Category: სლაიდერი

  • ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

    „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დეპუტატმა თავი მოილა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

    გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

    ხახუბიას საცხოვრებელ სახლში მიდიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, მათ შორის ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

    ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

    შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი – 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

  • რუსეთმა ომში უკვე 69 220 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 27 ოქრომბრამდე პერიოდს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​​

    • ​ჯარისკაცი – დაახლოებით 69 220;
    • ტანკი – 2 631;
    • ჯავშანტექნიკა – 5 364;
    • საარტილერიო სისტემა – 1 690 ;
    • სარაკეტო სისტემა – 379;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 192;
    • ​თვითმფრინავები – 271;
    • ვერტმფრენი – 249;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი –  1 398;
    • საკრუიზო რაკეტები – 351;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 078;
    • გემი/ნავი/კატარღა – 16;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 150.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძველი სლოვენიური ფოტო უკრაინული ჭუჭყიანი ბომბის ფოტოდ გაასაღა

    24 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ინგლისურენოვან გვერდზე გამოქვეყნდა ასეთი ჩანაწერი:

    “არსებული ინფორმაციით უკრაინის ორმა ორგანიზაციამ მიიღო პირდაპირი შეკვეთა ე.წ. ჭუჭყიანი ბომბის შესაქმნელად. სამუშაოები დასრულების სტადიაშია“

    ტვიტს თან ახლდა ოთხი ფოტო: პაკეტები გამაფრთხილებელი წარწერით, რომ შიგნით რადიოატიური მასალებია, სავარაუდოდ ატომური სადგურის ზევიდან გადაღებული ფოტო, ასევე ნარჩენების საცავების ფოტო.

    დღეს სლოვენიის მთავრობის ტვიტერზე გამოქვეყნდა იგივე ფოტოები დაზუსტებით, რომ ეს ფოტოები 2010 წელს არის გადაღებული და რადიოაქტიური ნარჩენების ნაციონალურ სააგენტოს ეკუთვნის, შესაბამისად, დღევანდელობასთან არაფერი აქვს საერთო.

    “რადიოაქტიური ნარჩენები სლოვენიაში საიმედოდ ინახება და მეთვალყურეობის ქვეშ არის. ისინი არ გამოიყენება არანაირი ჭუჭყიანი ბომბების შესაქმნელად“– ნათქვამია ქვეყნის მთავრობის ტვიტში.

  • Mercedes-Benz რუსულ ბაზარს ოფიციალურად ტოვებს

    გერმანულმა ავტოკონცერნმა Mercedes-Benz ოფიციალურად გამოაცხადა რუსეთიდან წასვლისა და ადგილობრივ შვილობილ კომპანიებში წილის გაყიდვის შესახებ.

    სააგენტო როიტერი კონცერნის პრეს–მდივნის განცხადებას ავრცელებს, რომელმაც თქვა, რომ კონცერნის აქციებს რუსულ საწარმო “კამაზში“ ეს არ შეეხება, რადგან წლის ბოლომდე ისინი Daimler Truck–ს გადაეცემა, როგორც დაგეგმილი იყო.

    რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, რომ ჰოლდინგი “ავტოდრომი“, როგორც მერსედესის რუსული განყოფილების ახალი მფლობელი, შეძლებს საწარმოო პარტნიორების სახით სხვა კომპანიები მიიზიდოს, რათა პადმასკოვიეში მდებარე ქარხნის ბაზაზე ერთობლივი წარმოება ააწყოს.

    უწყება გეგმავს კომპანიას პარტნიორის მოძებნაში დაეხმაროს.

     

  • CNN:ევროპას უკვე იმდენი გაზი აქვს, რომ აღარ იცის სად წაიღოს. ფასი ნულოვან ნიშნულს ჩამოცდა

    ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით ევროპას უკვე იმდენი ბუნებრივი აირი აქვს, რომ აღარ იცის სად წაიღოს. იმდენად ბევრი, რომ კვირის დასაწყისში სპოტის ფასები ცოტა ხნით მინუსშიც კი წავიდა.

    რამდენიმე თვის განმავლობაში ოფიციალური პირები ამ ზამთარს ენერგეტიკული კრიზისის შესახებ გაფრთხილებებით გამოდიოდნენ, რადგან რუსეთმა – ოდესღაც რეგიონში გაზის უმსხვილესმა მომწოდებელმა ევროპის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ  მიწოდება შეამცირა.

    ამჟამად ევროკავშირის გაზსაცავები თითქმის სავსეა, გათხევადებული ბუნებრივი აირით სავსე ტანკერები კი ესპანეთიდან გერმანიამდე  რიგში დგანან და პორტებში გადატვირთვას ელოდებიან, რადგან მათი დიდი რაოდენობის გამო ტერმინალები აღარ ყოფნით, გაზის  ფასები კი იკლებს.

