Category: სლაიდერი

  • დღეს პრეზიდენტს გაეგზავნება წერილი, რომ ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა – საპარლამენტო ოპოზიცია

    საპარლამენტო ოპოზიცია დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ოფიციალური განცხადებით მიმართავს რათა პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს.

    “დღეს რადგან ჩვენ აქ ვდგავართ და რიგგარეშე სხდომას ვიწვევთ იმისათვის, რომ საზოგადოების წინაშე გავაშიშვლოთ ის მანკიერი მდგომარეობა რაც არის სასამართლო სისტემაში, ის გუნდური მუშაობა დემოკრატიის წინააღმდეგ, რასაც ეწევიან მოსამართლეები და სანქციების შემდეგ აგრძელებენ კიდევაც, გვინდა, რომ ოფიციალურად, ხელმოწერებით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს.

    დღეს მას გაეგზავნება წერილი, იმისათვის რომ ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა ერთადერთი საკითხით, კენჭისყრაზე დადგეს საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის საკითხი და მისი შემადგენლობის საკითხი,” – თქვა თამარ კორძაიამ. 

    შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა.

  • თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება – მერია

    სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთის” მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

    “თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development- ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შპს CBD Development-ი, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში, 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

    ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა”, – განაცხადა თბილისის მერმა.

    კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოსაწესრიგებლად საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა მიმდინარეობს.

  • რისთვის შეარცხვინეთ ოცნება, თუ ბერიძის ქმედებებს მოწვევით ახალისებთ? – სამხარაძე პრეზიდენტს

    ქალბატონო პრეზიდენტო,

    თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის კრიტიკულ მომენტში ნამდვილად განმანთავისუფლებელი იყო და მადლიერი ვარ ამისათვის. რეალურად მყისიერი ეფექტი ჰქონდა თქვენს ბრიფინგს და ჩემი სახლის კარიდან ნამდვილად გააქცია ჟურნალისტის პროფესიას ამოფარებული პროვოკატორი, რომელიც ჯერ წერეთლის 67-ში იყო დეკლარირებული მოძალადის შალვა რამიშვილის მიერ მოქსეული ჩემი პირადი ცხოვრების დაუშრეტელი ვნებით შეპყრობილი და შემდეგ ჩემი მშობლების კუთვნილ ბინასთან ჰქონდა ჩასაფრება მოწყობილი, პოსტივის სხვა ჯგუფებთან ერთად.

    მათ წინააღმდეგ შსს-ში განცხადება უკვე მაქვს შეტანილი და ვითხოვ გამოძიებას ადევნების მუხლით. ცხადია, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ინსტიტუციის მიერ სამართლიანობის მოლოდინი ნაკლებად მაქვს. თუმცა, მე პირობა დავდე და სამართალს მაინც ვიპოვი, სულ რომ სტრასბურგამდე რკინის ქალამნებით მომიწიოს სიარული!

    თქვენს მიერ ორგანიზებული დღევანდელი ღონისძიება თავისი შინაარსით, ნამდვილად გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო. მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უმნიშვნელოვანეს დღეს, 9 აპრილს, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ევროპისკენ სვლის და დეპოლარიზაციის როგორც უმნიშვნელოვანესი წინაპირობის აუცილებლობის მნიშვნელობა. აქვე ვულოცავ ნანა მალაშხიასა და ნანა მახარაძეს დამსახურებულ ღირსების ორდენებს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი უკომპრომისო ბრძოლის მნიშვნელობას! დღეს, თქვენს მიერ მოწვეულ ქალთა სიაში ნამდვილად ღირსეულ უცნობ თუ ნაცნობ ქალებს ეკავათ საპატიო ადგილი.

    სამწუხაროდ, მე მაინც არ მტოვებს კოგნიტური დისონანსი და მაინტერესებს, თქვენს მიერ მოპატიჟებულ ქალთა სიაში რა ღირსებით აღმოჩნდა ნათია ბერიძე? — როგორ განმარტავთ დეპოლარიზაციის იდეას თავად; სავარაუდო მოძალადისა და მსხვერპლის ერთ სივრცეში მიპატიჟებით და პროპოგანდისტული ჰიბრიდული ორგანიზააციის თანამშრომლის, რომლის ყოველდღიური საქმიანობა წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდების ბულინგს და ევროპული იდეის დისკრედიტირებას საპატიო სიაში ჩასმით?

    თუ თქვენთვის ცალსახა არ იყო, რომ ჩემზე 25 მარტიდან მოყოლებული დევნა ხორციელდებოდა, მაშ რისთვის შეარცხვინეთ ქართული ოცნება, როცა თავადაც ახალისებთ ნათია ბერიძის ქმედებებს მისი ღონისძიებაზე მოწვევით? — მინდა მჯეროდეს, რომ ნათია ბერიძე ღონისძიებაზე მზაკვრულად შემოპარული იყო, თუმცა, დამატებითი განმარტების გარეშე გამიჭირდება დიდხანს ამ იმედის შენარჩუნება.

