Category: სლაიდერი

  • თვითმმართველობა ერთ-ერთი გადამწყვეტია, თუ გვინდა დემოკრატია, გვჭირდება ძლიერი რეგიონები – ზურაბიშვილი

    “თვითმმართველობის საკითხი ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია ჩვენი მომავლისთვის. თუ გვინდა დემოკრატია, ევროპულობა და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება ძლიერი რეგიონები. ეს ისეთი მოცემულობაა, რომელსაც ვერ გავექცევით. არ იქნება ძლიერი რეგიონები და არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საქართველო! რეგიონების მიმართ მეტი ყურადღება – ეს პირველივე დღიდან ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ მხოლოდ ყურადღება არ არის საკმარისი.

    იმისთვის, რომ რეგიონი იყოს ძლიერი – თვითმმართველობა უნდა იყოს რეალური, პრაქტიკაში გადატანილი და არ დარჩეს მხოლოდ კარგ საკანონმდებლო ბაზად და სტრატეგიად. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გაკეთებული, მაგრამ რაც მთავარია, რეგიონი პრაქტიკაში უნდა იყოს თვითმმართველი, მუნიციპალიტეტი უნდა იყოს თვითმმართველი, რაც რამოდენიმე წინაპირობას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, ვერ დავუბრუნდებით ჩვენს ტრადიციულ წყობას.

    საქართველო ძლიერი იყო სწორედ მაშინ, როცა თვითმმართველი ერთეულები (მაშინ თვითმმართველი არ ერქვა) იყვნენ ძლიერები და  იყვნენ ერთად. ეს ერთობა, თვითმმართველობა და მათი დამოუკიდებლობა ჩვენი ნიშაა. ჩვენ სახელმწიფოს ეს მოწყობა საბჭოთა წყობამ დაარღვია, გადაგვიყვანა ულტრაცენტრალიზებულ წყობაზე და ამით მოსპო ის, რაც ჩვენი ძლიერების საფუძვლებს წარმოადგენდა, რასაც  უთუოდ  უნდა დავუბრუნდეთ. ჩვენ გვაქვს ამისი საწყისი მიმართულებები: მივიღეთ ,,თვითმმართველობის კოდექსი“, თუმცა ყველაფერი ჯერ არ არის შესრულებული; მივიღეთ დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელსაც სჭირდება განხორციელება სამი მთავარი მიმართულებით – ფინანსებით იწყება და მთავრდება ყველაფერი, თუ არ იქნება შემოსავლების ახლებური გადანაწილება, არ იქნება არც თვითმმართველობა, რადგან მას არ ექნება საკუთარი გადაწყვეტილებების განხორციელების რესურსი. ამიტომ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ. ბევრ ქვეყანაში არსებობს იმის მაგალითი, როგორ უნდა გადანაწილდეს რესურსები იმისთვის, რომ რეალური გახდეს თვითმმართველობის ძალა და საშუალება.

    მეორე, თვითმმართველობებისათვის ქონების გადაცემის საკითხია, რომელიც ასევე წერია ახალ კოდექსში, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რაც მუნიციპალიტეტების ძალისა და ახალი შესაძლებლობის ერთ-ერთი საფუძველია.

    და მესამე, გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის საკითხია, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც დაწყებულია, რამოდენიმე მუნიციპალიტეტში ეს პრაქტიკა უკვე შემოტანილია. ზოგ ადგილას ძალიან მცირე მასშტაბით, ზოგან ცოტა უფრო სერიოზულად, მაგრამ ეს ჯერ მაინც მოიცავს მხოლოდ ისეთ პროექტებს, როგორიცაა სკვერი, ქანდაკება და აშ. ეს არ არის პროცესებში მოქალაქის ბოლომდე ჩართულობა, რომელიც თვითმმართველობის ნამდვილი პარტნიორი გახდა. ამისკენ წასასვლელად გადასადგმელი ნაბიჯები ყველას ჩართულობას მოითხოვს.

    ასე რომ, საქმე ბევრია. მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ – მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა (ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის). პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე, იმ მუნიპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია. ამიტომ საჭიროა, რომ როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალებები გამოვიყენოთ.

    და კიდევ ერთი, ევროპული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მეათე პუნქტი. ეს თქვენ ხელშია, რათა ამ მიმართულებით მაინც დავდოთ ის შედეგი, რომელსაც ვასრულებთ არა იმიტომ, რომ ეს ევროპელების მოთხოვნაა, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისათვის არსებითი და აუცილებელი მიმართულება და თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიმართულებაა.

