Category: სლაიდერი

  • “დივერსიის შედევრი“–ექსპერტები ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზებაზე და შესაძლო შედეგებზე

    ქერჩის სრუტეში, რუსეთის ტერიტორიის ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო ვერსია და დადასტურებული ინფორმაცია. რამ გამოიწვია აფეთქება – სატვირთო მანქანამ ასაფეთქებელი ნივთიერებით თუ რაიმე ტიპის შეტევამ ხიდზე – წყლიდან ან ჰაერიდან. ექსპერტები მთელი მსოფლიოს მაშტაბით უკვე მსჯელობენ იმაზე, როგორ შეიძლებოდა ეს აფეთქება მომხდარიყო და რა შედეგებს გამოიწვევს ის.

    ჯერჯერობით უკრაინას აფეთქებასთან მისი კავშირის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია, თუმცა მინიშნებები და იუმორი ამ თემაზე უკვე იყო.  არ გამორიცხავენ იმასაც, რომ რუსებმა ეს აფეთქება თვითონ დაგეგმეს, საუბრობენ შიდა დაპირისპირებაზე სამხედროებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა ძალოვანები კრემლის კონტროლიდან გავიდნენ.

    ასეა თუ ისე, გთავაზობთ ექსპერტების მოსახრებებს, რომლებიც ამ დროისთვის უცხოურ მედიაში აქტიურად ვრცელდება.

    ბრიტანეთის არმიის ყოფილი ექპერტი ასაფეთქებელი ნივთიერებების საკითხებში, რომლის ვინაობა არ სახელდება,  ბიბისისთან საუბარში ქერჩის ხიდის აფეთქებას “ფარული დივერსიის შედევრს უწოდებს“.  მისი აზრით, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ნამსხვრევების შედეგად დაზიანებების აშკარა კვალის არარსებობა გზის საფარზე იმაზე მეტყველებს, რომ საავიაციო იარაღი არ იქნა გამოყენებული.

    ექსპერტის აზრით, აფეთქების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო შეტევა ხიდის ქვევიდან. ის ვარაუდობს, რომ აფეთქებები საავტომობილო ხიდზე და სარკინიზო გზებზე თითქმის ერთდროულად იყო ინიცირებული კოდირებული რადიობრძანების საშუალებით.

    ავსტრალიის არმიის გადამდგარი გენერალი, მიკ რაიანი ტვიტერზე წერს, რომ ხიდის ასეთი ჩამონგრევისთვის ბევრი ასაფეთქებელი ნივთიერებაა აუცილებელი და მის ადგილზე მიტანას რამდენიმე ადამიანი ერთადაც ვერ შეძლებდა. ამისათვის საჭირო იქნებოდა აფეთქების კარგად გააზრებული გეგმა, რადგან რკინაბეტონის ხიდები ყველაზე მდგრადია.

    “რამდენიმე სატვირთო ან რაკეტა/ბომბი შეძლებდნენ ამ მიზნის მიღწევას, თუ მათ ზუსტად მიმართავდნენ ხიდის საჭირო მონაკვეთებზე“–თვლის რაიანი.

    მომხდარის რუსული ოფიციალური ვერსიით, ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა და ამან მატარებლის 7 საწვავის ცისტერნის აფეთქება  და ორი საავტომობილო სექციის ნაწილობრივ ჩამონგრევა გამოიწვია. ამის შესახებ რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა.

    თუმცა, ხიდზე, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად, უსაფრთხოების ძალიან მკაცრი სისტემა მოქმედებს. ნებისმიერი სატვირთო მანქანა, რომელიც ყირიმის ხიდზე შედის ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობაზე მოწმდება. შესასვლელებში განთავსებულია სტაციონარული საინსპექციო– დათვალიერების რადიოტექნიკური კომპლექსები, რომლებიც მანქანებს ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობაზე ამოწმებს. შემოწმებას უშუალოდ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს უწყებრივი დაცვის სამმართველო ატარებს და მას სახელმწიფო კონტრაქტი აქვს ხიდის დაცვაზე, რომლის ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი რუბლია წელიწადში.

    თუმცა, უნდა ითქვას, რომ იგივე უწყება იცავდა ტაგანროგის აეროდრომს,სადაც სარემონტოდ იდგა რუსეთის ერთ–ერთი ყველაზე საიდუმლო სამხედრო თვითმფრინავი, ილ–80,რომელიც ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში არმიის მეთაურობისთვის არის განკუთვნილი. მას განკითხვის დღის თვითმფრინავსაც უწოდებენ. 2020 წლის დეკემბერში გაირკვა, რომ ვიღაცამ თვითმფრინავში შეაღწია და 2.5 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების საიდუმლო აღჭურვილობა მოიპარა. ქურდობაში დამნაშავე ტაგანროგელი უმუშევარი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ, რომლებიც დააპატიმრეს და გაასამართლეს.

    “სატვირთო მანქანის ვერსია ლოგიკურია იმით, რომ პასუხს სცემს  დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ადგილზე მიტანის საკითხს“–ამბობს ბიბისისთან საუბრისას ებრაელი სამხედრო ექსპერტი დევიდ გენდელმანი.

    რამდენად მნიშვნელოვანია ყირიმის ხიდი ხერსონის და ზაპოროჟიეს ფრონტებისთვის

    სამხედრო გადაადგილებები ყირიმის ხიდზე 2018 წლიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როცა ხიდის საავტომობილო ნაწილი გაიხსნა. 2019 წელს კი  მისი სარკინიგზო ნაწილი გაიხსნა. 22 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ თვითმხილველები ხიდის გავლით ყირიმში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის გადასროლას აფიქსირებდნენ.

    ყირიმის ხიდი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ჯაჭვია, თუმცა არა ერთადერთი. ხიდის გარდა ყირიმში  და ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაპყრობილ ტერიტორიებზე სამხედრო დაჯგუფებების მომარაგება კიდევ მინიმუმ სამი გზით ხდება.

    რა თქმა უნდა,ყირიმის ხიდს ბევრი უპირატესობა აქვს სამხედრო მომარაგების სხვა მარშრუტებთან შედარებით. პირველ რიგში ეს სამხედრო ლოჯისტიკის თავისებურებებთან არის დაკავშირებული, რომელიც რუსეთს მემკვიდრეობად ერგო საბჭოთა კავშირისგან, კერძოდ, იმასთან, რომ ჯარის მომარაგებაში უდიდესი როლი აქვს სარკინიგზო მარშრუტებს. განსხვავებით მსოფლიოს სხვა არმიებისაგან, რუსეთში სპეციალური სახეობის ჯარიც კი არსებობს– სარკინიგზო ჯარები.

    საავტომობილოსთან შედარებით სარკინიგზო ტრანსპორტი საშუალებას იძლევა ფრონტზე დიდი რაოდენობით ტვირთი სწრაფად გადაიზიდოს. ყირიმის სარკინიგზო მომარაგების შემთხვევაში, ისინი ძირითადად ჯანკოიზე მოდის– სატრანსპორტო კვანძზე ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, საიდანაც ტვირთები ხერსონის, კრივოი  როგის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მოქმედი რუსული სამხედრო დაჯგუფებების მოსამარაგებლად იგზავნება.

    რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობები იმდენად დიდია, რომ მუდმივი ნაკადი საჭირო აღარ არის. ყირიმში სამხედრო ეშელონების გადასროლა კრასნოდარის მხარიდან რეგულარულად ფიქსირდება, თუმცა არა ყოველდღიურად.

    აგვისტოს ბოლოდან, როცა უკრაინის არმიის ხერსონის მიმართულებით შეტევის პერსპექტივა გამოჩნდა, რუსული სამხედრო ტექნიკის გადაზიდვა ყირიმის ხიდით გააქტიურდა. 26–27 აგვისტოს ხიდზე მსხვილმა სამხედრო ეშელონებმა გაიარეს, კიდევ ერთი ასეთ ეშელონი ყირიმში 1 სექტემბერს ჩავიდა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ყირიმის ხიდის სამხედრო დანიშნულების გაზვიადება არ ღირს უკრაინის სამხრეთის ფრონტზე შექმნილ სიტუაციაში. საქმე იმდენად ხიდისთვის მიყენებულ ზიანში და მისი აღდენის შესაძლო ვადებში არ არის.

    რუსული არმიის პრობლემები უკრაინის სამხრეთით ბოთლის ყელის ეფექტის პრობლემას უკავშირდება. მათი რეზერვები, სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალების მარაგები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ყირიმს უკავშირდება, დიდია, თუმცა მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონში და ბერისლავის რაიონში არსებული დაჯგუფებების მომარაგება ნელი ტემპებით ხდება–საბორნე გადასასვლელებით და ვერტმფრენებით. ხიდები მდინარე დნეპრზე და ინგულეცზე უკრაინულმა არტილერიამ დაანგრია და მათი აღდგენა ვერ ხერხდება. უკრაინული ძალები კი სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. ამის მიუხედავად, რუსეთი ძალიან მგრძნობიარედ ეკიდებოდა ყირიმის ხიდის უსაფრთხოებას. მას იცავდნენ ხმელეთიდან და ზღვიდან. ხიდი სავსეა სხვადასხვა სპეციალური საინჟინრო ნაგებობებით, ვიდეოკამერებით, რადიოტექნიკური საშუალებებით, ჰიდროაკუსტიკური სისტემებით და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. ხიდზე მუდმივად მორიგეობენ სპეცსამსახურები და შავი ზღვის ფლოტის სპეციალური ნაწილები, მათ შორის წყალქვეშ.

    თუმცა, როგორც გაირკვა, დაცვის ეს მრავალშრიანი სისტემა უნაკლო არ აღმოჩნდა. თუმცა, თავად რუსული კონტრტერორისტული სამსახურის ვერსიას თუ დავუჯერებთ, დარტყმა იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ელოდნენ, ანუ რუსეთის ტერიტორიიდან.

    როგორც გენდელმანი აღნიშნავს, დიდხანს განიხილებოდა, რომ უკრაინას არ აქვს რაკეტები ან საჰაერო თავდასხმის ისეთი საშუალებები,რომ დარტყმას რეალური ეფექტი ქონოდა და არა მხოლოდ  პროპაგანდისტული. ასევე, ხიდის თავზე მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და როგორც გენდელმანი ამბობს, როგორც ჩანს “უკრაინელებმა გადაწყვიტეს, რომ თუ ამდენი რაოდენობის ასაფეთქებელი ნვთიერება ხიდზე ვერ მიფრინდება, ის იქ სახმელეთო გზით უნდა მივიდეს.“

    თუმცა, ექსპერტი ამბობს, რომ რჩება შეკითხვა აფეთქებულ მატარებელთან კოორდინაციის შესახებ: ანუ, მატარებელი ცალკე ააფეთქეს, თუ ის სატვირთოს აფეთქების შედეგად დაზიანდა.

    ამის დადგენამდე კი ექსპერტი ამბობს, რომ მთლიანობაში ეს იყო კარგად კოორდინირებული ოპერაცია: მომზადება, მიწოდება, ორგანიზაცია, შემოწმების გავლა, და საჭირო მომენტში მოქმედება.

    სამხედრო  მიკ რაიანი ვარაუდობს, რომ ხიდზე შეტევა შეიძლება ყირიმის დაბრუნების გეგმის ნაწილი იყოს, ან მცდელობა, რუსი სამხედროების ყურადღება უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან აქეთ გადმოიტანონ. მისი აზრით, ხიდის აფეთქების მთავარი შედეგია–ლოგისტიკური ჯაჭვის მოშლა, როგორც სამხედროებისთვის, ისე სამოქალაქო პირებისთვის. ხიდის აფეთქებამ უკვე გამოიწვია პრობლემები, მაგალითად საწვავით მომარაგებაში.

