Category: სლაიდერი

  • ავარია ახალქალაქში–დაიღუპა 22 წლის ბიჭი

    წუხელ ახალქალაქში,დაახლოებით ღამის 02:00 საათზე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს,  რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა მანქანა დაეჯახა. დაშავებული ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    „შემოიყვანეს 22 წლის ბიჭი,  იყო უგონო მდგომარეობაში, ფაქტობრივად გარდაცვლილი. მალევე დაფიქსირდა გარდაცვალება. დაახლოებით 04:00 საათზე ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ალექსანდ თოროსიანი.

  • სროლა რუსეთის სამხედრო პოლიგონზე–დაიღუპა 11 ჯარისკაცი,15 დაიჭრა

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხედრო პოლიოგონზე, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში ომში წასასვლელად ემზადებოდნენ, 11 ადამიანია მოკლული, 15 კი დაიჭრა.

    თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი “მოხალისეებს“, რომლებიც ფრონტზე წასასვლელად ემზადებოდნენ, “ორმა სამოქალაქო პირმა გაუხსნა დსთ–ს ქვეყნიდან“. თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ორივე მსროლელი ასევე მოკლულია.

    სამხედრო პოლიგონზე ცეცხლის გახსნის შესახებ შაბათს საღამოს ინფორმაცია რამდენიმე რუსულმა წყარომ გაავრცელა, რომელთა ინფორმაციით გარდაიცვალა 22 ადამიანი.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერაქტს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არ ხსნის, რატომ აღმოჩნდნენ რუსეთის არმიის პოლიგონზე უცხო ქვეყნის, თუნდაც დსთ–ს ქვეყნის მოქალაქეები იარაღით ხელში.

    არაოფიციალური ინფორმაციით კი ბელგოროდის ერთ–ერთ სამხედრო ნაწილში ცეცხლი თავად რუსმა სამხედროებმა გახსნეს, რასაც წინ უძღვოდა დაპირისპირება მობილიზებულ სამხედროებს შორის რელიგიურ ნიადაგზე.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაღუპულები იყვნენ მამაკაცები, რომლებმაც “სპეცოპერაციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს“, ანუ მოხალისეები.

    თუმცა, ზოგიერთი რუსული წყარო წერს, რომ დაიღუპნენ მობილიზებული მოქალაქეები ბრიანსკის ოლქიდან. კერძოდ, მობილიზებულთა ნათესავებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საუბარია უკრაინის საზღვრიდან ოც კილომეტრში მდებარე პოლიგონზე ქალაქ ვალუიკისთან მდებარე პოლიგონზე.

    ინფორმაცია განახლების რეჟიმშია

  • “ჯანდაბას…“ – მასკი ამბობს, რომ უკრაინის არმიისთვის Starlink–ის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას აღარ შეწყვეტს

    ცოტა ხნის წინ ილონ მასმა ტვიტერზე დაწერა, რომ გააგრძელებს უკრაინული არმიისთვის  Starlink–ის თანამგზავრული  ინტერნეტის დაფინანსებას, რომელიც ომის საწყის ეტაპზე უკრაინელებს დახმარების სახით გაუგზავნა, ცოტა ხნის წინ კი წუწუნი დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი პენტაგონს გაუგზავნა წერილი, რომ მისი კომპანია ვეღარ შეძლებდა უკრაინის არმიისთვის ინტერნეტის უფასო მიწოდებას.

    CNN: მასკის SpaceX პენტაგონს ატყობინებს, რომ უკრაინის არმიისთვის Starlink–ის მიწოდებას აღარ დააფინანსებს

    “ჯანდაბას… მართალია  Starlink ფულს კარგავს, სხვა კომპანიები კი მილიარდობით დოლარს იღებენ გადასახადის გადამხდელის ფულით, ჩვენ მაინც უბრალოდ განვაგრძობთ უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებას“– დაწერა მასკმა.

    Starlink–ის თანამგზავრულ ინტერნეტს უკრაინის არმიისთვის საბრძოლო მოქმედებებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მას იყენებენ იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებების გამო ჩვეულებრივი და მობილური ინტერნეტი არ მუშაობს.