    მინდა, ორ საკითხზე კიდევ გავამახვილო ყურადღება: მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო თარიღია – 180 წელი და როგორც ყველას მოგეხსენებათ, მისი საქმიანობა ქუთაისში, ფოთსა თუ თბილისში მიმართული იყო სწორედ თვითმმართველობის განვითარებისაკენ. გავიდა ამდენი წელი და ჯერ კიდევ ამაზე ვფიქრობთ და ამაზე ვწვალობთ. საჭიროა აღვნიშნოთ ეს თარიღი, ამისათვის ჩვენ ოფიციალურად უკვე მივმართეთ მთავრობას, რომ შეიქმნას კომისია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე, მოქალაქეობის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ამ პროცესს არ სჭირდება, რომ მაინც და მაინც მართული იყოს ზემოდან და ბევრი ინიციატივა სწორედ თქვენს ხელშია, რომელიც შეიძლება ამ წელს განხორციელდეს.

    მეორე, ასეთივე ინიციატივა, რომელიც მინდა გაგაცნოთ – ეს ორბელიანების სასახლეში – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონების დღეების გამართვაა. ეს წინადადება ყველასთანაა გაგზავნილი. ალბათ მიღებულიც გექნებათ.

    ჩვენ გითმობთ დედაქალაქის ცენტრში ორბელიანების სასახლის სივრცეს, და ყველა ჩვენ საშუალებებს, რათა რეგიონებმა რაც შეიძლება მრავალფეროვნად წარმოადგინონ საკუთარი თავი, როგორც ჩათვლიან საჭიროდ. აქ არანაირი ჩარევა არ იქნება, ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ მხარდაჭერა, იმისთვის, რომ ყველა კუთხით, წარმოჩინდნენ თქვენი რეგიონები, მუნიციპალიტეტები, ის, რაც კეთდება, რაც მართლაც თვალსაჩინოა.

    დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან ცოცხალი და ძალიან საინტერესო პროცესი. დავიწყებთ ნოემბერში და რეგიონების კვირეულს სვანეთი გახსნის. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ სვანეთით ვიწყებთ.

    ძალიან დიდი მადლობა! გისურვებთ ძალიან წარმატებულ ფორუმს და კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა მოვახსენო პოლონეთს, რომელიც ყველა ამ ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებაში ჩვენს გვერდით დგას“,

    ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და პოლონელ, ამერიკელ, კანადელ და ისრაელელ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

  • ძალიან დიდი მადლობა დევი მეზურნიშვილს, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება – მარიტა მეფარიშვილის დედა წერილს ავრცელებს

    ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის დედა ანა შო­ში­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მისი თქმით,  ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში ის არის, რომ მა­რი­ტამ თავი მე­გობ­რე­ბის­თვის გა­წი­რა.

    „ჩვენი პატარა ანგელოზი, ჩვენი მარიტა, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი… ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს. მარიტას მოულოდნელმა გადანაცვლებამ იმქვეყნიურ სამყაროში, უმძიმესი ტკივილი მოგვაყენა. ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად.

    მარიტა სიკეთისთვის, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის იყო მოვლენილი ამქვეყნად. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, უნდა შევინარჩუნოთ მისი ამქვეყნიური ღირებულებები.

    მადლობა ყველას, ვინც მარიტასთან გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ან ვერ მოვიდა და გაიზიარა მწუხარება მისი უდროოდ გარდაცვალების გამო. მადლობა მარიტას კლასელებს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, ნათესავებს, ახლობლებს, უცხო ადამიანებს, მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი.

    ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა. დიდი მადლობა ექიმებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი შვილების გადასარჩენად.

    განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის სიტყვებმა ამ უმძიმეს წუთებში გვანუგეშა.

    მადლობა საპატრიარქოს, მეუფე გერასიმეს და ყველა სასულიერო პირს, რომლებიც ჩვენი მარიტასთვის ლოცვას აღავლენენ.

    უდიდესი მადლობა ჩვენს მოძღვრებს, მამა შალვა კეკელიას და მამა საბა ჭიკაიძეს ამ საოცარი სიყვარულისთვის, ასეთი თანაგრძნობისთვის, იმ გადამდები სიმშვიდისთვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენთვის. მარიტასთან დამშვიდობებისას, მათ მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ, გაგვაძლიერა თითოეული ჩვენგანი.

    მადლობა ყველას, ვინც ლოცულობს ჩვენი შვილისთვის. ჩვენი მხიარული მარიტა, რომელსაც უყვარდა მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი, მეგობრები, ჩოგბურთი.

