Category: სლაიდერი

  • უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, ანდრეი ერმაკის სახლს ჩხრეკს

    უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკას ატარებს.

    როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ადგილზე დაახლოებით ათი ოფიცერი იმყოფება.

    რამდენიმწ წუთის წინ, ერმაკმა დაადასტურა, რომ ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) და ანტიკორუფციული პროკურატურა (САП-ი) ნამდვილად ატარებს ჩხრეკას მის სახლში, რათა შეამოწმონ მისი შესაძლო კავშირები კორუფციონერ ტიმურ მინდიჩის დანაშაულებრივ სქემასთან.

    ”დღეს ჩემს სახლში [უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო] НАБУ და [პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახური] САП საპროცესო მოქმედებებს მართლაც ატარებენ.გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ აქვთ. მათ ბინაზე სრული წვდომა მიეცათ და ადგილზე ჩემი ადვოკატები იმყოფებიან, რომლებიც სამართალდამცავებთან თანამშრომლობენ. ჩემი მხრიდან, [გამოძიებასთან] სრულიად ვთანამშრომლობ.”- წერს ანდრეი ერმაკი.

     

  • რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს?! – კალაძე

    რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს?! – კალაძე

    „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი „ნაცი“ რაღაცას თუ გააპროტესტებს. ცუდი რა არის იმაში, როდესაც სპორტსმენი გამოხატავს მადლიერებას სახელმწიფოს მიმართ. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ სპორტის მიმართულებით ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის შედეგები რაც მივიღეთ კალათბურთში, ფეხბურთში, ძიუდოში ან სპორტის სხვა სახეობებში, ეს შემთხვევით მოვიდა? ეს ყველაფერი არის ზუსტად იმის შედეგი, რომ სპორტსმენებმა იშრომეს თავდაუზოგავად, მათთვის შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პირობები. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისთვის. მაგალითად, ფეხბურთელი რომელიც საზღვარგარეთ რომელიმე კლუბში თამაშობს და თავის ნაკრებში სათამაშოდ ჩამოდის, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე – როგორ აჩვენოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები. გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი „ნაცი“ რაღაცას თუ გააპროტესტებს. საბედნიეროდ, მსგავსი ადამიანები არიან უმცირესობაში. ხოლო ქვეყნის უმრავლესობა რეალურად ხედავს, რა ხდება, რა პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ლიბერალური ფაშიზმი მსოფლიოში მარცხდება და რა თქმა უნდა, დამარცხებულია საქართველოშიც“

    ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

  • თუ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს, საომარ მოქმედებებს შევწყვეტთ – პუტინი

    “უკრაინასა და აშშ-ს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს 28 პუნქტი დაეყოთ ოთხ კომპონენტად, ეს ყოველივე გადმოგვეცა ჩვენ. საბოლოო ჯამში ვთანხმდებით, რომ ეს შესაძლოა, იყოს მომავალი შეთანხმებების საფუძველი.[…]თუ უკრაინელი სამხედროები დატოვებენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა ოკუპირებული აქვთ, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ საომარ მოქმედებებს, თუ ისინი არ გავლენ, მაშინ ამას ისედაც მივაღწევთ სამხედრო შესაძლებლობებით”.

    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

  • თუ აქცია სადმე უნდა ტარდებოდეს – EU-ს საელჩოსთან – გია ვოლსკი

    თუ აქცია სადმე უნდა ტარდებოდეს – EU-ს საელჩოსთან – გია ვოლსკი

    ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც კობახიძემ უარი განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესზე“ – სრული აბსურდია. ფაქტია, მას შემდეგ სრულწლოვანებაში შევიდა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ძალიან ადვილად მოატყუეს. მათ აჩვენეს კობახიძის განცხადება. იდეაში, ლაპარაკი იმაზე იყო, რომ ჩვენ აღარ მოგმართავთ მოლაპარაკების პროცესის დაწყებაზე, ვინაიდან თქვენგან იგივე შანტაჟს ველით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების დროს მოხდაო. მცდელობა რეალური იყო. არ გაძლევთ კანდიდატის სტატუსსო, ჩამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდეს. აქედან გამომდინარე, თუ კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ არ მოგმართავთო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ. პირიქით, თქვა, რომ 2028 წლისთვის ჩვენ მზად ვიქნებით, თუმცა ხვალვე შეგვიძლია რამდენიმე თემაზე მოლაპარაკების პროცესი გავხსნათ. ეს არის რეალობა.

