცხოვრობ იმას, რასაც ვასწავლი.

    ამიტომ, მიუხედავად იმისა, გვერდიდან როგორ ჩანს, სიმართლე იმაშია, რომ ახლა არჩევანი არ მაქვს გასაკეთებელი, რადგან არჩევანი არ მაქვს. ეს არჩევანი მე დიდი ხნის წინ გავაკეთე. ციხე თუ ქვეყნიდან წასვლა – ჩემთვის ყველაფერი იმის გამოცდაა, რისიც მწამს.

    დიდი უსამართლობა ამ ამბავში ისაა, რომ არჩევანი არ აქვს არც ნატას, არ აქვთ არც ჩემს შვილებს, ჩემს ძმას, ბიძაჩემს, მეგობრებს. ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანს მოუწევს ისევ გააგრძელოს ცხოვრება იმ არჩევანში, რომელიც მე ოდესღაც გავაკეთე. ეს რომ ასეა, ყველაზე უკეთ იცის იმან, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდება – ნატამ.

    ბევრჯერ მიფიქრია, რომ ოდესმე ნატასთან ერთად გავაკეთებდი სიებს ჩვენი საყვარელი ტრეკების/მუსიკის, წიგნების და ფილმების – ჩვენი შვილებისთვის.

    არ ვიცი, რატომ გინდა ადამიანს, რომ შენმა შვილებმა იმავეს მოუსმინონ, იმავეს უყურონ, იგივე წაიკითხონ, რაც შენ მოგწონს. ალბათ, ქვეცნობიერად ფიქრობ, რომ თუ იგივე სამყაროებს ეზიარება, შენნაირი გახდება. არის ამაში რაღაც ეგოისტური.

    არასოდეს მახასიათებდა ე.წ ნივთებთან მიჯაჭვულობა. იშვიათად, რომ რამე შევინახო დიდი ხნით. ნაჩუქარი თუ არ არის, ნებისმიერი რამე შემიძლია გავაჩუქო დაუფიქრებლად. “..დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, დოკუმენტის N D20007853123KN “ არის, რასაც არასოდეს გავაჩუქებ და შევუნახავ შვილებს.

    შემიძლია ვურჩიო შვილებს – წაიკითხონ სახარება, რომ გაიგონ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანების სისასტიკე ყველაზე კეთილ ადამიანთან მიმართებაშიც კი.

    ვურჩიო – წაიკითხონ კაფკა, რომ გაიგონ, როგორი შეიძლება იყოს უსულო და უგონო ადამიანების მიერ შექმნილი აბსურდული სამყარო.

    ვურჩიო – უყურონ ჩაპლინს, რომ ნახონ, რამდენად სასაცილო შეიძლება იყოს ბოროტება.

    ვურჩიო – წაიკითხონ შალამოვი, ბუკოვსკი, რომ გაიგონ რა იყო საბჭოთა კავშირი.

    ან, შემიძლია ვურჩიო – ყურადღებით წაიკითხონ ჩემი ბრალის დადგენილება. ძალიან მინდა ოდესმე ჩემმა შვილებმა ისევე იცინონ ამ დოკუმენტზე, როგორც მე ვიცინი ახლა. ეგ სიცილი იქნება ყველაფრის კომპენსირება, ყველაფრის – რასაც გადის ჩემი ოჯახი ეს წლებია.

    ყოველდღიურად მიდის საუბარი იმაზე, ნეტა რა მდგომარეობაშია რეჟიმი. უჭირს თუ მყარადაა.

    კარგად რომ იყოს, ანუ რომ იცოდეს, რომ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, ამდენ სიგიჟეებს არ იზამდა.

    მაგრამ 10 წელი რომ ვერ ბედავ სალაპარაკოდ დაუჯდე ადამიანებს და ბოლოს იგივე ადამიანებს 7-15 წლიანი ციხით ემუქრები მხოლოდ ლაპარაკის გამო, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ დაქირავებული ფიზიკური ძალაღა შერჩათ.

    არსად წასვლას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ. მე დავრჩები ჩემს ქვეყანაში, რომლის ღალატსაც მაბრალებენ თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთი აბსურდის სურათი დავხატო – როგორ არ გარბის მოღალატე, როცა ამის შანსი აქვს.

    მადლობა ყველას, ვინც მეხმიანება, მაგრამ მართლა არ მჭირდება გამხნევება. იქეთ გავამხნევებ ბევრს.

    გადით რუსთაველზე.