    ფაქტის დასადასტურებლად, აქვე დავურთავ ნათია ბერიძის ფოტოს და გთხოვთ, იქნებ მომეცეს თქვენთან აუდიენცია და უფრო მეტი დეტალი გაგაცნოთ ჩემს საქმესთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ ჩემზე ცილისწამების კამპანია დღემდე გრძელდება — მაგალითად დღეს, 12 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა პოსტივიმ ჩემს ბულინგს…

    ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა.

  • არ ვაპირებ ,კორუმპირებულის იარლიყთან შეგუებას–დასანქცირებული მოსამართლე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

    მოსამართლე ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

    „მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

    არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ, არამედ მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.

    ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს”, – წერს შენგელია.

    აშშ–მ ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები გასულ კვირას დაუწესა.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

    მოტივად სახელდება ის, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

  • CNN: ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ უკრაინა სამხედრო გეგმებს ცვლის

    უკრაინამ შეცვალა ზოგიერთი სამხედრო გეგმა აშშ-ს საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვის გამო, იტყობინება CNN უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

    CNN-ის წუხანდელ სტატიაში არ არის მოწოდებული ინფორმაციის დეტალები, მაგრამ აღნიშნულია, რომ გაჟონვამ ასევე აიძულა პენტაგონი მიეღო ზომები მგრძნობიარე დოკუმენტების ნაკადის შესამცირებლად, რომლებიც ჩვეულებრივ, ყოველდღიურად  მთავრობის ასობით ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი.

    შტაბის უფროსების გაერთიანებული კომიტეტი, რომელშიც თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები შედიან, და რომელიც  აშშ-ს პრეზიდენტს უწევს კონსულტაციას, ახლა ათვალიერებს მის ელექტრონული ფოსტის დაგზავნის სიებს ამოწმებს, რათა გაარკვიოს ვინ იღებს საიდუმლო ანგარიშებს, თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

    ინტერნეტში გავრცელებულ ბევრ დოკუმენტს ქონდა აღნიშვნა, რომელიც მიუთითებდა, რომ ისინი მომზადებული იყო კომიტეტის სადაზვერვო ჯგუფის მიერ, რომელიც ცნობილია როგორც J2, და როგორც ჩანს, ბრიფინგების დოკუმენტებს წარმოადგენდა.

    წუხელ პენტაგონმა განაცხადა, რომ აგრძელებს დოკუმენტების ავთენტურობის შემოწმებას და ცდილობს შეაფასოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანი. აშშ-ს მოკავშირეები ასევე აწარმოებენ შეფასებას და ცდილობენ დაადგინონ, დააზარალა თუ არა გაჟონვამ მათი  წყაროები და მეთოდები.

    “ჩვენ ველით, რომ აშშ უახლოეს დღეებში გაგვიზიარებს ზარალის შეფასებას, მაგრამ ვერ დაველოდებით მათ შეფასებას. ჩვენ ახლავე ვაკეთებთ საკუთარს”, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა ქვეყნიდან, რომელიც ე.წ. Five Eyes Alliance–ის (აშშ, ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და დიდი ბრიტანეთი) წევრია.

    ამავე თემაზე: Reuters: აშშ–ს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას

  • ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი–სალომე ზურაბიშვილი

    ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი – მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი, არც ორიენტაცია შემიცვლია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიან.

    პრეზიდენტის თქმით, დროა უარი ვთქვათ დაყოფაზე.

    ამასთან პრეზიდენტმა გამოთქვა წუხილი, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე „ვიღაცები არ მიუშვეს“.

    „ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე აქ მე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი. არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. დროა, ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე!

    ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ 9 აპრილს ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარ თარიღს?! როცა პრეზიდენტი იწვევს, სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ, იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი.

    ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც”, – თქვა პრეზიდენტმა.

  • იქნებ გეცადათ, არ იყოთ კორუმპირებულები? – კინზინგერი სანქცირებულ მოსამართლეებს

    ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სანქცირებული მოსამართლეების მხრიდან აშშ-ისადმი გამოთქმულ ბრალდებებს ტვიტერზე გამოეხმაურა და მოსამართლეებს მოუწოდა, სცადონ არ იყვნენ კორუმპირებულები. კინზინგერმა ფორმულას “ქარდები“ გააზიარა, სადაც მოსამართლეების ფრაზებია ინგლისურ ენაზე, რომლებშიც ისინი ამერიკას სხვადასხვა ბრალდებებს უყენებენ და კომენტარი მიაწერა:

    “ან – და მოთმინებით მოისმინეთ მოსამართლეებო, ქართველი ერისგან -ნუ იქნებით კორუმპირებულები… იქნებ ეს გეცადათ? ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს ვიდრე ეს პროპაგანდაა რუსების პირიდან” – წერს ადამ კინზინგერი.

  • ბლინკენმა უარყო კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის შესაძლებლობა

    ბლინკენმა უარყო კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის შესაძლებლობა: უწოდა პირობა

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამორიცხა უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის შესაძლებლობა უკრაინის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ადრე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმაც ისაუბრა.

