Category: სლაიდერი

  • კიევში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ოკუპანტების მიერ დილით კიევში განხორციელებულ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა.

    12:25 საათის მონაცემებით მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

    ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ უბანს რუსეთი დღეს თავს “კამიკაძე” დრონებით დაესხა.

    კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ სახლის ნანგრევებიდან, რომელსაც დღეს ოკუპანტებმა ე.წ ირანული დრონი ესროლეს, 60 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ასევე, კლიჩკოს თქმით, ნანგრევებში კიდევ 1 ადამიანია მოყოლილი.

  • წვიმა, ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტო ცნობით, 18 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

    მათი ინფორმაციით, 20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    მათივე ცნობით, თბილისში 22 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს. 21 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

  • რუსეთი ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას! – ზელენსკი

    “მთელი ღამე და მთელი დილა მტერი ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას. კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავები და რაკეტები უტევს მთელ უკრაინას. კიევში საცხოვრებელი კორპუსები იყო დარტყმის ქვეშ.

    მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე თავდასხმა, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას. ოკუპანტები მიიღებენ მხოლოდ სამართლიან სასჯელს და მომავალი თაობების დაგმობას. და ჩვენ გავიმარჯვებთ”

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს მომხდარი თავდასხმებს ეხმაურება.

  • უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით 26 კამიკაძე დრონი გაანადგურეს

    უკრაინის საჰაერო ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 26 Shahed-136 ტიპის დრონი გაანადგურეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.

    • “გუშინ ამ მიმართულებით 11 კამიკაძე დრონის განადგურების შესახებ გავავრცელეთ ინფორმაცია. 3:30-დან 7 საათის ჩათვლით, დამატებით 11 დრონი განადგურდა. ასე რომ, ამ ტერიტორიაზე ღამით ჩვენ 26 Shahed-136 გვყავს განადგურებული”, – აღნიშნა მან.

    უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა იყო.

  • დროა, უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება მიიღოს – ისრაელის დიასპორის მინისტრი

    “დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. შესაბამისად, ეჭვს აღარ უნდა ბადებდეს ის, თუ რომელ მხარეს უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დროა, უკრაინამ ისრაელისგან ისეთივე სამხედრო დახმარება მიიღოს, როგორსაც მას აშშ და NATO-ს სხვა ქვეყნები აწვდიან”

     

    განაცხადა ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრმა, ნახმან შაიმ და ისრაელის მთავრობას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.

  • დილით კიევის ცენტრი დაიბომბა

    დღეს დილით ადგილობრივი დროით 08:25 საათზე კიევის ცენტრში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ უკრაინის დედადქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ტელეგრამ არხზე წერს. ორივე აფეთქება ქალაქის ცენტრში, შევჩენკოვსკის რაიონში მოხდა.

    კლიჩკო წერს, რომ დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი შენობა. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, საჰაერო განგაში გრძელდება, მოქალაქეებს კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. სხვა დეტალები არ კონკრეტდება.

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ დედაქალაქს კამიკაძე დრონებით შეუტიეს.

    რუსულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

  • ცნობილი ხდება ბელგოროდის პოლიგონზე მომხდარი ინციდენტის დეტალები, რომელსაც 32 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა

    ექსპერტი ზურა ბატიაშვილი რუსეთში, ბელგოროდის პოლიგონზე გუშინ მომხდარი სროლის დეტალებზე საუბრობს:

    “ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამხედრო ნაწილში მყოფმა სამმა ჯარისკაცმა (1 აზერბაიჯანელი, 1 დაღესტანელი და 1 ადიღეელი) განაცხადეს, რომ ეს არ არის მათი ომი და უნდოდათ წასვლის შესახებ რაპორტების დაწერა.

    როდესაც ეს ამბავი ნაწილის უფროსმა პოდპოლკოვნიკმა ლაპინმა გაიგო (სურათზე სწორედ ისაა), მოაწყო ჯარისკაცები და საჯაროდ გამოლანძღა ისინი. იქვე თქვა, რომ ეს არის “წმინდა ომი”. ამაზე ტაჯიკებმა უპასუხეს, რომ წმინდა ომი მაშინ არის, როდესაც მორწუმეები იბრძვიან ურწმუნოების წინააღმდეგ. ამაზე ლაპინმა მიუგოთ: “ე.ი. ალაჰი არის მშიშარა, თუ ის არ გაძლევთ უფლებას, იბრძოლოთ იმ მხარეს, რომელსაც ფიცი მიეცით.” ამაზე ტაჯიკები გამოენთნენ, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა, მაგრამ ინციდენტი იქ მალევე ჩაცხრა.

    ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, როდესაც ჯარისკაცები სასროლეთზე გადავიდნენ, ტაჯიკებმა ნაწილში მყოფ მუსლიმებს შესძახეს გაიწიეთო და დაუშვეს ლაპინსა და გარშემო მყოფებს. ლაპინი და მასთან მყოფები (სულ 30 რუსი სამხედრო) ადგილზევე დაიხოცნენ. ბევრიც დაიჭრა.
    2 ტაჯიკი საპასუხო ცეცხლით მოკლეს, რომელიც საწყობში მყოფმა რუსმა ოფიცერმა გახსნა. მესამე ტაჯიკი მხარში დაჭრეს, მაგრამ მან ნაწილიდან გაქცევა მოახერხა.

    ეს აქამდე მომხდარი ყველაზე გახმაურებული შიდა ინციდენტია ამ ომის მიმდინარეობისას, რომელიც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც კი ვერ დამალა.

    რუსულ ჯარში არსებული განუკითხაობის ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, მსგავსი ამბები და კიდევ უარესები მოხდება მომავალში, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით!“– ამბობს ექსპერტი.

    გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის პოლიგონზე ტერაქტი მოხდა, რასაც “მოხალისე ჯარისკაცები“ შეეწირნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მოკლულთა რაოდენობა 11 იყო, თუმცა ეს ვერსია თავიდანვე ეჭვქვს იწვევდა.

  • უკრაინელების 90%–ზე მეტი თვლის, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება–როგორ შეიცვალა განწყობები ომის განმავლობაში

    რუსეთის სრულმაშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან მესამე დღესვე ავტორიტეტულმა უკრაინულმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა “რეიტინგი“ დაიწყო პირველი საერთონაციონალური კვლევა ომის თემაზე. დღეისათვის კი უკვე 17 ასეთი კვლევაა ჩატარებული.

    ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ალექსეი ანტიპოვიჩი ამბობს, რომ ამ დროისთვის უკრაინის საბოლოო გამარჯვების უკრაინელების 90%–ზე მეტს ჯერა, თუმცა, ამ გამარჯვების დროით ჩარჩოებზე რესპოდენტების პოზიცია შეიცვალა – თუ გაზახულზე უმრავლესობა რამდენიმე კვირას ასახელებდა, ახლა გამარჯვებისთვის საჭირო ვადად რესპდენტები 6–12 თვეს ასახელებენ. 50–60 პროცენტისთვის გამარჯვება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავს 1991 წლის საზღვრებში, თუმცა არსებობს უფრო რადიკალური განწყობებიც.

    ანტიპოვიჩის თქმით, მართალია ხელისუფლებით უკმაყოფილების და არჩევნებიდან მალევე მისი შეცვლის სურვილი  უკრაინელებისთვის დამახასიათებელია, ამჟამად პრეზიდენტის ქმედებებით კმაყოფილების მაჩვენებელი 84 %–იან ნიშნულზეა. ზელენსკის ასეთი მაღალი მაჩვენებლები მისდამი ნდობის პიკზე – 2019 წელსაც კი არ ქონია. ანტიპოვიჩი ამბობს, რომ უკრაინელები ზოგადად, ყოველთვის უარყოფითად იყვნენ განწყობილი ხელისუფლების მიმართ, შესაძლოა ეს გარკვეული მენტალური თავისებურებაა, რადგან უკრაინაში ხელისუფლება ყოველთვის “უცხო“ იყო. ზელენსკიმ კი ეს თავისებურება დაანგრია.

    ანტიპოვიჩი ასევე აღნიშნავს რუსული ენის პოპულარობის კლებას. თუ ომამდე ყოველდღიურ ცხოვრებაში რუსულ ენას უკრაინელების დაახლოებით მეოთხედი იყენებდა, ახლა ამას მხოლოდ 13% აკეთებს.

    ამჟამად, უკრაინელების 76% უკრაინულს მშობლიურ ენას უწოდებს. 2012 წელს ასეთი მხოლოდ 57% იყო.  ამ მაჩვენებლის ზრდა დიდი ხანია გრძელდება–დაახლოებით 2014 წლიდან.  უკრაინელების 86% თვლის, რომ უკრაინული ენა ერთადერთი სახელმწიფო ენა უნდა იყოს. ომამდე ამ აზრს მხოლოდ ორი მესამედი იზიარებდა.

    რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას ამჟამად უკრაინელების მხოლოდ 3% უჭერს მხარს.

    ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ განსხვავება მოსახლეობის განწყობებში  უკრაინის რეგიონებს შორის თანდათანობით მცირდება.

    უკრანელების დამოკიდებულება თვითაღიარებული რესპუბლიკებისა და ყირიმის მიმართ ომის მსვლელობის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ანტიპოვიჩი თვლის, რომ ამ რეგიონების მაცხოვრებლების ინტეგრირება საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება.

    უკრაინელების 99%–ზე მეტი ეთანხმება თეზისს – “რუსეთი მტერია“. მარტში უკრაინელების 13% დადებითად იყო განწყობილი რუსების მიმართ. აპრილში 8%, აგვისტოში კი 3%.