    ყირიმის ხიდის აფეთქებამ რუსეთისთვის შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადოს უკრაინის სამხრეთი რეგიონების შენარჩუნება, მაგალითად მელიტოპოლის, რადგან სამხრეთის ოკუპაციის შედეგად რუსეთი ყირიმს უკვე  სახმელეთო გზითაც უკავშირდება.

    თუმცა, ხიდის აფეთქება მთელი მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ რუსეთს არ შეუძლია ბოლომდე აკონტროლოს არცერთი ანექსირებული რეგიონი. ახლა რუსები აქტიურად დატოვებენ ყირიმს, პუტინის და შეიარაღებული ძალების მიმართ უნდობლობა კი ქვეყნის შიგნით გაიზრდება – ამბობს რაიანი.

    რუს სამხედროებს ახლა სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, რადგან ყირიმის ხიდი რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკის მნიშვნელოვოანი შემადგენელია – პროგნოზირებს ლოურენს ფრიდმანი, ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების პროფესორი. “მაშინაც კი, როცა რუსეთს ჯარისკაცების შთამბეჭდავი ჯგუფი ყავს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინაში არიან – კარგად შეიარაღებულები და მებრძოლები, ისინი ვერ შეძლებენ მათ მხარდაჭერას მომარაგების გარეშე“– ამბობს ფრიდმანი.

    ამასვე აცხადებს უკრაინის შს მინისტრის მოადგლე, ანტონ გერაშენკო. მისი თქმით, ხიდის აფეთქება იმას ნიშნავს, რომ რუსული არმიის მომარაგება უკრაინის სამხრეთით ძალიან გართულდება. “სამხედრო ტექნიკა, საწვავი, საბრძოლო მასალები ქერჩის ხიდით კიდევ დიდხანს ვერ გაივლის“– ამბობს ის.

    მთლიანობაში, ხიდის აფეთქების მიზანი ნათელია– რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს ყირიმის გამოყენება უკრაინის სამხრეთით ომისთვის საყრდენ წერტილად– თვლიან ექსპერტები. თუმცა, თანხმდებიან იმაზეც, რომ სუფთა სამხედრო კონტექსტთან ერთად, ყირიმის ხიდის აფეთქებას მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული ეფექტიც ქონდა. ანუ რუსეთის მმართველის რეპუტაციას დაარტყა, შესაბამისად, ახლო მომავალში ექსპერტები ურაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერებას ელიან, რაც რუსეთის საპასუხო ნაბიჯი იქნება მათი საკრალური მნიშვნელობის ობიექტზე შეტევის გამო.

  • პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქერჩის სრუტეში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ

    რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქერჩის სრუტეში სატრანსპორტო გადასასვლელის,  ელექტროქსელური ენერგოხიდის და მაგისტრალური გაზსადენის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ.

    გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაცვის ზომების ორგანიზებასა და კოორდინაციას უსაფრთხოების ფედერალური სამსახური განახორციელებს.

    დილანდელი აფეთქების შემდეგ ქერჩის ხიდზე მოძრაობა ნაწლობრივ აღდგენილია. ნებადართულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, თუმცა სატვირთო მანქანები და ავტობუსები ქერჩის საბორნე გადასასვლელს გამოიყენებენ, რომელიც უფასოდ იმუშავებს. ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს შორის მგზავრთა გადასაყვანად 100 ადამიანის ტევადობის ბორნებს გაუშვებენ. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, რამდენიმე დღეში გაირკვევა, მიეცმათ თუ არა მათ ხიდით სარგებლობის უფლება.

    ხიდზე აღდგენილია სარკინიგზო მოძრაობა.

  • უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების მეთაურად სისასტიკით გამორჩეული გენერალი დაინიშნა

    უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაერთიანებული სამხედრო ძალების მეთაურად არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნეს.

