Category: სლაიდერი

  • გენერალურ შტაბს ახალი მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არ აქვს – რეზნიკოვი

    “ამჟამად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვედანაყოფების მომზადებას, რომლებიც კონტრშეტევაში მიიღებენ მონაწილეობას.

    რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში დამტკიცებული სამობილიზაციო გეგმა ნამდვილად არ არის დასრულებული და უფრო მეტიც, არ არის გადაჭარბებული. გენერალურ შტაბს ახალი მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არ აქვს”,

    აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

  • უკრაინული ძალების კონტრშეტევაზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული – დანილოვი

    “უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც არ არის საკმარისი.

    ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი”,

    აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.

  • მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად ვგომბ აშშ-ს გადაწყვეტილებას – წულუკიანი სანქციებზე

     

    “მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. ამ მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობითვის დაუშვებელი აქტი სანქცირების სახით”.

    კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გმობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველ მოსამართლეებზე სანქციების დაწესებას.

     

  • მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ – ჯაფარიძე

    „მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ შეუშვას თავის ქვეყანაში. საქართველოს საზღვრიდან ატრიალებენ უამრავ ადამიანს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არავინ არის ვალდებული, ვინმეს მტკიცებულებები წარუდგინოს, მით უმეტეს, ვინ არის გურამ მაჭარაშვილი, რუსთავის „ქართუს“ ფილიალის იურისტი იყო და უცებ დასვეს პარლამენტში. ახლა პრეტენზიები აქვს ამერიკასთან. მოიკლავენ თავს, კი, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დეპარტამენტი 20-გვერდიან ახსნა-განმარტებას დაუდებს მაჭარაშვილს, მეტი საქმე არ აქვთ“. [პირველი არხი]

    აცხადებს გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, “ოცნებისა” და მისი დანაყოფის მოთხოვნაზე, წარმოადგინოს აშშ-მ მტკიცებულებები, რის საფუძველზე დაასანქცირა მოსამართლეთა კლანი. 

  • მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება – იოსელიანი

    “შემიძლია, ვისაუბრო რეკომენდაციებზე, პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა. ეს დაკავშირებული იყო, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან, იუსტიციის სკოლის გამიჯვნასთან, გამჭვირვალობის პროცესის შემოღებასთან. ეს არის რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც, მათ შორის, პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ყოველთვის აკეთებდა აქცენტირებას და ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას.

    ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს. სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს თავის დროზე მთელი რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული”

    აცხადებს სახალხო დამცველი  ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირდებით.

  • ვიზის აკრძალვა დისკრეციულია, მტკიცებულების მოთხოვნა უაზროა – კრამერი

    “გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ვიზის აკრძალვას, დისკრეციულია, რაც ნიშნავს რომ, იმ ადამიანს, ვინც ვიზაზე უარს მიიღებს, მას არ გააჩნია მტკიცებულების უფლება. ეს ჩრება სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ არ ვაკეთებთ აქტივების კონფისკაციას. ეს პოზიცია შეიძლება, სასამართლომ გადასინჯოს. მტკიცებულების მოთხოვნა უაზროა, ჩვენ არ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა უზრუნველვყოთ მტკიცებულება. ჩვენ გვაქვს უფლება ვიზაზე ვუთხრათ უარი ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი ქვეყნიდან. იმედს ვიტოვებ, საქართველოს ოფიციალური პირები გაიგებენ, რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი”

    აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი.

  • მაქვს ინფორმაცია, რომ მედია ზეწოლის ქვეშაა – ჰერჩინსკი

    თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია, ხოლო მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ახლა, ამ ომის დროს. ეს ომი მხოლოდ უკრაინაში არ არის. რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი, არაფრით გამოწვეული სასტიკი და მზარდი აგრესია ასევე აღძრავს სხვა შიშებსაც, ვინაიდან ეს პროცესები დეზინფორმაციას, პროპაგანდასა და ინფორმაციით მანიპულირებას ეფუძნება და პროფესიონალურ დონეზეა შეფუთული, რაც შეუზღუდავი რაოდენობით ვრცელდება საზოგადოებაში.

    მედია უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასათვის, ვისაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი მხარს ვუჭერთ. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ვაღიარებ, რომ სადაც მიწევს საჯაროდ გამოსვლა [საქართველოში] ნებისმიერ ადგილას, მრავალ კამერასა და მიკროფონს ვხედავ, ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოში არის აქტიური მედიაგარემო, თუმცა, მე ასევე მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ მედია ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ეს არის მუდმივი ბრძოლა, განსაკუთრებით, მცირე მედია ორგანიზაციებისთვის, ასევე ფინანსურადაც, რათა მათ შეძლონ, რომ გააგრძელონ არსებობა მედიაბაზარზე.

    იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასეც იქნება, რადგანაც თავისუფალი, პროფესიონალი, აქტიური მედიაგარემო დემოკრატიისთვის აქტიურ პირობას წარმოადგენს.

    თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რეგიონული მაუწყებლის ეთერშ

  • “პუტინმა ჯერ ლეხ კაჩინსკი მოკლა და ახლა მე მკლავს” – მიხეილ სააკაშვილი

    ლეხ კაჩინსკი იყო ჩემი პოლიტიკური მასწავლებელი და მონათესავე სული, რაც ბევრად უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ მეგობარი. მან საკუთარი სიცოცხლე გასწირა საქართველოსთვის და ზუსტად ვიცი, რომ სმოლენსკი იყო სამაგიეროს გადახდა 2008 წლის თბილისისთვის.

    ის მეუბნებოდა: განსხვავება ჩემსა და შენს შორის ისაა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრია, ამიტომ პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ მე ცოცხალი გადავრჩები და შენ შეიძლება მოგკლანო. პუტინმა ჯერ ის მოკლა და ახლა მე მკლავს.

    ბევრი მეგობრები მყავდა იმ თვითმფრინავში… სიმართლე რომ ითქვას წასვლამდე ლეხმა დამირეკა და შემომთავაზა მათთან ერთად წავსულიყავი, რადგან მოკლულ პოლონელ ოფიცრებს შორის ბევრი ქართველი იყო. მე ვუპასუხე, რომ თუ ერთად გავფრინდებოდით თვითმფრინავი ვერასდროს მიაღწევდა დანიშნულების ადგილს, თვითმფრინავს არ მისცემდნენ დაჯდომის საშუალებას. მიუხედავად იმისა რომ არ წავედი ტრაგედია მაინც მოხდა.

    ამერიკაში მივფრინავდი როცა შევიტყვე შოკისმომგვრელი ამბის შესახებ. სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავი მაშინ როცა აეროპორტები ერთი მეორეს მიყოლებით იკეტებოდა. ჩვენ პატარა პირადი თვითმფრინავი ავიყვანეთ და ევროპის სამხრეთიდან შემოვლით, გრძელ გზას დავადექით რომ იმ ადგილისთვის მიგვეღწია სადაც საქართველოს საპრეზიდენტო თვითმფრინავი გველოდებოდა. საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებს ტყუილი ვუთხარით იტალიაში და თურქეთში, უკრაინაში ნებართვაც არ აგვიღია. საბოლოოდ თვითმფრინავში კრაკოვში დაჯდა.

    უფლის ნება იყო, რომ ვაველის სასახლეში ზუსტად მაშინ შევედი როცა ცერემონია საბოლოო განსასვენებელი ადგილისკენ მიემართებოდა. უცბად გავშეშდი… არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, რადგან ცერემონიის ამ ნაწილს მხოლოდ პირადად ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. იაროსლავმა დამინახა, ხელი დამიქნია და მიმიწვია. ვიდრე ვსუნთქავ სულ მემახსოვრება ეს მომენტი.

    ლეხ კაჩინსკი დიდი პოლონელი გმირი და საქართველოს ეროვნული გმირია”

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • “ფორმულას” ინფორმაციით, რამდენიმე მოსამართლეს აშშ-ში წასვლა უნდა – კოლეგების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება

    რამდენიმე მოსამართლე ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრენინგზე წასვლას აპირებს, თუმცა მათზე გავლენიანი კოლეგების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ, შესაბამის ინფორმაციას, ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

    ფორმულას” სასამართლოდან კონფიდენციალურობის დაცვის პირობით უთხრეს, ხსენებულ რამდენიმე მოსამართლეს აიძულებენ პროექტზე უარი თქვან და სანქცირებულებს ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადონ.

    როგორც ცნობილია,  აპლიკანტებს შორის ერთ-ერთი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილია, რასაც თავადაც გვიდასტურებს. ის არც ამერიკაში წასვლის სურვილს მალავს, თუმცა გავლენიანი კოლეგების მხრიდან ზეწოლას უარყოფს. ფორმულამ კიდევ რამდენიმე აპლიკანტის გვარი გაარკვია. მათ შორის არიან ქუთაისის და ბათუმის სასამართლოების მოსამართლეები.

    მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ზეწოლას უარყოფდა რამდენიმე თვის წინაც, როცა ამერიკის საელჩომ ნიკა გვარამიას განაჩენის ავტორი – მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, პროექტიდან მოხსნა. რამდენიმე დღეში კი 5-მა მოსამართლემ ამერიკაში წასვლაზე უარი თქვა.

    წყარო : ფორმულა

  • პრემიერის ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ სასამართლო მარტო არაა – გვრიტიშვილი

    შეიძლება, თამამად ითქვას, რომ დღეს პრემიერმინისტრის უზენაეს სასამართლოში ვიზიტმა სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა. ამ უპრეცედენტო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების, რომლითაც მოქმედი მოსამართლეები კორუფციის უმძიმესი ბრალდებით დასანქცირდნენ, მიზანი ერთი მხრივ იყო თითოეული მოსამართლის დაშანტაჟება. მეორე, ხელისუფლებისადმი გზავნილი იყო, რომ აი, გაემიჯნეთო. ამის ცალსახა ლუსტრაცია პრეზიდენტის ბრიფინგი იყო. პრეზიდენტმა ასეთი პოზიცია არჩია, რომ ვთქვათ, ჩვენს “ევროპულ მომავალს” ეს 4 ადამიანი შევწიროთო.

    რაც შეეხება მთავრობასა და მთავრობის მეთაურს. ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელმა ვიზიტმა და მის მიერ გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ უპრეცედენტო შეტევის პირობებში, დღეს სასამართლო ხელისუფლება მარტო არ არის და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ხელმძღვანელის სახითაც აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია უკავია, რაც სახელმწიფოს თანამდებობის პირველ პირს უნდა ეკავოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

    თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა TV იმედთან საუბარში.