    სწორედ კორტები იყო გზის დასაწყისი მისი ნათელი მომავლისკენ, კორტები გახდა გზის დასაწყისი მარადიული სასუფევლისკენ. ჩვენი პატარა ანგელოზი, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი“,- წერს ანაა შოშიაშვილი.

  • საქართველოს, დონბასისა და ყირიმის შემთხვევაში ვიმოქმედეთ ისე, როგორც დიდმა ქვეყნებმა თქვეს, თუმცა რუსეთს მხოლოდ სისუსტე და სიძლიერე ესმის – კალასი

    “ჩვენს ისტორიაში მიღებული გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ სხვა კუთხით იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც ეს ისტორია არ აქვთ. ძალიან ნათელი გახდა, როგორ განასხვავა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამ ორი განსხვავებული გზა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასასრულს მშვიდობა შეიძლება იყოს საბოლოო მიზანი, დასავლეთის ქვეყნები, როგორც წესი, უგულებელყოფენ ჩვენს ისტორიას. ჩვენ ნამდვილად გვქონდა “მშვიდობა”, მაგრამ სანამ ისინი აშენებდნენ თავიანთ ქვეყნებს და თავიანთი ხალხის კეთილდღეობას, ჩვენ ვიტანჯებოდით ოკუპაციით, მასობრივი დეპორტაციით, ყველა სახის რეპრესიებითა და ჩვენი ხალხის მიმართ ჩადენილი სისასტიკით. ზუსტად ამას ვხედავთ დღეს უკრაინაში: ტერიტორიების დათმობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა ტანჯვა დასრულდება. ამიტომ ჩვენი გამოცდილება აქტუალურია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებმა მოგვისმინონ.

    მეორეც, ჩვენ არ ვართ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებაში.  ჩვენ ვიცით, როგორ მოქმედებენ ისინი და უკვე 30 წელია, ყურადღებით ვუსმენთ, რას ამბობენ. ჩვენ ვერ ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებენ ისინი “დემოკრატიული ლინზებით”, რადგან რუსეთი არ მოქმედებს ისე, როგორც დასავლური დემოკრატიები.

    მესამე, საქართველოს, დონბასისა და ყირიმის შემთხვევაში, ჩვენ – და “ჩვენში” ვგულისხმობ ევროკავშირს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს – ვიმოქმედეთ იმის მიხედვით, რაც ევროკავშირის დიდმა ქვეყნებმა თქვეს: მოდი სამშვიდობო ხელშეკრულება დავდოთ და ეს ყველაფერი დასრულდება.  მაგრამ რუსეთს მხოლოდ სისუსტე და სიძლიერე ესმის, სამშვიდობო ხელშეკრულება კი მათთვის სისუსტის გამოვლენას ნიშნავს: დათმე ტერიტორიები და არაფერი მოუვა რუსეთს და რუსებს. ამიტომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი უფრო გაბედული იქნება რუსეთის მხრიდან.

    რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, არის ის, რომ ამ ომის შეჩერების ერთადერთი გზა აგრესიის უკან დახევაა. რუსეთი თავის საზღვრებში უნდა დაბრუნდეს. მან უნდა გადასცეს მესიჯი წესებზე დაფუძნებული წესრიგის გულისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აგრესია სადღაც წარმატებული იქნება, ეს მოემსახურება მიწვევას, რომ ის სხვაგანაც გამოიყენოს.  ამიტომაც ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუ ეს ასე იქნება. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს თემა, დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში და განვაგრძოთ სამხედრო დანაშაულებისა და აგრესიის დანაშაულების სამართლებრივი დევნა, რათა არ გამოვიდეს დასკვნა, რომ ომის დასრულების შემდეგ შეიძლება მეტი ტერიტორიის მოპოვება”

    განაცხადა, ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა.

  • მტერმა ახალი ტერორისტული ტაქტიკა წამოიწყო საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით – რეზნიკოვი

    “ჩვენმა მტერმა ახალი ტერორისტული ტაქტიკა წამოიწყო საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, ასევე დრონების, განსაკუთრებით ირანული წარმოების, სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ. და ამან… გააოცა ჩვენი პარტნიორები. დღეს პარტნიორები ძალიან ამბიციურები არიან ამ ამოცანის მიმართ – დაეხმარონ უკრაინის ცის დახურვას,”

    განაცხადა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა  ოლექსი რეზნიკოვმა.

  • სტატუსმა, გავლენებმა და ნაცნობობამ მოსამართლის გადაწყვეტილება გადაწონა – დოროყაშვილი

    “სტატუსმა, გავლენებმა და ნაცნობობამ მოსამართლის გადაწყვეტილება გადაწონა ” – ასე ეხმაურება, ნელი დოროყაშვილი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავაას გადაწყვეტილებას.

    ”ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი ფემიციდს. რეალურად, მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველა ქალს და ყველა იმ ქალს, ვინც დღესაც – ამ წუთას და ამ წამს იმყოფება ძალადობის ქვეშ. დავრგეთ ყველანაირი იმედი და მოტივაცია, რომ მათ დაუჯერებენ და მათ ექნებათ საშუალება, ხმა გაგვაგონონ.

    რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის აგდაყვეტილებას. აუცილებლად ვიბრძოლებთ, ჩვენ მივდივართ ყველა ინსტანციაში და, რეალურად, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, პირიქით, ახლა იწყება. თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ ყველაფრის აღმოფხვრა საქართველოში, ბუნებრივია, ჩვენ წავალთ საერთაშორისო მასშტაბით.

    ბუნებრივია, ჩემი მოლოდინები გამართლდა. რეალურად, ყველამ დავინახეთ, რომ მაინც სტატუსებმა, გავლენებმა, ნაცნობობამ და ა.შ. გადაწონა [მოსამართლის] მისი გადაწყვეტილება. ” – განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

    ცნობისთვის, ნელი დოროყაშვილი, ყოფილ ქმარს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დავას ედავება. გუშინ, 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა და უდანაშაულოდ სცნო.

  • რუსეთის არმიამ ხერსონის დასავლეთიდან უკან დახევა დაიწყო – ISW

    ომის კვლევის ინსტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ობლასტის დასავლეთიდან უკან დახევა დაიწყეს, მაღალი ალბათობით ისინი შეეცდებიან პროცესი რამდენიმე კვირაზე გაწელონ, თუმცა პროცესი შესაძლოა უკრაინის იერიშმა დააჩქაროს.

    როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, სავარაუდოდ რუსები უკან დახევისას, ნოვა კახოვკის ელექტროსადგურის დამბის აფეთქებას და ამის უკრაინელებისთვის გადაბრალებას შეეცდებიან.

    უკრაინელები აცხადებენ, რომ რუსებს დნეპრის დასავლეთ ნაპირიდან სწორედ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები გაჰყავთ.

    თავის მხრივ უკან დახევის პროცესი სამხედრო საქმის წესებით მოითხოვს, რომ წინა ფლანგზე ყველაზე ბრძოლიუნარიანი შენაერთები ამაგრებდნენ.

  • 24 საათში, უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 3 რეგიონში მოიგერიეს – გენშტაბი

    24 საათში, უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 3 რეგიონში მოიგერიეს  – აცხადებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

    “ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის ტერნოვას დასახლებებში, ბილოჰორივკასა და ზოლოტარივკაში ლუჰანსკის ოლქში, ლიმანში, ივანჰრადში, სოლედარში, ნოვოკალინოვეში, ოზარიანივკაში, ოდრადივკასა და პერვომაისკეში დონეცკის ოლქში.

    მტერმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს დაარტყა. კერძოდ, კუპიანსკის ხარკივის ოლქში, ბახმუტს, ოდრადივკას, მარინკას, ზელენოპილიას დონეცკის ოლქში, ასევე ზაპოროჟიეს და ნოვოვოსკრესენკეს ხერსონის ოლქში,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

  • რუსები რომ არა, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გველოდება, ესაა ომი – ლუკაშენკო

    “რუსები, რომლებიც ახლა ჩვენთან შემოდიან, ჩვენით აღფრთოვანებული არიან. არ გვეგონა ასე თუ დაგვხდებოდითო, ამბობენ ისინი – დაგვაპურეთ, გაგვათბეთ და გვასწავლეთ. ერთად ვაგრძელებთ ჩვენი ტერიტორიების დაცვას და ვქმნით ახალ დანაყოფებს, ასეც უნდა იყოს, ჩვენი ბედია ასეთია ისინი რომ არა, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გველოდება – ესაა ომი”

    აცხადებს, ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო

  • თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება იყო, დაშავდა 3 ადამიანი

    თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება იყო, დაშავდა 3 ადამიანი

    თბილისში ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

  • ჩამოვაგდეთ რამდენიმე რაკეტა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა – კლიჩკო

    “საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რამდენიმე რაკეტა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა.

    მადლობა ჩვენს დამცველებს!

    საჰაერო განგაში ჩართულია. დარჩით თავშესაფრებში, დაიცავით თქვენი უსაფრთხოება.

    დაზოგეთ ელექტროენერგია და გაითვალისწინეთ მისი მიწოდების ლიმიტები”,

    აცხადებს, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.