Category: სლაიდერი

  • სერიული მკვლელი, რომელსაც ნიუ–იორკის პოლიცია 10 წელი ეძებდა, პიცაზე დატოვებული დნმ–ს დახმარებით დააპატიმრეს

    აშშ-ს ხელისუფლებამ გამოაცხადა მნიშვნელოვანი გარღვევა გაუხსნელი მკვლელობების სერიაში, რომელიც  ნიუ-იორკის მახლობლად ათ წელზე მეტი ხნის წინ მოხდა.

    საუბარია 11 ადამიანის, ძირითადად ახალგაზრდა ქალების მკვლელობაზე, რომელთა ცხედრები 2010-2011 წლებში ლონგ აილენდის სამხრეთ სანაპიროზე, გილგო ბიჩზე იპოვეს.

    მრავალწლიანი გამოძიების შემდეგ, ადგილობრივმა პროკურორებმა პარასკევს განაცხადეს, რომ დააკავეს მთავარი ეჭვმიტანილი, 59 წლის ნიუ-იორკელი არქიტექტორი რექს ჰეუერმანი. პოლიციამ მისი დაკავება მას შემდეგ შეძლო, რაც დნმ-ის კვალი ამოიღეს მისი პიცის ნარჩენებიდან, რომელიც ერთ-ერთ მსხვერპლზე აღმოჩენილ ნიმუშებს ემთხვევა.

    ჰეიერმანს ერთდროულად  ბრალი წაუყენეს პირველი და მეორე ხარისხის მკვლელობაში სამი ქალის მკვლელობის საქმეებში, რომელთა ცხედრების ნარჩენების აღმოჩენის შემდეგ გამოძიება დაიწყო:  მელისა ბართლემის, მოკლული 2009 წელს, მეგან ვატერმენისა და ამბერ კოსტელოს საქმეებზე რომლებიც  2010 წელს მოკლეს.

    ჰეიერმანი ასევე არის მთავარი ეჭვმიტანილი მეოთხე ქალის, მორინ ბრეინარ-ბარნსის გაუჩინარებასა და სიკვდილში 2007 წელს.

    ეს ოთხი ქალი პრესაში „გილგო ოთხეულის“ სახელით გახდა ცნობილი. მათი ნაშთები შემთხვევით იპოვეს 2010 წლის დეკემბერში, კიდევ ერთი დაკარგული ადამიანის – 23 წლის შენენ გილბერტის ძებნის ოპერაციის დროს, რომელიც  იმავე წლის მაისში გაუჩინარდა.

    პროკურორ რეი ტიერნის თქმით, „ოთხივე მსხვერპლი იპოვეს ერთსა და იმავე მდგომარეობაში, ერთნაირად შეკრული თასმებით ან წებოვანი ლენტით, ხოლო სამი მსხვერპლი გახვეული იყო ტომარის  ტიპის მასალაში“.

    გილგოს სანაპირო

    ამ ოთხი გვამის შემდეგ პოლიციამ გილგოს სანაპიროზე აღმოაჩინა მსგავსი სამარხების მთელი სერია, სულ 11. გამომძიებლები თვლიან, რომ მოკლული ახალგაზრდა ქალების უმეტესობა პროსტიტუციით იყო დაკავებული.

    სერიული მკვლელის მსხვერპლთა შორის მამაკაცი და გოგონაც არიან. ოთხის, მათ შორის გოგონას,მისი  დედისა და მამაკაცის ვინაობა უცნობია.

    “გარყვნილების უკიდურესი ხარისხის დანაშაულები”

    ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰეიერმანი დააკავეს ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს, ბრალდების წარდგენის შემდეგ, სასამართლომ მისი გირაოთი გათავისუფლება უარყო დანაშაულების “უკიდურესი გარყვნილების” გამო.

