Category: სლაიდერი

  • ჰონგ-კონგში დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა

    ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად დაშავებული 45 ადამიანი ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაშია, 279 მოქალაქე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

    ცეცხლი გუშინ, 26 ნოემბერს გაჩნდა. ხანძარი 7 შენობაში გავრცელდა. ამ დროისთვის 4 მათგანში ცეცხლი კონტროლირებადია.

    ხანძრის გაჩენამდე კორპუსები ბამბუკის ხარაჩოებით იყო გარშემორტყმული და სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების მიხედვით, მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპლექსში რემონტი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

    პოლიციამ ხანძართან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავა – სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და საინჟინრო კონსულტანტი. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ექსპერტი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი კორპუსების დამაკავშირებელი ბამბუკის ხარაჩოების დიდმა რაოდენობამ გაამწვავა.

    ხანძარს უმაღლესი მეხუთე დონე მიენიჭა. მას 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.

  • თეთრი სახლის მიმდებარედ, ეროვნული გვარდიის ორი წევრი მოკლეს

    ვაშინგტონში დაჭრილი აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორივე წევრი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ვაშინგტონის გუბერნატორი, პატრიკ მორისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    თეთრი სახლიდან 5 წუთის მოშორებით, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს.გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დედაქალაქში განლაგებულ ეროვნული გვარდიის წევრებს გამიზნულად დაესხა თავს.

    მომხდარს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მას საშინელი თავდასხმა და ბოროტების, სიძულვილისა და ტერორის აქტი უწოდა.

    როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეჭვმიტანილი თავადაც მძიმედაა დაჭრილი.

    პრეზიდენტის თქმით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ ეჭვმიტანილი აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.

    ტრამპის თქმით, საჭიროა ყველა იმ უცხოელის ხელახლა გამოკვლევა, რომელიც ქვეყანაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შევიდა ავღანეთიდან.

    “ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან შემოვიდა და ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს”- აღნიშნა ტრამპმა.

  • ათონელის სასახლესთან ვიცით, რა პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი – სამწუხაროდ, მოღალატეებიც საკმარისად გვყოლია – ბურჭულაძე

    “ათონელის სასახლესთან ვიცით, რა პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი – სამწუხაროდ, მოღალატეებიც საკმარისად გვყოლია ” – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

    “დღეს, 26 ნოემბერს, 20 წელი გავიდა, რაც ჯვარი დავიწერეთ, ვერც წერილობით და ვერც ტელეფონით შევძელი მიმელოცა, ამიტომ ახლა გილოცავ, ძალიან მიყვარხარ”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

    მისი განმარტებით, 4 ოქტომბერს მათი გეგმა იყო “ათონელის ქუჩაზეც მშვიდობიანი მიტინგი გაემართათ, “რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ როგორც კრების დელეგატები, ასევე, დიდი ალბათობით, სამართალდამცველებსაც ელოდებოდნენ”.

    “რა მოხდა 4 ოქტომბერს. განსაკუთრებით ბატონმა პროკურორმა მომისმინოს.

    პირველად მეძლევა საშუალება ჩემი დაკავების შემდგომ გესაუბროთ.

    “ოცნებას” ყოველთვის აღიზიანებდა ტერმინი „მშვიდობიანი დამხობა”. ჩვენი გასამართლების მიზეზიც სწორედ ეს არის.

    უნდათ, რომ ეს ფრაზა მონათლონ, როგორც ძალადობრივი მოქმედება და, მე, დღეს, მინდა გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მშვიდობიანი დამხობა შედგა 4 ოქტომბერს. შედგა დიდი წარმატებით, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ ეროვნულ კრებაზე.

    ყველამ კარგად იცის, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად გადავირჩიეთ და დავამხეთ უკანონო ხელისუფლება, რუსი ოლიგარქის არალეგიტიმური რეჟიმი.

    ხოლო პასუხი იმისთვის, რაც მოხდა ათონელის რეზიდენციაში, გთხოვთ, მოჰკითხოთ ე.წ. მთავრობას.