    ინფორმაციას მასკის მიერ უკრაინელებისთვის ინტერნეტის შეწყვეტის შესახებ მისი მისამართით მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. ამას კი წინ უძღვოდა კრიტიკის კიდევ ერთი ტალღა ილონ მასკის მიმართ ტვიტერის პოსტის გამო, რომელშიც “სამშვიდობო ინიციატივით“ გამოვიდა და დაწერა, რომ უკრაინამ მშვიდობის დამყარების მიზნით რუსეთს მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები უნდა დაუთმოს.

    “რომელი მასკი უფრო მოგწონთ?“–ზელენსკიმ მასკის სკანდალურ გამოკითხვას ტვიტერზე გამოკითხვითვე უპასუხა

    უკრაინაზე სკანდალურ პოსტამდე ილონ მასკი პუტინს პირადად ესაუბრა – მედია

  • ნოვოკახოვკაზე გასვლის შემდეგ ქალაქ ხერსონის აღება დღეების საკითხია – სააკაშვილი

    “ჩვენები გადავიდნენ მასობრივ შეტევაზე ხერსონის ოლქში ნოვოკახოვსკის მიმართულებით. ნოვოკახოვკაში არის ყირიმის წყლით მომარაგების რეზერვუარი, რის გამოც ის თავიდანვე იყო რუსების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ომში და ასევე მთავარი დამაკავშირებელი გადასასვლელი დნეპრის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის. ძალიან თამამი ნაბიჯია, რომ ზელენსკიმ გერმანელების გადაცემული ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა კიევში კი არ განათავსა, არამედ სწორედ ხერსონის მიმართულებით. ნოვოკახოვკაზე გასვლის შემდეგ ქალაქ ხერსონის აღება დღეების საკითხია. ველით კარგ ამბებს.
    პუტინის პირადი პატიმარი”

    აცხადებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • ბელგოროდის რაიონში ნავთობის საცავი იწვის – რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

    რუსეთის ბელგოროდის რეგიონში ნავთობის საცავი იწვის. ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ეს მოხდა უკრაინის შეია რაღებული ძალების დაბომბვის შედეგად. 

    „კვლავ დაბომბვა. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რეგიონში ნავთობის საწყობს გაუჩნდა. მე შემთხვევის ადგილას ვარ. საგანგებო სიტუაციების სამსახური უკვე ებრძვის ცეცხლს. გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ინფორმაციას მოგაწვდით“ – აცხადებს გლადკოვი.

    რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია TASS-ის ინფორმაციით, ნავთობის საცავთან ახლოს დაზიანდა 1 ტანკიც.

  • სამხარაულის ბიურო აცხადებს, რომ შადრევნის სამუშაოების საექსპერტო შეფასება მათ არ ჩაუტარებიათ

    ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ვაკის პარკის შადრევნის სამუშაოების საექსპერტო შეფასება მათ არ ჩაუტარებიათ.

    “სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს.

    ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი მაღალია და ვრცელდება არაერთი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ექსპერტიზების შემსრულებელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით.

    გვინდა განვაცხადოთ, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა.

    ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები” – წერია განცხადებაში, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. 

  • უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია საქართველოში ჩამოასვენეს

    უკრაინაში გმირულად დაღუპული ედიშერ კვარაცხელია საქართველოში ჩამოასვენეს.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ედიშერ კვარაცხელიას ოჯახის წევრები, ახლობლები  და მოქალაქეები შეიკრიბნენ და მას პატივი მიაგეს.

    ექსპერტიზის ბიუროდან მას ცოტა ხანში სამების ტაძარში გადაასვენებენ, სადაც დღეს და ხვალ  სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, შემდეგ კი მშობლიურ წალენჯიხაში გადაასვენებენ, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

    ედიშერ კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე იყო, ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა. ქართველი მებრძოლი 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.

  • იმედგაცრუება პუტინისთვის: ევროპაში უჩვეულოდ თბილ ზამთარს პროგნოზირებენ

    ევროპელებს და აშშ–ს აღმოსავლეთ სანაპიროს მაცხოვრებლებს წელს დიდი ალბათობით უჩვეულოდ თბილი ზამთარი ელით. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს.