    როცა დაიღლებით, როცა მოგბეზრდებათ, როცა დეპრესია შემოგიტევთ, მაშინ ადექით და გადით რუსთაველზე.

    ნუ უყურებთ ამას როგორც საქმეს, როგორც ვალდებულებას. გაერთეთ ამით, იკაიფეთ. შეხედეთ რუკას, ნახეთ ვინ გებრძვით და ვერ გაჩერებთ. როგორ შეიძლება ამით ვერ იკაიფოთ?

    შეხედეთ, რა დღეში არიან. ყველაფერი აქვთ – თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება, ფული, დაქირავებული კუნთები და რას დაემსგავსნენ? პირბადეებს დასდევენ. მეტყველების უნარზე უარი თქვეს. ყოველ დღე უფრო სასაცილოები ხდებიან.

    ნუ ბრაზდებით ამაზე. იცინეთ, გაერთეთ, იკაიფეთ. მონსტრი აქციეთ კლოუნად. ასე იწყება ჩამოშლა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

  • თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის ნაცვლად რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება

    თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს პარლამენტის წინ არ დაიდგმება – ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ. საახალწლო ღონისძიებებისთვის 8 280 000 ლარი დაიხარჯება.

    “2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია “საახალწლო ქალაქის” მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. “საახალწლო ქალაქი” 2025 წლის 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.

    ქალაქ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო. გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები.

    მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად.

    მოეწყობა კვების და საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონები, “საშობაო ბაზარი” და “ტკბილეულის ფესტივალი”.

    საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება.” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

  • გზების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და კიდევ 4 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

    “ოცნების” პროკურატურამ  გზების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და კიდევ 4 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.  პროკურატურა აცხადებს რომ მათ მიმართ დევნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოტენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე დაიწყო.საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის ფაქტს.

    საქართველოს პროკურატურამ, სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

    საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია ,,Akkord’’-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 11.5 კილომეტრიანი მონაკვეთის და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებდა ოთხი საერთაშორისო კომპანიისგან შემდგარი ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ადგილზე საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი თავის მხრივ ევალებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

    პროექტის მიმდინარეობისა და ხიდის მშენებლობის პერიოდში, საზედამხედველო კომპანიის არცერთი უფლებამოსილი ექსპერტი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის.

    მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი, საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

    მსგავსად შედგენილი, ყალბი აქტების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან კუპატაშვილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს, თითქოსდა გაწეული მომსახურებისათვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1 172 539 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს.

    შემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი თანხა, საერთო ჯამში აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

    ზემოხსენებულ ფაქტზე, დაკავებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და პროექტის მენეჯერებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ასევე, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ-ინჟინერს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით
    დადგენილ ვადაში მიმართავს.

    საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა კომპანიებისა თუ თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულის გამოკვეთის მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

  • ვიდრე ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია და მე პრემიერი, აშშ-ის სანქციები უნგრეთს არ შეეხება – ორბანი

    „ხელი ჩამოვართვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის მიერ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან უნგრეთის განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლების შესახებ. სანამ ის იქ პრეზიდენტია და მე აქ პრემიერ-მინისტრი, სანქციები არ იქნება,.[…] რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ძალაში შესვლა უნგრეთში შობამდე კომუნალური გადასახადების ორ-სამჯერ გაზრდას და ბენზინის ფასების ათასი პროცენტით ზრდას გამოიწვევდა. ეს ნამდვილი კატასტროფაა“,

    ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

  • ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

    პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა.

    მელიას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ მელიამ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო თავად მელია აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. მისი თქმით, დაკავებისას ადგილზე დაახლოებით 50 პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამნი იყვნენ.

    ნიკა მელია მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ინფორმაციით, ის ლისის ტბის ასახვევთან აიყვანეს, როცა ტელეეთერში გასვლას გეგმავდა.

  • დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული – კალაძე

    დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული. საქართველოსთან მიმართებაში მათი ყველა განცხადება გაჯერებულია ტყუილით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული და არანაირ რეალობას არ შეიცავს. ასევე, ძალიან მძიმეა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობდით, მისი მიღების აუცილებლობა ზუსტად მსგავსი ფაქტებიდან გამომდინარეობდა. ერთი მხრივ, გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს საქართველოს მეგობრები ვართო, მეორე ხელით კი სახელმწიფო გადატრიალებებს, რევოლუციებს, ექსტრემიზმის, მოძალადეების წახალისებას ეწეოდნენ. ეს არც მეგობრობაში ჯდება და არც პარტნიორობაში.

    ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ეს კი ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას სცენ პატივი. არანაირი არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ არის საუბარი. არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი, ეს კარგად გაიგეთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ქართულ ოცნებას მისცა ლეგიტიმაცია. ჩვენ ევროკავშირისგან ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენს ქვეყანასთან, ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით.

    თქვა ივანიშვილის თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენ მიმართაც დაიწყო წარმოება – ინდიგო

    მედიაორგანიზაცია ინდიგოს ინფორმაციით, ივანიშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ მიმართაც დაიწყო საქმის წარმოება “გრანტების შესახებ” კანონის საფუძველზე.

    “ძვირფასო მკითხველო,

    ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვა მეგობარი ორგანიზაციების მსგავსად ინდიგოს მიმართაც დაიწყო წარმოება “გრანტების შესახებ” კანონის საფუძველზე. რადგან მთელი ჩვენი საქმიანობა ღია კომუნიკაციასა და მხოლოდ თქვენს ნდობაზე დგას, გვინდა ეს ამბავიც იცოდეთ. ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა – თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რას ვაშუქებთ, რატომ აღვწერთ და როგორ ვყვებით ამბებს.

    ახლაც გვჯერა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების რწმენა დაკარგულია, ერთმანეთის თანადგომა, პრინციპულობა და სიმართლე გაიმარჯვებს.

    ინდიგო მუდამ დააკვირდება და აღწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს.

    სიყვარულით, ინდიგო”, – წერს ინდიგო Facebook-ზე.

  • ენმ ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას იწყებს

    ერთიან ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს. ეს პარტიის ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე თქვა.

    ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა ისეთი კანონმდებლობა შექმნა, რითიც ყველა იდევნება, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს […] ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ ოცნების მიტაცებული საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ გვაქვს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და იურიდიული საზოგადოების თხოვნითა და მოთხოვნით, საკონსტიტუციო სამართალწარმოებას ვიწყებთ – იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე ამ პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

    ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელებს რამდენიმე ეტაპად შევიტანთ – პირველ ეტაპზე წულუკიანის ე.წ. ღალატის კომისიის დასკვნას ვასაჩივრებთ, შესაბამისი სარჩელი უკვე შევიტანეთ […] მეორე ეტაპზე, ამ კვირაშივე შევიტანთ სარჩელს იმ კანონების არაკონსტიტუციურობაზე, რომლითაც ქართული ოცნება პარტიებს, პრაქტიკულად, აუქმებს […] მესამე ეტაპი კი საკუთრივ ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით იქნება […] ჩვენ ისეთ არგუმენტებს წარვადგენთ, რომელიც ევროსასამართლოში გადამწყვეტი იქნება”. – თქვა ბეჟაშვილმა.

  • დღეს, ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა – პაპუაშვილი

    დღეს, ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა – პაპუაშვილი

    „როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს. დღეს, ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა.

    შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას – ანუ ხალხის მმართველობას – და, ამავე დროს, ერეოდე სხვა ხალხების არჩევანში. ის, რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაეროს წესდების, ისე ვენის კონვენციის, ანუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.

    შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას და უგულებელყოფდე კანონს და მართლმსაჯულებას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც ბრიუსელის ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ბიუროკრატმა პოლიტიკურ განაჩენად შერაცხა. სტრასბურგმა თქვა: ბრიუსელი ცრუობდა, ქართული მართლმსაჯულება კი ცამდე მართალი იყო.

    დაბოლოს, შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის დაზუთხული არპასუხი აჩვენებს იმ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა. თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს.

    გზა ნათელია, გამოსავალი – ცხადი. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა“,

    ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

  • ჯაკო ჩარკვიანს და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

    თბილისის საქალაქო სასამართლომ სპარის თანამშრომელზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო ჩარკვიანი და კიდევ 4 ადამიანი პატიმრობაში დატოვა.

    ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გარდა, პროკურატურა ჩარკვიანს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასაც ედავება.

    ცნობისთვის, მაღაზია სპარის თანამშრომლის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე ბრალდება ჯამში 6 ადამიანს აქვს წარდგენილი.

    დღეს, 7 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იგივე საქმეზე ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ “ოცნების” აქტიურ მხარდამჭერს მანჩო გიორგობიანსაც.