    ბლინკენმა თქვა, რომ მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა შეიძლება მიმზიდველი იყოს. მის სიტყვებს Tagesschau ციტირებს

    “ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს – და მე მესმის ეს. მაგრამ თუ ეს ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რეალურ რატიფიცირებას, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა”, – თქვა ბლინკენმა.

    დიალოგის მიზანი უნდა იყოს უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთი ასეთ კონსტრუქციულ პოზიციამდე ვერ მივიდა– მიიჩნევს ამერიკელი მაღალჩინოსანი.

    მან განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციმ ფრონტზე პირობითი პაუზა შესაძლოა  ჯარების გადაჯგუფებისა და შეტევის ხელახალი მცდელობისთვის გამოიყენოს.

    რუსეთმა შესაძლოა გაზარდოს ზეწოლა დასავლეთზე, რათა უკარნახოს თავისი პირობები უკრაინას

    შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთში დიპლომატიური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინაში, მაგრამ საკუთარი „ლეგიტიმური“ ინტერესების გათვალისწინებით.

    მოგვიანებით, ასეთი განცხადების შესახებ ანგარიშში დაწერეს ამერიკის ომის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა. მათი აზრით რუსეთს ეშინია, რომ შესაძლოა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის დროს დაკარგოს ის ტერიტორიები, რომელთა დროებით დაკავება მოახერხა უკრაინაში . ამიტომ, კრემლში იწყება დასავლეთზე ინფორმაციული ზეწოლის გაზრდის ახალი ეტაპი. მისი მიზანია უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა.

  • რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა ორ რუსულ სუ-27-ს საჰაერო სივრცე ჩაუჭრეს

    ევროპეისკა პრავდა  იტყობინება, რომ რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა, ნატო-ს საჰაერო საპატრულო მისიის ფარგლებში ორ რუსულ სუ-27-ს საჰაერო სივრცე ჩაუჭრეს. ინფორმაციის შესახებ ასევე ნათქვამია რუმინეთის საჰაერო ძალების განცხადებაში.

    საჰაერო პატრულირების გაძლიერებული მისიის ფარგლებში, პილოტებმა  ნატო-ს საჰაერო ოპერაციების ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება უცნობი თვითმფრინავების შესახებ საერთაშორისო წყლების თავზე ნატო-ს პასუხიმგებლობის ქვეშ არსებულ ზონაში.

    საჰაერო სივრცის ჩაჭრის შემდეგ მოხდა რუსლი სუ-27 ტიპის გამანადგურებლების იდენტიფიცირება, რუმინელმა პილოტებმა რუსული თვითმფრინავები ალიანსის პასუხიმგებლობის ზონის საზღვრამდე მიაცილეს.

  • რაც არ უნდა პატარები ვიყოთ ზომით, უნდა ვუთხრათ მეგობარს, რომ არასწორია – მდინარაძე

    რაც არ უნდა პატარები ვიყოთ ზომით, უნდა ვუთხრათ მეგობარს, რომ არასწორია – მდინარაძე

    მაშინ რატომ [აშშ-ს მიერ სასამართლო კლანის სანქცირებაზე]? – ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება იყო მაშინ, როდესაც ე.წ რუსულ კანონზე, სინამდვილეში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე იყო საუბარი. Fake კამპანია, საუკუნის აფიორა, რომელიც დალაგდა ქვეყნის შიგნით აქტორების მხრიდან, მათ დაარქვეს კანონს რუსული, იმ კანონს, რომელიც მოქმედებს კანადაში, აშშ-ში, ის რაც იმ ქვეყნებში არის ამერიკული, მხოლოდ ამ ქვეყანაში აღმოჩნდა რუსული.

    მაშინაც, ჩვენი მეგობრების მხრიდან ვნახეთ ამ ნარატივის მხარდამჭერი განცხადებები, რაც ძალიან სამწუხაროა და ერთადერთი ბოლო არგუმენტი, რაც ისმოდა თქვენი მხრიდან, საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდანაც, რომლებიც დარწმუნდნენ იმაში, რასაც მათ ატყუებდნენ, რომ მაშინ რატომ ამბობს ამერიკელი ამერიკულ კანონზე, რომ ეს არის რუსული? აქ შეიძლება პასუხიც აღარ გქონდეს. რატომ უნდა ამბობდეს? ესე იგი მართლა რუსულია. აი ამ ლოგიკას არ უნდა ჩავყვეთ.

    ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავარჩიოთ მტერი და მოყვარე, მეგობარი და არამეგობარი, მაგრამ ამავდროულად უნდა ვუთხრათ მეგობარს, რაც არ უნდა პატარები ვიყოთ ზომით თუ წონით, რა არის სიმართლე და რა არის არასწორი ინფორმაცია და უნდა მივაქციოთ ყურადღება ვინ რას ამბობს და არა მხოლოდ იმას, ვინ ამბობს.

    ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანი, მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებზე.