Category: სლაიდერი

  • თუ რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება – არახამია ყირიმის ხიდზე

    რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას. მიზეზი მარტივია: თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება, – აცხადებს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია, რითაც ის ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

    „ეს მხოლოდ დასაწყისია. საიმედო მშენებლობა არ არის ის, რითაც რუსეთი განსაკუთრებით ცნობილია“, – აცხადებს არახამია.

  • ”პუტინი არასწორ გათვლებს რამდენიმე მიმართულებით აკეთებს” – ნიკო ლანგე

    ”პუტინი არასწორ გათვლებს რამდენიმე მიმართულებით აკეთებს” – ამის შესახებ, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკო ლანგემ ისაუბრა.

    ის საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფომ რუსეთის ათასობით მოქალაქის ქვეყანაში შეშვებასთან დაკავშრებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. გერმანიის თავდაცვის პოლიტიკის, რუსეთისა და უკრაინის საკითხების ექსპერტს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

    გასულ კვირას გერმანიისკენ მიმავალი წყალქვეშა მილსადენები გასკდა. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რუსეთს მილსადენების საბოტაჟში სდებს ბრალს. ასევე არის ცნობები, რომ მილსადენთან ახლოს დაფიქსირდა აფეთქებები. საბოტაჟია ეს თუ არა, ფაქტია, რომ გერმანიას რუსული გაზი არ მიეწოდება. თქვენი აზრით, ენერგორესურსების ასეთ შემცირებას ექნება თუ არა გერმანიის პოლიტიკაზე გავლენა?

    ვფიქრობ, დღეს ყველასათვის, მათ შორის, გერმანიისთვისაც ცხადია ის, რომ გერმანია რუსულ გაზზე ზედმეტად იყო დამოკიდებული. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეცდომა იყო და მიხარია, რომ გერმანიამ ეს შეცდომა გამოასწორა. ამ შემთხვევაში, ცხადია, რომ საქმე საბოტაჟთან გვაქვს. ერთი, რაც მნიშვნელოვანია რომ უნდა გავიგოთ ისაა, რომ რუსეთი საკუთარ სიტუაციას არასწორად აფასებს. პუტინი შეცდა უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გათვლაში, უკრაინის მხარდაჭერის მხრივ დასავლეთი ერთობის გათვლაში და ის ისევ ცდება იმაში, რომ შეუძლია გაზის მიწოდების შეჩერებით გერმანიას უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე აზრი შეაცვლევინოს. გერმანიამ დაიგვიანა, მაგრამ ახლა ძალიან სწრაფად შეავსო გაზის მარაგები. პრობლემები იქნება, მაგრამ გერმანია ამ ზამთარს გადაიტანს და ამის შემდეგ სტრატეგიულად, გაცილებით ნაკლებად იქნება რუსულ გაზზე დამოკიდებული. ვფიქრობ პუტინი არასწორ გათვლებს აკეთებს. ის გერმანიის ან ევროკავშირის პოზიციას ამ სახის გამოძალვის მეთოდით ვერ შეძლებს.

  • პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 4 პირი – შსს

    პოლიციელებმა თბილისში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მ.ი. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები.

    შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. გორში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

    თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული გ.ა., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    რაც შეეხება, 1974 წელს დაბადებული მ.ნ. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

    ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაშენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

  • მობილიზაციას გაქცეულმა ორმა რუსმა მამაკაცმა რუსეთიდან ალასკამდე ნავით გაცურა

    რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მობილიზაციას გაქცეულმა ორმა მამაკაცმა რუსეთიდან ალასკამდე ნავით გაცურა. ინფორმაციას ამის შესახებ, მედია ავრცელებს, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია ხელისუფლებასთან ერთად შტატის სენატორმა დენ სალივანმა მიაწოდა.
    როგორც ცნობილია, ორმა რუსმა მამაკაცმა, პატარა ნავით სენტ ლოურენსის კუნძულზე არსებულ გემბელის დასახლებამდე მიცურეს. სენტ ლოურენსის კუნძული რუსეთის სახმელეთო ნაპირიდან 56 კილომეტრშია.

    მამაკაცები, შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ დააპატიმრა. სწორედ ამ დროს განაცხადეს რუსეთის მოქალაქეებმა რომ პუტინის გამოცხადებულ მობილიზაციას გამოექცნენ და აშშ-ში თავშესაფარს ითხოვდნენ. მომხდართან დაკავშირებით, აშშ-ის ხელისუფლებამ შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

  • უკრაინელები რეიდებს ღამით ახორციელებენ, რომლის შედეგად რუსების სამხედრო მორალი ქვეითდება – 7 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 7 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს:

    “საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ხერსონის რაიონში. სატანკო ბრძოლა მიმდინარებს დუდჩანი-ბერისლავი-კახოვკას გზაზე. რუსები ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი რაოდენობით მომარაგების ფონზე ცდილობენ უკრაინელთა შეტევის ტემპი დააგდონ და თავდაცვის ახალი ხაზი შექმნან. სწორედ ამიტომ ინტენსიურად მუშაობს რუსული არტილერია მთელს ხერსონის რაიონში. გვხვდება რუსული ჩასაფრებებიც. ამ ეტაპზე, უკრაინული არმიის შეტევამ მილოვემდე ჩააღწია. დასახლება მდინარე დნეპრის სანაპიროზე მდებარეობს.
    ხერსონის რაიონში უკრაინული არმია ცდილობს სუხანოვე დაიკავოს. მდელოებზე ბრძოლა ძალიან რთულია და როგორც ჩანს უკრაინული არმია ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემთხვევაში ერთსა და იმავე ადგილას უაზრო ბრძოლას არ აგრძელებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი რუსული თავდაცვა სუხანოვესა და ბოროზენსკეს მიდამოში ჩამოყალიბდა, უკრაინელები სხვა მიმართულებიდან შეეცდებიან შეტევაზე გადასვლას.