    ”რექს ჰეუერმანი არის დემონი, რომელიც დადის ჩვენ შორის, მტაცებელი, რომელიც ანადგურებს ოჯახებს”, – თქვა საფოლკის ოლქის პოლიციის კომისარმა როდნი ჰარისონმა პრესკონფერენციაზე.

    სასამართლო პროცესზე ადვოკატის მეშვეობით ბრალდებულმა თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. ამის შემდეგ მას ცრემლები წამოუვიდა.

    ჰეუერმანის ადვოკატმა მაიკლ ბრაუნმა თქვა, რომ მისი კლიენტი უკიდურესად დაჩაგრულია და მის წინააღმდეგ მტკიცებულებებს “უკიდურესად ირიბი” უწოდა.

    ჰეიერმანის საქმეზე შემდეგი მოსმენა 1 აგვისტოს არის ჩანიშნული.

    დნმ პიცის ქერქზე

    სერიული მკვლელი არქიტექტორი

    ჰეიერმანი – არქიტექტორი, რომელიც მანჰეტენზე 1987 წლიდან მუშაობდა – ეჭვმიტანილიად იდენტიფიცირებულ იქნა 2022 წლის დასაწყისში. მას შემდეგ გამომძიებლები აკვირდებოდნენ მას და მის ოჯახს, აგროვებდნენ დნმ-ის ნიმუშებს მათი ნაგვიდან.

    ბოლო მტკიცებულება, რომელიც საჭირო იყო ბრალდების წასაყენებლად, სწორედ ნაგავი აღმოჩნდა – პიცის ნარჩენები, რომელიც მან მანჰეტენში 2023 წლის იანვარში ჩააგდო ურნაში, თქვა პროკურორმა.

    მისი თქმით, პიცის ქერქზე აღმოჩენილი დნმ-ის სრულფასოვანი ნიმუში იდენტური იყო იმ გენეტიკური მასალისა, რომელიც ნაპოვნია ტომარაზე, რომელშიც ერთ-ერთი მსხვერპლი იყო გახვეული. ეს იყო გარღვევა გამოძიებაში.

    2022 წლის თებერვალში ჰარისონმა შექმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გილგო ბიჩის მკვლელობების გამოსაძიებლად. ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების გარდა, მასში შედიოდნენ ნიუ-იორკის შტატის პოლიცია და FBI.

    ჰეუერმანის წინააღმდეგ საქმეში გამოყენებული იყო ჩანაწერები სატელეფონო ანძებიდან, ასევე საკრედიტო ბარათებისა და მობილური ტელეფონის გადასახადები, რომლებმაც გამომძიებლებს აჩვენეს, რომ ის დანაშაულის ჩადენის დროს  დანაშაულის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდა.

    სამართალდამცავები დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდებულს ჰქონდა სპეციალური „ერთჯერადი“ მობილური ტელეფონები, რომლებითაც მოკლულ ქალებს ურეკავდა, შემდეგ კი ეს ტელეფონები მოიშორა.

    გარდა ამისა, ისინი თვლიან, რომ ჰეუერმანმა გამოიყენა თავისი მსხვერპლების, ბრეინარ-ბარნსისა და ბართლემის პირადი ტელეფონები მათი ხმოვანი ფოსტის შესამოწმებლად, ასევე რამდენიმე დამცინავი ზარი გააკეთა ქალების ნათესავებთან მათი გაუჩინარების შემდეგ.

    კიდევ ერთი ხელჩასაჭიდი საქმეში იყო მწვანე პიკაპი, რომელიც მოწმემ დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა. მოგვიანებით ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ჰეუერმანმა მართავდა მწვანე პიკაპს, რომელიც დარეგისტრირდა მის ძმაზე და დაემთხვა თვითმხილველთა აღწერილობას, იტყობინება CNN.

    გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ გასული წლის განმავლობაში, ჰეუერმანმა 200-ზე მეტჯერ შეიყვანა საძიებო სისტემაში კიდევ ერთი „ერთჯერადი“ ტელეფონიდან კონკრეტიზირებული მოთხოვნები  სერიულ მკვლელებთან და ლონგ აილენდის მკვლელობის გამოძიებებთან დაკავშირებით.