    ეტალონური ევროპული ფიუჩერსების ფასი ბუნებრივ აირზე 20%–ით დაეცა გასული ხუთშაბათის შემდეგ და 70%–ით აგვისტოს ბოლოს რეკორდული მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ.

    ექსპერტების თქმით, ენეგოსისტემას უკვე გაზის ჭარბი რაოდენობა აქვს, რომელიც მოთხოვნას ბევრად აღემატება, და სწორედ ამიტომ ჩამოცდა გაზის სავაჭრო ფასი ნულს და ნეგატიურ ნიშნულზე გავიდა. გათხევადებულმა გაზმა (LNG) ჩაანაცვლა რუსული გაზი . ევროკავშირის გაზის საცავები 94%-ითაა შევსებული, მაშინ, როდესაც სამიზნე ნიშნული 80% იყო.  ექსპერტების თქმით, ეს უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია და ბოლო წლებში საცავების მარაგის მაქსიმუმი 87%–ზე მაღალი არ ყოფილა. ამჟამად რუსული გაზის მიწოდება ევროკავშირის მასშტაბით მხოლოდ 9%-ს შეადგენს, არადა შარშან ამ დროს 40% იყო.

    ევროკავშირმა ბუნებრივი აირის იმპორტი აშშ–დან და ყატარიდან გაზარდა, რუსეთიდან იმპორტის შემცირების პარალელურად.

    ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ფასები დეკემბერ–იანვარში შეიძლება ისევ გაიზარდოს, რადგან ამინდი გაუარესდება, თუმცა მარაგების პრობლემა აღარ არსებობს.

    ეს არის მოვლენების სრულიად მოულოდნელი განვითარება ევროპისთვის, სადაც მოსახლეობამ და საწარმოებმა ბოლო წელს ენერგიის ერთ–ერთი მთავარი წყაროს უკიდურესად გაძვირების გამო ძლიერ იზარალეს.

    ამას ემატება ისიც, რომ ევროპაში სეზონისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდია, რის გამოც გაზის მოხმარება ზაფხულის მერე პრაქტიკულად არ გაზრდილა.

    “ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ჩვენ ვხედავთ, რომ გაზის მოხმარების ტემპერატურა აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისის დონეზეა. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშიც კი, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში მოხმარება ბევრად დაბალია, ვიდრე წლის ამ პერიოდში არის ხოლმე“– უთხრა CNN Business კომპანია Wood Mackenzie–ს ვიცე პრეზიდენტმა, მასიმო დი ოდოარდომ, რომელიც გაზის საკითხებს იკვლევს.

    მიუხედავად ფასების ბოლოდროინდელი ვარდნისა, ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება კვლავ 126%–ით მაღალია შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით, როცა პანდემიის შემდეგ ეკონომიკამ ამუშავება დაიწყო და მოთხოვნა უცებ გაიზარდა. ახლო მომავალში ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროკავშირმა უკვე მომავალი ზამთრისთვის ზრუნვა უნდა დაიწყოს და რუსული გაზის დანაკარგი მთელი წლის განმავლობაში შეავსოს.

  • პუტინმა ზელენსკის გვინეა–ბისაუს პრეზიდენტის პირით გადასცა, რომ მოლაპარაკება და “ურთიერთობების განბლოკვა“ უნდა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსიმ განაცხადა, რომ გვინეა–ბისაუს ლიდერმა, უმარუ სისოკუ ემბალომ, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა კრემლთან მოლაპარაკების შემდეგ, მას რუსეთის ხელისულების დანაბარები გადასცა.

    “მან მითხრა, რომ რუსეთს ხიდების აღდგენა უნდა. ბატონ პრეზიდენტს უფრო საფუძვლიანად ვაჩვენე, ჩვენთან რა ხდება.

    მე ვუთხარი: იმისათვის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს შორის ხიდები არსებობდეს, საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურას არ აფეთქებდნენ ამ ორი სახელმწიფოდან ერთში. მაშინ, ჩემი აზრით მომავალში შეიძლებოდა გველაპარა. მეორე საითხია, ვისთან შეიძლება ლაპარაკი.

    კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა გადმოგვცა ის არის, რომ ურთიერთობები უნდა განიბლოკოს… მოდით დავიწყოთ განბლოკვა, მინიმუმ ჩვენი შავი ზღვით“ –თქვა ზელენსკიმ.

    ემბალო პირველი აფრიკელი ლიდერია, რომელიც უკრაინას რუსეთის სრულმაშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ესტუმრა.

  • რუსთავში, მძღოლმა მანქანაში სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც მანქანა აფეთქდა

    რუსთავში, მძღოლმა მანქანაში სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც მანქანა აფეთქდა

    რუსთავში, მძღოლმა მანქანაში სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც მანქანა აფეთქდა. შემთხვევა, თოდრიას ქუჩაზე მოხდა. მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას, ინფო რუსთავი ავრცელებს.

