Category: სლაიდერი

  • პატრიარქს გადადგომის შესახებ ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები – ჯაღმაიძე

    პატრიარქს გადადგომის შესახებ ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები – ჯაღმაიძე

    “პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომის შესახებ, მაგრამ არანაირი თარიღები, არანაირ დღესთან, ვადებთან დაკავშირებით და ის, რაც გუშინ მთავარი არხის სიუჟეტში მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება, არის მორიგი ფანტაზია და მორიგი ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. [აპირებდა გადადგომას] ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ასაკიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. მე ვთქვი სიუჟეტში მაშინ, რომ მღვდელმთავრები ზოგადად არიან ამის წინააღმდეგი, მღვდელმთავრები პატრიარქისადმი მამობრივი გრძნობით არიან და განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება”.

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიასა და ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დეკემბერში გადადგომას აპირებს.

  • არ გადადგება, იმიტომ რომ არავინ ეკითხება, ნებართვაა საჭირო – ჯაფარიძე კალაძეზე

    ”არ გადადგება

    იმიტომ კი არა რომ … იმიტომ რომ სურვილის შემთხვევაშიც კი, არც მას, არც რომელიმე სხვა ყაველაშვილს, არავინ ეკითხება გადადგომას

    ნებართვაა საჭირო”

    წერს გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერ კახა კალაძეზე.

  • შადრევნიდან 2 ბავშვის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ორგანიზმმა დენის გამო – მებაღე

    ”სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში. ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო მეც თვითონ ორგანიზმმა, იმ დენის გამო. სამწუხაროდ, ის მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტავ, ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი.

    პირველადი დახმარების გაწევა მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა დახმარებას, სასწრაფოც მაშინვე მოვიდა, მალევე, შემდეგ მათ გააგრძელეს მისი დახმარება და იმ ბავშვებისაც. გადაიყვანეს საავადმყოფოში, მერე გავიგე, დაიღუპაო. არ ვიცი, მანამდე კიდევ იყო რაღაც იმედი…”

    ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში დევი მეზურნიშვილი, ვაკის პარკის მებაღე, რომელმაც გუშინ, 13 ოქტომბერს შადრევანში ჩასული ბავშვები ამოიყვანა.

  • მართვით სუნთქვაზეა, მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში – ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ ბიჭზე

    “მართვით სუნთქვაზეა, მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში” – აცხადებს, “ნიუ ჰოსპიტალის” ექიმი ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ 13 წლის ბიჭზე.

    “ჯერჯერობით გრძელდება, იმყოფება ისევ მართვით სუნთქვაზე, მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში, აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები, კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინის ამ ეტაპზე არ აღინიშნება. ის, რომ პირველი თითქოს 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესდა, ეს მნიშვნელოვანია”, – ამბობს ბავშვთა რეანიმატოლოგი, გიორგი კვიცინაძე.

    კიდევ ერთი მოზარდის მდგომარეობა, რომელი იაშვილის კლინიკაში რჩება, სტაბილურია. ბავშვი კონტაქტურია.

  • ინფორმაციამ ომში მობილიზებულების დაღუპვის შესახებ რუსეთში კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია – ISW

    საჯაროდ გავრცელებულმა ინფორმაციამ ცუდად მომზადებული მობილიზებული რუსი ჯარისკაცების უკრაინაში დაღუპვის შესახებ რუსეთში სამხედრო მეთაურობის მიმართ კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია. ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, ISW–ს ანალიტიკოსები მორიგ ანგარიშში წერენ.

    ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჩელიაბინსკიდან მობილიზებული 5 სამხედრო ბრძოლებში პუტინის მიერ გამოცხადებული “ნაწილობრივი მობილიზაციიდან“ სამი კვირის თავზე დაიღუპა.

    ამ ინფორმაციამ რუსეთში ბევრ კომენტატორს აიძულა ეთქვა, რომ სავარაუდოდ მობილიზებული სამხედროების რაოდენობა, ვინც ბრძოლებში დაიღუპა და დაიჭრა ბევრად მეტია. მიზეზი კი დაპირებული მომზადების, აღჭურვილობის არარსებობა, გაუმართავი მეთაურობა და ხშირ შემთხვევაში არამართლზომიერი მობილიზაციაა.

