Category: სლაიდერი

  • რომ შემეძლოს რომელიმე კომპანიის შერჩევა, ის პრობლემები არ გვექნებოდა – კალაძე

    “ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს ყოველი მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს გულისხმობს ათეულობით წლის მანძილზე ხელშეუხებელ კომუნიკაციებს, რომლებიც სრულიად ამორტიზებულია, გამოსულია მწყობრიდან. იწყებ სამუშაოებს და დგები კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე, ვიდრე
    სპეციალისტები ვარაუდობენ. ამას ემატება არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისიერება რიგი კომპანიების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში, ერთვებიან სამუშაოების პროცესში და სრულიად ვერ აცნობიერებენ რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნიათ დედაქალაქის წინაშე. ვერც მე და ვერც ჩვენი თანამშრომლები ვერ ვარჩევთ მსგავს კომპანიებს, ეს ხდება ტენდერის საფუძველზე. მე რომ შემეძლოს რომელიმე კომპანიის შერჩევა, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც დღეს იქმნება“,

    აცხადებს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.

  • ვარდოსანიძემ იცრუა, რომ ბასიანზე, რატის ბარში, რუსთაველზე ასაფეთქებელი მოწყობილობებია – სუსი

    ვარდოსანიძემ იცრუა, რომ ბასიანზე, რატის ბარში, რუსთაველზე ასაფეთქებელი მოწყობილობებია – სუსი

    “ვარდოსანიძემ იცრუა, რომ ბასიანზე, რატის ბარში, რუსთაველზე ასაფეთქებელი მოწყობილობებია” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბექა ვარდოსანიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა.

    კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.

    ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

    ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ზალუჟნის არშემდგარი გადადგომა. რა მოხდა სინამდვლეში

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებული ეპოპეა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ მილიონობით უკრაინელის აღელვება გამოიწვია.

    რა მოხდა სინამდვილეში 29 იანვარს და რა ვიცით ამ დროისთვის: 

    ორშაბათს, 29 იანვარს, ნაშუადღევს, ვალერი ზალუჟნის აცნობეს, რომ პრეზიდენტს მისი ნახვა სურდა: ვლადიმერ ზელენსკის თითქოს სურდა ფრონტზე არსებული ვითარების განხილვა მთავარსარდალთან.

    ის მაშინვე წავიდა ბანკვსკაიას ქუჩაზე, სადაც სადაც  პრეზიდენტის ოფისის შენობაა განთავსებული. წინასწარ ჩანდა, რომ ეს შეხვედრა ტიპიური არ იქნებოდა.  იმისდა მიუხედავად, რომ ზელენსკი და ზალუჟნი რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს მთავარსარდლის შტაბის შეხვედრებზე, მათ დიდი ხანია აღარ ქონიათ შეხვედრა პრეზიდენტის ოფისის უფროსის თანდასწრების გარეშე. ამ დღეს ანდრეი ერმაკი უჟგოროდში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან, პიტერ სიიარტოსთან მოლაპარაკებებზე.

    BBC-ის ცნობით, ბანკოვაიაზე შეხვედრაში სამი ადამიანი მონაწილეობდა: ვლადიმერ ზელენსკი, ვალერი ზალუჟნი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

    როგორც BBC-ის წყაროები აცხადებენ, შეხვედრა სრულიად მშვიდ ტონში გაიმართა. მალე პრეზიდენტი გადავიდა მის მთავარ თემაზე: მან თქვა, რომ გადაწყვიტა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება. ზელენსკიმ დასძინა, რომ განკარგულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

    კიევის დროით საღამოს ექვსის შემდეგ, სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. „ნიუსი“ ორი პარალელური არხით გავრცელდა.

    ერთის მხრივ, მას აქტიურად ატრიალებდნენ ანონიმური ტელეგრამის არხები, რომლებიც პრეზიდენტის აპარატთან არიან კავშირში. მართალია პრეზიდენტის ოფისმა  არაერთხელ უარყო მათთან კავშირში, მაგრამ ეს არხები ხშირად პირველები არიან, ვინც ავრცელებს ექსკლუზივებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წიაღიდან და მათი წარმომადგენლები პრეზიდენტის ოფისში დახურულ ბრიფინგებზე არიან მიწვეულნი.

    მეორეს მხრივ, ზალუჟნის გადადგომაზე  ინფორმაცია – ასევე საკუთარ წყაროებზე მითითებით – გაავრცელეს ადამიანებმა და არხებმა, რომლებიც ნაკლებად არიან პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ სიმპათიაში ეჭვმიტანილნი.