    ტიერნის თქმით, ჰეიერმანის კომპიუტერში ნაპოვნი იქნა „წამების პორნო“ და „ქალებზე ძალადობისა და მათი მკვლელობის სურათები“ .

    სხვა ნაპოვნ ცხედრებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

    “სამსახურში  კოსტიუმით და ჰალსტუხით დადიოდა”

    შენენ გილბერტის ნეშტი, რომლის გაუჩინარებით დაიწყო საზარელი აღმოჩენები გილგოს სანაპიროზე,  2011 წელს იპოვეს, მაგრამ ოფიციალურმა გაკვეთამ შედეგი არ გამოიღო. მისი ოჯახი თვლის, რომ ის შეიძლება მოკლული ყოფილიყო, და ეს თეორია, დამოუკიდებელი გაკვეთითაც დადასტურდა, რომელიც მათ შეუკვეთეს.

    ამ მოვლენებს მიეძღვნა Netflix-ის სატელევიზიო ფილმი Lost Girls, რომლის მთავარი გმირი იყო გილბერტის დედა, რომელიც აიძულებდა პოლიციას საქმის საწყის ეტაპზე უფრო აქტიურად ეძია მისი ქალიშვილი. ფილმში აღნიშნული იყო, რომ პოლიციაში და საზოგადოებაში ბევრი გოგონების სიკვდილში ისევ გოგოებს ადანაშაულებდა იმის გამო, რომ ისინი პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულნი.

    ჰეიერმანი  არის RH Consultants and Associates-ის მფლობელი, მანჰეტენზე დაფუძნებული არქიტექტურული ფირმისა, რომელიც საკუთარ თავს  ნიუ-იორკის წამყვან არქიტექტურულ ფირმას უწოდებს.

    სააგენტო AP-ის ცნობით, მას ჰყავს ქალიშვილი და გერი ბიჭი.

    ეჭვმიტანილის მეზობელი ამბობს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, არქიტექტორი ყოველ დილით სამსახურში მიდიოდა კოსტიუმითა და ჰალსტუხით, პორტფელით ხელში.

    ტიერნის თქმით, ჰეუერმანს ჰქონდა ლიცენზია 92 იარაღზე და “ძალიან დიდი სეიფი”, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.

  • “ერთ დღეში დავადებინებ გარიგებას“–ტრამპი ზელენსკიზე და პუტინზე

    აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, პუტინსა და ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების დადებას აიძულებს.

    “მე დავუკავშირდები პუტინს ზელენსკისთან შეთანხმების დასამყარებლად. ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ზელენსკის ვეტყოდი: “საკმარისია, გარიგება გჭირდებათ”.

    მე ვეტყვი პუტინს: “თუ არ დადებ შეთანხმებას, ჩვენ მათ მივცემთ ბევრს, იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ, თუ საჭირო გახდა.”. ერთ დღეში დავადებინებ გარიგებას“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ეთერში.

  • „ძალიან ცუდად ვიყავი. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ“ – ანიტა რაჭველიშვილი

    ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერს. ის მადლობას უხდის ექიმებს, ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს და ამბობს, რომ სცენას უახლოეს მომავალში დაუბრუნდება:

    „ძალიან ცუდად ვიყავი. ურთულესი ორი წელი მქონდა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ვცდილობდი ვყოფილიყავი ძლიერი ჩემი ოჯახის, ჩემი პატარა ანგელოზის, ოპერისა და იმ საქმის გამო, რისი კეთებაც მიყვარს… ივნისის დასაწყისში მომიწია შევჩერებულიყავი და მიმეხედა საკუთარი თავისთვის. ძალიან ვწუხვარ, ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. საუკეთესო ექიმების გუნდმა მიმკურნალა და ძალიან მალე დავბრუნდები. როგორც კი შესაძლებლობა მექნება, გიამბობთ ჩემს ამბავს და ბევრს ვილაპარაკებთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქალს შეიძლება გაუჩნდეს“, – წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.