    მეგობრებო, დაფიქრებულხართ, რომ როცა საუბარია 4 ოქტომბერზე, ე. წ. ხელისუფლება მხოლოდ ათონელის სასახლესთან არ შემდგარ რევოლუციაზე საუბრობს და არც ერთხელ არ ახსენებს, რა მოხდა თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირის მთელს ტერიტორიაზე?

    ეს იმიტომ, რომ ჩვენს ასობითათასიან სახალხო შეკრებაზე გაფორმდა დიქტატურის („ოცნების”) აბსოლუტური კრახი და იქ მათ ვერ მოახერხეს პროვოკაცია.

    ვერავინ ვერ იტყვის, რომ მოწოდება იყო ძალადობისკენ. 4 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ვიყავით მიწვეული ეროვნულ კრებაზე. ასე ცხადდებოდა ტელეეთერებიდან და ასე ეწერა მოსაწვევებზე, რომელსაც ჰქონდა ჩემი ხელმოწერა.

    ჩემი კარიერაც და ცხოვრებაც საჯაროა. ყველამ იცის ჩემი სამოქალაქო პოზიციაც, ჩემი საქმიანობაც, ჩემი შემოქმედებაც. მთელი ცხოვრება ქვეყნისთვის სამსახურს ვეწეოდი – სცენიდან, ქველმოქმედებით თუ საზოგადოებრივი საქმიანობით.

    ახლა წამიყენეს აბსურდული ბრალდებები, რომ თითქოს, მე ძალადობისკენ მოვუწოდებდი ხალხს. ყველასთვის ნათელია თუ რისთვის კეთდება ეს – “ოცნება ცდილობს”, პატრიოტიზმი გამოაცხადოს კრიმინალად, ხოლო მათი ქცევა – ანუ, სამშობლოს ღალატი – გმირობად.

    4 ოქტომბერს შედგა, პირველად საქართველოს ისტორიაში, ეროვნული კრება, ჩვენი, ქართველი ხალხის დამსახურებით.

    ეს ნამდვილად იყო შეკრება, სადაც მისმა უდიდებულესობამ, ქართველმა ხალხმა, გამოხატა საკუთარი ნება, რომ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია.

    4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა უპრეცედენტოდ ბევრი, 250 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს, არათუ ქალაქებიდან და რაიონებიდან, არამედ თითქმის ყველა სოფლიდან იყო წარმომადგენელი. მათ შორის, აფხაზეთიდან (გალის რაიონი) და სამაჩაბლოდან.

    ასევე იყო უამრავი ემიგრანტი, ისინი, სპეციალურად, ამ დღისთვის ჩამოვიდნენ.

    ასევე, კრებას ესწრებოდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი.

    ბევრ თქვენგანს დასწყდა გული რომ ბოლომდე ვერ მივაღწიეთ მიზანს, მათ შორის, მეც. ათონელის სასახლესთან, ვიცით, რა პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მე დღეს ვერ ვისაუბრებ ზუსტად მომხდარზე, რადგან დაკავების შემდგომ მოწყვეტილი ვარ გარე სამყაროს, შესაბამისად მოკლებული სრულფასოვან ინფორმაციას, მაგრამ ამის გარკვევის დრო მალე დადგება.

    თუმცა, ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ მიღწეულით; ჩვენი ერთობით, ენთუზიაზმით და პატრიოტიზმით. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც ოლიგარქიის ბანდამ ვერ შეძლო და ვერც შეძლებს, შვიდივე მილიარდი დოლარიც რომ დახარჯოს. ამიტომაც, დაიმახსოვრეთ, რომ 4 ოქტომბრის ეროვნული კრების შემდგომ, ჩვენ კი არ ვებრძვით არალეგიტიმურ მთავრობას, არამედ უზურპატორის ბანდა ებრძვის ხელისუფლებაში მყოფ საქართველოს ხალხს.

    დეკლარაცია – “ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე, ვაცხადებთ: ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე. წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

    საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს, ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.

    რუსი ოლიგარქის (ბიძინა ივანიშვილის) არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვისა და თითოეული მოქალაქისათვის.

    ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაყენებთ სამ საკითხს:

    ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს;

    ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე. წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნებისა და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია;

    ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანობის დაცვას”.

    პასუხი უნდა აგონ მოღალატეებმა, ნაცვლად იმ უდანაშაულო ადამიანებისა, ბავშვებისა, ვისაც ქუჩებიდან, სახლებიდან, ოჯახებიდან იტაცებენ. ისინი თავად ბოროტებას ემსახურებიან ჩრდილიდან – დევნის, დაშინების და დამორჩილების გზით. სწორედ ამ დამნაშავეების სია იყო ის, რაც სცენიდან იქნა წაკითხული და რის გამოც, ჩვენ საპყრობილეში აღმოვჩნდით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონისა და ქართველი ხალხის წინაშე.

    ჩვენი გეგმა იყო ათონელის ქუჩაზეც გაგვემართა მშვიდობიანი მიტინგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ როგორც კრების დელეგატები, ასევე, დიდი ალბათობით, ველოდებოდით, სამართალდამცველებსაც და, შემდგომ, უამრავი ადამიანი მოვითხოვდით პრეზიდენტის სასახლის გასაღების გადმოცემას, რაც უეჭველად მშვიდობიანად მოხდებოდა, რომ არა ის პროვოკაცია რაც მოაწყო “ოცნებამ” – ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შედეგად კი უამრავი უდანაშაულო ადამიანია დაკავებული. ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს, აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება!

    4 ოქტომბერს ჩემი წარმოთქმული სიტყვა არ შეიცავდა ძალადობის, ან ძალადობისკენ მოწოდების ნასახსაც კი. ამის დასტურია ის, რომ ჩვენ, ყველანი იქ ვიყავით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გამოხატვას, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება.

    ჩემი მიზანი იყო ის, რაც ჩემი მიზანია დღესაც – საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამყარება, ხელისუფლების ცვლილება, ქართველი ხალხისგან მოტაცებული, წართმეული უფლებებისა და უფლებამოსილებების ხალხისთვის დაბრუნება.

    4 ოქტომბერი – ეს დღე ჩავარდნის დღე კი არ არის, არამედ ერთიანობის, საზოგადოების მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად, ლეგიტიმურად ხელში აღების, გასაჭირში ერთად დგომის დღეა. ეს არის გამარჯვების დღე ბოროტებაზე.

    დააკვირდით, ძალიან უცნაურია, რომ არავის გვინახავს, პროტესტის ისტორიაში პირველად, დრონის სრულყოფილი კადრი, თუ რამდენი ადამიანი ესწრებოდა სახალხო კრებას. ხალხის რაოდენობის პიკი იყო დაახლოებით 19:00 საათზე და ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 250 000 ადამიანი; თუმცა, შემდგომაც უამრავი ადამიანი გვიერთდებოდა. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დღეს საეჭვოდ “დაიკარგა” დრონები. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებმა ჩამოაგდეს სამი მედიასაშუალების დრონი: “ნეტგაზეთის”, “პროექტი 64”-ისა და გამოცემისა “მაუწყებელი”. აქედან ნაპოვნია მხოლოდ ერთი დრონი და მას ამოცლილი ჰქონდა მეხსიერების ბარათი. ზემოაღნიშნულ საკითხზე ობიექტური სტატია გამოაქვეყნა “რადიო თავისუფლებამ” და კარგი იქნება თუ მას საზოგადოება გაეცნობა. “ოცნების” მიზანი იყო, რომ არ დაგვენახა რეალური სურათი, არ დაგვენახა ერთმანეთი, რადგან ვიყავით ძალიან ბევრნი.

    ეს იყო მაქსიმუმი რაც შეძლო ხუნტამ, რომ ხელი შეეშალა ეროვნული კრებისთვის. მათ ასევე აურიეს ნავიგაციის სისტემა – რუსთაველის გამზირს აჩვენებდა, როგორც თბილისის აეროპორტს და პირიქით. ეს, სავარაუდოდ, არამარტო ხალხის შეკრების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, ჩადენილი დივერსიაა, რომელსაც, აუცილებლად, მომავალში უნდა გაეცეს პასუხი.