    რა თქმა უნდა, ამ მესიჯების ტონი სრულიად განსხვავებული იყო. პირველი ჯგუფი აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში საშინელი არაფერი ხდებოდა და  არ იყო საჭირო „ნავის რყევა“ ამ გადადგომასთან დაკავშირებით. მეორე ჯგუფმა კი  განგაში ატეხა და პრეზიდენტის აპარატს ყველანაირი უბედურება უწინასწარმეტყველა.

    კიევში საღამოს შვიდის შემდეგ, არაერთმა გავლენიანმა უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ზალუჟნის გადადგომის, როგორც მომხდარი ფაქტის შესახებ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

    19:41 საათზე, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, რაც ამ თემაზე გავრცელდა ინფორმაცია, სამთავრობო უწყებამ ამ საკითხზე პირველი განცხადება გაავრცელა.

    „ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩვენ დაუყოვნებლივ ვპასუხობთ ყველას: არა, ეს ასე არ არის“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ლაკონურ შეტყობინებაში.

    20:05 საათზე, ვლადიმერ ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა უკრაინსკაია პრავდას განუცხადა, რომ „პრეზიდენტს ნამდვილად არ გაუთავისუფლებია მთავარსარდალი“.

    საბოლოოდ, 20:20 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ვლადიმერ ზელენსკის ყოველდღიური მიმართვა. მასში არც მთავარსარდალთან შეხვედრაზე იყო საუბარი და არც მისი გადადგომის შესახებ.

    მხოლოდ ამ მომენტში გახდა მეტ-ნაკლებად ნათელი, რომ 29 იანვარი არ იქნებოდა ვალერი ზალუჟნის ბოლო სამუშაო დღე.

    რაც დანამდვილებით არ ვიცით

    ჯერ ერთი, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ახლავე შეეტყობინებინა ზალუჟნისთვის მისი  თანამდებობიდან გადაყენება?

    ვლადიმერ ზელენსკის და ვალერი ზალუჟნის დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანია აღარ არის საიდუმლო.  BBC-ის თანამოსაუბრეები უკრაინის ძალაუფლების უმაღლეს დერეფნებში აღიარებენ: პრობლემები ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის დაიწყო 2022 წლის აპრილში, როგორც კი რუსული ჯარები კიევიდან გავიდნენ.

    მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გენერალი ზალუჟნი ოფიციალურად არ არის სამხრეთ უკრაინის თავდაცვის არასათანადო ორგანიზების გამო აღძრული  სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, მას ამის შესახებ საუბარი ჰქონდა გამოძიების სახელმწიფო ბიუროს გამომძიებლებთან.

    ამჟამად პრეზიდენტი უკვე არ იკავებს თავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მიმართ მკაცრი, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან. ხოლო საპრეზიდენტო პარტიის დეპუტატი მარიანა ბეზუგლაია, რომელიც ასოცირდება პრეზიდენტის აპარატის უფროსის ფიგურასთან, ღიად აკრიტიკებს გენერალს სოციალურ ქსელებში.

    ბეზუგლაია ზალუჟნის წინააღმდეგ. რას ნიშნავს დეპუტატის თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე?

    ძნელი სათქმელია, რა იყო ზელენსკის და ზალუჟნის ურთიერთობების მკვეთრი გაციების ძირითადი მიზეზი. ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ მიზეზი ეჭვიანობაა ვალერი ზალუჟნის წარმოუდგენლად მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის მიმართ, რომელსაც სოციოლოგები უკვე უწოდებენ ზელენსკის ერთადერთ რეალურ კონკურენტს ჰიპოთეტურ საპრეზიდენტო არჩევნებში. სხვები აღნიშნავენ, რომ გარკვეული მომენტიდან ზალუჟნი და ზელენსკი განსხვავებულად ხედავენ რა ფაზაში შევიდა ომი და როგორ უნდა განვითარდეს იგი შემდგომ.

    ნებისმიერ შემთხვევაში,  დასავლური ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში, ვლადიმირ ზელენსკი არაერთხელ ძალიან ახლოს იყო გადაყენების გადაწყვეტილებასთან – კანონმდებლობა აძლევს მას უფლებას გამოსცეს განკარგულება ამის შესახებ დამატებითი წარდგინებისა და დასაბუთების გარეშე.

    კონკრეტულად რამ აიძულა პრეზიდენტი 29 იანვარს პირადად ეცნობებინა მთავარსარდლისთვის მისი გარდაუვალი გადადგომის შესახებ, ზუსტად უცნობია. ბოლო დროს ფრონტზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.  ომთან დაკავშირებული დიდი სიახლე გასულ კვირას ბელგოროდის მახლობლად რუსული ილ-76-ის ჩამოვარდნა იყო, მაგრამ უკრაინულმა საზოგადოებამ ამ ინციდენტის დეტალები ჯერ კიდევ არ იცის.

    ინფორმირებული წყაროების ცნობით,  პრეზიდენტმა ორშაბათს ზალუჟნისთან საუბარში მისი გადადგომის აუცილებლობა გაამართლა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სააგენტოების მთელი სისტემის გადატვირთვის სურვილით. თუმცა, სხვა უსაფრთხოების, სამხედრო და სამართალდამცავ უწყებებში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

    The Washington Post წერს, რომ ზელენსკიმ ზალუჟნის თანამდებობიდან  გათავისუფლება ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ უთანხმოების გამო, რომელთა მობილიზებაა საჭირო. გამოცემა, უკრაინის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მთავარსარდალმა შესთავაზა დაახლოებით 500 ათასი ადამიანის მობილიზება, ხოლო ზელენსკიმ ასეთი რიცხვი არაპრაქტიკულად მიიჩნია, უნიფორმის, იარაღისა და საწვრთნელი აღჭურვილობის დეფიციტის, ასევე მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით. The Washington Post იუწყება, რომ ზალუჟნიმ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ უკვე იყო ძალების დეფიციტი მზარდი მსხვერპლის გამო. გარდა ამისა, ქვეყანამ უნდა უპასუხოს 400 ათას ახალ ჯარისკაცს, რომელთა მობილიზებასაც რუსეთი გეგმავს. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, მთავარსარდლის გარდა, მოსალოდნელია მისი გუნდის დათხოვნაც.

    რამ შეაფერხა განკარგულება

    მეორე კითხვა, რომელზეც პასუხი ჩვენ არ ვიცით, არის ის, თუ რამ შეუშალა ხელი პრეზიდენტის განკარგულების გამოჩენას მას შემდეგ, რაც მან ზალუჟნის საკადრო გადაწყვეტილება პირადად შეატყობინა.

    BBC ხელისუფლებაში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით ამ პასუხის ორ ვერსიაზე წერს:

    პირველი მათგანის თანახმად, სიტუაციაში ჩაერივნენ კიევის დასავლელი პარტნიორები და გამოხატეს მტკიცე წინააღმდეგობა ზალუჟნის გადადგომაზე.

    ამ ვერსიის გამართლება საკმაოდ მარტივად შეიძლება. უკრაინა ახლა მთლიანად დასავლეთის სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, უახლოესი დღეები კრიტიკულად გადამწყვეტი იქნება კიევის ევროპული და ამერიკული მხარდაჭერის მრავალმილიარდიანი ტრანშებით უზრუნველყოფის პროცესში.

    ამავდროულად, უცხოური მედია იუწყება, რომ დასავლელი ლიდერები დაჟინებით ურჩევენ კიევს სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასვლას – ანუ, ფაქტობრივად, იმ სტრატეგიის განხორციელებას, რომლის მომხრეა ვალერი ზალუჟნი. მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება, თანაც დასავლეთთან შეუთანხმებლად,  შეიძლებოდა გამხდარიყო ზელენსკის “ვეტოს” მიზეზი ამ გადაწყვეტილებაზე. დასავლეთს  როგორც ჩანს, აქვს საკმარისი ბერკეტები, რომ დაჟინებით დაიცვას  თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

    მეორე მიზეზი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ზალუჟნის გადადგომის შესახებ განკარგულების განხორციელებას, არის ახალი მთავარსარდლის დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა. უკრაინული მედია ამ თანამდებობაზე ორ მთავარ კანდიდატს ასახელებს: საუბარია  დაზვერვის მთავარი სამმართველოს ამჟამინდელ უფროსზე, კირილ ბუდანოვზე და სახმელეთო ჯარების მეთაურზე, ალექსანდრე სირსკის.

    “ზელენსკიმ ზალუჟნის შესთავაზა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობა, მაგრამ მან უარი თქვა“, –  წერს გამოცემა The Economist.

    გამოცემის წყაროების თანახმად, მთავარსარდლის პოსტზე სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი და უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი განიხილებოდა.

    “ზოგიერთს მიაჩნია, რომ მან ბოლო წუთს თქვა უარი ამ სამსახურზე. ახლო კოლეგა ამტკიცებს, რომ გენერალი ბუდანოვს გენერალ ზალუჟნის პოსტზე პრეტენზია არ ქონია,  მაგრამ მას ასევე არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა სამხედრო პოსტზე”, – წერენ ჟურნალისტები.

    BBC-ის წყაროები სამხედრო წრეებში ამბობენ, რომ ორივე გენერალს არ სურს ზალუჟნის სავარძლის დაკავება და უარი თქვეს ამ დანიშვნაზე.

    BBC-ის თანამოსაუბრეების თქმით,პრობლემა არის ის, რომ ნებისმიერი ახალი მთავარსარდალი ავტომატურად შედარდება ძველ, მეგაპოპულარულ ვალერი ზალუჟნისთან. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 92% ენდობა ზალუჟნის, 60% ენდობა ბუდანოვს და 33% ენდობა სირსკის (თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინელების დაახლოებით ნახევარი მას უბრალოდ არ იცნობს) .

    ამავდროულად, არ არსებობს წინაპირობები, რომ ახალმა მთავარსარდალმა – არ აქვს მნიშვნელობა რა გვარი იქნება – ბრძოლის ველზე შთამბეჭდავი შედეგები აჩვენოს ან მიაღწიოს გარღვევას სამხედრო მხარდაჭერის საკითხებში.

    ყოველ შემთხვევაში, უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ მიაღწიოს რუსეთის არმიაზე გამარჯვებას. და ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს მობილიზაცია. ეს ყველაფერი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. თუმცა, ახალი მთავარსარდლის დანიშვნის ასეთმა გარემოებებმა შესაძლოა მას „პოლიტიკურად დანიშნულის“, „ბანკოვსკის ხელის ბიჭის“ რეპუტაცია დაუმკვიდროს და ეს საკმაოდ გაურთულებს მას ცხოვრებას და საქმიანობას და, სავარაუდოდ, არ გააუმჯობესებს მის მიმართ დამოკიდებულებას უკრაინის არმიის რიგებში.

    „[ზალუჟნის] გადადგომის შემთხვევაში, ვინც მის ადგილზე დაინიშნება, ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება. იმიტომ რომ პოლიტიკოსების ხელში მორჩილ იარაღად იქნება აღქმული. მისი ოფიცრის გამოცდილება, სამხედრო კვალიფიკაცია და სამხედრო ნიჭი ამ ფაქტორთან შედარებით მეორეხარისხოვანი იქნება. ასიათასობით ფორმაში ჩაცმული ადამიანისთვის ვალერი ზალუჟნი იქნება საკუთარი აზრის, კამათის და საკუთარი პოზიციის დაცვის გამო გათავისუფლებული ადამიანი. და ვინც მას შეცვლის, აღიქმება, როგორც პრეზიდენტის ნების აღმსრულებელი“, – წერდა პაველ კაზარინი, პუბლიცისტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დეკემბერში.

    მეორეს მხრივ, წყარომ უკრაინის ერთ-ერთი სპეცსამსახურიდან BBC-ს განუცხადა, რომ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ყველა გენერალი უარს იტყვის პრეზიდენტის უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე, დანიშნოს იგი მთავარსარდლად.

    „უკრაინაში ომია. პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი. მისი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს“, – ამბობს ის.

    რა მოხდება მომავალში?

     Financial Times საკუთარ  წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზალუჟნის თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლებენ. გაზეთის თანამოსაუბრეების თქმით, ორშაბათს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს წასვლისკენ მოუწოდა და მას ახალი როლი შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა. ამავდროულად, პრეზიდენტმა ზალუჟნის განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა ამ ახალ როლს, მას მაინც გაათავისუფლებენ. FT-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ ზელენსკიმ გადადგომა ჯერჯერობით  მედიაში ინფორმაციის გაჟონვის გამო გადადო. გამოცემა აღნიშნავს, რომ ზალუჟნის შეცვლამ შესაძლოა „გააღიზიანოს დასავლელი პარტნიორები“ და სავარაუდოდ, ეს მოხდება ომის კრიტიკულ მომენტში.