    ანიტა რაჭველიშვილი სცენას, სავარაუდოდ, აგვისტოში, ბუენოს აირესში, კოლონის თეატრში დაუბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი OperaWire ავრცელებს.

  • დანაღმული ველები უკრაინის კონტრშეტევის მთავარ პრობლემად იქცა-Washington Post

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დანაღმული ველების  სიმჭიდროვის გამო ზაპოროჟიეს რაიონში შეტევითი სტრატეგია შეცვალეს. იმის ნაცვლად, რომ რუსეთის თავდაცვა კონტრშეტევაში დასავლეთის ქვეყნების მიერ გადაცემული ჯავაშანმანქანებით და ტანკებით გაარღვიონ, უკრაინის სამხედროები წინ  ფეხით მიიწევენ. ამის შესახებ Washington Post უკრაინის არმიის ჯარისკაცებზე დაყრდნობით წერს.

    რუსული პოზიციების წინ 5-დან 16 კმ-მდე მანძილი ნაღმებით არის მოფენილი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხანგრძლივმა მომზადებამ კონტრშეტევისთვის რუსეთის ჯარებს მისცა დრო, რომ ბუფერულ ზონაში ტერიტორიები დაენაღმათ, რაც ახლა ართულებს უკრაინის არმიის წინსვლას და იწვევს დანაკარგებს – როგორც აღჭურვილობაში, ასევე ცოცხალ ძალაში.

    შედეგად, შებინდებისას მცოცავი განმნაღმველები ცდილობენ ნაღმების ხელით გაუვნებელყოფას. ამავდროულად, მტერს შეუძლია თვითმფრინავებიდან ჩამოაგდოს ახალი ნაღმები და მათი ძალისხმევა წყალში ჩაყაროს.

    ამერიკელებთან  საუბარში უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ დანაღმულ ველებზე ბრძოლებმა აჩვენა მიწოდებული აღჭურვილობის დაუცველობა, განსაკუთრებით ამერიკული ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანების და გერმანული ლეოპარდის ტანკებისა.

    როგორც ვაშინგტონ პოსტი აღნიშნავს, ნაღმის აფეთქების შემდეგ ასეთ მანქანებში სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობა მცირე დაზიანებებით გადარჩება, მაგრამ ტექნიკა ვეღარ მოძრაობს. გარდა ამისა, ნაღმზე ჩარჩენილი ტანკი ან ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა რუსული არმიისთვის ადვილი სამიზნე ხდება. ტანკის ჯავშანი ვეღარაფერს გიშველის,  რადგან დანაღმული ველი ძალიან ღრმაა და ადრე თუ გვიან ტექნიკა გაჩერდება და ამის შემდეგ ის განადგურდება კონცენტრირებული ცეცხლით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

    გაზეთი წერს, რომ კონტრშეტევამდე უკრაინამ პარტნიორებისგან ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის 15%-ზე ნაკლები მიიღო. რუსული ნაღმების მჭიდრო ველების გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ არ რისკავს ყველა ბრიგადის და მიღებული აღჭურვილობის გამოყენებას უფრო ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა ნაღმების გასაწმენდად სპეციალურ აღჭურვილობაზე – სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან კიევში მოლაპარაკების შედეგების შემდეგ, მან განაცხადა, რომ სეულმა უკვე დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ასეთი აღჭურვილობის გადაცემა.

    The New York Times ასევე წერს მჭიდროდ მიმობნეულ ნაღმებზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის მიმართულებებზე განალაგა. გაზეთი უკრაინელ ექიმებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დაზიანებების მთავარ მიზეზებს შორის ნაღმებმა არტილერიას გადააჭარბა.

    პლასტიკური ნაღმები ცალკე პრობლემას წარმოადგენს – მათი ფრაგმენტები ჯარისკაცების სხეულში ძნელია ამოსაცნობია, რადგან სამედიცინო ლითონის დეტექტორები მათ ვერ ხედავენ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა გაჭიანურდება, არის რუსული ავიაცია: „წინასვლასთან ერთად, უკრაინელი ჯარისკაცები სცილდებიან მათი საჰაერო თავდაცვის ზოგიერთი სისტემის ხელმისაწვდომობას და დაუცველნი ხდებიან რუსული  ვერტმფრენების თავდასხმის მიმართ“.

    სწორედ ამიტომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ დასავლეთმა მას სწრაფად გადასცეს თანამედროვე საბრძოლო ავიაგამანადგურებლები, მაგალითად, ამერიკული F-16.

  • “თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?“–ღარიბაშვილი

    პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ და თქვა, რომ  ბოლო კვირის განმავლობაში ზოგ სიუჟეტს ღიმილით უყურებდა.ლენტეხის მუნიციპალიტეტში “მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის” სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მან ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ   ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. “თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?!“ კითხულობს ღარიბაშვილი.

    როგორც მან აღნიშნა, ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რადგან მესამე მსოფლიო ომში ჩართვა მათ არ სურთ.

    „ზოგიერთ სიუჟეტს ბოლო კვირის განმავლობაში მართლა ღიმილით ვუყურებდი. იქ ნაჩვენები იყო, თითქოს ნატო-ს სამიტზე რაღაც სასწაული მოხდა, უკრაინამ დეოკუპაცია შეძლო, ომში გაიმარჯვა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. რეალურად რა მოხდა? გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, პირდაპირ განაცხადეს ისიც, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება? ნატო უსაფრთხოების გარანტია და ჩვენ ამიტომაც მივისწრაფვით იმისკენ, რომ მათი წევრი გავხდეთ. ნატო-ში თქვეს, რომ ისინი მესამე მსოფლიო ომს ვერ დაუშვებენ და არ სჭირდებათ უკრაინა. ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, ჩვენზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ, საქართველო, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რათა ზედმეტი მოლოდინი არ შევქმნათ და ჩვენს ეროვნულ მიზანს თანმიმდევრულად მივყვეთ. მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეს გეგმას და სწორ დროს გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

    იმით, რომ ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნით წარმოჩინდა, საქართველოს არაფერი დაუკარგავს. ამის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა.

    დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას არავის ვუსურვებდი. ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, იბრძვიან აგრესორის წინააღმდეგ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო

    გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მდინარე ლიახვში 10 წლის ბიბჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, მოზარდი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მდინარეში საბანაოდ ჩავიდა.

  • “შესაძლოა, გაყალბების და მანიპულაციის მცდელობა იყოს“–კობახიძე პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილის ნიმუშის ფარულად გატანაზე

    ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ნიმუშის სამედიცინო დაწესებულებიდან ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბებისა და მანიპულაციის მიზნით სცადა.

    როგორც კობახიძე ამბობს, საკითხზე პოლონეთის ხელისუფლებამ განმარტება უნდა გააკეთოს.

    „ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის გაყალბება. არა ექსპერტული გადმოსახედიდან, მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ნიმუშები, რომელიც ერთ-ერთმა ექიმმა ფარულად წამოიღო. ამასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა მოვისმინოთ, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო საქართველოში ამ ექიმები ჩამოსვლა. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა, რა მოხდა, რატომ მოხდა. ეს სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. აშკარად ვხედავთ, რომ მანიპულაციის მცდელობა იყო. სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, არ ვიცი“,- განაცხადა კობახიძემ.

    სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან ოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ  სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას”.

  • “მე რა შუაში ვარ?“–გიული ალასანია პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტზე

    საქართველოს პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მან არაფერი იცის პოლონელი ექიმების შესახებ, რომელთა ჯგუფის ერთ–ერთ წევრს იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის ფეხსაცმლით გატანაში ადანაშაულებს. გიული ალასანია ამბობს, რომ ამ ინციდენტის შესახებ არაფერი იცის.

    ამასთან, გიული ალასანია ამბობს, რომ  გაუგებარია მისკენ „რატომ იშვერენ ხელს“.

    „ალბათ, კომენტარი გაკეთდება იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ამ ადამიანის მიმართ არის, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ძალიან დიდი ინტერესია, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული დიდ ხანს ვერ დარჩება, მე ასე მგონია და ალბათ, შემდგომ კომენტარებს მოვისმენ. ალბათ, იქითა მხარეც თავის განმარტებას გააკეთებს, არ ვიცი. არ ვიცი, ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ იმიტომ, რომ მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი ხოლმე, რომ თანახმა ვარ. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა [ინფორმაცია] იმ ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია და როგორ უნდა განმემარტა? უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც ამ ხალხთან კონტაქტში იყო, მე რა შუაში ვარ?“ – განაცხადა გიული ალასანიამ და ასევე განმარტა, რომ არ იცის, არსებობდა თუ არა რაიმე პროტოკოლი, რომელიც პოლონელ ექიმებს უნდა დაეცვათ.

    სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, –მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას”.

  • “რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს ნებართვა, რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე?”–უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში წუხს, რომ არ შეუძლია  საკუთარი შეხედულებებისამებრ ებრძოლოს რუსეთს, რომელიც თავს დაესხა უკრაინას.

    დასავლელმა მოკავშირეებმა, რუსეთთან ომის ესკალაციის შიშით, დააყენეს პირობა, რომ მათ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული შორი დისტანციური რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალა არ უნდა გამოიყენებოდეს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.

    ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის უკრაინა იყენებს მხოლოდ უკრაინული წარმოების იარაღს.

    “ჩემი ხალხის გადასარჩენად რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს ნებართვა, რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე?” – ამბობს ზალუჟნი გამოცემის კორესპონდენტთან ინტერვიუში.

    „რატომღაც უნდა ვიფიქრო, რომ იქ რამის კეთების უფლება არ მაქვს.  რატომ? იმიტომ რომ პუტინი… გამოიყენებს ბირთვულ იარაღს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან,ეს არ აინტერესებთ. ”

    „ეს არის ჩვენი პრობლემა და ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ მოვკლათ ეს მტერი. ომში თქვენ შეგიძლიათ და უნდა მოკლათ მის ტერიტორიაზე. თუ ჩვენს პარტნიორებს  მათი იარაღის გამოყენების ეშინიათ, ჩვენი იარაღით მოვკლავთ“, – განაცხადა უკრაინის არმიის სარდალმა.

    უკრაინამ ადრეც დაარწმუნა შეერთებული შტატები, რომ არ გამოიყენებს ამერიკელებისგან მიღებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.

    „ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ აშშ-ს და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. მაგრამ თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, სადაც მტერი იმყოფება, მაშინ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

  • უკრაინელები ხერსონის მიმართულებაზე შეტევისთვის ემზადებიან – უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი

    უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის მიმართულებაზე შეტევისთვის ემზადებიან – ამის შესახებ, ნათქვამია უკრაინის ეროვნული გვარდიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    როგორც ცნობილია, ხერსონის მიმართულებაზე მიმდინარეობს აქტიური სადაზვერვო მოქმედებები. საარტილერიო ცეცხლით იბომბება სიღრმეში მდებარე მტრის პოზიციები და მიდის მზადება შეტევისთვის.

    ამასთანავე, მზადდება პლაცდარმი, ავდეევკის მიმართულებაზე შეტევის გასაფართოებლად.