    ქუჩაში იმაზე მეტი ხალხი იდგა, ვიდრე რუსულ სპეცოპერაციაზე, ე. წ. არჩევნებზე მივიდა. ოთხმა ოქტომბერმა დაგვარწმუნა, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვხედავთ ჩვენს ძლიერებას – საქართველოს ძლიერებას. ძლიერება ხალხშია, თავისუფალ ადამიანებში და არა იარაღში, ხელკეტებში, ან წიწაკის სპრეის რაოდენობაში. ამ დღეს საქართველოს ე. წ. მთავრობის არალეგიტიმურობა გაფორმდა და ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა, ძალაუფლების წყარომ.

    4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება არა როგორც ოცნების ე. წ. არჩევნების დღე, არამედ, რეალურად, მათი „გადარჩევნების” დღე.

    ზოგიერთი გაყიდული ან უგუნური პოლიტიკოსი ცდილობს ამ დღის დაკნინებას. რეალურად კი, ჩვენ დავინახეთ, რომ გვყავს უამრავი პატრიოტი, გულანთებული ადამიანი. სამწუხაროდ, მოღალატეებიც საკმარისად გვყოლია.

    ვთხოვ ყველა მონაწილეს, როგორც კი ოლიგარქის მონები ათონელის პროვოკაციას მოიხსენიებენ არშემდგარ რევოლუციად, ყოველთვის ვუპასუხოთ რომ მთავარი მოვლენა ამ დღეს იყო ის, რაც მოხდა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე – სადაც ქართველმა ხალხმა “ქოცები” ხელისუფლებიდან გადააყენა – საკადრისად უპასუხა მათ არალეგიტიმურობას.

    ვიმეორებ, 4 ოქტომბრამდე ჩვენ ვაპროტესტებდით მათ არალეგიტიმურობას, სისასტიკეს, უკანონობას, ხოლო სახალხო კრების შემდეგ – უკვე ლეგიტიმურ ხალხის ხელისუფლებას ებრძვის ავაზაკთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ პოლიციის მოძალადე ნაწილის მეშვეობით არსებობს. 4 ოქტომბერს მხოლოდ აქცია კი არ გაიმართა, არამედ გაიმართა საქართველოს ეროვნული კრება და ყველასთვის საამაყოა, ვინც მიიღო ამ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა, სადაც საქართველოს ხმა მკაფიოდ გაისმა: თავისუფლება საქართველოს არჩევანია და თავისუფლება საქართველოს ბედისწერაა! დაბოლოს, მე არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ფეხქვეშ გათელილი რამდენიმე უფლება ჩამოვთვალე. აქვე უნდა დავამატო, რომ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. მე არ შეგაწყენთ თავს იმის ახსნით, რატომ არის ეს ასე, ეს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. უბრალოდ, მინდა, გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მე მესმის თქვენი მდგომარეობა და მე გპატიობთ.

    ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო ქართველებო, ვამაყობ რომ ვარ ერთ-ერთი თქვენგანი; 28 ნოემბერს და ყოველთვის როცა საჭირო იქნება ყველა რუსთაველზე;

    ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებამდე – ბოლომდე”,- განაცხადა ბურჭულაძემ.

  • ფეისბუქ-სტატუსის გამო ლაშა სალუქვაძემ აქტივისტ ნათია გაბრავას უჩივლა

    აქტივისტ, ნათია გაბრავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაიწყო, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანს, ლაშა სალუქვაძეს ეხებოდა.

    ”ახლა დამირეკა თორნიკე ქოჩქიანის თანაშემწემ (??), 23 ნოემბრის ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით საქმეა შემოსული, 173-ე მუხლის მეორე ნაწილზეო.სავარაუდოდ, ლაშას ეწყინა სიფილისის და მოძალადეობის ამბავი რომ გაუვრცელდა
    ბოდიში ლაშა, 100 სასამართლო სხდომა ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ მოძალადე არ ხარ და არ იმსახურებ, რასაც ხალხი შენზე ამბობს”-წერს ნათია გაბრავა.