    რუსეთის სამობილიზაციო სტრუქტურები კვლავ ბიუროკრატიული პრობლემების წინაშე დგანან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააქვეითოს მობილიზებული რუსი სამხედროების ბრძოლისუნარიანობა – წერენ ანალიტიკოსები.

    რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვერ შექმნა საჭირო პირობები მობილიზებული სამხედროების ფრონტებზე გაგზავნის მონიტორინგის და ინტეგრაციისთვის.

    სამხედრო ნაწილები მობილიზებულებს სხვადასხვა ქვედანაყოფებში ანაწილებენ და არ აწარმოებენ ფრონტებზე მათი დისლოკაციის ადგილების სათანადო აღწერას, რაც მათი ოჯახების პროტესტს იწვევს სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ.

    გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო ჩინოვნიკები სამხედრო გამოცდილების მქონე მამაკაცებს ისეთ ქვედანაყოფებში გზავნიან, რომლებიც მათ კვალიფიკაციას არ შეესაბამება.

    ანგარიშის მიხედვით, ერთ–ერთი რუსი ბლოგერი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უუნარობა, მოახდინოს  მობილიზებული სამხედროების ოჯახების ინფორმირება მათი ადგილსამყოფელის შესახებ, გამოიწვევს მათი დედების და ცოლების მიერ უფლებადაცვითი ჯგუფების შექმნას, რომლებიც “რუსეთს შიგნიდან დაგლეჯენ“.

  • ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია, ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს – ზალუჟნი

    “სასტიკ ბრძოლებში, რუსული ჭურვების ფოლადის წვიმის ქვეშ, ჩვენ ჩვენი მიწის ყველა ნაწილს ვიკავებდით. მათ შეაჩერეს მტრის შემოსევა და დამარხეს მითი რუსული ჯარის უძლეველობის შესახებ.

    ახლა კი ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსას. ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს”,

    აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.

  • CNN: მასკის SpaceX პენტაგონს ატყობინებს, რომ უკრაინის არმიისთვის Starlink–ის მიწოდებას აღარ დააფინანსებს

    ილონ მასკის კომპანია  SpaceX –მა პენტაგონი გააფრთხილა, რომ შეიძლება შეწყვიტოს უკრაინაში  Starlink–ის თანამგზავრული ინტერნეტის მისაღებად საჭირო კომპლექტების მიწოდება, თუ პენტაგონი მათ დაფინანსებაში არ დაეხმარება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომლებიც მას ხელში ჩაუვარდა.

    Starlink–ის კომპლექტები უკრაინელი სამხედროებისთვის საბრძოლო მოქმედებების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა იმ დროს, როცა მობილური კავშირი არ არსებობდა.

    ამ დროისთვის უკრაინას უკვე აქვს Starlink–ის დაახლოებით 20 ათასი კომპლექტი. ილონ მასკმა გასულ კვირას ტვიტერზე დაწერა,რომ მის კომპანიას “ოპერაცია 80 მილიონი დოლარი დაუჯდა და წლის ბოლოსთვის თანხა 100 მილიონს გადააჭარბებს.“

    Starlink–ის ინტერნეტი ლიმანში, ფრონტზე

    დოკუმენტების თანახმად, რომლებიც ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში,სექტემბერში SpaceX–მა პენტაგონში გაგზავნა წერილი, რომელშიც წერია,რომ მას აღარ შეუძლია გააგრძელოს სთარლინკის ძველებური მოცულობით მიწოდების დაფინანსება. წერილი შეიცავს თხოვნას პენტაგონის მიმართ, საკუთარ თავზე აიღოს უკრაინის ხელისუფლებისა და სამხედროებისთვის  კომპლექტების მიწოდების ხარჯები. SpaceX–ის  მონაცემებით, მათი ღირებულება წლის ბოლოსთვის 120 მილიონ დოლარს მიაღწევს, მომავალ წელს კი 400 მილიონი დოლარი იქნება.

    “ჩვენ არ შეგვიძლია მომავალშიც გადავცეთ უკრაინას ტერმინალები ან დავაფინანსოთ უკვე მიწოდებული ტერმინალების მუშაობა დროის გაურკვეველი პერიოდით“– წერს  პენტაგონს კომპანიის დირექტორი,რომელიც ხელისუფლებასთან კავშირებზეა პასუხისმგებელი.