    გამოკითხულთა 80% ვერ ხედავს რუსებთან ურთიერთობის აღდგენის ვერანაირ შესაძლებლობას, ან ამბობს, რომ ამას 20–30 წელი დაჭირდება.

  • ირანი რუსეთისთვის მცირე სიშორის რაკეტების მიწოდებას გეგმავს–The Washington Post

    ირანი მზად არის რუსეთს არა მხოლოდ დრონები, არამედ “მიწა–ჰაერის“ კლასის რაკეტები მიაწოდოს უკრაინაში ომისთვის. ამის შესახებ გაზეთი The Washington Post  აშშ–ს და მოკავშირეების უსაფრთხოების სამახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

    გამოცემის ინფორმაციით, 18 სექტემბერს თეირანმა ოფიციალური პირები გაგზავნა რუსეთში გარიგების დასასრულებლად იარაღის დამატებით მიწოდებაზე.

    ამერიკის დაზვერვაში ამტკიცებენ, რომ ირანი ამზადებს ბალისტიკური რაკეტების “ფატეხ–100-“ის და “ზოლფაგარის“ პირველ პარტიას. ეს არის მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც სამიზნეების განადგურება 300–700 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.

    გამოცემის წყაროები აღნიშნავენ,რომ ირანი რუსეთისთვის დრონების ახალ პარტიასაც ამზადებს, კერძოდ “შაჰიდ–136“ და “მოჯაჰედ–6“–ის მოდელებს. გარდა ამისა, ირანელი ინსტრუქტორები რუსთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებს ესტუმრნენ, რათა რუს ჯარისკაცებს დრონების გამოყენება ასწავლონ.

  • “პუტინს არ აქვს შანსი ეს სიტუაცია გადააგოროს“–არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ პუტინს მოლაპარაკება მხოლოდ დროის მოსაგებად ჭირდება და უკრაინის ხელისუფლება არ აპირებს მას ამის შესაძლებლობა მისცეს. არესტოვიჩის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვერ შეძლებს “გადააგოროს“ კრიზისი, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა:

    “უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობის შემდეგ პუტინთან მოლაპარაკების საკითხი დახურულია. ეს არის უკრაინის პრეზიდენტის, ასევე  ნაციონალური უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება.

    მოლაპარაკებები რუსეთს ძალების მოკრებისთვის ჭირდება.

    პუტინმა შექმნა სიტუაცია,საიდანაც საუკეთესო გამოსავალი თავად პუტინის პრეზიდენტის პოსტიდან გადაგდებაა.

    ეს ყველას აწყობს: უკრაინასაც, დასავლეთსა და თავად რუსებსაც.

    იმის საფრთხე, რომ მობილიზაციით წაგიყვანენ და უკრაინაში დაიღუპები, ან საფრთხე, რომ ბირთვული აფეთქების ცეცხლში დაიწვები, უფრო პრობლემურია,ვიდრე  პოლიტიკური კრიზისი რუსეთში.

    კრემლმა აირჩია გზა,რომლის ბოლოს უფსკრულია.

    პუტინი მისი ცხოვრების  მთავარ კრახს სიცოცხლის მერვე ათწლეულში განიცდის. აპირებდა კიევი 3 დღეში აეღო, და უკვე დამარხა მისი რეგულარული არმია უკრაინაში ისე,რომ დონეცკის ოლქიც ვერ აიღო.

    ის ყველაფერზე წავა, რის უფლებასაც მისცემენ.

    ამ კრახში დამნაშავეებს კონკრეტული გვარები ექნებათ, და მათი თავები უკვე ცვივა.

    რუსეთის მოქალაქეები ფიქრობდნენ, რომ “სპეცოპერაციის“ დაწყებისას შეიძლებოდა მხოლოდ აგერჩია პუტინის მხარე, ან საღი აზრი და შორიდან გედევნებინა თვალი მოვლენებისთვის.

    თუმცა, “სპეცოპერაცია“ უკვე ყველას კარზე აკაკუნებს, ომში გაწვევის ბარათებს გადასცემს და სვატოვოში მიჰყავს სასიკვდილოდ.

    რუსები ბუჩქებში ჯდომას ვეღარ შეძლებენ. პუტინმა იმდენად აწია ფსონები, რომ ათეულ ათასობით მობილიზებულის სიცოცხლე მარტივად გაქრება უგზო–უკვლოდ.

    რეპრესიებს დაექვემდებარება ყველა ის, ვისაც უნდა უზრუნველეყო ბელადის მთელი ცხოვრების ტრიუმფი,  მაგრამ ეს დავალება ჩააგდო. ასევე შედარებით ერთგულებიც. პუტინს არ აქვს შანსი ეს სიტუაცია გადააგოროს“.– ამბობს არესტოვიჩი.