    1966 წელს დაბადებული გენერალი მანამდე 2022 წლიდან “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სამხრეთის დაჯგუფების მეთური იყო.

    უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის გამოირჩევა კორუფციით და სისასტიკით. წარსულში სუროვიკინი სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაური იყო.

    მედია აღნიშნავს, რომ უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის არმიას პირველად ყავს ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთიანი მეთაური.

  • ზელენსკი აცხადებს, რომ რუსები მზად არ არიან ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად

    “ისინი თავიანთი საზოგადოების მომზადებას იწყებენ. ეს ძალიან საშიშია. ისინი მზად არ არიან ამის გასაკეთებლად, გამოსაყენებლად, მაგრამ კომუნიკაციას იწყებენ. მათ არ იციან გამოიყენებენ თუ არა. ვფიქრობ, ამაზე საუბარიც კი საშიშია,”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • მოსკოვში სამხედროების დაპატიმრებები დაიწყო–უკრაინის დაზვერვა

    მოსკოვში სამხედროების დაპატიმრებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

    უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით რუსეთის დედაქალაქში დაწყებულია “ზომების კომპლექსი“ სამხედროების წინააღმდეგ. მოძრაობა ცენტრში გადაკეტილია.

    ქალაქში შევიდნენ როსგვარდიის ოპერატიული დანიშნულების ძერჟინსკის სახელობის ელიტარული დივიზიის ქვედანაყოფები. ისინი ქალაქის ცენტრში პოლიციის ქვედანაყოფებთან ერთად გადაადგილდებიან.

    ცნობილია სამხედროების მრავალრიცხოვანი დაპატიმრებების, დაკავებების და დაბლოკვების შესახებ.

    მოსკოვის მთელ პერიმეტრზე ყველა სამხედრო ქვედანაყოფი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

  • ბოლო 24 საათში 380-მდე რუსი ოკუპანტი განადგურდა

    ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 62 060 ოკუპანტი განადგურდა, მათ შორის 380 ბოლო 24 საათის განმავლობაშია ლიკვიდირებული. რუსული ჯარების სხვა დანაკარგები ასეთია:

    • ტანკები – 2472 (+6);
    • ჯავშანტექნიკა – 5111 (+18);
    • საარტილერიო სისტემები – 1459 (+4);
    • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები – 345 (+1);
    • საჰაერო თავდაცვის სისტემები – 180 (+3);
    • თვითმფრინავები – 266;
    • ვერტმფრენები – 234 (+1);
    • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები – 1079 (+12);
    • ფრთოსანი რაკეტები – 246;
    • გემები / ნავები – 15;
    • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები – 3875 (+13);
    • სპეცტექნიკა – 136 (+1).
  • ვინ არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა

    რუსული მედია ავრცელებს წითელი სატვირთო მანქანის მფლობელის ფოტოს, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა.

    ეს არის კრასნოდარელი ბორის იუსუბოვი, რომელზეც წითელი სატვირთო მანქანა იყო რეგისტრირებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან მანქანა გაყიდა, თუმცა ახალ მფლობელს ის საკუთარ სახელზე არ გადაუფორმებია.

    რუსეთის მილიციის ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი მშვიდად იყო, არანაირ ეჭვს არ იწვევდა და მათ ყველა დოკუმენტი აჩვენა. ვარაუდობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სატვირთო მისაბმელში იყო, რომელიც მთლიანად იყო დატვირთული. თუმცა ეს ვერსია საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

    ავტომობილი ხიდთან, გამშვებ პუნქტზე რენდგენზე არ გაუტარებიათ, ის უბრალოდ ზედაპირულად დაათვალიერეს.

    მოგვიანებით გავრცელდა მანქანის მფლობელის ვიდეოც.

  • რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო უკრაინულ ყირიმში დაეცა, რა არის რიგში შემდეგი, რუსებო? – უკრაინის თავდაცვა

    სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ქერჩის ხიდი – რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო უკრაინულ ყირიმში დაეცა”, – აცხადწბს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, რითაც ყირიმის ხიდზე დღეს მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

    „რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში.

  • ჩვენ არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა – ზელენსკი

    “ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ გამარჯვებამდე, რათა შევინარჩუნოთ ყველაფერი, რასაც ასე ვაფასებთ. ჩვენ არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა, რათა ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ისარგებლონ მინიმუმ იმდენი უფლებებითა და თავისუფლებით, რამდენიც ჩვენ გვაქვს,”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲐᲠᲛᲘᲘᲡ ᲘᲔᲠᲘᲨᲘ ᲮᲔᲠᲡᲝᲜᲡᲐ ᲓᲐ ᲚᲣᲰᲐᲜᲡᲙᲨᲘ – ᲠᲐᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲔᲚᲝᲓᲝᲗ

    უკრაინის არმიის მიერ ქალაქ ლიმანის გათავისუფლებას ოპერატიული პაუზა არ მოჰყოლია – უკრაინელებმა გააგრძელეს სწრაფი წინსვლა ლუჰანსკის ოლქის მიმართულებით და პარალელურად განახლებულ იერიშზე გადავიდნენ ხერსონის მიმართულებითაც.

    სამხედრო ექსპერტების თქმით, მას შემდეგ რაც აგვისტოში უკრაინის არმიამ სტრატეგიული ინიციატივა მოიპოვა საომარი მოქმედებების ამგვარი განვითარება მოსალოდნელი იყო.

    ამგვარად, რუსეთის არმია იძულებულია ერთდროულად 2 კრიზისს გაუმკლავდეს, რაც მათი მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან რთული იქნება.

    უკრაინის ერთდროულად 2 იერიში ოკუპანტებისგან მომარაგების რთული სისტემის გამართვასა და რეზერვების გადაადგილების უზრუნველყოფას მოითხოვს, რაც ამგვარი მასირებული იერიშის პირობებში უკიდურესად რთული გასაკეთებელი იქნება.

    სწორედ მაშინ როდესაც ვლადიმირ პუტინი უკრაინის 4 ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ აცხადებდა, უკრაინელი მებრძოლები ლიმანს ათავისუფლებდნენ. ეს ყველაფერი კი სამხედრო სირთულეებთან ერთად კრემლისთვის სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემასაც ქმნის.

    ლიმანის ‘დაკარგვამ’ რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ელიტაში მწვავე დაპირისპირება გამოიწვია – ჩეჩნეთის ლიდერმა წარუმატებლობაში, ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი დაადანაშაულა და მას უნიჭო უწოდა.

    მოგვიანებით კადიროვს საჯაროდ დაუჭირა მხარი ე.წ. ვაგნერის დამფუძნებელმა და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პირმა, ევგენი პრიგოჟინმაც.

    საინტერესოა, რომ კადიროვის და პრიგოჟინის კრიტიკა არ შემოიფარგლებოდა ლაპინით და უმთავრესად გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ეხებოდა.

    ყველაფერთან ერთად, უკრაინული იერიში ვლადიმირ პუტინის 70 წლის იუბილეს მოახლოების ფონზე ვითარდება – 7 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეა.

    იერიში ლიმანის ირგვლივ

    პირველ ოქტომბერს ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იერიშის ტემპი არ დაუგდიათ და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაიშალნენ.

    ოკუპანტების თავდაცვის ახალი ხაზი ამ წუთისთვის ქალაქ კრემენნაიაზე და დასახლებულ პუნქტ სვატოვეზე გადის. კრემენნაია ლიმანიდან აღმოსავლეთით, 20 კილომეტრითაა დაშორებული – ბოლო მონაცემებით ამ მიმართულებით უკრაინელმა მებრძოლებმა უკვე 10 კილომეტრით წაიწიეს წინ.