    BBC-ის თანამოსაუბრეები უკრაინის თავდაცვის სექტორიდან ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გადადგომა დროის საკითხია.

    ზელენსკის და ზალუჟნის შორის წინააღმდეგობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და, როგორც ჩანს, აღარ არის საუბარი მხოლოდ სამხედრო ოპერაციებსა და მათ მომავალზე შეხედულებებს შორის განსხვავებაზე, არამედ ამ, სინამდვილეში, სრულიად განსხვავებულ ადამიანებს შორის წმინდა პიროვნულ წინააღმდეგობებზე და მათ შორის ნდობის ნაკლებობაზე. არადა ნდობა აუცილებელია, რათა უკრაინამ არ წააგოს რუსეთის მიერ დაწყებული ომი.

    პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, აქვს ასეთი ნაბიჯის გადადგმის უფლება, ეს უფლება მას კანონმდებლობით გარანტირებული აქვს. თუმცა, ახლა ძნელი სათქმელია, რა შედეგები მოჰყვება ასეთ გადაწყვეტილებას „ადგილზე“.

    როგორ შეძლებს უკრაინის პრეზიდენტი აუხსნას ეს ნაბიჯი უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, რომლებსაც აქვთ უფლება, და მოელიან კიევისგან პროგნოზირებად და გასაგებ ნაბიჯებს სახელმწიფოს მართვაში?

    როგორ აღიქვამს უკრაინის საზოგადოება პოპულარული მთავარსარდლის,  გადადგომას? დეკემბრის უკვე ნახსენებმა(  გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 72% არ უჭერს მხარს ზალუჟნის სხვა გენერლით შეცვლას (2% მხარს უჭერს).

    სოციოლოგმა ალექსეი ანტიპოვიჩმა დეკემბერში თქვა, რომ ვლადიმერ ზელენსკის მიერ ვალერი ზალუჟნის ჰიპოთეტური გადადგომა „არავითარ შემთხვევაში არ არის თვითმკვლელობა, მაგრამ ეს ნამდვილად დამღუპველი გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად უარყოფითი მოქალაქეების მიერ სახელმწიფოში არსებული ვითარების შეფასების თვალსაზრისით. ” ხელისუფლება, ამბობს სოციოლოგი, ამით ნათლად აჩვენებს, რომ ისინი არ არიან ერთიანები, მაგრამ ერთობა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა ომით გაერთიანებული უკრაინული საზოგადოებისთვის.

    ზალუჟნის გადადგომა არ არის მხოლოდ ერთი გენერლის მეორით შეცვლა: ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ხელისუფლების მიერ საზოგადოებასთან არაფორმალური შეთანხმების დარღვევაზე, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ ასწავლის სამხედროებს ბრძოლას და სამხედროები არ ერევიან პოლიტიკურ საქმეებში. .

    ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუ ვალერი ზალუჟნი გადადგება, უკრაინელები მაიდანზე გავიდნენ ან  სამხედროები ხელისუფლებას აუჯანყდნენ (თუმცა მოვლენების ასეთი პროგნოზები უხვად იყო ორშაბათს საღამოს რუსეთის ომის მომხრე ტელეგრამ არხებში). თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან დადებითად იმოქმედოს უკრაინის საზოგადოების ზოგად განწყობაზე, და ხელისუფლების მხარდაჭერის ინდიკატორებზე.

    BBC წერს, რომ  ორშაბათს პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის კონკრეტული შეთავაზება გაუკეთა. მას თითქოს შესთავაზეს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის თანამდებობა (კიევი თვეების განმავლობაში არ ნიშნავდა თავის ელჩებს დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში ან, მაგალითად, ჩეხეთში) ან უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა.თუმცა, ზალუჟნიმ უარი თქვა კარიერის გაგრძელების ასეთ ვარიანტებზე.

    ბევრი უკრაინელი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ თუ ვალერი ზალუჟნი გადადგება, ის ავტომატურად გადაიქცევა პოლიტიკურ მძიმე წონოსნად, ნებისმიერი არჩევნების ფავორიტად.

    თავად გენერალი არასოდეს გამოუცხადებია რაიმე პოლიტიკური ამბიციების შესახებ.

    ჭორებისა და უარყოფის გაჩენიდან ერთი დღის შემდეგ, მან კომენტარი არ გააკეთა ორშაბათის მოვლენებზე. თუმცა, სამშაბათს ღამით ზალუჟნიმ გამოაქვეყნა სელფი თავის ფეისბუქზე. ფოტოზე ის ზის – როგორც ჩანს, სამუშაო ადგილზე – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ სერგეი შაპტალას გვერდით. ფოტოზე გამოსახულ გენერლებს ერთნაირი სვიტერები აცვიათ წარწერით “Army Ukraine”.