    SpaceX–ის მიერ პენტაგონში გაგზავნილ დოკუმენტებს შორის,რომელიც CNN–ს ჩაუვარდა ხელში,ასევე არის პირდაპირი მოთხოვნა,რომელიც მასკს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ზალუჟნიმ ივლისში გაუგზავნა დამატებით  სთარლინკის 8 ათასი ტერმინალის მიწოდების შესახებ.

    პენტაგონს ცალკე წერილს უგზავნის  SpaceX–ის საგარეო კონსულტანტი და წერს:

    “  SpaceX –ს მოუწევს საშინლად რთული გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემი აზრით, მათ არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები მიაწოდონ  დამატებითი ტერმინალები ან მომსახურება,რომელსაც გენერალი ზალუჟნი ითხოვს .“

  • უკრაინას აქვს შესაძლებლობა რუსეთი ქვეყნიდან განდევნოს–გენერალი პეტრეუსი

    ოთხვარსკვლავიანი ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი და აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი ამერიკის ხმასთან საუბარში ამბობს, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა, შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირები რუსეთის ჯარის კონვენციურ შესაძლებლობებს გაანადგურებენ, ყველგან სადაც მათზე ხელი მიუწვდებათ, მათ შორის, შავ ზღვაშიც.

    პეტრეუსი, რომელიც წარსულში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორიც იყო, აცხადებს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და დემოკრატიების თანადგომით, რუსეთის არმიის განდევნას, სულ მცირე, 24 თებერვლის პოზიციებამდე მოახერხებს. თუმცა ის დასძენს, რომ ამისთვის უკრაიანას მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს.

    “წინ ბევრი რთული ბრძოლაა. ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელებს ბევრი, მძიმე მსხვერპლი ექნებათ. ზამთარი რთული იქნება, მაგრამ ის რუსეთისთვის ბევრად უფრო რთული იქნება ვიდრე უკრაინისთვის. მაგრამ შეხედეთ, უკრაინელები ამას აღიქვამენ, როგორც მათ დამოუკიდებლობის ომს, ისინი იბრძვიან საკუთარი ეროვნული გადარჩენისთვის და აბსოლუტურად გადაწყვეტილი აქვთ, რომ მთელი ქვეყანა დაიბრუნონ უკან. ახლა ეს გულისხმობს ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობასაც. ამ მხრივ არსებობს რეალური სამხედრო გამოწვევები, მაგრამ ეს შესაძლებლობაც გაჩნდა. იმის დაბრუნება, რაც მათ 24 თებერვლის შემდეგ დაკარგეს, ვფიქრობ, შესაძლებელია.

    არ მგონია რუსეთს შეუძლია რაიმე გააკეთოს იმისთვის, რომ ეს საბოლოო შედეგი თავიდან აიცილოს. საკითხავია რა დრო დასჭირდება ამას. რამდენად რთული იქნება ეს უკრაინელებისთვის? რამდენი მსხვერპლი მოჰყვება ამას, რამდენად შეძლებს რუსეთი სადამსჯელო ზომების მიღებას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამ კითხვაზე პასუხი რუსეთის სამხედრო შენაერთების ჩამოშლის ტემპზეა დამოკიდებული. ჩვენ უკვე ვნახეთ არა მხოლოდ ცალკეული რუსი ჯარისკაცების ჩაბარების შემთხვევები, არამედ ვხედავთ მთელი დანაყოფების ჩაბარებას, ჩამოშლას, როგორც ეს აღმოსავლეთში უკრაინის სწრაფი შეტევის ფონზე მოხდა.

    ვფიქრობ, რომ ჩვენმა მთავრობამ, როგორც თეთრმა სახლმა ასევე კონგრესმა, ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ გვსურს უკრაინამ გაიმარჯვოს და ჩვენ მათთან ვიქნებით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ. მგონია ამ სიტყვის გამოყენება ერთგვარ დისკომფორტს იწვევს. მე როცა ჯარში ვმსახურობდი, სიტყვა გამარჯვებას არ ვიყენებდი. ვსაუბრობდი პროგრესზე. ვფიქრობ, რომ ეს ცოტა უფრო მოზომილია.

    ვფიქრობ, არსებობს ძალიან დიდი შემართება და ეს ორპარტიულია. ამ ძალისხმევის ერთ-ერთი ლიდერი კაპიტოლიუმის ბორცვზე, უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკონელია, ადამიანი, რომელიც მმართველი პარტიის წევრი არაა. ორივე მხარეს გადაწყვეტილი აქვს, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რაც შეიძლება სწრაფად და ისე, რომ მათ ამ დახმარების მიღება და სწორად გამოყენება შეძლონ.

    ეს ძალიან ცუდია რუსეთისთვის. რუსეთს არ ჰყავს დემოკრატიის არსენალი მის გვერდით. ირანული დრონების გარდა არც ერთი ქვეყანა არ აწვდის მნიშვნელოვან დახმარებას. ისინი ძალიან ღრმა ორმოში არიან და ეს ორმო უფრო გაღრმავდება ვიდერე ყველაფერი დამთავრდება.

    რეალობა  ის არის, რომ უკრაინას უფრო დიდი, უფრო ძლიერი სამხედრო ძალა აქვს და არის ბევრად უფრო მოტივირებული. მხოლოდ მათი ბძროლის სულისკვეთება უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. მოგეხსენებათ, კლაუზევიცი ამბობდა, ომში მორალური სიძლიერე სამჯერ აღემატება ფიზიკურ სიძლიერეს. ეს კი უდავოდ, უკრაინის სასარგებლოდ ასეა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • იალოვიცი: იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის პოზიციით

    ამერიკელი დიპლომატი, ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის პოზიციით, რადგან თვლის, რომ ქვეყანა უკრაინას სათანადო მხარდაჭერას არ უცხადებს. დიპლომატი საქართველოს უფრო მკაფიო პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს.

    „ახლა არის მომენტი, როცა უკრაინა იბრძვის გადარჩენისთვის. საქართველოც იბრძოდა გადარჩენისთვის… საქართველო აუცილებლად უნდა უჭერდეს მხარს უკრაინას, უფრო პირდაპირ, უფრო მკაფიოდ, სანქციებით და ყველა გზით,“– ამბობს იალოვიცი.

    დიპლომატი „ამერიკის ხმის“ სომხურ რედაქციასთან საუბრის დროს განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს, შესაძლოა გადაიდგას მკაფიო ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავად საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის.

    „მე მახსოვს, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ, როდესაც ელჩი ვიყავი, მითხრა რომ თუ უკრაინა არასწორი გზით წავიდოდა, საქართველო ვერ გადარჩებოდა და ახლა სწორედ საქართველომ უნდა შეხედოს ამ მომენტს სწორად, რადგან თუ რუსეთი უკრაინაში დიდწილად გაიმარჯვებს, ეს ძალიან საშიში იქნება საქართველოსთვის. მათ ასე უნდა შეხედონ ამ საკითხს, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ თუ რუსეთი იმპერიის ნაწილს დაიბრუნებს, რისი მცდელობაც აქვს, ეს არ იქნება კარგი საქართველოსთვის“- ამბობს გამოცდილი ამერიკელი დიპლომატი.

    კენეტ იალოვიცი, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩად 1998-2001 წლებში მუშაობდა, დღეს ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა საფრთხეებს ვერ აცნობიერებს.

    „დარწმუნებული არ ვარ, რომ ამაზე ფიქრობენ. მათ აქვთ არგუმენტები, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს არასწორია და იმედგაცრუებული ვარ მათი [საქართველოს მთავრობის] პოზიციით,“- ამბობს იალოვიცი.

    საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა შეუერთდა ყველა საერთაშორისო რეზოლუციას და უკრაინას მიაწოდა ჰუმანიტარული დახმარება. რაც შეეხება სანქციებს, „ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ რუსეთს პირდაპირ სანქციებს არ დაუწესებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო-კალაძე

    თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე, ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული მოზარდის სანახავად მივიდა.

    თბილისის მერი ამბობს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს.

    „მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.

    ტრაგედია დღეს ვაკის პარკში მოხდა, სადაც  შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის მარიტა მეარიშვილის  მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.