    სვატოვე კრემენნაიადან ჩრდილოეთით 40 კილომეტრით დაშორებული დასახლებაა. ონლაინ რუკებიდან და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო/ვიდეო მასალებიდან ჩანს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სვატოსკენ მიემართებიან და დარტყმებს ერთდროულად 2 პლაცდარმიდან ახორციელებენ.

    რა შეიძლება მოხდეს

    ამ დრომდე უკრაინის არმია მაქსიმალურად არიდებდა თავს ოკუპანტების გამაგრებული რაიონების პირდაპირ შტურმს და ამის ნაცვლად შეტევებს ფლანგებიდან ახორციელებდა. მსგავსი რამ მოხდა ლიმანშიც – ქალაქში შესვლამდე უკრაინელმა მებრძოლებმა ოკუპანტების დაჯგუფება სრულფასოვან ალყაში მოაქციეს.

    რთული იქნება კრემენნაიას პირდაპირი შტურმიც – საქმე ის არის, რომ ქალაქი ორივე მხრიდან ტყით არის გარშემორტყმული სადაც ჯავშანტექნიკით შეტევა იოლი არ იქნება.

    კრემენნაიაზე იერიშის კიდევ ერთი შესაძლებლობა უკრაინელებისთვის სამხრეთიდან იხსნება, სადაც ისინი ბელოგოროვკის პლაცდარმს აკონტროლებენ, თუმცა ამ მონაკვეთში კრემენნაიაზე შესატევად უკრაინელებს მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირება დაჭირდებათ, რაც დამატებით სირთულეს ქმნის.

    ასეთი სარისკო ოპერაციის ბედი ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად შეძლეს ოკუპანტებმა კრემენნაიას ირგვლივ რეზერვების გადაყვანა და პოზიციების გამაგრება – თუ ეს ვერ მოხერხდა კრემენნაიაში ოკუპანტების დაჯგუფებამ შესაძლოა უკვე რამდენიმე დღეში გაიზიაროს ლიმანის დაჯგუფების ბედი.

    უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ბოროვოეს ერთი მხრიდან კრემენნაია, ხოლო მეორე მხრიდან ქალაქი ლისიჩანსკი მდებარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა უკრაინელების მთავარი სამიზნე გახდეს. თუ ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინელები შეინარჩუნებენ წინსვლას რუბეჟნოეს მიმართულებითაც ლისიჩანსკთან ერთად მათ გაეხსნებათ მოქმედების სივრცე სევეროდონეცკისკენ.

    კიდევ უფრო დინამიურია ЗСУ-ს შეტევები ჩრდილოეთით სვატოვეს რაიონში, ბევრი უკრაინელი სამხედრო ექსპერტის აზრით სწორედ აქ შესაძლოა უკრაინის არმიამ ოკუპანტების დაჯგუფების რკალშია ან ოპერატიულ ალყაში მოქცევა სცადოს.

    ფრონტის ამ მონაკვეთზე ოკუპანტების მთავარი ამოცანაა რამენაირად შეაჩერონ უკრაინელების იერიშის ტემპი, თუმცა ლიმანიდან გაქცევის შემდეგ მათ არ ჰქონიათ საკმარისი დრო ახალი თავდაცვითი ზღუდეების ასაგებად.

    გარდა ამისა როგორც მთლიან ფრონტზე ამ კონკრეტულ მონაკვეთზეც რუსებს ერთდროულად ორი კრიზისის გადაჭრა უწევთ – მათ უნდა გაამაგრონ 2 ქალაქი და მათ შორის დამაკავშირებელი გზა.

    იერიში ხერსონის რაიონში

    არანაკლებ სწრაფი აღმოჩნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებული იერიში ხერსონის რაიონში – ბევრი სამხედრო ექსპერტის თქმით, შესაძლოა საქმე გვქონდა უკრაინის არმიის ყველაზე სწრაფ წინსვლასთან მთელი ომის განმავლობაში.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხერსონის რაიონში ფრონტის გარღვევასთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა გუშინ დაადასტურეს, რომ “მოწინააღმდეგემ მათი თავდაცვის ხაზის სიღრმეში გამაგრება შეძლო”.

