Category: სლაიდერი

  • ზუგდიდის სასამართლომ 13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

    ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.

    დაცვის მხარე 100 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

    პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

    43 წლის კაცი 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია. საქმეზე გამოძიება 137 მუხლის მე-4-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

  • თბილისსა და მოსკოვს შორის ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა

    მოსკოვი–თბილისს შორის  პირდაპირი რეისების რაოდენობა გაიზარდა. 5 ივლისიდან ამ მიმართულებით კვირაში 24 რეისი შესრულდება.

    რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა“ ფრენების რაოდენობა გააორმაგა – ამიერიდან ავიაკომპანია კვირაში 7 რეისის ნაცვლად 14-ს განახორციელებს.

    ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ კი, რომელიც მაისიდან ყოველდღიურ ფრენებს ასრულებს რუსეთში კვირაში სამი რეისი დაამატა – ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.

    1 ივლიის ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“  უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით სანქციები. დასანქცირდა მისი ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილიც.

    Georgian Airways-ს ჩამოერთვა ფინანსური და იურიდიული პირების აქტივებით სარგებლობისა და განკარგვის უფლება, სავაჭრო ოპერაციების განხორციელება; რესურსების ტრანზიტი – ფრენა, ტვირთის გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიის გავლით. აიკრძალა უკრაინის საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამოყენება; კაპიტალის გატანა უკრაინიდან; შეჩერდა ეკონომიკური და ფიზიკური ვალდებულებების შესრულება.

    აკრძალვა შეეხება პრივატიზაციას, საქონლისა და სერვისების საჯარო შესყიდვებსაც, სახელმწიფო ქონების იჯარით აღებას, ფასიანი ქაღალდების მოხმარებას; მოქმედება შეაჩერა ყველა შესაძლო სავაჭრო ხელშეკრულებამ, ერთობლივმა პროქტმა, სამრეწველო პროგრამამ – უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. აიკრძალა წვდომა ტექნოლოგიებსა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

    უკრაინა გააგრძელებს მუშაობას, რომ ამ სანქციებს საერთაშორისო პარტნიორებიც შეუერთდნენ.

  • “დავასახელებთ ცნობილ გვარებს“–მაიკლ მაკფოლი ქართული ორგანიზაციებზე და პერსონებზე, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება

    რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში  აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ სანქციების ჯგუფი განიხილავს ქართული ორგანიზაციების და ინდივიდების საკითხს და არ არის გამორიცხული, ისინი დასანქცირდნენ. კითხვაზე :ფიგურირებს თუ არა ქართული გვარები იმ სიებში, რომელზეც ახლა მუშაობთ? მაკფოლი პასუხობს:

    “რაც ამ ეტაპზე შემიძლია გაგიმხილოთ, არის შემდეგი: ჩვენს ჯგუფს ნამდვილად აქვს განხილული კონკრეტული ინდივიდუალური პირები და ორგანიზაციები საქართველოდან, რომელთა სანქცირებაზე ვფიქრობთ. ასე რომ, დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას – ახალ დოკუმენტებს ზაფხულის განმავლობაში გამოვაქვეყნებთ. გვაქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთს სანქციებზე გვერდის ავლასა ან, ასე ვთქვათ, „გზის მოჭრაში”, და ჩვენ გვსურს ამას ნათელი მოვფინოთ. იმაზე, რომ საქართველო ნამდვილად არის ჩართული ამაში, ისიც მიუთითებს, რომ დავასახელებთ ცნობილ გვარებს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, და ამიტომაც ვფრთხილობ.“

  • მწერალთა სახლი “სულაკაურის გამომცემლობას სოლიდარობას უცხადებს

    მწერალთა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს „სულაკაურის გამომცემლობას“ და დაუშვებლად მიიჩნევს მათ წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.

    “მწერალთა სახლი დაუშვებლად მიიჩნევს „სულაკაურის“ გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.

    ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია; ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული.

    მწერალთა სახლი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ პირველ გამომცემლობას და პროფესიონალთა გუნდს, რომელთა დამსახურებითაც უკვე 24 წელია, საქართველოს მოქალაქეები ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, საბავშვო და საყმაწვილო პროზასა და პოეზიას, საგანმანათლებლო და შემეცნებით ლიტერატურას ეცნობიან.

    მწერალთა სახლის ისტორია ქართული მწერლობის ცენზურის ისტორიაცაა, რომლის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს უფლებას ყველას შევახსენოთ, რომ „წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულიც არსებობს. ერთ-ერთი – მათი წაუკითხაობაა.“–ნათქვამია განცხადებაში.

  • ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები 1991 წლის საზღვრებს მიაღწევენ

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ირიბად დაადასტურა ის, რაც გუშინ The Washington Post-ში დაიწერა:

    Washington Post: CIA-ს დირექტორი ფარულად გაემგზავრა უკრაინაში, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გეგმა განეხილა

    კიევში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ 1991 წლის საზღვრებს.

    „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: უკრაინა მზად იქნება დიპლომატიის ამა თუ იმ ფორმატისთვის, როდესაც ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ჩვენს საზღვრებზე. ჩვენს რეალურ საზღვრებზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ციტირებს RBC-Ukraine ზელენსკის.

    The Washington Post, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ რუსეთთან ზავის შესახებ მოლაპარაკების იდეა ცოტა ხნის წინ კიევში CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს წარუდგინეს.

    ის , რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები რეალურად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება ექნება, შაბათს კიდევ ერთხელ თქვა ზელენსკიმ.

    ერთი დღით ადრე, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უფრო ნელია, ვიდრე  მოსალოდნელი იყო, მაგრამ პროგრესი სტაბილურად იზრდება.

  • ხარაგაულს მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. მოძრაობის აღდგენის დრო უცნობია

    „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით მოლითი-მარელისის გადასარბენთან სოფელ ბაბის მიმდებარედ მეწყერის გამო სარკინიგზო მოძრაობა შეფერხებულია და აღდგენის დრო უცნობია.

    კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რომლებიც სტიქიის გამო გადადებული რეისების საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებენ.

    „მოლითი-მარელისის გადასარბენთან, სოფელ ბაბის მიმდებარედ, უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე.

    შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები: თბილისი-ბათუმი(#804); თბილისი-ფოთი (#874); ბათუმი-თბილისი (#801); ბათუმი-თბილისი (#807); ზუგდიდი-თბილისი (#869); ბათუმი-ერევანი (#201);

    კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება.

    კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს.

    კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • ზელენსკის განკარგულებით Georgian Airways და პერსონალურად თამაზ გაიაშვილი დასანქცირდნენ

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა.

    მედიის ინფორმაციით, კომპანიასთან ერთად  პერსონალური სანქციები დაუწესდა ავიაკომპანიის დამფუძნებელს – თამაზ გაიაშვილსაც.

    შეზღუდვები  აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიის გავლით ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და საფინანსო ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიების და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს.

    რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 15 მაისს აღდგა. 20 მაისს, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. მას შემდეგ ქართული ავიაკომპანია რუსეთში ყოველდღიურ ფრენებს ახორციელებს.

  • Washington Post: CIA-ს დირექტორი ფარულად გაემგზავრა უკრაინაში, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გეგმა განეხილა

    ივნისში აშშ–ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის უილიამ ბერნსის უკრაინაში საიდუმლო ვიზიტისას, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს ამბიციური გეგმა – წლის ბოლომდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, იტყობინება Washington Post წყაროებზე დაყრდნობით.

    ბერნსის მანამდე გაუხმაურებელი  ვიზიტი მოიცავდა შეხვედრებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებთან. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც უკრაინულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, მაგრამ ჯერ არ ჰქონდათ გამოყენებული დასავლეთის მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი შემტევი ბრიგადების უმეტესობა– წერს გამოცემა

    WP-ის წყაროს ერთ–ერთი  ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის მიზანი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის „მზადყოფნის დადასტურება“ განაგრძოს სადაზვერვო ინფორმაციის  მიწოდება, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში.

    საჯაროდ, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს იმედგაცრუება კონტრშეტევის კრიტიკის გამო. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯარისკაცები სისხლით იხდიან უკრაინის მიწის ყოველი მეტრის დეოკუპაციის ფასს, ამიტომ მას აღიზიანებს კომენტარები, რომ კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელია.

    ამავდროულად, გამოცემის მიხედვით, პირად საუბრებში კიევის სამხედრო ჩინოვნიკები გამოთქვამენ რწმენას, რომ უკრაინა შემოდგომისთვის შეძლებს მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაბრუნებას; რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმის საზღვრამდე საარტილერიო და სარაკეტო სისტემების გადატანას; უკრაინის აღმოსავლეთით წინსვლას; შემდეგ კი მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას.

    „რუსეთი მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ საფრთხეს იგრძნობს“, – განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

    კიევისთვის იდეალურ სცენარში, უკრაინის შეიარაღებული ძალები მოიპოვებენ რუსეთზე ზემოქმედების  ბერკეტებს  ყირიმის საზღვარზე ჯარებისა და ძლიერი იარაღის განლაგებით. ანექსირებული ნახევარკუნძული ამ შემთხვევაში რეალურად მძევლის როლს შეასრულებს. კიევი მზად იქნება უარი თქვას ყირიმში საბრძოლო მოქმედებებზე, მაგრამ სანაცვლოდ მოსთხოვს რუსეთს აღიაროს უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან მიიღებს.

  • იმდენად ხელმოცარულები არიან, პარტიის შექმნა სურთ და ვერ აკეთებენ – ხაბეიშვილი მელიაზე

    ეთერის შემდეგ მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას. თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული აქვთ კონკრეტულ ადამიანებს, რომ იქნებ როგორმე პარტიიდან გავრიცხო. ეს არ არის ჩემი საქმე, ეს მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ხალხის, ქვეყნის მომავალი და კონკრეტული ადამიანები დროს რომ კარგავენ ამ ლაილაიში, ვწუხვარ ამის გამო.

    […] ადეიშვილის მოადგილე იყო თავად კონკრეტული ადამიანი, მე თვალით არ მყავს ნანახი. ხაბეიშვილზე თქვა, რომ ადეიშვილი დგას მის უკანო და ამას ამბობდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ადეიშვილმა სამ თანამდებობაზე რომ დანიშნა, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ჩემთვის უცნაურია. საზოგადოება ამ ტყუილს არ მიიღებს, ვერ მიიღებს და ვწუხვარ ამის გამო. არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ.

    ასე გამოეხმაურა ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას, რომელმაც თქვა, რომ კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი სრულად ფლობენ ენმ-ის მართვის ბერკეტებს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა – როგორც ზელენსკი საკუთარ Telegram არხზე წერს ვიზიტის ფარგლებში ის, რომის პაპ ფრანცისკესაც შეხვდება.

    “რომი. შეხვედრები იქნება იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან, პრემიერმინისტრ ჯორჯ მელონთან და რომის პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტია უკრაინის გამარჯვებისთვის”, – წერს ზელენსკი

    ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი, იტალიის პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შეხვდება.