    მეცნიერებმა კლიმატის ცვლილების სამსახურიდან  Copernicus Climate Change Service,  რომელმაც ხუთშაბათს სეზონური პროგნოზი განაახლა, განაცხადეს, რომ ტემპერატურა დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით სავარაუდოდ ამ პერიოდის საშუალო ნორმაზე ბევრად მაღალი იქნება. ანუ, გათბობის სეზონზე ამ ტერიტორიების მოქალაქეებს ენეგიის მოხმარების ზრდა არ მოუწევთ და არც შეზღუდვები შეაწუხებთ, რომლებიც რუსულ ენერგომატარებლებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოჰყვა.

    ანომალურად მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ შეამცირებს მოთხოვნას ბუნებრივ აირზე, რომლის მომარაგებასაც ევროპული ქვეყნები ასე ჩქარობენ. რუსეთ–უკრაინის ომმა  ენერგომატარებლების ფასები რეკორდულად გაზარდა, რამაც ევროპაში ცხოვრების ღირებულება გააძვირა.

    მეცნიერების თქმით, არსებობს 50–60%–იანი ალბათობა, რომ დიდ ბრიტანეთში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროს დიდ ნაწილში და ცენტრალური ევროპის ნაწილში ტემპერატურა ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურაზე ბევრად მაღალი იქნება. კონტინენტის დანარჩენ ნაწილს კი 40–50%–იანი შანსი აქვს ისტორიულად დაფიქსირებულ საშუალო ტემპერატურას წლევანდელი მნიშვნელოვნად აღემატებოდეს.

    თუმცა, თბილი ზამთრის პროგნოზი მეტეოროლოგებს შორის უნივერსალური არ არის. კომერციული ამერიკული სინოპტიკური სამსახური, Commodity Weather Group თვლის, რომ ზამთარი ევროპაში შეიძლება უფრო ცივი იყოს ვიდრე გასულ წელს, და ოდნავ უფრო ცივი, ვიდრე ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელი იყო, თუ მას გათბობის გრადუს–დღეებით გავზომავთ.

    ეს არის მეთოდი, რომელსაც იყენებენ ენეგიის მოხმარების ტემპერატურის გასაზომად, ამასთან უფრო მაღალი მაჩვენებელი უფრო ცივ რეჟიმს და გათბობისთვის საჭირო უფრო მეტი ენერგიის მოხმარებას ნიშნავს.

    მეტეოროლოგ უილიამ ჰენებერგის თქმით, წელს ზამთარში მისი კომპანიის გათვლებით, ეს მაჩვენებელი 2,330–ს გაუტოლდება, როცა შარშან 2085 იყო, ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელი კი 2,233.

    ის ვარაუდობს, რომ ზამთარი ევროპაში არასტაბილური იქნება და თბილი და ცივი პერიოდები ერთმანეთს ხშირად შეცვლის.

    “რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ უცაბედად ყინვის მოძალებას ზამთრის რომელიმე პერიოდში, თუმცა ზოგად სურათს დიდი ალბათობით განაპირობებს სუსტი ცივი ფრონტების ხშირი მოძრაობა “– ამბობს ის.

    სანამ ევროპის კონტინენტი შანტაჟის იარაღად ქცეული რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს, რომ ზამთარი ეკონომიკისთვის დანაკარგების გარეშე გაიაროს, მეტეოროლოგები სხვადასხვა ფაქტორებს ითვლიან, რომლებიც ამ ზამთარს ტემპერატურაზე გავლენას მოახდენენ. მაგალითად, აკვირდებიან არქტიკას.თუ ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო მოძრავი ქარების სარტყელი, რომელსაც პოლარულ მორევს უწოდებენ, შესუსტდება, ცივი ჰაერი შეიძლება სამხრეთით, აშშ–ში, აზიაში ან ევროპაში დაიძრას.

    ძნელად პროგნოზირებადია, შესუსტდება და გაიშლება თუ არა არქტიკული ქარების სარტყელი, თუმცა ჯერჯერობით მეცნიერები ამის ნიშნებს ვერ ხედავენ.