    მეორე მწარე რეალობაა, რომ იქამდე, სწორედ იმიტომ რომ ომში არ ჩავერთეთ, რუსეთს ეკონომიკური სანქციები არ დავუწესეთ, ჩვენი ეკონომიკა არ დავანგრიეთ, გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, ლგბტ პროპაგანდა ავკრძალეთ, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე კობახიძე გააკეთებდა განცხადებას, განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა. ასე რომ, ერთი წელი გავიდა ივნისში უკვე ამ პროცესის ასე დაზიანებიდან. კობახიძეს ბრიფინგზე არცერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ ჩვენ რაიმე შევაჩერეთ. თუკი ვინმე მიტინგს უნდა აწყობდეს, თუკი სადმე მიტინგი უნდა ეწყობოდეს, ეს უნდა ეწყობოდეს ევროკავშირის საელჩოსთან, რომ მოითხოვონ, რატომ გააჩერეთ.

    ჩვენ სხვა თემებზე ვიდავოთ, სხვა თემებზე დავუპირისპირდეთ ერთმანეთს, მაგრამ ნუ დავხოცავთ ერთმანეთს იმისთვის, რომ მთავრობა არ შედის ომში, ეკონომიკურ თუ სამხედრო დაპირისპირებაში. ამის გულისთვის ჩვენ ნუ დავუპირისპირდებით ერთმანეთს. საზოგადოება გახლიჩეს. ეს არის საშინელება. ეს არის დივერსია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ახალგაზრდები ახალგაზრდებს დააპირისპირეს.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ინტერპრესნიუსის ცნობით.

  • 16 წლის შემდეგ გერმანიიდან ჩამოვედი, რადგან ჩემს ქვეყანას უჭირს – არავისი მეშინია, არც პასუხისმგებლობას გავურბივარ – ნანა სანდერი

    “16 წლის შემდეგ გერმანიიდან ჩამოვედი, რადგან ჩემს ქვეყანას უჭირს – არავისი მეშინია, არც პასუხისმგებლობას გავურბივარ” – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა სასამართლოში განაცხადა.

    “მიმალვა, დამალვა არ არის ჩემი სტილი. 20 წლიდან ვცხოვრობ გერმანიაში და გერმანიიდან ვიბრძვი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ვინარჩუნებ საქართველოს მოქალაქეობას იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. რადგანაც ვარ ოპოზიციურად განწყობილი, „ტროლებიდა“ გერმანიაში მქონდა მუქარები, რომ “შენ დაგიჭერენ” და ა.შ. ასე რომც ყოფილი, ანუ ჩემი დაჭერა რეალური, მაინც ჩამოვიდოდი, რადგან მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე ჩემი ქვეყნიდან დასამალი არაფერი მჭირს. 16 წლის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და პირველად, ოჯახის წევრებს შევხვდი ციხეში. მე გერმანიის მოქალაქეობა არ ამიღია, არ წავალ გერმანიაში. ჩამოვედი იმიტომ რომ ვთქვი – ახლა უჭირს ჩემ ქვეყანას-მეთქი. მე არ ჩამოვსულვარ საცხოვრებლად, მე ჩამოვედი იმიტომ, რომ უჭირს ჩემ ქვეყანას და ამიტომ დავბრუნდი 16 წლის მერე. ვიცოდი, რა საფრთხეებიც არსებობს ამ ქვეყანაში, მაგრამ მე, ნანა სანდერს არავისი მეშინია არც გდდ-ების, არც “ტიტუშკების”, არც პასუხისმგებლობას გავურბივარ და არც მიმალვას ვაპირებ”, – განაცხადა ნანა სანდერმა.

  • ComCom-მა ფორმულა და TV პირველი დააჯარიმა

    ComCom-მა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის ტელეკომპანია “ფორმულა” –  7 500 ლარით, TV პირველი კი 2 500 ლარით დააჯარიმა.

    “ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 5 და 19 ოქტომბერს, ტვ პირველის გადაცემაში ოჯახის ექიმი, ხოლო 11, 12, 18 და 19 ოქტომბერს ფორმულას გადაცემაში ყოველდღე გამოვლინდა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევები, მათ შორის, პროდუქტებს მიენიჭათ გადაჭარბებული მნიშვნელობა და პროდუქტის განთავსებამ გადაცემის შინაარსზე გავლენა მოახდინა. ამასთან, გაჟღერდა ინფორმაცია პროდუქტის ხელმისაწვდომობის შესახებ. დამატებით, ფორმულას პროგრამაში გაკეთდა პროდუქტის შეძენისკენ მოწოდებები.

    გარდა ამისა, ტვ პირველის შემთხვევაში, დარღვეულია სპონსორზე მითითების წესებიც, რადგან სპონსორზე მითითება შეიცავდა, მათ შორის, სარეკლამო შეტყობინებას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

    სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც, თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.