    დონეცკის რაიონში, პისკიდან დასავლეთით რუსებმა პერვომაისკეზე წამოიწყეს ინტენსიური იერიში. რუსებმა დიდი რაოდენობით დონეცკელი სეპარატისტული დანაყოფები ჩართეს საბრძოლო მოქმედებებში. უკრაინელებს დასახლება და მისი მომიჯნავე ტერიტორია ძალიან კარგად აქვთ გამაგრებული. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ზოგადად, დონეცკის რაიონის ამ ნაწილში დეფაქტო ხელმძღვანელობის აღებას კადიროვი და მისი ერთგული ლიდერები ცდილობენ, ისევე როგორც ის სამხედრო ხელმძღვანელობა, რომლებიც სირიაში რუსულ იერიშებს წარმართავდა.
    უკრაინელები რეიდებს ღამით ახორციელებენ ხოლმე. ეს მათი ტექნიკური უპირატესობის (წვრთნა, ღამის ხედვის აპარატები) ჭკვიანური გამოყენებაა. ასეთი რეიდების შედეგად რუსული სამხედრო მორალი ძალიან ქვეითდება.

    ლიმანში მასობრივ სამარხებში ერთი და ორი წლის მოკლული უკრაინელი ბავშვების ცხედრებიც კი აღმოაჩინეს. ესაა გენოციდი და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ მოწყობილი რუსეთის მიერ.“ – აცხადებს გიორგი კობერიძე.

  • ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს! – პოდოლიაკი

    ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“,

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

  • ყირიმის ხიდის აფეთქება: კრემლის პირველი რეაქცია

    ამ დროისთვის მოძრაობა ყირიმის ხიდზე მთლიანად ჩაკეტილია. მზადდება საბორნე გადასასვლელი ქერჩის სრუტე. ამის შესახებ ყირიმის ხელისუფლება აცხადებს. მინიმუმ ერთი საგზაო ზოლის ორი სექცია დანგრეულია.

    რუსეთის ანტიტერორიტული ნაციონალური კომიტეტი აცხადებს, რომ მოხდა დივერსია – ხიდზე სატვირთო ავტომობილის აფეთქება, რის შედეგადაც რკინიგზის შემადგენლობის საწვავით სავსე 7 ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა. ხიდის ორი საავტომობილო მონაკვეთი ჩამონგრეულია.

    ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ ხიდის დაზიანების ხარიხი მოგვიანებით შეფასდება, რაც ცეცხლი ბოლომდე ჩაქრება და მონაკვეთი გაიწმინდება.

    თვითმხილველების თქმით, აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლების კედლები ზანზარებდა.

    პუტინის პრეს მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს ყირმის ხიდზე მომხდარი “ხანძრის“ გამოძიება დაავალა. პუტინმა მომხდარის შესახებ ანგარიში ჩაიბარა პრემიერ–მინისტრისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებისგან და მათ “სამთავრობო კომისიის შექმნა დაავალა მომხადრის მიზეზების გასარკვევად და შედეგების სალიკვიდაციოთ“– ამბობს დიმიტრი პესკოვი.

    “ყირიმის რკინიგზა“ დილით აცხადებდა, რომ ქერჩის ხიდზე ხანძარი ცისტერნის აალების შედეგად დაიწყო.

    “06:05 საათზე სატვირთო მატარებლის კუდში საწვავის ცისტერნების აალება მოხდა. მიმდინარეობს საავარიო სამუშაოები. მომხდარის მიზეზები დგინდება“– გაავრცელა განცხადება ყირიმის რკინიგზამ აფეთქებიდან მალევე.

    ამასთან, თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა კადრებზე ჩანს, რომ სარკინიგზო მონაკვეთზე ხანძრის გარდა, დაინგრა გზის ზედაპირი.

  • მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ – ლომჯარია

    ‘’ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში სახალხო დამცველთან კონსტრუქციულად ითანამშრომლეთ. მადლობა მინდა გადავუხადო სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამ ინსტიტუტს თავდადებულად და კვალიფიციურად ემსახურებიან. რომ არა ისინი და მათი მხრიდან მხარდაჭერა, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ფუნქციის შესრულება. დიდი მადლობა ჩემს მოადგილეებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეებს, რომლებიც ამ 5 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ანგარიშების განხილვას უძღვებოდნენ ხოლმე. მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ. ასევე, ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ უკვე ევროკავშირში გაწევრიანება ერთად გვეზეიმოს.“

    განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის, 7 დეკემბერს ეწურება.

  • გვიან ღამით დიდ დიღომში ქალი მოკლეს

    გვიან ღამით დიდ დიღომში ქალი მოკლეს

    გუშინ, 7 ოქტომბერს გვიან ღამით, თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე ქალი მოკლეს.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

  • ყირიმის ხიდი აფეთქებულია – სამანქანო ხიდი ჩაინგრა, სარკინიგზო იწვის

    ყირიმის ხიდი აფეთქებულია – ცეცხლი სარკინიგზო ხაზზე ნავთობის ცისტერნას უკიდია.  აფეთქების შედეგად, სამანქანო ხიდი ჩაინგრა, სარკინიგზო იწვის.

    შემთხვევა დღეს დილით გამთენიისას მოხდა. ყირიმის ხიდზე ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია.

    ჯერჯერობით, განმარტება უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით არ გაუკეთებია.