    რუსულ და უკრაინულ სამხედრო ბლოგებზე აქტიურად ვრცელდებოდა უკრაინელი მებრძოლების მიერ სხვადასხვა დასახლებული პუნქტის გათავისუფლების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები.

    სოფელ მიხაილოვკასთან უკრაინელების გამოჩენის პირველი ფოტო დილის 11 საათზე გავრცელდა, უკვე საღამოს 17 საათზე იმავე შინაარსის ფოტო გავრცელდა სოფელ დუდჩანისთან.

    ეს დასახლებული პუნქტები ერთმანეთისგან 20 კილომეტრითაა დაშორებული, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ამ მონაკვეთის დაფარვა 6 საათში შეძლეს, რაც უჩვეულოდ სწრაფი წინსვლაა.

    უკრაინული მხარე ოფიციალურად ადასტურებს ხერსონის რაიონში რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლებას, მათ შორისაა არხანგელსკოე და მიროლუბივკა.

    დაუდასტურებელი ცნობებით უკრაინის არმიამ ხერსონის რაიონში გაცილებით უფრო მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, მათ შორისაა ზოლოტაია ბალკა, კრეშენოვკე, შევჩენკოვე, ლიუბიმოვკა, ოსოკოროვკა.

    თუ ამ ცნობების ნაწილი მაინც მართალია ეს ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე დნეპრის გასწვრივ ფრონტის გარღვევა და ხერსონის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოქმედ ოკუპანტების დაჯგუფებზე იერიშის დაწყება მოახერხეს.

    რას მოასწავებს იერიში ხერსონის რაიონში

    რუს სამხედრო ბლოგერებსა და კორესპონდენტებს შორის პოპულარულია აზრი, რომ ამ მიმართულებით უკრაინელების მთავარი სამიზნე ქალაქი ბერისლავია. ეს ძალიან პატარა ქალაქი ნოვა კახოვკადან 10 კილომეტრით არის დაშორებული.

    ამ წერტილიდან უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ყველაზე ახლო დასახლება სოფელი დუდჩანია – მანძილი ორ დასახლებას შორის 50 კილომეტრია.

    თუ კი უკრაინელებმა მოახერხეს ბერისლავის გათავისულფება ეს პირველ რიგში მკვეთრად გააუარესებს ოკუპანტების მდგომარეობას უშუალოდ ქალაქ ხერსონში, ხოლო თუ პარალელურად უკრაინელებმა შეძლეს და იერიში დავიდობ ბროდის ხაზიდანაც განავითარეს ისინი ოკუპანტების ხერსონის დაჯგუფებას ორად გახლეჩენ.

    ამ ოპერატიულ-ტაქტიკური მიზნების გარდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლოა სტრატეგიული მიზნებიც ჰქონდეთ – საქმე ის არის, რომ სწორედ ქალაქ ნოვა კახოვკაში მდებარეობს ჩრდილო-ყირიმის არხის სათავე ნაგებობა.

    ნოვა კახოვკას დაკავება და ყირიმისთვის წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა ომის დაწყების პირველ დღეებში ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო.

    ეს არხი უკრაინამ ყირიმის ანექსიის შემდეგ 2014 წელს გადაკეტა, ამ წლების განმავლობაში რუსეთმა ნახევარკუნძულზე წყალმომარაგების პრობლემა ვერ გადაჭრა.

    ამგვარად ომის დაწყების შემდეგ ნოვა კახოვკას დაკავება არამხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, არამედ პოლიტიკურადაც – თუ უკრაინამ ხელახლა შეძლო კახოვკის არხის გადაკეტვა ეს კრემლისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დანაკარგი იქნება.

    წყარო : რეალპოლიტიკა

    ავტორი : აკა ზარქუა