Category: სლაიდერი

  • Facebook-მა მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში წაშალა

    Facebook-მა საქართველოში საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 80 ანგარიში წაშალა.

    “სხვა ქმედებებთან ერთად ეს ანგარიშები ცდილობდნენ მომხმარებლების სხვა პლატფორმებზე შეტყუებასრომლებთანაც წარსულში მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციების გავრცელება არის დაკავშირებული. ქსელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს მოიცავდა მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

    Facebook აღნიშნავს, რომ ყალბი ანგარიშების მეშვეობით ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის ხელოვნურად პოპულარიზებას და ოპოზიციის დისკრედიტაციას. კომპანია ასევე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დროს ანგარიშების მიღმა მყოფი პირები პოსტავდნენ ე.წ. მიმებს, ტექსტურ სტატიებსა და კომენტარებს. Facebook-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის მიღმა მყოფი პირები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, გამოძიებამ აღმოაჩინა კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან.

    Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამისთვის დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი დაიხარჯა.

  • რუსეთში დრონების გამოჩენა ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების პარტიზანულ ქმედებებზე მიუთითებს – პოდოლიაკი

    “რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე – ეს ყველაფერი პროგნოზირებადია… რუსეთი აშკარად ამზადებს ფართომასშტაბიან ტერორისტულ აქტს, ამიტომ ის თავდაპირველად აკავებს სავარაუდო დივერსანტების ჯგუფს ყირიმში, შემდეგ კი “კრემლის თავზე თვითმფრინავების” დემონსტრირებას ახდენს.

    უპირველეს ყოვლისა, უკრაინა ექსკლუზიურად თავდაცვით ომს აწარმოებს და ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავს არ ესხმის. რისთვის? ეს არ წყვეტს სამხედრო პრობლემას, მაგრამ ეს აძლევს რუსეთის ფედერაციას საფუძველს, გაამართლოს თავისი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობაზე. […] მეორეც, ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით ინციდენტების მზარდ რაოდენობას, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ნაწილში ხდება. ენერგეტიკულ ობიექტებზე ან კრემლის ტერიტორიაზე დაუდგენელი დრონების გამოჩენა მხოლოდ ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების პარტიზანულ ქმედებებზე შეიძლება მიუთითებდეს.

    როგორც იცით, დრონების შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სამხედრო მაღაზიაში – პუტინის კლანის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების კონტროლის დაკარგვა აშკარაა. მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთს არაერთხელ უსაუბრია საჰაერო სივრცეზე ტოტალურ კონტროლზე. ერთი სიტყვით, რუსეთის ფედერაციაში რაღაც ხდება, თუმცა კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე”

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, რითიც კრემლზე დრონებით თავდასხმას და რუსეთის მიერ ინციდენტში უკრაინის დადანაშაულებას ეხმაურება.

  • რუსეთის მიერ ინსპირირებული უამრავი დეზინფორმაცია საქართველოშიც ვრცელდება – ჯეიმს აპატურაი

    “რუსეთის მიერ ინსპირირებული უამრავი დეზინფორმაცია საქართველოშიც ვრცელდება” –  უსაფრთხოების გამოწვევებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

    ”ვიცი, რომ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. რუსეთის მიერ ინსპირირებული დეზინფორმაციის გავრცელება გაიზარდა უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ. უმნიშვნელოვანესია, რომ აქტიურად დავუპირისპირდეთ ამ დეზინფორმაციას.” – აცხადებს აპატურაი.

  • უკრაინა კრემლზე დრონებით თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

    უკრაინა კრემლზე დრონებით თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა BBC-სთან განაცხადა.

    “ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, მაგრამ, როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინა ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მიმართავს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებზე თავდასხმისთვის”, – განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.

     

  • უკრაინამ კრემლზე დრონებით თავდასხმა სცადა! – რუსეთი

    რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 2 მაისს, უკრაინამ კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიში მიიტანა.

    “დღეს ღამით კიევის რეჟიმმა სცადა უპილოტო თვითმფრინავების დარტყმა პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე. ორი თვითმფრინავი კრემლისკენ იყო მიმართული. […] თავდასხმის შედეგად პრეზიდენტი და სხვა პირები არ დაშავებულან. პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.“, – ნათქვამია განცხადებაში.

    როგორც სამთავრობო მედია  RIA იუწყება,  მოსკოვი “კიევის ქმედებებს” დაგეგმილ ტერორისტულ აქტად და 9 მაისის აღლუმამდე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობად აფასებს.

    “რუსული მხარე იტოვებს უფლებას, თავდასხმა უპასუხოს იქ და მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის” – წერია განცხადებაში.

     

     

  • პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს კვლავ მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეიწყალოს გვარამია – მირიამ ლექსმანი

    პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია, რომელიც ყალბი ბრალდებების გამო, კვლავ პატიმრობაში იმყოფება

    ამ განცხადებას,  ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი Twitter-ზე ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

  • “შეიძლება უფრო აწყობდეთ ლგბტ პროპაგანდისტებს” – მდინარაძის თქმით კანონპროექტის მიღებას არ გეგმავენ

    “შეიძლება უფრო აწყობდეთ ლგბტ პროპაგანდისტებს, რადიკალებს”- აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი   არ აპირებს კანონპროექტის მიღებას, რომელიც “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვას ეხება.

