Category: სლაიდერი

  • სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია – ბოკუჩავა

    “ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი. ერთი, ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან 13 წლის თავზე ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი დღესაც სწორედ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი, ნომერ პირველი მტერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად;

    მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და, კონკრეტულად, აშშ-ის ყურადღება. გახსოვთ, აშშ-ის კონგრესში ბიძინა ივანიშვილზე იყო საუბარი, როგორც ვერშემდგარ, უნიათო დიქტატორზე, და ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოს დიქტატურა შედგა, თავად შედგა, როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთსa და აშშ-ს.

    ყველაზე ძალიან რაც მიკვირს, ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვლაში გაატარა, ვერ აცნობიერებს, რომ, ლუკაშენკოსგან განსხვავებით, მისი პირადი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ფინანსები მთლიანად დასავლეთზეა ჩამოკიდებული. ამიტომ ივანიშვილი ვერასოდეს შეძლებს, ჰქონდეს ის სამომლაპარაკებლო პოზიცია დასავლეთთან, აშშ-თან, როგორიც აქვს ლუკაშენკოს ან როგორიც შესაძლოა, მომავალში ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს, როდესაც ეს მოლაპარაკებები შედგება.

    ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე, დიქტატურის კონსოლიდაციაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა, კიდევ მეტი სიმტკიცე, ერთიანობა, უფრო მეტი კონსოლიდაცია, ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის გამარჯვებისთვის, სიმართლისთვის, რომელიც ჩვენს მხარეს არის, სიმშვიდისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის დაბრუნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამარჯვება უდავოდ ჩვენია და გამარჯვება აუცილებლად მოვა, ამისთვის აუცილებელია ჩვენი ერთიანი ბრძოლის გაგრძელება”,

    აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

  • მეუღლეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრა – შსს-მ 1 პირი დააკავა

    მეუღლეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრა – შსს-მ 1 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გარდაბანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.  დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1990 წელს დაბადებულ ს.კ.-ს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა რ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – წერია უწყების განცხადებაში.

  • მიხეილ სააკაშვილს აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში – პენიტენციური

    “მიხეილ სააკაშვილს აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში” – ამის შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
    ”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა ვივამედში, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
    საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
    ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას”. ნათქვამია განცხადებაში.
  • სიცრუეა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს პოლიტიკური შეხედულებების გამო ვდევნით –  ჯაღმაიძე

    სიცრუეა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს პოლიტიკური შეხედულებების გამო ვდევნით – ჯაღმაიძე

    როგორც არქიმანდრიტი ილიას შემთხვევაში, პირველი შეხვედრა, რომელიც 16 სექტემბერს შედგა არქიმანდრიტ დოროთესთან დაკავშირებით, დამოკიდებულება იყო ერთი და იგივე, რომ მისთვის გვეთქვა იმ გადაცდომების შესახებ, რომელიც ეხებოდა სასულიერო პირებს.

    არცერთი შეკითხვა, არცერთი მისდამი გამონათქვამი არ შეხებია მის პოლიტიკურ შეხედულებებს და იმთავითვე, 16 სექტემბრიდან მოყოლებული, ყველაფერი არის სიცრუე, რაც უკავშირდება იმ შინაარსს, რომ თითქოს მას პოლიტიკური შეხედულებების შესახებ დევნიან, შესაბამისად, ამდენი ხანი, ყველაფერი, რაც სართულ-სართულ დააშენეს ამ მხარემ, ყველაფერი არის უსაფუძვლო და მე მივმართავ არქიმანდრიტ დოროთეს, მთლიანად გამოაქვეყნოს ის ჩანაწერი, სრულად, რომ მსმენელმა და მაყურებელმა თავად განსაჯოს, რამდენჯერ იყო იქ ნათქვამი, რომ “შენი შეხედულებები როგორც გინდა ისე წარმოაჩინე, უბრალოდ, იყავი კორექტული კოლეგების და იერარქიის მიმართ”.

    იმ შემთხვევაში, მამა დოროთეს დაბარება მოხდა კომისიაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხოლო მამა ილიას შემთხვევაში მოცდასაც აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ, იმ დღესვე დაიწერა ის დასკვნა. ასე რომ ცოტა ხანში ეს დასკვნა გამოქვეყნდება და საშუალება გექნებათ, თავად გაეცნოთ.

    ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

  • ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც – ჰერჩინსკი

    „ამ კითხვას საკმაოდ ხშირად მისვამენ და ვცდილობ, არ ვუპასუხო, რადგან უბრალოდ არ მინდა სპეკულირება.რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალი მექანიზმი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დეკემბერში, მომავალ თვეში, ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ანგარიშს გაუზიარებენ წევრ სახელმწიფოებს და წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი სახელმწიფოები – ეს ნამდვილად ისეთი რამაა, რაზეც სპეკულირება არ მინდა. როგორც ყველამ ვიცით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები ვიზებთან დაკავშირებული ბოლო ანგარიშიდან რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ევროკომისიამ მიიღო პასუხი. როგორც მესმის, ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ამ პასუხის საფუძველზე, დეკემბერში გამოქვეყნდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში. მას წევრ სახელმწიფოებს გაუზიარებენ და გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები მიიღებენ“

    ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ნაპოვნია თურქული სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი – კატასტროფის ადგილზე კი უკვე 19 გარდაცვლილის ცხედარს მიაკვლიეს

    სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი იპოვეს. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ადასტურებს.

    კატასტროფის ადგილზე კი უკვე 19 გარდაცვლილის ცხედარს მიაკვლიეს. ერთის ძებნა გრძელდება.ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

    • “ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიებები დაწყებულია. დაღუპულთა 19 ცხედარი ვიპოვეთ. ბოლო ცხედრის ძიება გრძელდება. ამ პროცესის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს ვესაუბრეთ და შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს”, – განაცხადა ერდოღანმა.

    ცნობისთვის, გუშინ, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავის, C130 “ჰერკულესი” ჩამოვარდა.

    ეს არის ამერიკული ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენება როგორც საჰაერო თავდასხმებისთვის, ისე ტვირთის გადასაზიდად და ჰუმანიტარული მისიებისთვის. თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ამ ტიპის სულ 20 სამხედრო ხომალდი ჰყავს. ეს კონკრეტული თვითმფრინავი 56 წლის იყო, 1969 წელს აწყობილი.

    თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • საქართველოში არავინ ლანძღავს უცხოელ დიპლომატებს – ბოჭორიშვილი

    საქართველოში არავინ ლანძღავს უცხოელ დიპლომატებს – ბოჭორიშვილი

    საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს. პირიქით, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან და არაერთხელ ხაზგასმით გვითქვამს, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, მიუხედავად, პირიქით, იმ თავდასხმებისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ დემოკრატიაზე, ჩვენ ვრჩებით მეგობრობის რეჟიმში ჩენს პარტნიორებთან, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს

    თქვა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა – TI

    სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს, –  ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. სექტემბერში მმართველ პარტიას 124 შემომწირველი ჰყავდა.

    „სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა. შემომწირველებთან დაკავშირებულ 35 კომპანიას ბოლო 10 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ნიშანდობლივია, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის ერთიან პორტალზე – monitoring.acb.gov.ge – „ქართული ოცნების“ შემომწირველების შესახებ ინფორმაცია ორი თვის დაგვიანებით გამოაქვეყნა მაშინ, როდესაც სხვა პარტიების მონაცემები სექტემბერ-ოქტომბერში რეგულარულად ქვეყნდებოდა. „ქართული ოცნების“ შემწირველთა ოქტომბრის მონაცემები კვლავ დამალული რჩება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

    პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო – საქმე ეხება ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს და 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს.ქართული ოცნების მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ “საქმე ეხება პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს”.

    “საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე. წ. 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 7 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე მიეცა რეკომენდაცია შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები.

    შესაბამისად, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები დაზარალებულთა მონაწილეობით, დამატებით გამოიკითხა ასეულობით მოწმე, ჩატარდა ასზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის – გიორგი გახარიას ბრალეულობა, რაც მდგომარეობს შემდეგში:

    2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება.

    მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.

    შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

    რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს: გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ.

    აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

    საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

    აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – განაცხადა გვარაკიძემ.

  • თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 18 დაღუპული ნაპოვნია, 2-ის სამძებრო საუშაოები გრძელდება – გელაძე

    აზერბაიჯან-საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20 ადამიანიდან, ნაპოვნია 18 დაღუპულის ცხედარი, 2-ის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება. ინფორმაციას ქართული ოცნების შს მინისტრი გელა გელაძე ავრცელებს.

    “პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, გუშინ დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში განიცადა კატასტროფა.

    ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. სამწუხაროდ, 18 მათგანი ნაპოვნია და დაღუპულია, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან.

    შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან ჩვენი თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას და იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და დეტალებზე თურქეთის მხარესთან ერთად, შეთანხმებით ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას”, – თქვა მან.

    სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.