    გამომდინარე იქიდან, რომ ტვ პირველს ანალოგიური დარღვევისთვის მიმდინარე წელს წერილობითი გაფრთხილება მიღებული ჰქონდა, ComCom-მა მაუწყებელი 2500 ლარით დააჯარიმა. ფორმულას კი წერილობით გაფრთხილებასთან ერთად, ანალოგიური დარღვევისთვის 2 500 ლარიანი ჯარიმა უკვე მიღებული ჰქონდა, შესაბამისად, კანონდარღვევისთვის ComCom-მა მაუწყებელი 7 500 ლარით დააჯარიმა”. – წერია განცხადებაში.

  • EU-ს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი კანონი დეკემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება – იოზვიაკი

    ხელმოწერის ცერემონია დასრულებულია. ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი კანონი დეკემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება.

    წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკის X-ზე.

  • არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა“ – ვიკა ფილფანი 28 ნოემბრის აქციაზე

    „ზუსტად 1 წლის წინ, ეს აქციები დაიწყო გულწრფელი ხალხის გულწრფელი გაბრაზებით, რომელიც სამწუხაროდ, გადაიზარდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალიან დამაზიანებელ ქმედებაში და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით. ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა,“

    ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

  • სექტემბერში ”ქართულ ოცნებას” 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შეწირა – საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველო

    საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციას აქვეყნებს.გავრცელებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის – თითქმის სრული დაუსჯელობით. 2025 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შეწირა. შემომწირველებთან დაკავშირებულ 35 კომპანიას ბოლო 10 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.

    • ახალციხის საკრებულოს წევრების სავარაუდო კორუფცია

    2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24,811,129 ლარი მიიღეს.

    • ბათუმის ცენტრში 5 სართული უკანონოდ ააშენეს – მერია დუმს

    ბათუმში, ქალაქის ცენტრში, ბათუმის მერიიდან ზუსტად ერთ კვარტალში, სამშენებლო კომპანია შპს „ელ ქსელმა“ 8 სართულიან შენობაზე უკანონოდ დააშენა კიდევ 5 სართული. მშენებლობის ნებართვა 8 სართულზეა გაცემული. თუმცა, კორპუსი უკვე 13 სართულიანია. არცერთი პასუხისმგებელი უწყება – არც ბათუმის მერია და არც ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია არ პასუხობს კითხვას, როგორ მოახერხა კომპანიამ ქალაქის ცენტრში 5 სართულის უკანონოდ აშენება.

    • ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის სავარაუდო კორუფცია

    ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ 2021 წლის დეკმებრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით გახარჯა 48,007 ლარის 17,037 ლიტრი (17 ტონა) საწვავი. საწვავის ეს ოდენობა ავტომობილს საშუალოდ ეყოფა 212,500 კილომეტრის გასავლელად, რაც დედამიწისათვის ხუთჯერ შემოვლის ტოლფასია.

    2023 წლის მაისში „ფლანგვის დეტექსტორის“ მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, ალექსანდრე ტყებუჩავას სიმამრმა ზურაბ მესხმა, სიძის ჯერ „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად, ხოლო შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,568,800 ლარის შესყიდვები მიიღო.

    • პოლიტიკური კორუფცია: „ქართული ოცნების“ 2025 წლის ივლისი-აგვისტოს შემოწირულებები

    2025 წლის ივლის-აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ 3.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წლიდან 274 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს, 2016 წლიდან კი – 1 მლრდ ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები.

    • კულტურის მინისტრის სავარაუდო კორუფცია

    ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანია „თიხარტმა“, რომელშიც თინათინ რუხაძე მინისტრად დანიშვნამდე დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ კონსულტანტად იყო დასაქმებული, მხოლოდ 2025 წლის სექტემბერში 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები პირდაპირი შესყიდვის პროცედურით მიიღო კონცერტებისა მოსაწყობად.

    • „ქართული ოცნების“ დეპუტატის უკანონო მშენებლობა ბათუმში

    ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჭყონია ბათუმში მერიის შენობის პირდაპირ არსებული შენობის თავზე ორ სართულს 2023 წლიდან უკანონოდ აშენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობა უკანონოდ ცნო და დეპუტატის კომპანია შპს „სახლი ძველ ბათუმში“ დააჯარიმა, გიორგი ჭყონიამ მშენებლობა გააგრძელა და ინსპექციის გადაწყვეტილება სასამართლოს გზით შეაჩერა.