    “ქართულ ოცნებაში, ჩვენთან, არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, არ განიხილება, ამას აქვს თავისი არგუმენტები, მათ შორის მთავარი არის სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება, მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს. და მესამე, მე პირადად, და დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის ბევრ წევრს, მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ ვიღაც შეიძლება მართალი აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს მართალი”, – თქვა მდინარაძემ.

    მდინარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს “ლგბტ პროპაგანდისტები” და “ლგბტ პროპაგანდა”, რაზეც მან თქვა, რომ მცირე კომენტარით ამ თემის ამოწურვა არ შეიძლება.

    “ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ ნაცმოძრაობა, მისი კლასტერი და მისი ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ თემის გამო და მინდა დაგაწყნაროთ, ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება. გავიმეორებ, სამართლებრივი მოსაზრებების გამო, იმის გამო, რომ თქვენ რადიკალური ლგბტ პროპაგანდისტები, რადიკალური ძალები ამით პირიქით, შეიძლება ისარგებლებთ და მესამე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა”,

    ცნობისთვის, გასულ წელს, ძალადობრივმა “ალტ-ინფომ” დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აკრძალული უნდა იყოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას.

    “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ დღეს თქვა, რომ ამ თემაზე კანონპროექტის მომზადებას  გეგმავს.

  • დაგვიჭერენ ყველას ვინც გავაპროტესტებთ ნებისმიერ რამეს რაც ამ ქვეყანას აბრუნებს რუსეთში – ჯაფარიძე ალტ-ინფოს კანონზე

    “რუსული კანონის უკან წაღების შემდეგ ვამბობ რომ ესენი კიდევ გააკეთებენ რამეს, რაც შეუძლებელს გახდის ევროკავშირისთვის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას
    ივანიშვილის მიზანია ერთი მხრივ პროევროპულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილის დაშტერება რომ თითქოს ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად, ხოლო მეორე მხრივ ამ პროცესისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა, რათა თავის სამართლებელი ჰქონდეს კრემლთან სტატუსზე გეოპოლიტიკური მიზეზებით დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში – ყველანაირად შევეცადე ჩაგდება, მაგრამ რა ვქნა, მაინც მოგვცეს.
    ის რაც ახლა ხდება ალტ-ინფოს ახალი კანონით (თუნდაც ინჯიას დაარეგისტრირებინონ ხელახლა), არის სწორედ ეს – სტატუსის მიღებისთვის და ზოგადად ევროპული არჩევნისთვის კიდევ ერთხელ ძირის გამოთხრა. მორიგი საბოტაჟი.
    ეს კანონი არის მიმართული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და საფუძველს შექმნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი აქტივისტების (გინდა პარტიული, გინდა უპარტიო) რეპრესიებისთვის.
    დაგვიჭერენ ყველას ვინც გავაპროტესტებთ ნებისმიერ რამეს რაც ამ ქვეყანას აბრუნებს რუსეთში.
    ეს არის დიდი ნაბიჯი რუსეთიზაციისკენ. იგივე მიზნის უფრო სწრაფად მიღწევა, რასაც ვერ მიაღწიეს წინა რუსული კანონით.
    ანუ, უარესია ვიდრე მათი წინა მცდელობა.
    ესენი არიან რუსები.
    იქცევიან როგორც რუსები.
    გვექცევიან როგორც რუსები.
    ამათმა უნდა გააჯვან.”

    წერს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ალტ-ინფოს კანონპროექტებთან დაკავშირებით. 

  • პატიმარი მედია მენეჯერი პირველად გვყავს, მედიის მდგომარეობა გაუარესდა – მედიაკოალიცია

    მედიის ადვოკატირების კოალიცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ბოლო წლებში  საქართველოში მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა – 2023 წელს კი საქართველოს პატიმარი მედია მენეჯერი პირველად ჰყავს.

    “3 მაისს თავისუფალი სამყარო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. კოალიცია ულოცავს ამ დღეს ყველა ჟურნალისტს და მედიაში დასაქმებულ ადამიანს, რომელიც, ხშირად, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად ეწევა პროფესიულ საქმიანობას.

    უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები, უკანონო თვალთვალი, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები არის მხოლოდ ნაწილი იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დგას კრიტიკული მედია.

    წელს, პირველად, საქართველოს ყავს პატიმარი მედია მენეჯერი, რომლის საქმეც გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებულია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და ტელეკომპანია მთავარის დირექტორი ნიკა გვარამია შეყვანილია პროფესიული საქმიანობისთვის დაპატიმრებული ჟურნალისტების სიაში.

    მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას გააცნობიეროს თავისი ვალდებულება და უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • პატივს ვცემთ პრესის წევრებს, ვინც ზეწოლის მიუხედავად მუშაობენ საზოგადოებისთვის – აშშ-ის საელჩო

    “პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ ჟურნალისტების აუცილებელ როლს დემოკრატიაში. ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირების და ინსტიტუციებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგანან. თავისუფალი და ძლიერი პრესა აუცილებელია “ხალხის მიერ ხალხისათვის მმართველობის“ უზრუნველსაყოფად.

    შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა. მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე”

    აშშ-ის საელჩო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.