  • ალტ-ინფო აცხადებს, რომ ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს

    ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის “ალტ ინფოს” დამფუძნებლის ინფორმაციით,  ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს.

    “ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკას აწარმოებს”, – წერს მახარაძე Facebook-ზე.

    ალტ-ინფო აცხადებს,  რომ ვარდოსანიძე სამართალდამცავებს, მოდულის შენობაში გადაჰყავთ.

    სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა ამერიკისთვის ისტორიული ავტოგოლი იქნება – CIA-ის დირექტორი

    “წარმატების გასაღები უკრაინისთვის დასავლური დახმარების შენარჩუნებაში მდგომარეობს. ამ გადამწყვეტ მომენტში, შეერთებული შტატების მხრიდან კონფლიქტისგან თავის დაღწევა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება”

    აცხადებს ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი.

  • ”მშვიდობას სახელი აქვს-დონალდ ტრამპი” – ვიქტორ ორბანი

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს უწოდა შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკის კუთხით.

    2016 წელს მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩვენ გვჭირდება დონალდ ტრამპი ევროპაში.დღესდღეობით, მე ვერ ვხედავ სხვა ლიდერს, ევროპასა და ამერიკაში, რომელიც იქნება იმდენად ძლიერი რომ ომის შეჩერება შეძლოს.მშვიდობას სახელი აქვს – დონალდ ტრამპი. […] ჩემი პირადი აზრია, რომ ამერიკის პრეზიდენტის სახელი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო 2022 წლის თებერვალში, ევროპაში ომი არ მოხდებოდა”. – განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

  • ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში ხანძარია – დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს

    ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში ხანძარია – ინფორამციას ამის შესახებ, “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს. მისი თქმით, ადგილზე სახანძრო სამსახური არ შეინიშნება.

    ”ამ წუთებში საკმაოდ დიდი ცეცხლის კერას ვხედავთ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში. .
    სულ ცალ წიხლზე ჰკიდიათ ოკუპანტებს ჩვენი ბუნების წვის ამბავი – ერთი სახანძრო მანქანაც კი არ შეინიშნება ახლომახლო.”-წერს დავით ქაცარავა.

  • 2011 წლიდან მოყოლებული, ივანიშვილს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია – ვოლსკი

    2011 წლიდან მოყოლებული, ივანიშვილს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია – ვოლსკი

    2011 წლიდან მოყოლებული, არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ერთპიროვნულად, თავისი პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიღო. მუდმივად კონსულტაციების რეჟიმი არსებობს, რომელიც ერთი პერიოდი შეწყდა, რადგან ის პოლიტიკიდან გასული იყო. ახლა კი ისევ ურთიერთობის იმავე რეჟიმში დავბრუნდით.

    ერთი ფლანგიდან მეორეზე და მეორედან პირველზე გადანაცვლება ახალ იმპულსსა და ენერგიას მოგვცემს. მაგრამ, მართვის სისტემა არ შეიცვლება.

    ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას.

  • არ გავათავისუფლებთ ათასობით ტერორისტს! ტოტალურ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავკმაყოფილდებით! – ნეთანიაჰუ

    “ეს არ არის მორიგი რაუნდი, არ არის მორიგი დარტყმების გაცვლა, არც მორიგი ოპერაცია – სრული გამარჯვება… ამაზე ნაკლები არაფერი. მე ამის ერთგული ვარ, ჩვენი მებრძოლები ამის ერთგულები არიან და ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ერთგულია. ტოტალურ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავკმაყოფილდებით… ჩვენ არ გამოვიყვანთ IDF-ს ღაზას სექტორიდან და არ გავათავისუფლებთ ათასობით ტერორისტს. არც ერთი ეს არ მოხდება. Რა მოხდება? აბსოლუტური გამარჯვება!”

    ამის შესახებ, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სამხედრო აკადემიის სტუდენტებს განუცხადა მას შემდეგ, რაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე ახალ ზავს დათანხმდა.

  • ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება – სია

    ხვალ, 31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

    თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

     კრწანისის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გოგოლის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, ტერევენკოს და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის ქუჩის მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ფრანგულიანის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას.