Category: სლაიდერი

  • ევროსასამართლომ გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

    “ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა”- ამის შესახებ, პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

    “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემს მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლება – დარღვევა დაადგინა. დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემ საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც.

    შეგახსენებთ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის დროს, თადუმაძის ხელმძღვანელობით, უზენესმა სასამართლომ შეცვალა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და დამაკავა. მწვავე საერთაშორისო პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იძულებული გახდა შევეწყალებინე.

    ეს ჩემი მეორე სარჩელია. პირველიც მოვიგე, რომელიც ჩემს 2014-ში დაკავებას ეხებოდა. ასე რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა”, – წერს უგულავა.

  • ”ოცნების” მომხრეებმაც, ვერ გაიგეს რას ერჩოდნენ ღარიბაშვილს – თეონა აქუბარდია

    „ქართული ოცნებისთვის“, ვფიქრობ, რომ წამგებიანი სვლაა, იმიტომ, რომ ყველაზე დაბალრეიტინგული ფიგურა მოჰყავს პრემიერად, მაშინ როდესაც ღარიბაშვილის რეიტინგი ბევრად უფრო მაღალი იყო.

    ბიძინა ივანიშვილს აქვს ტაქტიკური ცვლები-ფიგურების გადაადგილება საჭადრაკო დაფაზე. თუ ვინმეს ახსოვს მამუკა ბახტაძე ან რატომ მოიყვანა, ან რატომ გაუშვეს, გამიხარდებოდა. როდესაც 11 წლის განმავლობაში 7 პრემიერი იცვლება, ეს არა მხოლოდ არასტაბილურობის წყაროა, არამედ მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანი თავის გადარჩენას ამ გადაადგილებით ცდილობს. მან ღარიბაშვილს არც ერთხელ არ ანდო არჩევნების ჩატარება, არც წინა პრემიერობისას, არც ახლა. როგორც ჩანს, მას აქვს თავისი საკითხები და არ მგონია, რომ ეს მხოლოდ მის კორუფციულ საქმეებს უკავშირდებოდეს, იმიტომ, რომ არც ერთხელ არ დაუსჯია კორუფციისთვის.

    თუ მკითხავთ რა შეიცვლება- ირაკლი ღარიბაშვილის ენა ბევრად უფრო ხისტი იყო, ვიდრე ირაკლი კობახიძის, მიუხედავად იმისა, რომ კობახიძეს ბევრად უფრო ბინძური კომბინაციები შეუძლია, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს. ღარიბაშვილს ჰქონდა მართვის გამოცდილება, ირაკლი კობახიძეს მთავრობის მართვის გამოცდილება, ისევე როგორც რაიმე სამინისტროსი, არ აქვს. თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსა და მომხრეებს დაელაპარაკებით, მათაც ვერ გაიგეს, როგორ შეიძლება, ასეთი რეიტინგული პრემიერი ჩაანაცვლო ყველაზე დაბალრეიტინგული პრემიერით და მათაც ვერ გაიგეს, რას ერჩოდნენ ღარიბაშვილს. არ მგონია ვინმემ იცოდეს მიზეზი- მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა. 30 დეკემბერს მესამედ მოსული და მეორედ მობრუნებული პრემიერი, რომელიც ამბობდა, რომ აღარ მობრუნდებოდა პოლიტიკაში, ამბობდა, რომ პრემიერს არ შეცვლიდა და ერთი თვეც არ გაძლო მისმა სიტყვამ, ისე შეცვალა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვა რომ გაუფასურებულია, ძალიან დიდი ხანია ეს ამომრჩეველმა ნახა. ამასთან, თუ სიძულვილის ენით და შავრაზმული ანტიდასავლური ჯგუფების ხარჯზე გადიოდა ფონს ღარიბაშვილი, ამ მოცემულობაში, არ ვფიქრობ, რომ დიდად რამე შეიცვალოს, იმ ფონზე, როდესაც ირაკლი კობახიძე ყველაზე ხმამაღალი ანტიდასავლური რუპორი იყო პარლამენტში და მისი ფრაზა, რომ თუ ომში საქართველო არ ჩაერთვება, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, როგორი მართალი აღმოჩნდა, ალბათ, ყველა ხედავს. მისი თავდასხმები აშშ-ზე, ევროკავშირზე, სამოქალაქო სექტორზე, ეს როგორ უნდა შეიცვალოს?!“,

    ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

  • ლოგიკურია, მდინარაძემ დაიკავოს უმრავლესობის ლიდერის პოზიცია – მიქანაძე

    რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერს, ამის თაობაზე გაკეთდება ოფიციალური განცხადება, მაგრამ სრულიად ლოგიკურია, რომ მამუკა მდინარაძემ დაიკავოს ეს პოზიცია.მე ვაგრძელებ საქმიანობას იმ მნიშვნელოვან პოზიციაზე, რაც პარლამენტში მიკავია.

    თქვ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

  • ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს დასრულდება..თუ პრობლემა არ შეიქმნა, ავლაბრისაც – კალაძე

    ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს დასრულდება..თუ პრობლემა არ შეიქმნა, ავლაბრისაც – კალაძე

    „ვარკეთილის მეტროში სამუშაოები მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა იყო აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. კომპანიები, არავინ გამოთქვამდა სურვილს, ალბათ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე. თუმცა, მოიძებნა კომპანია, რომელიც ასრულებს სამუშაოებს და ზაფხულის ბოლოსთვის რეაბილიტაცია დამთავრებული იქნება.

    რაც შეეხება ავლაბრის მეტროს, პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. როდესაც დემონტაჟი მოხდა არსებული ვესტიბიულის, ძალიან მძიმე ავარიული მდგომარეობა იყო და ამიტომ, მოხდა დადგა ცვლილების საჭიროება. ზაფხულისთვის უნდა დამთავრდეს თუ რაიმე კიდევ [არ მოხდა]. პრობლემა იცით რა არის? არავინ არ იცის რეალურად, რა ხდება, რა მდგომარეობაა. როდესაც იწყება სამუშაოები, ეს მეტროებს არ ეხება, ზოგადად რეაბილიტაციებს თუნდაც წერეთლის გამზირი როდესაც დავიწყეთ, ჭავჭავაძე, ქეთევან წამებული. ყოველთვის, ხომ არიან კომპანიები, ვისაც მიწის ქვემოთ თავისი კომუნიკაციები აქვთ, არავინ არ იცის, რეალურად რა მდგომარეობაა. როდესაც მიდის უშუალოდ სამუშაოები, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით, ისეთი მდგომარეობაა, რეალობას ვხედავთ”,

    ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

  • ”ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემონტაჟი იქნება შესაძლებელი!” – ნიკა მელია

    შემომდის ბევრი ზარი და კითხვა მედიებისაგან პოტენციურ ერთობაზე და იმ ფორმასა თუ შინაარსზე, რომლითაც თანამოაზრეებთან ერთად შევალ საარჩევნო მარათონში.

    ამიტომ, ვწერ პოსტს, რომლითაც შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ და მიიღოთ ჩემს პასუხად.

    ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე. ჩემი ეს პოზიცია არაერთგზის დამიფიქსირებია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებით 2020 და 2021 წლებში და მისი ერთგული ვარ დღემდე.

    გარდა იმისა, რომ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგს, მაშინ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გამოცდილებაც – ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს – არა მხოლოდ ტექნიკურად უნდა იყოს მოსახერხებელი ერთად ყოფნა, არამედ ამ ერთობით საზოგადოებრივი ინტერესის უკეთ ასახვა და უკეთ განხორციელება უნდა იყოს შესაძლებელი.

    მალე აუცილებლად იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც იქნება საჯარო, ხალხის ინტერესითა და გამარჯვებისათვის საჭირო ქმედებებით ნაკარნახები – მე ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემოტაჟი, მისი ცვლილება ახალი ჯანმრთელი მოცემულობით იქნება შესაძლებელი; სადაც არ იარსებებს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მქონე არანაირი ხმა, გარდა ხალხის ხმისა – მათი მისწრაფებებისა და იქნება ორიენტირებული მომავალზე,

    ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

  • ”გამორიცხული არაფერია” – კალაძე პრემიერობაზე

    “არაფერია გამორიცხული, ყველაფერი წინაა, თუმცა როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს”.

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ლელოს ჩიხუახუას სინდრომი აქვს – ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ ზომას – პაპუაშვილი

    ლელო ზოგადად საინტერესო მოვლენა არის ქართულ პოლიტიკაში. ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა რაც არის მათი, არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში მიიღეს მოსახლეობს 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე. ამის შემდეგ რატომღაც სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი. არსებობს ასეთი ჩიხუახუას სინდრომი – იცით, რომ ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს, რომ თავის ზომაზე აქვს გადაჭარბებული წარმოდგენა და შემდეგ შეებრძოლება ხოლმე უფრო სხვა ზომის ცხოველებს და საბოლოო ჯამში, ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ წონას და ზომას. ვფიქრობ, ამ სინდრომით არის ლელო წარმოდგენილი.

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

  • ადამიანს მეილი ჩაუდეს – ზურა მახარაძე ბექა ვარდოსანიძეზე

    ”აქამდე ვიცოდი, რომ არსებობდა იარაღის ჩადება, ნარკოტიკების ჩადება, მაგრამ ადამიანს მეილის ჩაუდეს და მაგით იჭერენ, ეს საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება. სუს-მა რომ ბექას კომპიუტერი წაიღო დღეს, იქ შეუძლიათ როგორიც უნდათ ისეთი მეილი „აღმოაჩინონ“. ბიძინა რომ იძახდა გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებო, როგორც ჩანს, მართლა გასაოცარი დემოკრატია მყარდება”.

    აცხადებს,  პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრი, ზურა მახარაძე ბექა ვარდოსანიძეზე.

  • ვტოვებ ენმ-ს, ვაგრძელებ ბრძოლას გვარამიას ახალგაზრდა იდეალისტების გუნდთან ერთად – ნინო კვიტაიშვილი

    ვტოვებ ენმ-ს, ვაგრძელებ ბრძოლას გვარამიას ახალგაზრდა იდეალისტების გუნდთან ერთად – წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ნინო კვიტაიშვილი.

    “ვტოვებ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და შესაბამისად თბილისის საკრებულოში ფრაქციას. ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად. დღეს, ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ზაზა გოგავას სახელით, საკითხი დამიყენა ასე: ან ემორჩილები პარტიის მენეჯმენტს, მის დავალებებს, ან ირჩევ საკუთარ გზას და ნიკა გვარამიას. გასაგებია და ალბათ ლოგიკურიც: პარტიის მენეჯმენტში მომხდარი ცვლილებების მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს დამიმალავს და რაკიღა პარტიას დღეს ეს საკმარის წინაპირობად მიაჩნია ჩემი ნაცმოძრაობის რიგებში არყოფნისთვის, მე არ ვაპირებ დაველოდო გარიცხვას და თავად დავტოვებ ნაცმოძრაობას.

    რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია და დღეს საქართველოში პოლიტიკურ ველზე მყოფთაგან ერთადერთ ადამიანი, ვისაც ქართული ოცნების პერიოდში ნულიდან წარმატების შექმნის გამოცდილებაც აქვს და ქოცებთან გამარჯვებებისაც. ზუსტად ვიცი, ახლაც ის შეძლებს ცვლილებების მოტანას და ქართული ოცნების დამარცხებას. მის გარეშე მე ამ ბრძოლას ვერ ვხედავ. ვირჩევ გზას მის ახალგაზრდა იდეალისტების გუნდთან ერთად, რომელთაც უკვე კარგად ვიცნობ და მათი კომპეტენციით, გამბედაობით და ბრძოლისა და ცვლილებების ჟინით სრულიად აღფრთოვანებული და ძალიან მოტივირებული ვარ.

    თავისუფლებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს. წარმატებას ვუსურვებ ნაციონალურ მოძრაობასაც. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ენმ-ის წარმატება ქვეყნის წარმატებისთვის იყო და რჩება მნიშვნელოვან წინაპირობად.” წერს კვიტაიშვილი.

  • გვიწევს ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება – “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს

    გვიწევს ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება – ტელეკომპანია “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მაუწყებლობა უახლოეს თვეებში ფორმატს შეიცვლის და მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.

    იხილეთ განცხადება:

    ”ტელეკომპანია „ფორმულა“ გატყობინებთ ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილებას. ჩვენი მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.

    ამ გადაწყვეტილების პარალელურად გვიწევს რეორგანიზაცია; არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება. ეს „ფორმულასთვის“ მძიმე ფაქტია, ვინაიდან ამ არხის თითოეულ თანამშრომელს ყოველთვის კარგად ჰქონდა გააზრებული, სად მუშაობდა, რა რთულ მოცემულობაში უწევდა ყოფნა და რა იყო „ფორმულას“ მისია. ჩვენ ვაფასებთ მათ ნამუშევარს და მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, რაც ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში აჩვენეს.

    რაც შეეხება ახალ ფორმატზე გადასვლის მიზეზებს, თემა უკავშირდება ფინანსურ საკითხებსაც: ტელეკომპანია „ფორმულამ“ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება. პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც.

    მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე, რაც, ვფიქრობთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.