    აფეთქების შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

  • “არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს გამორიცხულია.” – რუსეთის ელჩი ბრიტანეთში

    “რუსეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს გამორიცხულია. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ყველა მინისტრი დაარწმუნა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს თქვეს ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა და პრეზიდენტმა”,

    ამბობს, დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი CNN-თან ინტერვიუში.

  • ”თუ არ გინდათ ომი, ეს არ იქნება! ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას” – ბელარუსი სამხედროები უკრაინელებს “აფრთხილებენ”

    “ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას”  – ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ სამხედროების ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიმართავენ.

    “ჩვენი პასუხი ჩვენს კოლეგებს სამხედრო ძალებში. თქვენი შეიარაღებული ძალები ავრცელებენ პათეტიკურ ვიდეოებს, რომელშიც ბელარუსელებს მიმართავენ. თქვენ ცდილობთ, რაღაცაში დაგვადანაშაულოთ, ხანდახან დაგვაშინოთ კიდეც. მაგრამ თქვენ და ჩვენ სამხედროები ვართ და ჩვენ გვესმის, რომ დაშინება სუსტების საზღვარია. რაც თქვენ ახსენეთ ცუდი არ არის – ის, რომ ჩვენ მოძმე ერი ვართ პოზიტიური სიგნალია….

    თუ არ გინდათ ომი, ეს არ იქნება! ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას, ნუ ეცდებით ჩვენს დაშინებას, ნუ მოახდენთ ჩვენზე ზეწოლას და ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. ჩვენ არ გვინდა ომი და ჩვენ არ ვემუქრებით არავის, მაგრამ ჩვენ შეყოვნების გარეშე ვუპასუხებთ გამოწვევებს და პროვოკაციებს”, – ნათქვამია, ბელარუსელი სამხედროების მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

  • ”სხვა გზა და ალტერნატივა არ არსებობს” – სამი ოპოზიციური პარტია კოორდინაციაზე შეთანხმდა

    სამი ოპოზიციური პარტია : “გირჩი მეტი თავისუფლება” “დროა” და “სტრატეგია აღმაშენებელი”  ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით” კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, “ქართული ოცნების” დამარცხება, ერთიანობის გარეშე რთული იქნება.

    “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ”გაერთიანების და ერთობლივი მოქმედების გარეშე ამ სისტემის და ამ მონსტრის დამარცხება, ივანიშვილით სათავეში, უკიდურესად რთულია”.

      • “ქვეყანას აქვს არჩევანი გასაკეთებელი, ან მივდივართ დასავლეთისკენ და ევროპისკენ, ან ვრჩებით რუსეთის გავლენის ქვეშ, ამ მოცემულობაში მგონია, რომ ოპოზიციის გაერთიანება ამ საერთო მიზნისკენ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. გაერთიანების, კოორდინაციის და ერთობლივი მოქმედების გარეშე ამ სისტემის და ამ მონსტრის დამარცხება, ივანიშვილით სათავეში, უკიდურესად რთულია, ყველასთან ვსაუბრობთ და ვცდილობთ, რომ გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

    პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ  “დღეს არის ინიციატივის აღების და არა ლოდინის ან გადაბრალების დრო”.

    • “ვინც არ უნდა იყოს, მარტოც რომ ვიყო, მარტოც ვიმუშავებ, დღეს მარტო არ ვარ, მე, ზურას და გიორგის სრული თანხვედრა გვაქვს ამ ეტაპისთვის პოზიციების და ერთად ვიმუშავებთ, ვიმუშავებთ სხვა პარტიებთან, რომ დავარწმუნოთ ჩვენი გზის სისწორეში. თუ ჩვენ რაღაცა საერთო ერთობას ამ ეტაპისთვის ვერ ვაკეთებთ განსხვავებული პოზიციების გამო, ეს ამას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ზურგს ვაქცევთ, არ არის ინტერესი ერთმანეთში რას ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, ამ ლაპარაკის შედეგი, რაც არის კონკრეტული საქმე” – ამბობს ელენე ხოშტარია.

    ”სტრატეგია-აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, ეს სამი პარტია “ნამდვილად დიდ სინერგიას ვნახულობთ ერთმანეთში”.

    • “რომ გვჯეროდეს,  რომ ცალკე აღებულს, ჩვენ შეგვიძლია რომ დავამარცხოთ ეს დიდი პრორუსული ძალა, რომელიც არის ჰიბრიდული ბრძოლის მთავარი იარაღი, დიდი სიამოვნებით, მაგრამ ერთიანობაა გზა. მე იმედი გვაქვს, რომ ამისთვის დროც არის და სხვებიც ნახავენ, რომ სხვა გზა და ალტერნატივა არ არსებობს”  – ამბობს გიორგი ვაშაძე.