    კომპანია Atmospheric G2–ის მეტეოროლოგიის განყოფილების დირექტორი, ტოდ კროუფორდი, რომელიც ამინდის პროგნოზის სპეციალისტია, ჯერჯერობით ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს იმისა, რაც ზამთარში ევროპაში ან ამერიკაში ძლიერ ყინვებს გამოიწვევდა.

    მეტეოროლოგები გრენლანდიის თავზე ჰაერის წნევასაც აკვირდებიან, რაც ასევე ახდენს გავლენას ევროპაში ამინდზე. აქაც ევროპაში და აშშ–ს აღმოსავლეთ ნაწილში  ცივი ამინდის არანაირი ნიშნები არ შეიმჩნევა.

    Copernicus Climate Change Service–ის მეცნიერები აშშ–ს მთელი კონტინენტური ნაწილის ტერიტორიაზე საშუალოზე მაღალ ტემპერატურას ელიან. ტეხასსა და სამხრეთის სხვა ნაწილებში კი არის ალბათობა, რომ ტემპერატურამ საშუალო მაჩვენებელს 70%–ით გადააჭარბოს.

  • ოცნებამ მხარი არ დაუჭირა PACE-ს რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარეს

    “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.

    ქართული ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მმართველი პარტია იზიარებს რეზოლუციის მთლიან სულისკვეთებას, თუმცა მათთვის მიუღებელი იყო ის დამატება, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული და ამ შესწორების გამო ერთიან რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

    “ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა “სამწუხარო” უწოდა ფაქტს, რომ ასეთი ჩანაწერი “კონკრეტული პირების ინიციატივით” ხვდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

    “ეს იყო შეფარული მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაეთანაბრებინათ იმ ადამიანებთან, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან თუნდაც რუსეთის ფედერაციაში, ან სხვა სახელმწიფოებში. ეს უშედეგო მცდელობაა, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის 2 გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე არის საქმეები, რომლებიც სასამართლოში განიხილება”. – თქვა ჩიქოვანმა.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომლითაც 13 ოქტომბერს ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა, ნათქვამია:

    “ასამბლეა ასევე ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის)”.

     

     

  • მხარი დავუჭირე PACE-ს რეზოლუციას, თუმცა შესწორებას სააკაშვილის შესახებ-არა – იოსელიანი

    “მხარი დავუჭირე PACE-ს რეზოლუციას, თუმცა შესწორებას სააკაშვილის შესახებ-არა” – აცხადებს, პარტია მოქალაქეების ლიდერი ლევან იოსელიანი. ინფორმაციას გამოცემა ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

    „ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული როგორც ევროსაბჭოში, სტრასბურგში, ისე გაეროში. როგორც იცით, იქაც იყო მიღებული რეზოლუცია, სადაც დაგმობილია ოთხი რეგიონის ოკუპაცია. ამ რეზოლუციას გაეროში მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად იზოლირებულია რუსეთი ცივილიზებული სამყაროსგან.

    რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას, აქაც სრული კონსოლიდაცია და ერთსულოვნება იყო წარმომადგენლების მხრიდან. ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით, რადგან ის ადასტურებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ის ისტორიის არასწორ მხარეს დგას. დღეს რუსეთის პოლიტიკას, ფაქტობრივად, გმობს მთელი ცივილიზებული სამყარო.

    ერთადერთი უხერხულობა იყო, რომ ბოლო მომენტში შემოვიდა მეოთხე განმარტება, რაც რეალურად ამ რეზოლუციასთან არანაირ კავშირში არ იყო. იქ საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე და ფრჩხილებში არის მითითებული მიხეილ სააკაშვილი. ჩანაწერი უკრაინელი დეპუტატების ინიციატივით შემოვიდა და სხვებმაც მოაწერეს ხელი. რეგლამენტი ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ დაუჭირო რეზოლუციას, მაგრამ მის დამატებებს, რომელსაც არ ეთანხმები, მხარი არ დაუჭირო და მე სწორედ ეს გავაკეთე.

    გავაკეთე განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე და ვთქვი, რომ მხარი დავუჭირე რეზოლუციას, სადაც საუბარია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე, მაგრამ არ დავეთანხმე შესწორებას, რომელიც სააკაშვილის შესახებ არსებობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.