    • აჭარაში უკონკურენტო აუქციონებში გამარჯვებულებმა მილიონ ლარზე მეტი შეწირეს „ქართულ ოცნებას“

    2022-2024 წლებში აჭარის ქონების პრივატიზაციის მიზნით 40 აუქციონი გაიმართა, რომელთაგან 28 აუქციონი უკონკურენტოდ შედგა და მათში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები და დირექტორები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები არიან –სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,050,000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. შემწირველებმა უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონებზე 15,023,700 ლარის ღირებულების ქონება შეიძინეს.

    • საჩუქრების გამოყენებით უკანონო შემოსავლის დამალვის სავარაუდო სქემა

    2024-2025 წლებში თანამდებობის პირებმა ოჯახის წევრებისგან 34 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები დაადეკლარირეს. იმის გამო, რომ კანონი თანამდებობის პირებს არანაირ შეზღუდვას ან კონტროლს არ უწესებს ოჯახის წევრებისგან მიღებულ საჩუქრებზე, არაკეთილსინდისიერი თანამდებობის პირისთვის მარტივია უკანონო შემოსავალი გაასაღოს ოჯახის წევრისგან მიღებულ საჩუქრად. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ანალიზმა ბოლო 2 წელში ასეთი სავარაუდო შემთხვევები მრავლად გამოავლინა.

    • ვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილის სავარაუდო კორუფცია

    ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელს თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვს – ის პირდაპირ და მრავალგზის არღვევს საჯარო მოხელისთვის დაწესებულ შეზღუდვებს სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნიკოლოზ კვეზერელს კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დაუთმია წილის მართვის უფლება 12 კომპანიაში.

    • „ქართული ოცნების“ შემომწირველების კომპანიამ ₾96 მილიონზე მეტის ტენდერები მოიგო და სამუშაოები არ შეასრულა

    გამოძიების თანახმად, შპს „გზებმა“, რომლის მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 110,000 ლარი შესწირეს, 96 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერები მოიგო. კომპანიამ მსხვილი ტენდერების სამუშაოები 1-2 წლის დაგვიანებით ან საერთოდ არ შეასრულა, რაც კორუფციის კუთხით კითხვებს ბადებს.

    • სომხურ სატვირთო მანქანებს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ნებართვისთვის 1500 დოლარს სთხოვენ

    სომხეთში თხევადი ნავთობის აირის (LPG) ფასები 50%-მდე გაიზარდა, რადგან სომხურ სატვირთო მანქანებს, რომლებიც თხევადი აირის გადაზიდვას ახორციელებენ, რუსეთიდან საქართველოში შემოსვლაში ხელი ეშლებათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უარყოფენ, რომ სატვირთო მანქანებს ხელი ეშლებათ, სატვირთო მანქანების მძღოლები აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ ქვეყანაში შესვლის ნებართვის მისაღებად 1500 დოლარამდე ქრთამი გადაიხადონ.

    • სანქცირებული სულხან თამაზაშვილის უკანონო მშენებლობა და არადეკლარირებული ქონება

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2,887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი.

    • ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სავარაუდო კორუფცია

    ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან გამრეკელს თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვს – ის თანამდებობის პირისთვის აკრძალულ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. კერძოდ, გამრეკელს კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დაუთმია წილის მართვის უფლება 3 კომპანიაში, რომლებისგანაც, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მან 2024 წელს 3 480 000 ლარი მიიღო. ლევან გამრეკელმა 2022-2024 წლებში, 14 მიწის ნაკვეთი, 5 სახლი და 15 ავტომობილი შეიძინა.

    • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სავარაუდო კორუფცია

    ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა, ძალიან მოკლე დროში მოიპოვა წყნეთში მდიდრული რეზიდენციის მშენებლობის ნებართვა, რამაც კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა. მისმა ძმამ მიწის დიდი ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტისგან საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად შეიძინა და შემდეგ უჩას უსასყიდლოდ აჩუქა. შემდეგ ოჯახმა რამდენიმე ნაკვეთი გააერთიანა, რომელთაგან ზოგიერთს ადრე ზონირების შეცვლაზე უარი ეთქვა, ხოლო მშენებლობის შეზღუდვები სწრაფად მოიხსნა.

    სრული კვლევა იხილეთ ბმულზე.

  • ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით BUS LANE მოეწყობა – კალაძე

    ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით გზაზე გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი.მისი განცხადებით, საავტომობილო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩება. სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, როგორც კალაძე ამბობს, “დაახლოებით ორი კვირის ვადაში” დასრულდება.

    BUS LANE იქნება გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდამდეც.

    “ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. ასევე, უსაფრთხო საფეხმავლო გადაადგილებისთვის მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. მნიშვნელოვანია, რომ სამანქანო ზოლების რაოდენობა დარჩება უცვლელი. გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება”, – თქვა კალაძემ.