    აქვე შეგახსნებთ, რომ ამავე მუხლით დააკავეს, აქტივისტი ია მელითაური 23 ნოემბერს პარლამენტთან. ია მელითაური იმ დროს დააკავეს, როცა პარლამენტის წინ მეგობრებთან ერთად სკამზე იჯდა.მალევე  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ია მელითაური სოციალურ ქსელში პოლიციის მაღალჩინოსანზე ლაშა სალუქვაძეზე პოსტის გამო დააკავეს. მისი პოსტების ამსახველი სქრინები შსს-მ სასამართლოში,  როგორც მისი „პიროვნების ამსახველი და დამადასტურებელი“ მტკიცებულება ისე მიიტანა.

  • თუ ვინმეს განცდა აქვს, რომ რუსი ხელისუფალი ჰყავს, მისგან ხელფასი არ უნდა აიღოს – მარიამ ლაშხი

    რომელი თანამშრომლები, რომლებიც იძახდნენ, რომ რუსი ხელისუფლება არისო და ყველა ეს კამპანია? ისინი თუ იძახდნენ, მაშინ იმათ კითხეთ. ერთ-ერთ თანამშრომელზე მაქვს ინფორმაცია, რომელიც ამბობდა, რომ რუსი ჰყავს ხელისუფალი და ამ ხელისუფლებისგან ხელფასს იღებდა ისე, რომ თან სამსახურში არ დადიოდა. ყველა, ვინც თავისუფლდება, იმას აქვს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რატომ მოხდა მისი გათავისუფლება. თუ ვინმეს აქვს, ზოგადად ვიძახი, იმის განცდა, რომ რუსი არის ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს.

    ასე უპასუხა ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატმა  მარიამ ლაშხმა კითხვას, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან თანამშრომლების რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლებას ეხება.

  • ალბათ გაფართოების მიმართულებით საქართველოს ფაილი დაიხურება – ფიშერი

    “დიდი ალბათობით, გაფართოების მიმართულებით საქართველოს ფაილი დაიხურება” – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    „თუ თქვენ ქართველი ხართ და თქვენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს ანგარიში კატასტროფაა. მე ბევრჯერ საჯაროდ მითქვამს, ევროკავშირი იმართება წერილობით. მოვუწოდებ ადამიანებს, წაიკითხონ ეს ანგარიში.

    გერმანია ეთანხმება ამ ანგარიშს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ანგარიშს. საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა. თუმცა, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ რა მოხდა იმ ერთ წელიწადში.

    თუკი ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს და ეთანხმება ანგარიშს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს საკითხი (ფაილი) დახურულია. არა იმიტომ, რომ საქართველო არ გვინდა. ჩვენ გვინდა საქართველო; ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს და მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი ნდობის საფუძველზე, მაგრამ არსებულ პირობებში, არსებული კურსით, გერმანია გაფართოებაზე აღარ მუშაობს. სინამდვილეში, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს. დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპული საბჭო, როდესაც ჩვენი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ. ფაილი დაიხურება ქართული მხარის ქმედებების გამო, არ მგონია ამ ქმედებების თავიდან ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისთვის: ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა, პოლიტიკური პარტიები ნადგურდება, ზოგიერთი ციხეში ჩასვეს, გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან და ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი პროგრამაშია და ველი, რომ ეს მოხდება. დიდი ზეწოლის ქვეშაა თავისუფალი მედია. თუკი ევროკავშირში გაწევრიანება გინდა, უნდა გადმოიტანო ევროპული კანონები შენს კანონებში. ჩვენი კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილები ეხება ჩვენი სახელმწიფოების მოწყობის წესს, ეხება იმას, რომ ევროკავშირი არის დემოკრატიული სახელმწიფოების კავშირი, სადაც ადამიანებს აქვთ სამოქალაქო თავისუფლებები, მოქალაქეებს აქვთ თავისუფლებები. ეს არის საფუძველი და უმნიშვნელოვანესი რამ თუკი ევროკავშირში გაწევრიანება გინდა. თუკი ამის ჩვენება არ შეგიძლია, ვერ გაწევრიანდები და საქართველო წავიდა სხვა მიმართულებით. ეს ნამდვილად არის მწარე და სევდიანი სიმართლე. დავამატებ, ანგარიში ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი რჩება როგორც თურქეთის შემთხვევაში. ის გადაიდო გვერდით, რადგან ევროკავშირი იმედიანი კავშირია. ჩვენ იდეალისტები ვართ, არასდროს ვკარგავთ იმედს, რომ იქნებ რაღაც ძირეული შეიცვალოს და თურქეთისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნები კიდევ ერთხელ შემობრუნდებიან ჩვენკენ და გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. მზად ვართ დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, მაგრამ ახლა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. არავისზე ხორციელდება შანტაჟი ან ზეწოლა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, არავის აძალებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყნებს იწვევენ. თუკი არ გსურს, ან ვერ ახერხებ, არც წევრიანდები“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

  • მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმისთვის 1.5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

    კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო, წელიწადნახევრიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა

    მელია სასჯელს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის იხდის, მას საპატიმრო დაწესებულება იანვარში უნდა დაეტოვებინა – დღევანდელი განაჩენის შემდეგ კი მას ციხეში ყოფნა 2026 წლის დეკემბრამდე მოუწევს.

    საქმე ეხება 30 მაისს სასამართლო პროცესზე მომხდარ ინციდენტს, როცა ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს პროტესტის ნიშნად წყალი შეასხა.

    სასჯელის ვადის ათვლა 20 ივნისიდან დაიწყება.

    მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • „ჟუვაჩკას“ არ ვღეჭავდი – ეკა ჭიჭინაძე

    „ჟუვაჩკას“ კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა, კბილებს ვიკეთებ და ცხვირსაც კი ვერ ვგრძნობდი,- თქვა ოცნების წევრმა ეკა ჭიჭინაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რითიც პარლამენტის კულტურის კომიტეტიდან გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.
    “ალბათ, იმაზე გადამეკიდნენ, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს აკრედიტაცია შევუჩერე, რომელმაც ჩემი ტელეფონი გადაიღო. ძალიან შეწუხებული ჰყავდა მთელი პარლამენტი, მარტო მე კი არა და – ყველას გაუხარდა, ერთი თვე მაინც დავისვენებთო. მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი. თვითონ კი მომმართავენ ეკათი, შენობით, ძალიან ფამილარულად, მაგრამ უზრდელები არიან, ნუ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გავერთე, გამოდის, რომ მაგათ რაღაცით ვაღიზიანებ და – ძალიანაც კარგი… უბრალოდ, მეცოდებიან ახალგაზრდა გოგონები არიან და ახალგაზრდა ადამიანები რომ ჩემი ცხოვრებით ცხოვრობენ. იყონ ასე, თავად თუ მოსწონთ ჩემი ცხოვრებით იცხოვრონ, პრობლემა არ არის… რამდენიც უნდათ წერონ და იკითხონ თვითონ”, – თქვა ეკა ჭიჭინაძემ.

  • 8%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა ჩამოვრჩებით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც – კობახიძე

    8%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც. სიღარიბის მონაცემები ადასტურებს, რომ მოქალაქეები ჯერ კიდევ ცხოვრობენ სიღარიბეში. ასეთ პირობებში არ გვაქვს უფლება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი. მით უმეტეს, ესაა უნაკლო პროექტი. 350 000 ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ისინი ხედავენ, რომ ბევრი რამეა გასაკეთებელი, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას. გასაგებია, რას ემსახურება მათი სპეკულაციები.

    განაცხადა “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

  • მისი ნდობა არ შეიძლება!უიტკოფი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს – კონგრესმენი ბეიკონი

    მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის თავდასხმასა და ვისთვისაც სასურველია, უკრაინა, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა, გამარჯვებული იხილონ, აშკარაა, რომ უიტკოფი სრულად რუსების მხარესაა. არ შეიძლება მისი ნდობა ამ მოლაპარაკებების წარმართვაში. დაქირავებული რუსი აგენტი მასზე ნაკლებს იზამდა? ის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.

    ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, დონ ბეიკონი Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ.